Loading....
„თუ მსახიობი ხარ, გადარჩები“  - რამაზ ჩხიკვაძე
საქართველოს სახალხო არტისტს, რამაზ ჩხიკვაძეს დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა.

იგი 1928 წლის 28 თებერვალს, თბილისსში დაიბადა. 1951 წელს, თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, რუსთაველის თეატრის დასს შეუერთდა. ამ  პერიოდში მიხეილ თუმანიშვილი და უნიჭიერეს მსახიობთა თაობა მუშაობდა ფუჩიკის პიესაზე „ადამიანებო იყავით ფხიზლად!“  რამაზ ჩხიკვაძემ პირველი როლი სწორედ ამ სპექტაკლში მიიღო, სადაც იგი ზდენეკს ასახიერებდა. თეატრალურ ინსტიტუტში შესრულებული როლებით მას უკვე კარგად იცნობდნენ და აღიარებდნენ, თუმცა ნამდვილი, დიდი შემოქმედება სწორედ რუსთაველის თეატრის სცენაზე  დაიწყო. მუშაობა მოუწია დიდ რეჟისორებთან  - მიხეილ თუმანიშვილთან და რობერტ სტურუასთან. 

რამაზ ჩხიკვაძემ 50-ზე მეტი როლი განასახიერა ქართულ თუ უცხოურ რეპერტუარში: ლეონარდო (ჯ. ფლეტჩერის „ესპანელი მღვდელი“), ეტრი პეტრიუსი („როცა ასეთი სიყვარულია“), ყვარყვარე (პ.კაკაბაძის „ყვარყვარე“), აზდაკი (ბ.ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“), ქოსა მრჩეველი (გ.ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“) და სხვა (მისი მასწავლებელი, მიხეილ თუმანიშვილი მიიჩნევდა, რომ ქოსა მრჩევლის როლი მსახიობის შემოქმედებითი გზის ახალი ეტაპის დასაწყისი იყო: „ მას შემდეგ იგი უჩემოდ გაუყვა თავის გზას. ჩვენ გავიყარეთ, მისი სვლა დიდებისკენ დაიწყო...“ - ამბობდა ბატონი მიშა). რ.ჩხიკვაძის  მიერ მაღალი ოსტატობით შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია რჩარდი (შექპირის „რიჩარდ III“)  და ლირი („მეფე ლირი“). 

რამაზ ჩხიკვაძის შესაძლებლობებსა და ნიჭიერებაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ამ ადამიანში თავმოყრილი იყო მუსიკალურობა, პლასტიურობა, აზროვნება... მას ერთდროულად შეეძლო, შეექმნა როგორც დრამატული, ისე კომედიური და სახასიათო სახეები.
 „ხომ სულ ხუმრობდა და იცინოდა, მაგრამ მარტო რომ დარჩებოდა სევდა ერეოდა. რამდენჯერმე მოვკარი თვალი ძალიან დარდიანს“- იხსენებს ლიკა ჭავჭავაძე. თუმცა, რამაზ ჩხიკვაძეს ვერავინ ნახავდა მოწყენილს - სცენაზეც ლაღი იყო და კულისებშიც. ხუმრობით ამბობდა - „თუ მსახიობი ხარ - გადარჩები!“
თავისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინოგადაღებებში და ტელესტუდიის კინო და თეატრალურ დადგმებში. მიღებული ჰქონდა ყველა ის პრემია და ჯილდო, რითაც მსახიობს შეუძლია იამაყოს.
რამაზ ჩხიკვაძე 2011 წლის 17 ოქტომბერს, 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ  გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის გვერდით. 

