Loading....
მაკბეტი
„ყველაფერს გავბედავ, რისი გაბედვაც ადამიანს შეუძლია“
(შექსპირი. „მაკბეტი“)



შეიძლება ითქვას, რომ ტრაგედიის სამყაროში ამ პიესას
უპყრია ერთ-ერთი მიუწვდომელი მწვერვალი, რომელიც
ოდესღაც მხოლოდ ესქილემ იხილა. იგი აქამდე განისვენებდა
ამ მწვერვალზე, განმარტოვებული და ველური, ბრწყინვალე
და პირქუში.“
მეტერლინკი.
(პრემიერა: 15.06.95. პეტერბურგი, თბილისი 15.09.1995)
            შოტლანდიის სვიან მეფეს დუნკანს (დანკანს) აუჯანყდა დიდი ფეოდალი, კავდორის თენი, რომელსაც ნორვეგიელთა ლაშქარიც მიეშველა. მაკბეტის (მაკბეთის) და ბანქოს (ბენქოს) სამაგალითო შემართებისა და თავგანწირვის შედეგად, მეამბოხენი დამარცხებულ იქნენ. ომიდან მომავალ მაკბეთსა და ბენქოს სამი კუდიანი შეხვდებათ, რომლებიც, ვითარცა წინასწარმეტყველნი, ფრიად სასიამოვნო ამბებს აუწყებდნენ - მაკბეთს მეფობა ელის, ხოლო ბენკო კი შექმნის „მეფეთა შტოს“. კუდიანების ეს წინასწარმეტყველება წინასწარ ამცნობს თავის უსაზღვროდ ამბიციურ მეუღლეს - ლედი მაბეთს.
            სამეფო ლაშქრის ესოდენ ბრწყინვალე გამარჯვებით ფრიად კმაყოფილი მეფე დანკანი გადაწყვეტს სტუმრად ეწვიოს მაკბეთს, რათა საგანგებო ნადიმით აღნიშნოს ამბოხებულთა ძლევა. ლედი მაკბეთის გონებაში მალევე მწიფდება საზარელი გეგმა: - სტუმრად მოსული მეფის მოკვლა მალულად, ღამით, ნადიმის შემდეგ. ერთი რამ აშინებს მხოლოდ - მაკბეთის კეთილშობილება და პატიოსნება. მართლაც, მაკბეთი თავდაპირველად უარს ამბობს ამ განზრახვის აღსრულებაზე („უნდა დავეხსნათ ჩვენ საქმეს“), მეფემ წყალობით ამავსო, ხოლო ხალხის თვალში „გარშევიმოსე შუქბრწყინვალე შარავნდედით“. მაგრამ ლედი მაკბეთი შეარცხვენს, „შიშით ჰქრებიო“, შენი მხნეობა და გაბედულება, შენსავე საწადელს შეუფერეო. თანდათანობით მაკბეტი ძლევს მერყეობას და გადაწყვეტს „ამ საზარელ საქმეს დავახმარო ყოველი ღონე“. მაგრამ მკვლელობის წინ მაკბეთს ეწყება შიშის მომგვრელი ხილვები - მის წინ ცეკვა-ცეკვით იძვრის სისხლიანი დანა... რაც, ცხადია, ავისმაუწყებლად ენიშნება, მაგრამ კვლავ იძალა ლედი მაკბეთმა... შუაღამეს მაკბეთმა დახოცა მეფის გამომთვრალი მცველები, ხოლო დანკანს „შეუნგრია უფლის ცხებულისა ტაძრის კარი“. თავზარდაცემული დიდებულები და ფრიად „შეწუხებული“ მასპინძლები ვიდრე თათბირობენ, მეფე დანკანის შვილები, მელკომი და დონალბეინი, ჩუმად, სასწრაფოდ ტოვებენ მაკბეთის სასახლეს, ერთი ინგლისს მიაშურებს, მეორე ირლანდიას. ტახტის მემკვიდრეების ასე უცებ გაქრობა ეჭვს იწვევს და ბოლოს, მათ აბრალებენ მამის მკვლელობას.


