Loading....
გოგი გეგეჭკორი
  დღეს გოგი გეგეჭკორს 94 წელი შეუსრულდებოდა...


დაიბადა 1923 წლის 23 თებერვალს.
მის ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის მოღვაწეები. მათი საუბრები უმეტესად ხელოვნების სფეროს შეეხებოდა. გიორგი ყოველთვის გატაცებით უსმენდა მათ, ფიქრობდა, კითხულობდა თეატრის შესახებ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გეგეჭკორმა ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამსახიობო ფაკულტეტზე. 1944 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში. ეკრანზე ორმოცამდე დიდი თუ მცირე როლი განასახიერა. რადიოში, სტუდენტობიდან მოყოლებული, კითხულობდა ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავ-არაკებს, ქმნიდა საინტერესო სახეებს რადიოდადგმებში. უფრო გვიან, როდესაც გეგეჭკორი უკვე აღიარებული, პოპულარული მსახიობი გახდა, მის ცხოვრებაში ხელოვნების კიდევ ერთი დარგი – ტელევიზია შემოვიდა. არც არაფერი იყო გასაკვირი იმაში, რომ თავისი საქმის ოსტატი, პირველი ნაბიჯებიდანვე ქართული ტელევიზიის მუდმივი თანამგზავრი გახდა.



შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში მსახიობმა 120-მდე როლი შეასრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მ. მრევლიშვილის პიესაში "ბედი მგოსნისა"  განსახიერებული ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი. სპექტაკლი დიდხანს არ ჩამოსულა სცენიდან და საოცარი პოპულარობა მოუტანა მსახიობს; შემდეგ იყო დონ სეზარი("დონ სეზარ დე ბაზანი"), მგელი("ჭინჭრაქა"), ჰამლეტი, გლოსტერი, ბაკინგემი("ჰამლეტი", "მეფე ლირი", "რიჩარდ მესამე") და სხვ. ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნაში" ტიგრან გულოიანის როლი ხუთასზე მეტჯერ ითამაშა. დ.კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალს", სადაც პლატონ სამანიშვილის როლს ასრულებდა, საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა რუსთაველის თეატრისათვის და უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაშიც წარმატებით წარმოადგინეს.





მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში; კინოეკრანზე, ტელეფილმებში და რადიოდადგმებში 100-მდე როლი აქვს შესრულებული. 

გადაღებულია კინოფილმებში: 
  • ლევანი("ჭრიჭინა", 1954), 
  • ვახტანგი("აბეზარა", 1956), 
  • ბესარიონი("წარსული ზაფხული", 1959), 
  • ნესტორი("ეთერის სიმღერა", 1956), 
  • ნიკო("ქალის ტვირთი", 1957), 
  • მამა("არდადეგები", 1962), 
  • ლოგიკის მასწავლებელი("ჩემი მეგობარი ნოდარი", 1967), 
  • დირიჟორი("ჩარი რამა", 1972), 
  • ფარმაცევტი("ვერის უბნის მელოდიები", 1973),
  •  დათიკო("აურზაური სალხინეთში", 1975), 
  • გალაკტიონი("ბაკულას ღორები", 1976),  
  • ჩაჩიკა("ნატვრის ხე", 1976), 
  • საბა("ბათა ქექია", 1978), 
  • სანდრო კარიძე("დათა თუთაშხია", 1978), 
  • მოსე("კაცია ადამიანი?!", 1979), 
  • ჯანდიერი("ფესვები", 1987), 
  • ივერთ მონასტრის ბერი("ანთიმოზ ივერიელი", 2001) და სხვ.




ბატონი გოგი საოცრად დახვეწილი, რაფინირებული ინტელიგენტი იყო. სიტყვაში  "ინტელიგენტი" ისედაც ბევრი კარგი მოიაზრება და თუ დავუმატებთ ე.წ. რაფინირებას, ჩვენ წინ წარდგება ღირსებებით შემკული ადამიანი.
ასეთი გახლდათ გოგი გეგეჭკორი - თავაზიანი, თავმდაბალი, განათლებული, გემოვნებიანი და საოცრად თბილი ადამიანი. მისთვის სულერთი იყო, ვინ იდგა მის წინ - თეატრის დარაჯი, გამვლელი თუ დირექტორი, ყველას მოწიწებით ელაპარაკებოდა. უცნობებს ქუჩაში ქუდის მოხდით ესალმებოდა, დარაჯთან დადგებოდა და დაწვრილებით გამოჰკითხავდა ოჯახის ამბებს, ბავშვს მისთვის "გასაგებ ენაზე" საინტერესო ამბებს უყვებოდა. ეს არ გახლდათ ყოველდღიურობაზე მორგებული თეატრალური ნიღაბი, გოგი უაღრესად გულწრფელი იყო დიდსა და პატარასთან, განურჩევლად ასაკისა და თანამდებობისა.