მასზე წერდნენ:
 „ამ მსახიობს ახასიათებს უდიდესი ძალა, რომლის წყალობითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ სცენა მხოლოდ მას ეკუთვნის".
The Guardian

„თეატრის ვარსკვლავი რამაზ ჩხიკვაძე, შესაძლოა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია”.  
The Telegraph
 „მე ისევე მიჭირს ჩხიკვაძის მსახიობური მანერის აღწერა, როგორც სცენური ქცევა ლოურენს ოლივიესი, რომელსაც, ჩემი აზრით, ბევრი რამ ჰქონდა საერთო ქართველ მსახიობთან”. 
მაიკლ კოვენი -  Financial Times 
თორმეტი განრისხებული მამაკაცის საიდუმლო სერობა
მაკო გოჩაშვილი

1957 წელს ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, სიდნეი ლუმეტმა, რეჯინალდ როუზის ტელეპიესის მიხედვით ფილმი „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ გადაიღო. 2006 წელს რობერტ სტურუასა და რევაზ ჩხაიძის მიერ დადგმული ამავე სახელწოდების სპექტაკლი სწორედ ამ ფილმის თეატრალური რიმეიკია.


დეტექტიური სიუჟეტის მქონე ერთმოქმედებიანი სპექტაკლის მთავარი მამოძრავებელი ძალა თორმეტი ნაფიც მსაჯულის სიტყვიერი ორთაბრძოლაა. მკვლელობაში ეჭვმიტანილ მოზარდს დღეს განაჩენი უნდა გამოუტანონ. საინტერესოა, თორმეტი მსაჯულის აზრი ერთმანეთს დაემთხვევა თუ არა?!  სიმართლის დადგენისა და განაჩენის გამოტანის პროცესი მაყურებლის ნაწილისთვის შეიძლება უსასრულოდ გრძელიც კი იყოს. სპექტაკლის შემქმნელებს ამის გასამართლებელი მიზეზი აქვთ. სცენაზე თორმეტი მსაჯულია, თორმეტი განსხვავებული ხასიათისა და აზრის მქონე პიროვნება. ზოგიერთი მათგანი ნერვიული, ემოციური, სასტიკი, დაუნდობელი, ზედაპირული, ექსცენტრულია, ზოგიც - ემოციური, შეშინებული, შეშფოთებული, დაძაბული და დაბნეული.
თორმეტ შავ სკამზე მოთავსებული მსაჯულები იკვლევენ, იძიებენ, კამათობენ, ჩხუბობენ, თამაშობენ, გვაცინებენ, გვატირებენ, გვაფიქრებენ და ჩვენც იმ თამაშში გვრთავენ, რასაც ჭეშმარიტების ძიება ჰქვია. ბუნებრივია, რომ სპექტაკლში დაძაბული დიალოგები ჭარბობს, აქ ხომ ადამიანის ბედი წყდება და მას, ისევ და ისევ, ადამიანები წყვეტენ. თორმეტი მსაჯულიდან თერთმეტი უკვე მზადაა სასტიკი განაჩენის გამოსატანად. მხოლოდ ერთი მათგანი აიძლებს დანარჩენებს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და დაასაბუთონ თავიანთი არგუმენტები. იქნებ სიტყვა „დამნაშავეა“ „უდანაშაულოა“-თი შეცვალონ. სიტყვით, რომელიც თორმეტივე მათგანმა უნდა თქვას ეჭვმიტანილის სიცოცხლის გადასარჩენად.
რეჯინალდ როუზის ეს არაჩვეულებრივი პიესა 50-60-იან წლებშივე მოექცა ყურადღების ცენტრში. პიესამ არც  ოცდამეერთე საუკუნის თანამედროვე სამყაროში დაკარგა აქტუალობა. სპექტაკლის რეჟისორებმა, რობერტ სტურუამ და რევაზ ჩხაიძემ ის ქართულ რეალობას მოარგეს და  მაყურებელს საკმაოდ საინტერესო სცენებით აგებული სანახაობა შესთავაზეს. ამაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მხატვარმა თემურ ნინუამ. შეუძლებელია მაყურებლის  ყურადღების  მიღმა დარჩეს კედელი, სადაც გამოსახულია საიდუმლო სერობა, ოღონდ მოციქულების გარეშე.