მეფედ ნაკურთხი მაკბეთი საზეიმო ნადიმს მართავს. მას არ ასვენებს იმის ფიქრი, რომ ამ საზარელი ბოროტების ჩადენს შემდეგ, ბენკოს შთამომავლობა უნდა ავიდეს ტახტზე. ამიტომ გადაწყვეტს ბენკოსა და მისი შვილის ფლეანის მოკვლას. მაგრამ მიგზავნილი მკვლელები მხოლოდ ბენკოს ჰკლავენ, ფლეანსმა გაქცევით უშველა თავს... ნადიმზე მაკბეთს კვლავ ჰალუცინაციები ეწყება, იგი ხედავს თუ როგორ შემოვიდა თავგაპობილი ბენკო დარბაზში და მაკბეთის სკამზე მოკალათდა. მაკბეთს სრული პროსტრაცია დაემართა. მომჯობინებულმა გადაწყვიტა გრძნეულ სამ კუდიან დასთან მისვლა და თავისი მომავლის გარკვევა. დები ქვესკნელიდან გამოიხმობენ შეჭურვილი თავის მოჩვენებას, რომელიც აღმოსთქვამს:„ უფრთხილდით მაკბეთ, მაკბეთ, მაკბეთ, მაკფუდს უფრთხილდი“. ამ მოჩვენებას მოსდევს მეორე „მოჩვენება, სისხლიანი ბავშვისა“, რომელიც აუწყებს: - „დედაკაცისაგან შობილი შენ ვერარას გავნებს“ და ბოლოს, „მოჩვენება გვირგვინოსანის ბავშვისა“:
„არ დამარცხდება მაკბეთ, ვიდრე დიდ ბირნამის ტყე
მთაზე აყრილი არ დაიძვრება თვის ადგილიდან
და არ წამოვა დუნსინანის მაღალ მთისაკენ“
მაკბეთი მშვიდადაა, რადგან ჯერა, რომ მისი მოკვდინება და დამარცხება ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმც მაკფუდი, ეს დიდებული რაინდი, აუცილებლად უნდა მოიკლას.
            მაკბეთის მიერ მიგზავნილი მკვლელები ვერ მოიხელთებენ მაკფუდს და მის მცირეწლოვან შვილს (გავიხსენოთ „მოჩვენება სისხლიანი ბავშვისა“) და მეუღლეს მოჰკლავენ. მაკბეთი უფრო და უფრო ღრმად შედის სისხლიან მორევში, საიდანაც გამოსვლა უკვე შეუძლებელია. მისი სისხლიანი მმართველობით უკიდურესობამდე მისული შოტლანდიის დიდებულები ტახტის მემკვიდრენი, მაკფუდი გაერთიანებული ლაშქრით დაიძვრება მაკბეთის ციხე-სიმაგრისაკენ. ყველამ მიატოვა, ლედი მაკბეთი შეიშალა. მეფისწულის არმია მწვანე, გაფოთლილ ტოტებს აიფარებს და ისე გადადის შეტევაზე. ამაო აღმოჩნდა მაკბეთის სიმშვიდე:
            „...შიში მე ვერ შემიკრთობს ფერსა
            ვიდრე ბირნამის ტყე არ გამოვა დუნსინინასკენ“.
            აი, ეს „ტყეც“ მოვიდა.
            იმედოვნებდა, რომ:
            „ჩემი სიცოცხლე შეკრულია, გრძნება-თილისმით, -
            ვერას დააკლებს მას ნაშობი დედაკაცისგან“.
            ეს იმედიც გაქარწყლდა, მის წინ დგას ხმალშემართული მაკფუდი, რომელიც დედამ კი არ შობა, არამედ „უდროოდ ამოჰგლიჯეს დედის მუცლიდამ“. მოწინააღმდეგენი ბრძოლით გადიან სცენიდან. მცირე ხნის შემდეგ შემოდის მაკფუდი: „შუბზე მაკბეთის თავი აქვს აგებული“.
            განსაცვიფრებელი და გრანდიოზულია სპექტაკლ „მაკბეთის“ სამყაროში განვითარებული მოვლენები. სისხლის წყურვილს, აგრესიას, უაზრო სისასტიკეს, მკვლელობათა მთელ სერიას, თავაშვებულ ვნებას აქ ალტერნატივა არ გააჩნია.
            მას შემდეგ, რაც საქართველოს თავზე კოშმარულმა ღამემ გადაიარა რ.სტურუასაგან სხვაგვარი სპექტაკლი მოულოდნელი იყო. მას არ შეეძლო გულგრილი დარჩენილიყო თითქმის სამარადჟამოდ დამკვიდრებული ქაოსის პირისპირ, როცა საყოველთაო უზნეობა, ღალატი, ხოცვა-ჟლეტვა, ძარცვა-გლეჯვა, ლამის ზნეობრივ ნორმად და ეტალონად იქცა.