მიხეილ თუმანიშვილი: "თუ გიყვართ თქვენ სიცილი. გინდათ, გულიანად იცინოთ. თუ გსურთ, დატკბეთ კომედიის მსახიობის ბრწყინვალე ოსტატობით, მაშინ დაუყოვნებლივ შეეცადეთ, იშოვოთ ბილეთი რუსთაველის თეატრის სპექტაკლზე "ამბავი სიყვარულისა" და ნახეთ გიორგი გეგეჭკორი, რომელიც ამ სპექტაკლში ასრულებს ექვთიმე ქათამაძის როლს.
გოგი გეგეჭკორი არის არტისტი თავიდან ფეხებამდე. ბუნებისაგან მინიჭებული ნიჭირება მასში გაჯერებულია გასაოცარი შრომისმოყვარეობით და  ორგანიზებულობით."


მედეა ჩახავა : "გოგი შესანიშნავი პარტნიორია, ინიციატივიანი, იგი რეჟისორისთვისაც ძალიან საინტერესოა, რადგან სულ მუდამ ახალი წინადადებებით მოდის რეპეტიციაზე. იგი მრავალფეროვანია, დაუღლელი, სულ იწვის, დაუზარელია..."

ვასილ კიკნაძე: "ქართული თეატრის ჯენტლმენი- ხშირად ვიმეორებ ამ სიტყვებს გოგი გეგეჭკორის მისამართით. ეს გამონაკლისი თვისებაა. საქართველოში არტისტულ ნიჭს რა გამოლევს. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მთელი საქართველო არტისტობს- საერთოდ ქართველი მუდამ არტისტობს. ჩემზე ადრე ეს ახმეტელმა თქვა. მასზე საუკუნეებით ადრე კი უცხოელებმა- ქართველები ყოველთვის სხვის საჩვენებლად თამაშობენო. ჯენტლმენობა კი სულ სხვაა. ბუნებამ უნდა მოგცეს იგი."


ნათელა ურუშაძე : "გიორგი რბილი ხასიათის, ბუზღუნა, მაგრამ უხმაურო ადამიანი იყო. ჰქონდა კარგი იუმორი, რომელსაც უფრო ხშირად თავდაცვისთვის იშველიებდა. გიორგი საოცრად ყურადღებიანი მეუღლე და მამა იყო. არ მახსოვს, უცხოეთში წასულს, ჩვენთვის არ ჩამოეტანოს უამრავი საჩუქარი."

გოგი გეგეჭკორი: "ჩვენი პროფესიის საიდუმლოება იმაშია, რომ სცენაზე გამოსვლისას შენ გრძნობდე, თითქოს ამ როლს თამაშობ პირველად, როგორც პრემიერაზე. თუ ამ გრძნობას უმტყუნებ, მაშინ ეს როლი დაკარგავს თავის მშვენიერებას. ეს არის თეატრის მსახიობის სამზარეულოს საიდუმლოება - როგორც პირველად. ეს ძალიან ძნელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის მანძილზე ბევრი როლი ვითამაშე, ვცდილობდი ამ პრინციპის დაცვას. ახალგაზრდებსაც მოვუწოდებ, ისწავლონ როლის პერსპექტივაში თამაში.
მე მოცულობით დიდი როლები მითამაშია. ამ როლებიდან ერთი ათი როლი ვითამაშე კარგად, დანარჩენი, როგორც პროფესიონალმა, საშუალოდ, ბევრიც - ცუდად. მე არ ვარ ის კაცი, ჩემი როლებით ვიტრაბახო... მაგრამ მე საგრიმიორო ოთახში რომ აღარ შემოვიდე, ჩემს სარკესთან რომ აღარ დავჯდე, გრიმი არ გავიკეთო, გათავდა, მაშინ წერტილი უნდა დამესვას. რა ვქნა, ჯერჯერობით ვარ აქ, ამ თეატრში და ვთამაშობ ცოტას..."


ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1955წ. - საქართველოს სახალხო არტისტი;
ღირსების ორდენი;
კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია;
საქართველოს სახელმწიფო პრემია.

| თაკო მელიქიშვილი|
მურმან ჯინორია


პოპულარობა პირველივე კურსიდან მოიპოვა, მიხეილ თუმანიშვილმა რომ ათამაშა ტელესპექტაკლში - „გზაჯვარედინზე“. ამას ტელესპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს მოჰყვა, მერე კიდევ სხვა და ასე წავიდა... მისი ხმა არავისას ჰგავდა, ინტონაცია უცნაური იყო, არავის დაავიწყდება როგორ კითხულობდა ტერენტი გრანელის ლექსებს საქართველოს რადიოს მე-9 სტუდიაში: შუა კითხვისას ემოციურად წყვეტდა სტრიქონს, წამოხტებოდა სკამიდან და იქვე სტუდიაში ბოლთას სცემდა, თითქოს რაღაცას ეძებდა, მერე კი უცებ, მოწყვეტით მიუჯდებოდა მიკროფონს და განაგრძობდა... „გალაკტიონი არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია.“ მისი ცხოვრების გზა ერთდროულად გადაეჯაჭვა თეატრს, ეკრანს, რადიოსა და პოეზიას. გადაეჯაჭვა კი არა, შეესისლხორცა და გამთლიანდა ერთ ადამიანში, რომელსაც მურმან ჯინორია ჰქვია...




დაიბადა 1947 წლის 21 თებერვალს. 1975 წლიდან კინომსახიობთა თეატრის მსახიობია, 1983 წლიდან - რუსთაველის თეატრის. ჯინორია მხატვრული კითხვის ოსტატია. რუსთაველის თეატრში მისი ავტორობითა და შესრულებით განხორციელდა ლიტერატურული კომპოზიციები „ბედისწერა გვიხსნის მარად“ და „ქარი მწყურია მე პირდაპირი“, ვ.ანჯაფარიძის სახ. თეატრში: ქართველ პოეტთა ლექსებზე შექმნილი სპექტაკლი „...და სიმღერით ვკვდები“, გ.რჩეულიშვილის მოთხრობების მიხედვით - „ზღვა ძალიან ღელავს“, შექსპირის „ჰამლეტისა“ და სონეტების მიხედვით - „დროთა კავშირი დაირღვა“, დ.გულიას ლექსების მიხედვით - „მე იალქანი უნდა გავშალო“, ამავე თეატრში განასახიერა ლეონარდო სპექტაკლში „დედა დედოფალი“.

მისი, როგორც პროფესიონალი აქტიორის ცხოვრება 1971 წელს თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო. თავიდანვე ბედმა გაუღიმა, დიდი მაესტროს, მიხეილ თუმანიშვილის ექსპერიმენტულ, სამსახიობო-სარეჟისორო ჯგუფში მოხვდა. თავად მურმან ჯინორია თვლის, რომ ეს ღვთის წყალობა იყო. განგების ეს საჩუქარი მსახიობმა არა მარტო ღირსეულად მიიღო, არამედ მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ იგი ასეთ წყალობას ნამდვილად იმსახურებდა.

არტისტობა ბავშვობიდანვე უნდოდა. პიონერთა სასახლის დრამატულ წრეშიც დადიოდა, ბატონ ვახტანგ სულაქველიძის ხელმძღვანელობით აქტიორული ხელოვნების ანბანს ეუფლებოდა. მშობლებს მიაჩნდათ, რომ ეს მათი შვილის ბავშვური გატაცება იყო. მისი მშობლები თვლიდნენ, რომ თეატრალური შემოქმედება რთული საქმიანობაა. ბევრი რამ გამართლებაზე, იღბალზეა დამოკიდებული.  მშობლების რჩევით 1971 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა, შემდეგ ოცნება აიხდინა და თეატრალურში ჩაირიცხა. თავისთავად სასიხარულოა, როდესაც ოცნებას აისრულებ და თეატრალურ ინტიტუტში მოხვდები. მაგრამ კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როდესაც მსახიობის ოსტატობას მიხეილ თუმანიშვილი გასწავლის - დიდი რეჟისორი, თეატრის თეორეტიკოსი და პედაგოგი.  მურმან ჯინორია მიხეილ თუმანიშვილის საყვარელი მოწაფე იყო. დიდი მაესტროს ხელმძღვანელობით, მის გვერდით მოღვაწეობდა ახლადშექმნილ, ძალიან კარგ და წარმატებულ თეატრში. 