მტრის ნიღაბი
მაკო გოჩაშვილი

სპექტაკლი არ გამოირჩევა დეკორაციათა მრავალფეროვნებით. დარბაზში მიმოფანტულია ფერადი სკამებიწითელი, ყვითელი, ვარდისფერი, თეთრი, ლურჯი. ერთადერთი საგანი, რაც მაყურებლის ყურადღებას იქცევს, ეს არის კიბე. საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც კიბე, რომლის ერთი ბოლოც სივრცეში წყდება და ისევ ქვემოთ, დედამიწაზე, გვაბრუნებს.
მსახიობები, რომლებმაც სპექტაკლი უნდა წარმოგვიდგინონ, სკამებზე დგებიან და ერთმანეთს წიგნებს უმიზნებენ. წიგნი, ამ შემთხვევაში, იარაღის როლს თამაშობს. დარბაზში მსხდომი მაყურებელი აქედანვე ემზადება დაძაბული მოქმედების საყურებლად. მალევე ვხვდებით, რომ ყველანი აეროპორტში ვართ. რეისი ჯერ მხოლოდ ერთი საათით, შემდეგ კი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ჩვენს გმირებს ლოდინი მოუწევთ. ისინი სხდებიან ფერად სკამებზე, წიგნს შლიან, კითხულობენ, თვალს ადევნებენ თითოეულ ხაზს, შემდეგ ხურავენ და ერთმანეთისკენ ტრიალდებიან. რატომ აკეთებენ ერთნაირ მოქმედებებს?! ისინი ხომ სხვადასხვა ადამიანები არიან, განსხვავებული სხეულით და ალბათ განსხვავებული სულითაც. აი, სპექტაკლის მთავარი პრობლემა!
ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც მის მიერ ჩადენილი მკველობების შესახებ გვესაუბრება, მომენტებში ზედმეტად კომიკურია. ხან იატაკზე კაკუნით ეძახის გარდაცვლილ მშობლებს, ხან ანკესით ხელში ზის სცენაზე დათევზაობს”, ხან ცეკვა-ცეკვით შემოაქვს სასმელი და ხანაც, ქვაბითა და ჯამით ხელში, გვიყვება, თუ როგორ ამზადებდა საჭმელს კატებისთვის. მოგვიანებით კი, თვითონაც გაუსინჯა გემო და არამარტო ქვაბიდან, არამედ იატაკიდანაც დაიწყომისით ტკბობა”. მეორე პერსონაჟიც არ აღმოჩნდება გულგრილი მისი მონაყოლის მიმართ. თვითონაც გაუსინჯავს გემოს კატების საჭმელს და თითქოს ამ წუთიდან ცხადად გახდება იმ ამბის მონაწილე, რაც უნდა გვიამბონ ჩვენ წინ მდგომმა მსახიობებმა.
არსებული კომიკურობა თანდათან ტრაგიზმში გადადის.
სასაფლაო.. გოგონა ყვავილებით ხელში.. დემონური ძალით შეპყრობილი მამაკაცი.. სარდაფი.. სასიყვარულო აქტი.. გასული ათი წელი.. მუდმივი ძებნა რამდენიმეწუთიანი ნაცნობისა.. ათასი იმედგაცრუება.. ბოლოს კი 24 მარტი.. წითელი პარასკევი.. ცოლის მკვლელობა და ამ ისტორიის ფურცელზე გადატანა.. ეს არის იმ მოქმედებათა თანმიმდევრობა, რამაც მსახიობებიცა და მაყურებელიც მიიყვანა ტრაგიკულ წერტილამდე, როდესაც დაიწყო გაორებაჩვენი პერსონაჟებისა”, მუდმივი მალვა მწარე რეალობისა, რასაც არც სასმელი აქრობს, არც ფარდის უკან დგომა და არც კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა. სპექტაკლის გმირები მუდმივად მიწაში იქექებიან. სწორედ აქ არის დამალული დანა, აქ არის დამალული წიგნი, მიწასიკვდილის სამეფო. მათ აღარ აქვთ ძალა ზედაპირზე სიარულისა. ისინი ხომ უფსკრულის პირას დგანან და ყოველ წამს შეიძლება გადაიჩეხონ.
დღეს 24 მარტია. ალბათ ბოლო ათი წლის განმავლობაში ყოველ 24 მარტს ასე ტანჯავს სინდისი სპექტაკლის მთავარ გმირს. ხან თავის ტრიუმფს ზეიმობს სცენაზე დგომითა და ცნობილი არიების შესრულებით, ხანაც ბოქსის ილეთებით ებრძვის საკუთარ მეს, რომელიც გამუდმებით ჩასჩიჩინებს: “ჩვენ ერთნი ვართ! მე შენ ვარ!”
ხშირად საკუთარი მეს განადგურებას, თავის მოკვლაც მოჰყვება ხოლმე. ჩვენი გმირი ქამრით ახრჩობსსაკუთარ წარსულს”. თვითმფრინავში ასული კი დაუნდობლად იკლავს თავს. დარბაზში შემოტანილი გვამი აღარც თანაგრძნობის სურვილს იწვევს მაყურებელში და აღარც სინანულისას. ეს სცენა ისე თამაშდება, თითქოს კონცერტზე ვიყოთ და სულ რამოდენიმე წუთის წინ არ მოგვესმინოს თავზარდამცემი ისტორია. ჩვენ წინაშე გამოდის მაკიაჟითგალამაზებული”, სამკაულითდამშვენებულიდა გრძელი ფრაკით მოსილი კაცი, რომელიც სახლში წასვლის დროს გვამცნობს.