            როგორც ყველა მის შექსპირულ სპექტაკლში აქაც გარემო არ არის დაკონკრეტებული. პირიქით, სხვადასხვა ეპოქის საგნების კოლაჟით ხაზგასმულია დროის განუსაზღვრელობა: გადახურული საორკესტრო ნავის ორივე მხარეს, ავანსცენის სიბრტყის დაბლა, ფართო, წითელი სავარძელი მოჩანს, აქვე მრავალი ნივთია მიმოფანტული. ამ ტახტზე ისვენებს მაკბეთი. მარჯვნივ მაღალზურგიანი შავი სავარძელია, უნაგირიანი ცხენის ნახევარი სხეული, გვერდით ლოჟაზეა მიყუდებული წმინდანის გამოსახულება, საღვთო წიგნით ხელში. ადამიანის ფიტული თავით ჩაუყუდებიათ ქვაბში. მეტალის ჯოხზე თაბაშირისგსნ ჩამოსხმული თავით ჩამოუცვიათ. ამ სიურეალისტურ კოლაჟს ამთავრებს ავანსცენის მთელ სიგრძეზე გაფენილი, ჭუჭყიანი სისხლით გაჟღენთილი ტყავისმაგვარი ქსოვილი. როცა ავანსცენა განათდება, შთაბეჭდილება ისეთია, რომ სქელი, ბლანტი სისხლის მდინარე ჩადის საორკესტრო ნავში. სცენა კი თითქმის ცარიელია, ავანსცენაზე და სიღრმეში ხმლებია ჩარჭობილი, თვალსაჩინო ადგილზე დგას მხოლოდ ერთადერთი საგანი - დაბალი შავად შეღებილი ფანერის ტაბურეტი - კომიკური ანალოგი სამეფო ტახტისა - რომელზედაც მაკბეთი არც კი ჯდება. საერთოდ სამეფო ინსიგაციების მიმართ რ.სტურუას გმირი აბსოლუტურად გულგრილია. მას ხელისუფლების სიმბოლოები კი არ აინტერესებს, არამედ შიშველი ყოვლისმომძლეველი უხეში ძალა, რათა განუსაზღვრელად იბატონოს ადამიანებზე. მას ქვეყნის მართვისათვისაც არ სცალია, იგი მკვლელობისთვის არის მოვლენილი. მხოლოდ სისხლის სუნი ათრობს, აბრუებს და აღიზიანებს მას. მაკბეტი პიესაში შფოთავს იმის გამო, რომ მის მიერ მოკლული მეფე დანკანის სისხლი ხელებიდან ვერ ჩამოურეცხავს. „ხელები, ხელები! ოკეანე ვერ ჩამორეცხავს ამ სისხლიან ლაქებს, ლურჯ ზღვასაც კი ფერს შეუცვლიან, გააწითლებენ“. სისხლის ლაქები, თითქოს, სამარადჟამოდ მიჰკვრიან მისი ხელის მტევნებს. რ.სტურუას სპექტაკლში კი მაკბეთი სისხლის სუნის  შეგრძნებას ვერ იცილებს. მას შემდეგ რაც იგი შეეხება მოკლულის სხეულს, ხშირად სუნავს თავის ხელებს, პირველად თითქოს წამოაზიდებს კიდეც, მაგრამ მალე ეჩვევა, რადგან მხნეობას და გადამწყვეტი მოქმედებს, ანუ ახალი სისხლის დაღვრის სურვილს უღვიძებს. სხვათაშორის, ნინოს კასრაძის ლედი მაკბეთიც უმალვე გრძობს სისხლის სუნს, მაკბეთთან ალესისას იგი მეუღლის ხელს ხარბად დაყნოსავს და ეშმაკური და თან კმაყოფილი ღიმილით გაკრთება მის სახეზე, ე.ი.,მაკბეთმა დასძლია შინაგანი მერყეობა, იგი შეძლებს პირველი საბედისწერო მკვლელობის ჩადენას.


            პიესის მიხედვით მაკბეთიც და მისი მეუღლეც შუა ხანს არიან მიტანებულნი. სპექტაკლში კი ისინი ძალზე ახალგაზრდები არიან. ახალგაზრდულია მათი გარემოცვაც. ეს ახალგაზრდები ანგარიშმიუცემლად ხოცავენ ერთმანეთს. ისინი თითქოს სიკვდილის სინდრომით არიან დაავადებულნი. მათი სისატიკე აუხსნელი, უაზრო და უმიზნოა. ერთხელ შეტოპეს სისხლის მდინარეში და ვეღარც ნაპირზე გადიან და ვეღარც უკან ბრუნდებიან. აქ ყველანი, თითქოს, დაბადებით მკვლელები არიან. ამიტომაა, რომ არც მაკბეთს და არც ბენქოს ბედისწერის ხმად არ მიაჩნიათ წინასწარმეტყველება გრძნეული კუდიანებისა. „მაკბეთის“ ერთადერთი უმთავრესი მოტივი გრძნეული დებისა რ.სტურუამ გროტესკულად გაამასხრა. შესანიშნავი ოსტატები - გიორგი გეგეჭკორი, გურამ საღარაძე და ჯემალ ღაღანიძე გრძნეულ, იდუმალებით მოსილ მოჩვენებებს კი არ თამაშობდნენ, არამედ ბებრუხანებს. უცნაურად, 30-იანი წლების ქალებისათვის დამახასიათებელი ჩაცმულობით (ხელში ძველებური ე.