მურმან ჯინორია თეატრალურ სახელოსნოს ტოვებს და რუსთაველის თეატრში გადადის. მურმან ჯინორიას შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მსახიობი ასე იგონებს იმ ხანას: „რობერტ სტურუასთან  მივედი. გადავწყვიტე, ყველაფერი ნულიდან დამეწყო. შევეცადე, ჩემი თავი ახლად ინტიტუტდამთავრებული მსახიობის მდგომარეობაში ჩამეყენებინა. ვითომ არც პროფესიულ სცენაზე მითამაშია და არც კინოში. ამან ძალიან მიშველა. პატარა, ეპიზოდური და მეორეხარისხოვანი პერსონაჟის განსახიერებითაც უნდა შეგეძლოს დაამტკიცო, ვინ ხარ. შეიძლება მაშინვე მიიღო საოცნებო სამუშაო, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ამისთვისაც მზად უნდა იყო. პატარ-პატარა პერსონაჟებმა შეიძლება უფრო დიდი და მნიშვნელოვანი სცენური გმირები შემოიყვანონ არტისტის ბიოგრაფიაში“.

ყველა თავის როლში მურმან ჯინორია მისი, როგორც მსახიობისა და მოქალაქის სათქმელს გამოხატავს. კინოში ამის გაკეთება უფრო რთულია, იმის გამო, რომ აქ მსახიობი კიდევ უფრო მეტ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, ვიდრე თეატრში. თუმცა მურმან ჯინორიას კინოშიც მრავალი როლი აქვს შესრულებული: თამაზ იაშვილი („თვალი პატიოსანი“), სოსიკო („სინემა“), თამაზ ენგური („ჩაკლული სული“), კარტუზო („ბესამე“), მამა იორამი („მარადისობის კანონი“), მაიორი ქარდავა („დაპირისპირება“) და სხვა. მიუხედავად კინოში შექმნილი არაერთი დასამახსოვრებელი სახისა, მურმან ჯინორიას უმთავრესი შემოქმდებითი ასპარეზი დრამატული თეატრია. და არა მხოლოდ რუსთაველის თეატრი.

მურმან ჯინორია: „ ჩემი აზრით, მსახიობი რეჟისორზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. თუ პროფესიონალი ხარ და შენი საქმე გიყვარს, რისკზე უნდა წახვიდე და არ დაელოდო, როდის გიპოვის და აღმოგაჩენს რეჟისორი. ვცდილობ, ყველა როლში ჩემი სათქმელი, ჩემთვის საინტერესო პრობლემა დავინახო და ჩემებური გასაღები მოვარგო. არსებობს დრამატურგის, რეჟისორისა და მსახიობის პარტიტურა დრამატურგმა დაწერა სიუჟეტი, დიალოგები. რეჟისორმა შექმნა მიზანსცენები, ატმოსფერო, განწყობილება. მათზე დაყრდნობით მე მესამე, ჩემი პარტიტურა უნდა შექმნა. საერთოდ, ყველა საქმეში თავისუფალი მინდა ვიყო, ჩემს პროფესიაშიაც.“ 


შეიძლება ზემოთ მოყვანილ მის მოსაზრებათაგან ზოგიერთი სხვაც უჩვეულოდ მოგეჩვენოთ. მაგრამ ეს, მხოლოდ ერთი, ზედაპირული შეხედვით. მურმან ჯინორია გამოცდილი პროფესიონალია და შესანიშნავად იცის არა მარტო თავისი საქმიანობის თავისებურებები, არამედ აქტიორული შემოქმედების ბევრი საიდუმლოც. როდესაც იგი მსახიობის თავისუფლებაზე საუბრობს, ალბათ, მის მეტ-ნაკლებ დამოუკიდებლობას გულისხმობს ავტორისა და რეჟისორის მიერ შეთხზულ ვითარებაში. მხოლოდ ამ მოცემული პირობების გათვალისწინებითაა შესაძლებელი მაქსიმალური აქტიორული თავისუფლების მიღწევა და საინტერესოდ იმპროვიზირება. სწორედ ეს არის მურმან ჯინორიას შემოქმედების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე.

მურმან ჯინორიას მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი როლები კინომსახიობთა თეატრში:
ლეონარდო („სისხლიანი ქორწილი“), იაკობი („შუშანიკის წამება“), დონ ჟუანი („დონ ჟუანი“).