აი, ახლა კი უამრავი კითხვა ჩნდება. რა უბიძგებს ადამიანებს იმისკენ, რომ ჩაიდინონ გამოუსწორებელი დანაშაულები, გახდნენ ცხოველები და მოირგონ ყველა ის ნიღაბი, რაც საჭირო იქნება ამა თუ იმ სიტუაციისთვის?!@ რატომ ებრძვიან  მუდმივად საკუთარ თავს?! ეს ხომ სპორტი არ არის?! ბოქსის ხელთათმანების ჩაცმა, იმას არ ნიშნავს, რომ შენ სპორტული შეჯიბრის მონაწილე ხარ. ათეიზმი არ გულისხმობს მოქმედებათა თავისუფლებას. შენ ადამიანი ხარ და ვერ გაექცევი არსებულ კანონებს, მუდამ გაორებული ივლი. ნიღბის მორგება და სრულ სიბნელეში ჯდომა გამოსავალი არ არის.
ეს არის სპექტაკლი, რომელიც გამოირჩევა ჟანრობრივი სინთეზით. სწორედ ამ სინთეზსს მივყავართ ადამიანის ფსიქოლოგიურ სურათამდე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი დახატვა იმდენად რთულია, რამდენადაც ჩვენი პერსონაჟების ქმედებების გაანალიზება. ეს ყველაფერი კი სპექტაკლს მატებს ძალას, რომ დააფიქროს, ააღელვოს მაყურებელი და არ გაუშვას გულგრილი თეატრის კედლებიდან.
მიხეილ თუმანიშვილი
„მოძრაობა სიცოცხლეა, თეატრი მოძრაობაა“...  დღეს ამ სიტყვების ავტორს 94 წელი შეუსრულდებოდა. 6 თებერვალი ქართველი რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, სსრკ სახალხო არტისტისა და ქვეყნის საპატიო მოქალაქის, მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეა. 

1944 წელს, მეორე მსოფლიო ომიდან თბილისში დაბრუნებულმა შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1949 წელს რუსთაველის თეატრში მიიწვიეს რეჟისორად. 1968-71 წლებში მიხეილ თუმანიშვილი რუსთავლის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორი გახლდათ. აქვე დაიწყო მისი შემოქმედებითი წინსვლა თანამებრძოლ „შვიდკაცასთან“ ერთად.