წ. „რედიკული“, კისერზე ბეწვგაცვენილი „ჩორნა-ბურკა“, ვარდის კოკორივით შეღებილი ტუჩები (ერთი,“გრძნეული ქალი“, რომელსაც გ.საღარაძე თამაშობდა სულაც კაცია!). ისინი შუასაუკუნეების ლონდონის სოხოს ღამის ბინადრებს (რომლებიც ტემზის ნაპირებზე, ხიდქვეშ ათენებენ ღამეებს) უფრო ჰგავდნენ, ვიდრე ქვესკნელიდან „წყლის ბუშტებივით“ ამოზრდილ არსებებს. მათი ეშმაკეული „ლაბორატორიაც“, სადაც ვეება ქვაბი უდგათ და ცეკვა-ხტუნვით უვლიან გარს (გ.გეგეჭკორის გრძნეულს ასაკში შესული ბალერინას ნახტომი ჰქონდა იგი თითქოს სულ ჰაერში დალივლივებდა), ჩვეულებრივი, უზარმაზარი სარდაფია. მოჩანს დიდკალიბრიანი მილები, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ელექტრო ჩართვის დაფები. ყოველივე ამას თავს ადგას კოლოსალური ზომის ჭუჭყიანი ცელოფნის „ზეცა“, რომელიც ფანტასტიკური მედუზასავით მოძრაობს. საგულისხმოა, რომ იმავე გარემოში მოქმედებენ „მაკბეთის“ რეალური გმირებიც. ეშმაკეულთათვისაც და ადამიანებისთისაც რ.სტურუამ და მირიან შველიძემ ერთი სამყარო შექმნეს, - ცივი, პირქუში. ეს უმალ ჯოჯოხეთის ასოციაციას იწვევს და არავითარ შემთხვევაში შოტლანდიისას. სატანურ ძალებსა და ადამიანებს შორის ზღვარი წაშლილია („ბოროტება სიკეთეა, სიკეთე კი ბოროტეაა“ (მე-3 გრძნეული) „კეთილსა და ბოროტს შორის ზღვარი წაიშლება“ (მე-2 გრძნეული). სატანები გაადამიანურებულნი არიან, ადამიანები გასატანებულნი. ეს იქედანაც ჩანს, რომ მაკბეთი თავს შინაურულად გრძნობს იმათ საბრძანებელში, ვეება ქვაბში მათთან ერთად ამზადებს გრძნეულ ნახარშს, რომელსაც იგი გემოსაც კი უსინჯავს(ჯერ ზიზღით, ერე - სიამოვნებით). აქ მე მაგონდება ვაჟას „გველიმჭამელიდან“ ცნობილი პასაჟი, როცა მინდია ზიზღით გასინჯავს ეშმაკეულების მიერ დამზადებლი გველის ხორცს და უმალ ბრძენკაცად გადაიქცევა. აქ კი შედეგი შებრუნებულია. მაკბეთიც ზიზღით მოსვამს გრძნეული დების მიერ მომზადებულ წვნიანს და ამ რიტუალით იგი ფორმალურ ვალს იხდის. ცდუნებული მინდია სიბრძნით (სიკეთით) აღივსო, „ცდუნებულნი“ მაკბეთის სული კი სატანიზმით (ბოროტებით). ამგვარად, რ.სტურუას მიხედვით, ზებუნებრივი ძალები კი არ განაგებენ მაკბეთის ბედს, არამედ თვით იგია თავისი თავის შემქმნელი. მთავარი ისაა, რომ გრძნეულთა ყველა ეს რიტუალი თამაშს ჰგავს და მას ცოტა არ იყოს კომიკური ელფერიც დაჰკრავს. მსახიობები ამ გრძნეულ დებს კი არ წარმოადგენენ, არამედ გვაჩვენებენ, რომ ისინი, მსახიობები, თამაშობენ ამ გრძნეულებს. ამგვარი თეატრალური ეფექტის წყალობით მათ სავსებით შემოცლილი აქვთ ყოველგვარი მისტიური საბურველი და გროტესკის მოსასხამში არიან გახვეულნი.
            მოქმედების იმპულსები თვით გმირების შინაგან სამყაროში გადაიტანა რ.სტურუამ, ფორმალურად დაუკავშირა მაკბეთის მოქმედება გრძნეულთა წინასწარმეტყველებას. ამ მაკბეთს არ სჭირდება სხვისი კარნახი და ბედისწერის განსაზღვრება. მართალია, მეორედ მიდის გრძნეულებთან, მაგრამ გულგრილად უსმენს მათ სიტყვებს, რადგან უკვე იცის თუ როგორ იმოქმედებს.
            ეს სცენა მნიშვნელოვანია რ.სტურუას ტრაგიკული გმირის კონცეფციაში. შექსპირის მიხედვით ტრაგიკული ეფექტი აგვირგვინებს პროტაგონისტის მიერ განვლილი სახელოვანი ცხოვრების გზას. ეს გმირი, როგორც წესი, საკუთარი, დიდი წარსულიდან მოდის. მის ვნებებს წარსულში აქვს ფესვები გადგმული. რ.სტურუა - ზ.პაპუაშვილის მაკბეთი კი უწარსულო გმირია, იგი პირდაპირაა მოხვედრილი ამ სამყაროში და თავად უნდა იპოვოს თავისი თავი. ბრძოლით, იარაღით, ძალით აგრესიით დაამკვიდროს საკუთარი „მე“. მისი შინაგანი სამყარო არ იცნობს შუქ-ჩრდილებს.