მურმან ჯინორიას მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი როლები რუსთაველის თეატრში:
დიმიტრი პაუშენკო („შეთქმულება“), ბ-ნი ნოე („დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის“), მარლის სული („საშობაო სიზმარი“), კენტი („მეფე ლირი“), ვიქტორი „ირინეს ბედნიერება“), აბესალომი („იქ, სადაც ღვარად მოედინება“), თომა („ნახვის დღე“), მესამე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი’), ბ-ნი კოტე („სულიერი არსებები“), „სხვა საქართველო“ (ლიტერატურული კომპოზიცია), პოლონიუსი („გონზაგოს მკვლელობა“)









გადაღებულია კინოფილმებსა და სატელევიზიო სპექტაკლებში.

ჯილდოები:
1988წ - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.


სოფიკო ჭიაურელი: „ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ მურმანს უწინარეს იმიტომ, რომ არის უდიდესი პროფესიონალი, თავის საქმეზე შეყვარებული მსახიობი. მურმანი არის პოეზიის უბადლო მკითხველი, მხატვრული კითხვის ოსტატი. ბევრია კარგი დრამატული მსახიობი, ვისთვისაც სრულიად უცხოა ლექსის კითხვა, მურმანი კი ჩინებულად ფლობს ამ ორივე პროფესიას. ის გამორჩეულია არა მარტო სამსახიობო მონაცემებით, არამედ გარეგნობითაც - არის ტანადი, პლასტიური, ძალიან ლამაზი, მეტყველი ხელებით. როგორც პარტნიორი - შესანიშნავია. პირადად მე ისეთი დიდი სიამოვნება, როგორსაც მისი პარტნიორობა მანიჭებს, იშვიათად განმიცდია.“


მურმან ჯინორია: „ცხოვრება ასეთია, ადამიანებს ერთმანეთს აჯიბრებს. თეატრშიც რეჟისორმა შეიძლება შენს მაგივრად სხვა წამოსწიოს წინ. ეს მის პროფესიაში შედის, შეჯიბრში გამყოფებს შენს კოლეგასთან. ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა ასე. გგონია, რომ ეს როლი უნდა ითამაშო, მაგრამ მოგცეს სულ სხვა. ის, რომელზეც არასდროს გიოცნებია, არასდროს მოგწონდა… ბევრი სხვა რამეც ყოფილა… როგორ გადაიტან, ეს არის მთავარი. გაბოროტდები და ასე დაამთავრებ, თუ მოითმენ. მოთმენა გაჩერებას არ ნიშნავს. ჩემს მტრებს ვენაცვალეო, – სერგო ზაქარიაძე ამბობდა, – არტისტი გამომიყვანესო. ღმერთი იმიტომ არის დიდი, რომ იქვე გაძლევს წამალს, არ მოგკლავს. პირიქით, გასწავლის, თუ ამას ამოხსნი, ხომ კარგი. თუ ბოღმისთვის დაიტოვებ, არაფერი გამოვა. არ უნდა დაიბოღმო, არ უნდა გაბოროტდე. თეატრში ხდება ასეთი რაღაცები… ღარიბი არ უნდა იყო. ღარიბობაა გამორჩენაზე ფიქრი. ზოგიერთი არტისტი მშიშარაა, დრამატურგსა და რეჟისორს ეფარება და ამით უნდა თავის გამოჩენა. ასე ადვილია ცხოვრება. როცა არაფრიდან გამოიყვან რაღაცას, ეს არის სიამოვნება, თანაავტორი ხდები როლის… სხვა მდგომარეობაში გადასვლა არის არტისტობა. მსახიობები ხშირად ცდილობენ, ტემპერამენტის ხარჯზე მოახერხონ მაყურებელზე ზემოქმედება. საშინელებაა. ეს ემოციის ხარჯზე უნდა მოხდეს… ენერგიას ვხარჯავ კი არა, სპექტაკლის შემდეგ თითქმის ვეღარ დავდივარ, მაგრამ ტემპერამენტის ხარჯზე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ემოციის. მთავარი გულწრფელობაა და შენი სინდისი. თუ ამას მისდევ, მაშინ ყოველთვის მართალი ხარ“.