ყველა ეპოქაში არიან ადამიანები, რომელთა შემოქმედებაც დიდ გავლენას ახდენს იმ პერიოდის კულტურაზე და ხელოვნების იმ სფეროზე, სადაც ისინი მოღვაწეობენ. მიხეილ თუმანიშვილიც ერთ-ერთი მათგანი გახლდათ. მისი რეჟისორული ინდივიდუალურობა გამოირჩეოდა ნაწარმოების ორიგინალური ინტერპრეტაციით, მკვეთრი დეტალური ფორმით, სცენური დეტალებისა და ნიუანსების ვირტუალური დამუშავებით, აქტიორული ანსამბლურობით. ეს იყო ადამიანი, რომელიც თატრით ცხოვრობდა, მისთვის თეატრი ყველაფერი იყო. საკმარისია თვალი გადაავლოთ მის დღიურებს, ჩანაწერებს, რომ მაშინვე მიხვდებით როგორი არაამქვეყნიური სიყვარულით უყვარდა თავისი საქმე, თეატრი...
„სასწაული - მოვლენა, რომელიც ბუნების საზღვრებს იქით არსებობს. და განა თეატრი კი არ არის სასწაული? - როდესაც სცენაზე არასოდეს არსებული ცხოვრება, ტანჯვა, სიხარული, ადამიანები, ხასიათები იბადება?! თეატრი - სასწაულია.“  (1976 წ, მ.თუმანიშვილის ჩანაწერებიდან )

1990 წელს წიგნისათვის „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ იგი მარჯანიშვილის პრემიით დაჯილდოვდა, 1996 წელს კი, „ღირსების ორდენი“ მიენიჭა. 

ამავე წლის 11 მაისს მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა...
მოხუცი ჯამბაზები
მაკო გოჩაშვილი

2008 წლის 10 ივნისს, მაშინ როდესაც რუსთაველის თეატრში რიგით 129-ე სეზონი იწურებოდა, რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ თეატრის ვარსკვლავები ჯამბაზების ფორმაში გამოაწყო და მაყურებელი პრემიერაზე დაპატიჟა. სწორედ ამ დღეს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის, რონალდ ჰარვუდის, პიესა „კვარტეტის“ პრემიერა შედგა, სპექტაკლს სათაურად „მოხუცი ჯამბაზები“ ეწოდა და 2008 წლიდან დღემდე ანშლაგით მასპინძლობს მაყურებელს.
მსახიობებთან რვა თვიანი მუშაობის შემდეგ, რეჟისორმა სცენაზე მოხუცთა თავშესაფრის ბუზღუნა, მიამიტი, ლაღი თუ ლირიკული ბინადრები გააცოცხლა ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების წინ ოპერის მომღერლები იყვნენ და რომლებიც ცხოვრებამ სცენიდან კულისებში მოისროლა. თავშესაფარში შეკრებილები ერთმანეთს უზიარებენ იმ დიდ ტკივილს, რაც სიბერემ არგუნა მათ. ახალგაზრდობა, სიცოცხლე, სცენა, მაყურებელი, აპლოდისმენტები ენატრებათ. ენატრებათ დრო, როდესაც სხვებისთვის საჭირონი იყვნენ. ახლა კი, პანსიონატში თავმოყრილები თითქოს ხელახლა იბადებიან, თითქოს ხელახლა განიცდიან იმას, რაც წლების წინ მათ სიცოცხლეს ალამაზებდა. მშვიდობის მაძიებელი ჩიტებივით შესციცინებენ ერთმანეთს და ეჩვევიან აზრს, რომ ცხოვრება უთეატროდ უნდა განაგრძონ.