            როგორც ცნობილია ტრაგედია „მაკბეთი“ გამსჭვალულია არსებობის ორაზროვნების სულისკვეთებით. გმირის ვაჟკაცობა, ქველობა საშინელ ბოროტებაში გადაიზრდება, რითაც თვით ეს ქველობა ეჭვქვეშაა დაყენებული. რ.სტურუას მიხედვით, ყოვლისმომცველი ქაოსი სტიქიურად ამორალურია და გულგრილია ყველანაირი ბოროტებისა და სიკეთის მიმართ. ამას განასახიერებს სწორედ ზ. პაპუაშვილის მაკბეთი. ტრაგიკული კოლიზია მის შიგნითაა, მის სულშია დაბუდებული, ანუ მას არ უპირისპირდება რაიმე გარეგანი ფაქტორი, ან ვინმე - ანტიგმირი, ამიტომ იგი, შექსპირის გმირისგან განსხვავებით, არ არის ზებუნებრივი ძალებისაგან - ამ შემთხვევაში გრძნეული, კუდიანი ქალებისაგან - ამაღლებული გმირი. ცნობილი შექსპიროლოგის ლეონიდ პინსკის შენიშვნით: „შექსპირმა შეცვალა რა რეალური ანტაგონისტი სიმბოლურად მნიშვნელოვანი ფანტასტიკით, მოქმედება აღამაღლა ყოველდღიურ, უხამს შემთხვევითობაზე და ამით მას მიანიჭა დასრულებული, ტრაგიკული ჟღერადობა“. მაგრამ, ამ შემთხვევაში, რ. სტურუას აინტერესებს ის ფაქტი, რაზედაც „ამაღლდა შექსპირი“, ანუ აინტერესებს სწორედ ეს „ყოველდღიური უხამსი შემთხვევითობანი“, რადგან ისინი ქმნიან ამქვეყნიურ ქაოსს, რომელსაც ასე შეესაბამება ზ.პაპუაშვილის მაკბეთის სულში გაბატონებული ქაოსი და არეულობა.
            სპექტაკლში ყველა ყველას მტერია. შიშის, სიკვდილის, საშინელი კატასტროფის მოლოდინის ატმოსფეროა გამეფებული. ეს ატმოსფერო სპექტაკლის მთავარი გმირია, რაღაც აუტანელი, დამთრგუნველი, ყველაფრის მომრევი და წამლეკავი განწყობილებაა სცენაზე. თვით კეთლი, მოწყალე, „მორჭმული“ - როგორც ძველი ქართველი იტყოდა - მეფე დანკანი, სხვისი ქველობის დამნახავი და დამფასებელი, სპექტაკლში, დავით პაპუაშვილის შესრულებით, დაუნდობელია, სულსწრაფი, ბოროტებამდე მისული სიავით სავსე, თანმხლები პირებით გარშემორტყმული, მისი პირველი გამოსვლა სცენაზე შეტევას ჰგავს. გია ყანჩელის მუსიკის ფონზე, მის მკვეთრ რიტმზე დანკანი და მისი რაზმი ავანსცენისაკენ „გრიალით“ მოდიოდა. დ. პაპუაშვილის დანკანი კეთილი ამბის მაუწყებელ, სასიკვდილოდ დაჭრილ ჯარისკაცსაც კი ულმობლად ეწყრობა, წაქცეულს სჯიჯგნის, ყელში ხელს უჭერს, მაზოხისტური ტკბობით აწამებს. საერთოდ სპექტაკლში ადამიანური დამოკიდებულება ერთმანეთისადმი გამორიცხულია, აქ ან ერთმანეთს ტკივილს აყენებენ, ან ამცირებენ, ან ჰკლავენ, ან რაღაც უცნაური გაშმაგებით ეძლევიან სექსუალურ აღტკინებას. მაკბეთის სამყაროში ჩვეულებრივად არ დადიან, ჩვეულებრივად არ მოძრაობენ. აქ ან დარბიან, ან გარბი-გამორბიან, ძირს დაცემულნი ხოხავენ, ერთმანეთს ებრძვიან. წაკვეთილ, სისხლიან თავებს ათამაშებენ ბურთივით.
            რ.სტურუას ხშირად მთელი მოქმედება რამოდენიმე წინადადებაში აქვს ჩატეული, ხან კი ერთ ფრაზაზე მთელ მოქმედებას აგებს.