(მასალები დაცულია რუსთაველის თეატრის მუზეუმში.)

| თაკო მელიქიშვილი|
Robert Sturua's experiments about theatrical techniques of speech-making


“ When I started to work in the theatre, I had one cherished desire: I wanted the actors to speak naturally, like human beings generally do. Ever since my childhood, I have always wondered why the people on the stage spoke in a softly style, pathetically and unnaturally. Furthermore, some of the celebrated actors, who could speak their native tongue Georgian very well, used to speak it with a Russian accent and nobody cared because it was considered to be posh. So, when I started to work on my first production, my principal ultimatum was that all the actors should speak naturally, as they generally spoke in their everyday life. Nobody objected to my idea. Generally, when a beginner is producing his first performance, every actor in the theatre, engaged or not, tries to be very kind to him, they fulfill all his wishes, they try to make a good impression, they look into his eyes soothingly… To put it all into a nut-shell, it’s a real Garden of Eden all around him. But, unfortunately, my first production was not good enough. No wonder because the cast, dressed up in the fantastic costumes designed by Mamia Malazonaia and acting in the naturally. This was when I realized that the theatre had its own language and each production should have its own register and style of speech, its own melody…
                And then, there came the day when the theatre authorities told me to stage V.Rozov’s comedy of manners “Before the Supper” transtlated by Jansug Charkviani into the Georgian language. It seemed the theatre muses gave me another chance of making my experiments in the scenic speech. You may consider it strange but I still think that it was the best realistic play ever staged on the Georgian stage. Yes, yes, I’m serious! Did this bold claim make you indignant? Perhaps, it did, for it makes me feel embrassed; saying so, I even blushed and started to pull my moustache. However, none of us can deny it, for it’s the truth.
                This production assured me that no matter how realistic the play or its interpretation is, the scenic speech must differ from the everyday talk, as far as the theatre is capable to turn even the everyday life into a real poetry.”

Robert Sturua
სოსო ლაღიძე

დღეს სოსო ლაღიძე 81 წლის გახდა.

დაიბადა 1936 წლის 21 იანვარს. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1959 წლიდან. 1980 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.

სოსო ლაღიძე ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა კარგი გარეგნული და შემოქმედებითი მონაცემებით. არ აქვს მნიშვნელობა სპექტაკლში მთავარ როლს თამაშობს თუ ეპიზოდს, ყოველ ნამუშევარში აქსოვს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს და მაყურებლის ინტერესს იმსახურებს.

ყველა ვინც სოსოს იცნობს გაოცებულია მისი სიყვარულით თეატრის მიმართ და ყველა აღნიშნავს მის განსაკუთრებულ პიროვნულ თვისებებს. მასთან შეხვედრისასვე იგრძნობა მისი თავაზიანობა, გულწრფელობა, გულახდილობა, სითბო და დადებითი ენერგია. თეატრი მისთვის სიცოცხლეზე მეტია.


სოსო ლაღიძის ცხოვრებაში თეატრამდე იყო ფეხბურთი, რომელიც არანაკლებად უყვარდა. ერთ გუნდში თამაშობდა მიშა მესხთან და სერგო კოტრიკაძესთან ერთად. მწვრთნელი პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევდა, 33 საუკეთესო ფეხბურთელშიც დაასახელეს, მაგრამ ერთ-ერთ მატჩზე საშინელი ტრამვა მიიღო, ფეხი მოიტეხა და ამით დამთავრდა მისი საფეხბურთო კარიერა. მაშინ როდესაც ფეხბურთზე ოცნებაც შეუძლებელი იყო, კარგი მონაცემებისა და შესახედაობის წყალობით თეატრალურ ინსტიტუტში მოეწყო, ბატონი მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში. ამის შემდეგ კი მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა რუსთაველის თეატრში მოხვედრამ, რაც მისთვის უდიდესი ბედნიერება იყო.  რუსთაველის თეატრში ისეთ მსახიობებთან ერთად უწევდა მუშაობა  როგორებიც იყვნენ: აკაკი ხორავა, რამაზ ჩხიკვაძე, კარლო საკანდელიძე, გურამ საღარაძე, მედეა ჩახავა და სხვა ლეგენდარული მსახიობები. მათგან ისწავლა თეატრის სიყვარული, ადამიანობა, ურთიერთგაგება და ცხოვრება. ბუმბერაზი მსახიობი ეროსი მანჯგალაძე კი მისი ნამდვილი მამობილი გახდა.


