ნუცა კობაიძე
პირველი ქართული საბჭოთა სპექტაკლი
პირველი ქართული საბჭოთა სპექტაკლი
(შალვა მაჭავარიანი – მასალები რუსთაველის თეატრის მუზეუმიდან)
კ.მარჯანიშვილის მიერ კიევის ლენინის სახელობის თეატრის სცენაზე სამოქალაქო ომების ქარიშხალში განხორციელებული ლოპე დე ვეგას „ფუენტე ოვეხუნა“ („ცხვრის წყარო“) ჭეშმარიტად პირველი საბჭოთა სპექტაკლი იყო, რომელმაც დასაბამი მისცა რევოლუციურ სიტყვას დრამატულ თეატრში. სოციალური სამართლით აღბეჭდილი ესპანური ტრაგედიიდან კ.მარჯანიშვილმა შექმნა რევოლუციური პათოსი, რომელიც აღსავსე იყო სილამაზით, სიცოცხლითა და სიხარულით. ცნობილი რეჟისორი გ.კრიჟიცკი წერს, რომ „ეს იყო ჭეშმარიტად „ოპტიმისტური ტრაგედია“, ეს იყო პოლიტიკური თეატრი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“.
მარჯანიშვილის პირველი შეხვედრა რუსთაველის სახელობის თეატრის დასთან 1922 წლის 28 სექტემბერს მოხდა, როგორც რეპეტიციის დღიურიდან ვგებულობთ, ამ რეპეტიციას გარდა მარჯანიშვილისა ესწრებოდნენ რუსთაველის თეატრის რეჟისორები: კ.ანდრონიკაშვილი, მ.ქორელი, ა.წუწუნავა და თეატრის გამგე დ.ჩხეიძე. მათვე გადაუნაწილეს მსახიობებს როლები.