XX საუკუნის 20-50-იანი წლების ქართულმა კულტურამ აითვისა
და გაითავისა მსოფლიო ინოვაციები,
შექმნა თვითყოფადი სახე, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება მხატვრულ-ისტორიული
სპექტრის სრული წარმოდგენა. ეს პერიოდი თავისი რთული და მრავალფეროვანი მოვლენებით
საოცარი შემოქმედებითი სტიმული იყო და არის დღესაც. XX საუკუნის ხელოვნების ყველა დარგი
სტილური, მსოფლმხედველობითი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ქართული პროფესიული სცენოგრაფიაც
ამ საუკუნის პირმშოა. იგი სრულიად ასახავს იმ ძირეულ ტენდენციებს, რომელიც არსებობდა
იგივე ხანის ხელოვნების სხვა დარგებში.
ქართული სასცენო
მხატვრობის ისტორიაში მთელი ეპოქა შექმნა ი.გამრეკელმა.
იგი თავიდან თეატრში კ. მარჯანიშვილმა მიიწვია, ხოლო შემდეგ სანდრო ახმეტელთან ერთად
განაგრძო საქმიანობა. ახმეტელისა და გამრეკელის მსოფლაღქმა და ესთეტიკა ზუსტად ემთხვეოდა ერთმანეთს. თეატრალური
ხელოვნების ზოგად ავანგარდულ ტენდენციებთან ერთად ს. ახმეტელის შემოქმედება ეროვნული ხასიათის მიმართ
განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა. ი.გამრეკელის მხატვრობა თავისი ფანტასმაგორიულობითა
და ფერადოვნების თამამი შეხამებებით სწორედ ის იყო, რაც რეჟისორს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
მისთვის ერთდროულად მისაღები იყო როგორც მდიდარი და კონტრასტული კოლორიტი, ასევე მკაცრი,
თავშეკავებული, შავით, თეთრითა და ნაცრისფერით შექმნილი ესკიზები.
რაც შეეხება კოსტიუმებს,
მათი წყობა
და კომპოზიციური გადაწყვეტა ყოველთვის ნაწარმოების არსიდან იყო ნაკარნახევი. ყოველ მათგანს თან
ახლავს ასევე მხატვრის ინდივიდუალური ხედვა, რაც ფიგურების აღნაგობის დისპროპორციასა
და სახეების სევდიან გამომეტყველებაში ვლინდება. რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცულია
გამრეკელის 1924 წელს შესრულებული გრაფიკული სერია „ცირკი“, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს
ხაზს მხატვრის შემოქმედების მრავალმხრივობას, აქ ყოველ ფურცელზე ორი აკრობატის სავარჯიშო
ილეთია ნაჩვენები. ფიგურების აღნაგობა სრულყოფილია, მოძრაობები კი პლასტიკური და ჰარმონიული.
რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ყოველი კომპოზიცია წინა მოქმედების გაგრძელებაა. ერთმანეთში
გარდამავალი ფორმები და უსასრულო მოძრაობის რიტმი ფუტურიზმის სტილისთვის დამახასიათებელ
ეფექტს იწვევს.
1931 წელს ირაკლი
გამრეკელმა ფ.შილერის „ყაჩაღები“ გააფორმა („ინტირანოს“ - ალ. ახმეტელი; შ. აღსაბაძე)
. „ყაჩაღების“ დეკორაციული გაფორმება დასტურია იმისა, თუ რაოდენ ღრმად ჩასწვდა მხატვარი
„ქარიშხლისა და შეტევის“ რთულ ეპოქას. მან ოსტატურად ამოხსნა ნაწარმოების იდეა. სპექტაკლში
დეკორაციის ძირითადი ელემენტი ფესვმაგარი, ტოტებგაშლილი ხე გახლდათ. მხატვრობა შავ-ლურჯ
ფერებში იყო გადაწყვეტილი, რომელსაც განათების მეშვეობით წითელი ალი დაჰკრავდა. შეთქმულების
სცენაში ტყე ბობოქრობდა, ხალხი დრტვინავდა: „ძირს დესპოტიზმი და ტირანია!“. ეს ყველაფერი
საოცარ ემოციას ქმნიდა. თეატრალური ხელოვნების ისტორია არ იცნობს ფ.შილერის სახვითად
ასეთ გადაწყვეტას.
ირაკლი გამრეკელი
რომ თავისი ქვეყნის ეროვნულ სულსა და მის ხასიათს გრძნობდა სპექტაკლი „თეთნულდი“ ამის
კიდევ ერთი დასტურია. სწორედ ამ იდეას ეყრდნობოდა გამრეკელის თეატრალურ-დეკორაციული
მხატვრობა.
1962 წელს ამერიკაში
მონოგრაფია გამოიცა, სადაც ავტორი ვერა მოუერი რობერტსი მსოფლიოს დეკორაციული ხელოვნების
დიდ მოღვაწეთა შორის მოიხსენიებს ირაკლი გამრეკელს. ავტორმა ეს შრომა ქ-ნ ელენე გამრეკელს
აჩუქა. იგი ირაკლი გამრეკელის სახლ-მუზეუმში ინახება.
Comments/disqusion
No comments