სოსო ლაღიძის შემოქმედება მხოლოდ თეატრით არ შემოიფარგლება. მისი კინოროლები მცირე ეპიზოდურიდან მალევე გადაიზარდა მნიშვნელოვან ნამუშევრებად. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კინოროლია გაბრიელი - ფილმში „ლონდრე“.




სცენაზე შესრულებული მნიშვნელოვანი როლებია:
ლაპჩენკო („ისინი შეხვდნენ ერთმანეთს“), ვეფხია ხალიბაური („ამბავი სიყვარულისა“), ლადო („ფიროსმანი“), გურამი („ზღვის შვილები“), თამაზი („გზა მშვიდობისა“), ჯიმ კარი („წვიმის გამყიდველი“), უფლისწული („სიბრძნე სიცრუისა“), ჰემონი („ანტიგონე“), ზაზა ნაკაშიძე („საბრალდებო დასკვნა“), გერა („გვადი ბიგვა“), გოგი („კავკასიური ცარცის წრე“), გრეი („რიჩარდ III”), საფრანგეთის მეფე („მეფე ლირი“), როსსი („მაკბეტი“), კვანტი - დაუდე („სალამურა“), თავადი  ფანტიაშვილი („მზის დაბნელება საქართველოში“).




რობერტ სტურუა: „სოსო ლაღიძე ისეთ მსახიობთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც პერსონაჟს თავის პიროვნულ მომხიბვლელობას და შარმს უნაწილებენ ხოლმე, სწორედ ასეთი მიმზიდველობით გამოირჩევიან მისი გმირები. ლაღიძე მკვეთრ გამომსახველობით ხერხებს შესრულების რბილ, მშვიდ მანერას ამჯობინებს, გაწონასწორებული შინაგანი რიტმი ადვილად აღსაქმელს ხდის მის ნამუშევარს, გმირის შინაგანი ცხოვრების სულიერ ძვრებს ნათლად წარმოაჩენს მაყურებლის წინაშე.“


ჯემალ ღაღანიძე: „როდესაც მთხოვეს სოსოზე რამე დამეწერა, დავიბენი, იმდენად საინტერესო პიროვნებაა, იმდენი დადებითი თვისება აქვს, ამის აღწერას პოეტი, მწერალი, ან თეატრმცოდნე თუ შესძლებს. მე არც ერთი, არც მეორე და არც მესამე ვარ. მდგომარეობიდან ისევ განგებამ გამომიყვანა, გამახსენა ცხოვრების ერთი ეპიზოდი: ეს მოხდა ორმოციოდე წლის წინ რუსთაველის თეატრში ახალი სპექტაკლის მზადებისას რეპეტიციაზე ბ-ნი სერგო ზაქარიაძე დამწყებ მსახიობს მამა-შვილურ რჩევას აძლევდა: „შვილო, ამ სპექტაკლში შენი შექმნილი სახე ისეთი ლამაზი, პატიოსანი, საყვარელი და სუფთა უნდა იყოს, როგორც ჩვენი სოსო ლაღიძეა, რომელიც ბოჩოლას სუფთა თვალებით იყურება. “ აბა, მითხარით, ამაზე დიდებული დახასიათებაკიდევ არსებობს?!  მადლობა განგებას ამ ეპიზოდის გახსენებისთვის.
გავიდა რა ორმოცი წელი, 70 წლის სოსო დღესაც ბოჩოლას თვალებით გვიყურებს. მჯერა 30 წლის შემდეგ, 100 წლის იუბილეს სოსო ასეთივე სუფთა თვალებით შეხვდება.
არ ვიცი, რომელ ბრძენს უთქვამს: „უძლიერესია ის, ვინც თავის თავს ფლობს“. სოსომ ეს შესძლო დასძლია, როგორც ობლობა, ასევე გაჭირვება და დუხჭირი ცხოვრება. იმის მაგიერ, რომ კაცთმოძულე გამხდარიყო, პირიქით - კაცთმოყვარე გახდა. შექმნა თითით საჩვენებელი ოჯახი, შეიძინა და თავი შეაყვარა უამრავ მეგობარს, მაყურებელს, მათ შორის მეც გახლავართ. თითქმის ნახევარი საუკუნეა მე და სოსო რუსთაველის თეატრის სცენაზე პარტნიორობას ვუწევთ ერთმანეთს. დღემდე ერთად ვართ ჭირსა თუ ლხინში. ეს მე ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს. სოსო ის კეთილი კაცია, რომელიც ბოროტებას ებრძვის, სიკეთეს თესავს ხალხში. ამიტომ დარწმუნებული ვარ ღმერთი მასთან იქნება - დიდხანს, კიდევ დიდხანს იცოცხლებს, ამინ.“ (2006წ.)