            პიესაში მოღალატე კავდორის მთავრის სიკვდილის ამბავი რამდენიმე ფრაზითაა გადმოცემული. რ.სტურუა კი ქმნის მკვეთრ სცენურ ეტიუდს: მის თავწაკვეთილ გვამს ურიკით შემოაგორებენ სცენაზე რათა მცირე ხნის შემდეგ საორკესტრო ორმოში გადაუძახონ. რეჟისორი მაკბეთის როლის შემსრულებელს  სცენური მოქმედების შესანიშნავ გარემოს უქმნის. აქ მაკბეთმა თვალსაჩინო გაკვეთილი უნდა მიიღოს. კავდორის მთავარი ერთ დროს მასავით დიდებული და გაბრწყინებული იყო. მაკბეთზე გადმოვიდა არა მხოლოდ მისი წოდება და ადგილ-მამული არამედ მისი სულიც. ზ. პაპუაშვილი - მაკბეთი ხელს შეახებს მის წაჭრილ თავს და სისხლით მოთხვრილ ხელებს დაყნოსავს. ბუნებრივ ზიზღს შემდგომ ნეტარება სცვლის. იგი უფრო ღრმად შეისუნთქავს ამ ერთდროულად გულისამრევსა და ნეტარებისმომგვრელ სიმძაფრეს. საბედისწერო მნიშვნელობითაა სავსე ეს სცენა. მეფე დანკანის სიტყვები- „ჩვენ ცოდვილნი, მხოლოდ სახეებს ვცნობთ და არა გულებს“, რომ მე უსაზღვროდ ვენდობოდი ამ დიდებულსაო - მაკბეთსაც უნდა მოხვედროდა გულზე, რადგან სწორედ მისი მისამართითაა იგი ნათქვამი. მაგრამ ამაოდ, - მაკბეთი უკვე დგას სისხლიან გზაზე და მისი უკან გამობრუნება შეუძლებელია. პიესაში კი დანკანის სიტყვები ნეიტრალურ-ფილოსოფიურია, იგი ზოგადად ეხება კაცთა მაცთუნებლობას და ვერაგობას: „არ არის ხერხი იმისთანა, რომ კაცს შეეძლოს სულის თვისების ამოკითხვა პირი-სახეზედ“.
            სწორია, ჩემის აზრით, ერთი რუსი თეატრალური კრიტიკოსი: სპექტაკლში „არ არსებობს ბოროტება, ისევე როგორც არ არსებობს სიკეთე - ამ სიტყვების საერთოდ აღიარებული აზრით, ვინაიდან ჭეშმარიტი შედეგები ნებისმიერი ძალისხმევისა შეუცნობელია, მიუწვდომელია როგორც ხელმწიფისათვის, ასევე მაწანწალათათვის“. შესაძლოა ამიტომაცაა წაშლილი ზღვარი მკვდრებსა და ცოცხლებს შორის. მაკბეთის ხელით მოკლული დანკანი, რომლის ქსოვილში გახვეული გვამი, ავანსცენაზე მიატოვეს, შეინძრევა, თავს გაინთავისუფლებს და გაკვირვებული ამბობს: “რა საოცრებაა, სამოცდაათი წლის კაცი ვარ და ჯერ მეხსიერებას არ ვუჩივი. ვინ მოთვლის რამდენი უცნაური და საზარელი ამბის მომსწრე ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი საშინელი ღამე არ მაგონდება“. ეს არის საკუთარი მკვლელობის მხილველის აღსარება, ამავე დროს უკვე დაწყებული „საშინელი ღამეების“ კოშმარის განცდა.
            ეს „საშინელი ღამე“ დასწოლია სპექტაკლ „მაკბეთის“ გმირებს. შექსპიროლოგებს შენიშნული აქვთ თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოეტი ამ პიესაში ატმოსფეროს, შოტლანდიისთვის დამახასიათებელ იდუმალებას, კუდიანებს, სულებს, ღამეულ მოჩვენებებს, ბუნების მშფოთვარებას, ჭოტის კივილს და ბოლოს, გრძნეული დების წინასწარმეტყველებას. ისინი მიუთითებენ, რომ არსებობს ერთგვარი კავშირი კუდიანების ფრაზას „მშვენიერი საზიზღარია, საზიზღარი კი მშვენიერი“(1 სცენა) და მაკბეთის პირველ ფრაზას შორის „ასეთი საზიზღარი და მშვენიერი დღე მე არ მინახავს“. ბრანდესი შენიშნავდა, რომ ეს სიტყვები „მიგვანიშნებენ იდუმალ კავშრებზე, რომელიც არსებობს მაკბეთსა და კუდიანებს შორის“, ინგლისელი შექსპიროლოგი ფერნივალი კი წერდა: „უცხო სამყაროს ძალები მოწოდებულნი არიან იმისათვის, რომ წარწყმიდონ ეს ორი არსება და დაღუპონ ისინი, ამ ატმოსფეროს შეისუნთქავენ ტრაგედიის გმირები, განსაკუთრებით მაკბეთი, რომლის ბუნებაც, სწორედ ამ უცხო სამყაროთია ნასაზრდოები.