სპექტაკლში რუსთაველის თეატრის უდიდესი მსახიობები მონაწილეობენ: კ.კავსაძე, ზ. ლებანიძე, ჯ. ღაღანიძე, მ.ჯანაშია, მ.კახიანი, თ. გიორგაძე, მ. გამცემლიძე, დ. ხარშლაძე. გასულ წლებში კი ზოგიერთ მათგანის როლს ზ.კვერენჩხილაძე, კ.საკანდელიძე, გ.საღარაძე და მ.ჩახავა ასრულებდნენ. ალბათ, პირველ რიგში, სწორედ ამან განაპირობა სპექტაკლის ასეთი დიდი წარმატება. უკვე მეშვიდე წელია თეატრის მცირე სცენაზე გრიმწასმული „მოხუცი ჯამბაზები“ ჩნდებიან და თავიანთი სევდიანი თუ მხიარული მონოლოგებით თეატრში მისულ მაყურებელს დაუვიწყარ სიამოვნებას ანიჭებენ.
რეჟისორმა მსახიობებთან, მხატვარ ანა ნინუასთან და ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძესთან ერთად რუსთაველის თეატრის ისტორიას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დადგმა შესძინა.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ორმოქმედებიანი სევდიანი კომედია პატარ-პატარა ეტიუდების ნაზავია, რადგან თითოეული მონოლოგი ცალკე აღებული მონოსპექტაკლის ფუნქიას ატარებს.


2008 წლის 18 ივლისს გამოცემულ სტატიაში „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!..“ თეატრმცოდნე ნათელა არველაძე ამ სპექტაკლში მონაწილე მსახიობების შესახებ წერს: „რუსთაველის თეატრის უფროს თაობას ჯერ კიდევ ძალუძს გამაოგნებელი, აღტკინებული, მოულოდნელი ფანტაზიითა და გრძნეული არტისტიზმით გაანათოს სცენა, გვაგრძნობინოს უსაშველო ხიბლი ნიჭიერებისა, ძალმოსილება სცენისა, ძლევამოსილება ოსტატობისა, დიდებულება თეატრის სიყვარულისა, გიჟმაჟი თამაშისა, გარდასახვის ხელოვნებისა.“


აი, რა უთქვამთ თვითონ მსახიობებს:
მარინა კახიანი: „საერთოდ სპექტაკლი მსახიობისთვის მთელ ცხოვრებას ნიშნავს, მითუმეტეს, როდესაც ასეთი მსახიობების, ცოცხალი ლეგენდების გვერდით დგახარ. თან ყველასთან ერთად და არა ცალ-ცალკე. იმ დღის ყოველ წამს განსაკუთრებულად ვაფასებ, როდესაც მათთან ერთად იმ ამაღლებულ ადგილზე ვდგავარ, რასაც სცენა ჰქვია.“
მარინა ჯანაშია: „ეს სპექტაკლი ჩემთვის დიდი ზეიმია, ცხოვრების ერთი დიდი მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილი.“
კახი კავსაძე: „ეს სპექტაკლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი სითბო მოდის მაყურებლისგან. ჩვენი ყველაზე დიდი საჩუქარი აპლოდისმენტებია. ეს გულით დაკრული ტაშია, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ.“
ჯემალ ღაღანიძე: „ხომ ხედავთ რა ამბავია დარბაზში?! მეორედ დაბადებაა ჩემთვის ეს სპექტაკლი.“
ზინაიდა კვერეჩხილაძე: „ეს სპექტაკლი ჩემთვის სიხარულსა და ბედნიერებას ნიშნავს.“
ირაკლი გამრეკელი
XX საუკუნის 20-50-იანი წლების ქართულმა კულტურამ აითვისა და გაითავისა მსოფლიო ინოვაციები, შექმნა თვითყოფადი სახე, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება მხატვრულ-ისტორიული სპექტრის სრული წარმოდგენა. ეს პერიოდი თავისი რთული და მრავალფეროვანი მოვლენებით საოცარი შემოქმედებითი სტიმული იყო და არის დღესაც. XX საუკუნის ხელოვნების ყველა დარგი სტილური, მსოფლმხედველობითი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ქართული პროფესიული სცენოგრაფიაც ამ საუკუნის პირმშოა. იგი სრულიად ასახავს იმ ძირეულ ტენდენციებს, რომელიც არსებობდა იგივე ხანის ხელოვნების სხვა დარგებში.
ქართული სასცენო მხატვრობის ისტორიაში მთელი ეპოქა შექმნა ი.გამრეკელმა. იგი თავიდან თეატრში კ. მარჯანიშვილმა მიიწვია, ხოლო შემდეგ სანდრო ახმეტელთან ერთად განაგრძო საქმიანობა. ახმეტელისა და გამრეკელის მსოფლაღქმა და  ესთეტიკა ზუსტად ემთხვეოდა ერთმანეთს. თეატრალური ხელოვნების ზოგად ავანგარდულ ტენდენციებთან ერთად  ს. ახმეტელის შემოქმედება ეროვნული ხასიათის მიმართ განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა. ი.გამრეკელის მხატვრობა თავისი ფანტასმაგორიულობითა და ფერადოვნების თამამი შეხამებებით სწორედ ის იყო, რაც რეჟისორს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მისთვის ერთდროულად მისაღები იყო როგორც მდიდარი და კონტრასტული კოლორიტი, ასევე მკაცრი, თავშეკავებული, შავით, თეთრითა და ნაცრისფერით შექმნილი ესკიზები.
რაც შეეხება კოსტიუმებს, მათი წყობა და კომპოზიციური გადაწყვეტა ყოველთვის ნაწარმოების არსიდან იყო ნაკარნახევი. ყოველ მათგანს თან ახლავს ასევე მხატვრის ინდივიდუალური ხედვა, რაც ფიგურების აღნაგობის დისპროპორციასა და სახეების სევდიან გამომეტყველებაში ვლინდება. რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცულია გამრეკელის 1924 წელს შესრულებული გრაფიკული სერია „ცირკი“, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მხატვრის შემოქმედების მრავალმხრივობას, აქ ყოველ ფურცელზე ორი აკრობატის სავარჯიშო ილეთია ნაჩვენები. ფიგურების აღნაგობა სრულყოფილია, მოძრაობები კი პლასტიკური და ჰარმონიული. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ყოველი კომპოზიცია წინა მოქმედების გაგრძელებაა. ერთმანეთში გარდამავალი ფორმები და უსასრულო მოძრაობის რიტმი ფუტურიზმის სტილისთვის დამახასიათებელ ეფექტს იწვევს. 