სოსო ლაღიძე: „განვლილ ცხოვრებას რომ ვაკვირდები, ვხვდები, რომ გაცილებით უკეთ შემეძლო კარიერის გაძღოლა კინოშიც და თეატრშიც, მაგრამ ყველაფერზე წინ მაინც ოჯახი დავაყენე და ნაკლებად ვმუშაობდი საკუთარ თავზე. ამას ჩემს სიზარმაცეს უფრო ვაბრალებ. მეტის გაკეთება შემეძლო. იმით კი ძალიან იღბლიანი ვყოფილვარ , რომ საოცარ ადამიანებში და პროფესიონალებში გავიზარდე და როგორ ფიქრობთ, მაქვს უფლება, რაიმე ცუდი გავაკეთო.“





(მასალები დაცულია რუსთაველის თეატრის მუზეუმში.)

| თაკო მელიქიშვილი |


რობერტ სტურუას ექსპერიმენტები სცენურ მეტყველებასთან დაკავშირებით




„თეატრში რომ მოვედი, ერთი დიდი სურვილი მქონდა, მსახიობებს ადამიანურად, ბუნებრივად ელაპარაკათ. ბავშვობიდან მიკვირდა, რომ სცენიდან მესმოდა ამაღლებული, პათეტიკური, გადაპრანჭული მეტყველება. უფრო მეტიც-ზოგიერთი ცნობილი მსახიობი, რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა ქართულს, სცენაზე რუსული აქცენტით ლაპარაკობდა და ამას ყველანი ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევდნენ. ამიტომ, რამდენადაც შემეძლო, პირველ სპექტაკლზე მუშაობისას კატეგორიულად მოვითხოვე, ელაპარაკათ ისე, როგორც ცხოვრებაში ლაპარაკობდნენ. საოცარია, წინააღმდეგობა არავის გაუწევია. საერთოდ, როცა ახალბედა რეჟისორი პირველ სპექტაკლზე მუშაობს, მისდამი ყველა კეთილადაა განწყობილი, თვალებში შესციცინებენ, ყველა მოთხოვნას უსიტყვოდ უსრულებენ, ცდილობენ თავი შეაყვარონ, ყველა „ეტრფის“, ვინც სპექტაკლშია დაკავებული და ვინც არა. მოკლედ, ნამდვილი სამოთხეა, ედემის ბაღი. მაგრამ სამწუხაროდ, სპექტაკლი არ გამოგვივიდა, ან კი როგორ გამოგვივიდოდა, როცა მამია მალაზონიას მიერ შექმნილ ირეალურ ზღაპრულ სამყაროში ფერადოვან კოსტუმებში გამოწყობილი გმირები უბრალო, ყოფითი ენით ლაპარაკობდნენ. მაშინ მივხდი, რომ თეატრს, ყველა სპექტაკლს თავისი ენა აქვს, თავისი ტონალობა, თავისი მელოდიურობა... და აი, თეატრის ხელმძღვანელობამ დამავალა, დამედგა ვ. როზოვის ყოფითი კომედია- „ვახშმობის წინ“, რომელიც ჩვენი თხოვნით გადმოაქართულა ჯანსუღ ჩარკვიანმა. თითქოს თეატრის მუზებმა კიდევ ერთი საშუალება მომცეს, გამეგრძელებინა ჩემი ექსპერიმენტები სცენურ მეტყველებასთან დაკავშრებით. თუ გნებავთ, ჩემს ახირებად მიიჩნიეთ, მაგრამ დღემდე მჯერა, რომ „ვახშმობის წინ“ საუკეთესო რეალისტურია სპექტაკლია ქართული თეატრის ისტორიაში. დიახ, დიახ! აღშფოთდით? მე კი სირცხვილისგან ლოყები შემეფაკლა და ულვაშებიც ამიცმაცუნდა, მაგრამ ასეა და რა ვქნათ.
ამ სპექტაკლმა დამარწმუნა, რომ რაოდენ რეალისტური ნაწარმოებიც არ უნდა დადგა, მსახიობთა მეტყველება ჩვეულებრივი ყოფითი მეტყველებისაგან მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს, რადგან თეატრი ცხოვრებას პოეზიის საგნად აქცევს.“


რობერტ სტურუა