            რობერტ სტურუას სპექტაკლში კი ეს იდუმალი კავშირი არ არსებობს. საერთოდ, გრძნეულებას, მისტიკურ ძალებს, ანუ ადამიანის გარეშე ძალებს ძალზე ნაკლები ყურადღება ექცევა. მართალია გ.ყანჩელის მუსიკაში მოისმის უცნაური ხმები, გვეუფლება რაღაც მისტიკური ძრწოლვა, ვგრძნობთ სულის ტკივილისაგან წამოსულ სასოწარკვეთასაც, თვით სცენური გარემოც და ეს უცნაური ცელოფანის ცა, აგრეთვე აღგვიძრავს რაღაც გამოუცნობი სამყაროს წინაშე თუ შიშს არა, გაოცებას მაინც, მაგრამ ეს არაა მთავარი. მეფე დანკანი მკვლელობა მაკბეთისა და მისი ქალბატონის საქმეა. პიესაში ყველანი გაოგნებულნი არიან ამ მოულოდნელი ტრაგედიით. სპექტაკლში კი მას შეთქმულების, სახელმწიფო გადატრიალების სახე აქვს. მეფე დანკანი საძინებელი ოთახიდან გამოსული მაკბეთის სიტყვებს ეჭვით ხვდებიან დიდებულნი ბენკო და მაკდაფი. მეფედ კურთხეული მაკბეთი წვეულებას მართავს. ეს სპექტაკლის ერთ-ერთი უმთავრესი სცენაა, სადაც მაკბეთი საბოლოოდ გახსნილია, თავს ანებებს მუშაითობას, ჯამბაზივით მანჭვა-გრეხას. იგი მარტოა, „შიშველია“ მის მიერ დაქირავებული მკვლელების მსხვერპლის - ბენქოს პირისპირ. მისთის, ამ წუთებში, არც მოწვეული სტუმრები არსებობენ და არც ლედი მაკბეთი. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით - ბანქოს აჩრდილი უფრო რეალურია ვიდრე მართლაც რეალური, ცოცხალი ადამიანები. აქ სინამდვილისა და ირეალურის შენაცვლებაა - ბენქო ნამდვილია, ხელშესახები, მოწვეული სტუმრები და ლედი მაკბეთიც კი - მოლანდება. ეს შენაცვლებაა პლასტებისა (რეალური - ირეალური) კიდევ მეორდება, რაც აძიერებს მაკბეთის სულიერი დეპრესიის სურათს, უფრო თვალნათელს ხდის გმირის სულიერი კრიზისის, დეფორმაციის მოახლოებულ საშინელებას.


            პიესაში დიდებულ დაა ხალხმრავალ წვეულებაზეა ლაპარაკი. აქ კი მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ამ ღატაკურ და მცირერიცხოვან „ფურშეტს“ წვეულება. მაგრამ, მთავარი აქ სხვაა, - მოწვეულნი შეშინებულნი და უმწეონი არიან. ყოველი მხრიდან საფრთხელს ელოდებიან და ვერ გაუბედავთ ლედი მაკბეთის მიერ მოწოდებული ლანგრიდან სასმელის აღება, რადგან, აშკარად, მოწამვლის ეშინიათ. ეს რეალური უნდობლობა და შიში გამეფებული მაკბეთის სამყაროში და არა რაღაც მისტიკური ნიშნებული მოახლოებული კატასტროფისა, ლედი მაკდაფის(ლ. ალიბეგაშვილი), მისი შვილის და როსის(ს. ლაღიძე) სცენა სიბნელეში, მბჟუტავი სინათლის შუქზე მიდის. მათ ხმაში, პოზაში შიში და სასოწარკვეთა იგრძნობა. ამას აძლიერებს ის გარემოება, რომ ისინი დგანან საორკესტრო ორმოს სიბნელეში, სადაც გვამები ჩაუყრიათ. ასეთი და სხვა მრავალი სცენით თუ დეტალით შექმნილია ადამიანის დამთრგუნველი, ნებისყოფის გამანადგურებელი ატმოსფერო, რომელსაც აძლიერებს გმირების სულმოუთქმელი საქციელი.
            ამ სპექტაკლის პირველმა მაყურებელმა - პეტერბურგელმა თეატრალურმა კრიტიკამ - „რიჩარდ მესამეს“ და „მაკბეთს“ რ.სტურუას შექსპირული დიალოგი უწოდეს. მართლაც, ბევრი რამ აკავშრებს ამ სპექტაკლებს. ორივეგან ბოროტება ამოწურავს ყველა თავის შესაძლებლობას, იგი საკუთარ თავს ამარცხებს უკიდურესობის გამო. „ასეა, სისხლით მოთხვრილი ხელები ჯალათსაც სისხლის მორევში ითრევს. სხვას უმზადებ საწამლავს, განგება კი შენვე გასმევს“, - ამბობს მაკბეთი, მაგრამ „რიჩარდის“ შავი იუმორი ახალ სპექტაკლში გაფერმკრთალებულია. თუ რ.ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე ბოროტების გენიაა, რომელიც ინტრიგისა და მზაკვრობის ხლართებში დაუნდობლად ახვევს ყველას, ვინც გზაზე ეღობება, ზაზა პაპუაშვილის მაკბეთი, როგორც ვთქვი, შორსაა „დიადი“ სატანურობისაგან. ეს არის ამოფრქვევა ახალგაზრდა კაცის მოზღვავებული ენერგიისა, რომელსაც გარემოებამ, ატმოსფერომ ბოროტებისაკენ ააღებინა გეზი.