 

1931 წელს ირაკლი გამრეკელმა ფ.შილერის „ყაჩაღები“ გააფორმა („ინტირანოს“ - ალ. ახმეტელი; შ. აღსაბაძე) . „ყაჩაღების“ დეკორაციული გაფორმება დასტურია იმისა, თუ რაოდენ ღრმად ჩასწვდა მხატვარი „ქარიშხლისა და შეტევის“ რთულ ეპოქას. მან ოსტატურად ამოხსნა ნაწარმოების იდეა. სპექტაკლში დეკორაციის ძირითადი ელემენტი ფესვმაგარი, ტოტებგაშლილი ხე გახლდათ. მხატვრობა შავ-ლურჯ ფერებში იყო გადაწყვეტილი, რომელსაც განათების მეშვეობით წითელი ალი დაჰკრავდა. შეთქმულების სცენაში ტყე ბობოქრობდა, ხალხი დრტვინავდა: „ძირს დესპოტიზმი და ტირანია!“. ეს ყველაფერი საოცარ ემოციას ქმნიდა. თეატრალური ხელოვნების ისტორია არ იცნობს ფ.შილერის სახვითად ასეთ გადაწყვეტას. 

ირაკლი გამრეკელი რომ თავისი ქვეყნის ეროვნულ სულსა და მის ხასიათს გრძნობდა სპექტაკლი „თეთნულდი“ ამის კიდევ ერთი დასტურია. სწორედ ამ იდეას ეყრდნობოდა გამრეკელის თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობა.


1962 წელს ამერიკაში მონოგრაფია გამოიცა, სადაც ავტორი ვერა მოუერი რობერტსი მსოფლიოს დეკორაციული ხელოვნების დიდ მოღვაწეთა შორის მოიხსენიებს ირაკლი გამრეკელს. ავტორმა ეს შრომა ქ-ნ ელენე გამრეკელს აჩუქა. იგი ირაკლი გამრეკელის სახლ-მუზეუმში ინახება.