             ამ ახალგაზრდა მაკბეთსა და მის ახალგაზრდა მეუღლეს უწოდეს „რომეო და ჯულიეტა წყვდიადში“. ახალგაზრდული სილაღით, ძალდაუტანებლად, მათთვის ჯერ შეუცნობელი ხმების კარნახით მოქმედებენ ისინი. ნ.კასრაძის მიერ ეს ურთულესი როლი - სპექტაკლში ასევე განძარცვული დემონური ძალისაგან - საბალეტო პარტიასავით არის შესრულებული. ბუნებრივი მოქმედება და სიმსუბუქე, რომელიც ასე მომხიბლავს და მიმზიდველს ხდის მას უფრო რელიეფურად აჩენს მის ინფანტილურ ბუნებას. რასაკვირველია, შინაგანი ძალა, მეუღლეზე ზემოქმედების მოურიგებელი ენერგია მას არ აქვს, მაგრამ განა ეს საჭიროა რ. სტურუას სპექტაკლისათვის? აქ ჩვენ საქმე გვაქვს ბოლომდე გაუცნობიერებელ ცდუნებასთან, აზარტთან, რომლის მთავარი იარაღი - ვნებაა, სექსი, ალერსი, სიყვარულის დამადლება და ადრე გაღვიძებული პატივმოყვარეობა. მას ჰგონია, რომ ამ იარაღს ძალზე ოსტატურად ხმარობს მაკბეთზე ზემოქმედებისათვის, მაგრამ ზ. პაპუაშვილის მაკბეთზე ამ ქალური არსენალის ყველაზე ნაცადი ხერხებიც კი ნაკლებად მოქმედებს. როცა თვითონ უნდა მაშინ ეძგერება ხოლმე ქალს, ან ვნების დაკმაყოფილების ან რაღაც რევანშის წყურვილით შეპყრობილი. დანკანის მკვლელობას მოსდევს მძაფრი, მოურიდებელი ორგიასტული აქტი, როგორც სურვილი განმუხტვისა, გათიშვის, თავდავიწყების და ამ საშნელი მკვლელობიდან - რომელსაც მაინც თავის მეუღლეს აბრალებს - „გადართვის“, სუბლიმაციისა. ამ ძალადობით სურს ჩაახშოს გაღვიძებული სინდისისა და შიშის ხმა.

            ძალადობისკენ ამგვარი მიდრეკილების გამო იგი ყოველთვის უპირატესობას პირდაპირ მოქმედებას ანიჭებს. მისთის უცხოა ინტრიგების ქსოვა, არტისტიზმი, მეყსეული გარდასახვანი, აკი ეუბნება კიდეც ლედი მაკბეთი: „შენ წიგნს მიგიგავს პირი-სახე და ადვილია უცნობ ამბავთა ამოკითხვა“. მართალია მაკბეთი ერთგან ამბოს: „ცბიერმა სახემ მალოს ცბიერ გულის პასუხი“. მაგრამ ცხოვრებაში ამას ვერ ახერხებს.

            მშვენიერია მაკბეთის „ამაღლების“, „ცად ასვლის“ სცენა. ყველასაგან მიტოვებულ მაკბეთის სულში მსახიობი გვაგრძნობინებს რწმენისა და სიამაყის ახალი ტალღების მოზღვავებას. ამ მარტოობაში არის რაღაც დიადი და მიუწვდომელი. ამიტომაცაა, რომ უკანასკნელ, საბედისწერო ბრძოლაში მისი ვაჟკაცობა, ძალა და გამბედაობა გვხიბლავს და გვიმორჩილებს იმდაგვარად, რომ აღარც კი გსურს მისი სიკვდილის ხილვა. ამას გრძნობს რ.სტურუა და მაკბეთის სხეულს მოაქცევს მოწინააღმდეგეთა შუაგულში. შავფარაჯიანები ფარავენ მას. ვხედავთ მხოლოდ რა გამეტებით სცემს მას მახვილს მაკდაფი და ამ წრედ შეკრული მასიდან „ამოვარდება“ მაკბეთის წაკვეთილი თავი, რომელიც შიშის ზარს სცემდა ყველას, ახლა კი სათამაშო რამ საგნად ქცეულა...

                                                                                                                             ნოდარ გურაბანიძე
„პარალელური“ ფიქრები რობერტ სტურუას ახალ სპექტაკლზე
გამოგიტყდებით და მეგონა...   „პარალელური“ ფიქრები რობერტ სტურუას ახალ სპექტაკლზე
      პარალელური ვისთან?
      თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილთან, და არა მხოლოდ მასთან.
       განსაკუთრებით მასთან, ვინც ბოლო დროს, დიდ(უკვე  გენიალურსაც თამამად უწოდებენ ) რეჟისორზე  უცნაურად იყო გადაკიდებული. იმდენად უცნაურად, რომ მის შემოქმედებით კრიზისზე თვით აქუს ეთერშიც კი საუბრობდა.
       ამის გამო, პირდაპირ თუ ირიბად, არაერთხელ გამიკენწლავს.
       არც დიდ(გენიალურ) რეჟისორს დაუკლია მისთვის სოციალურ ქსელში მწარე ირონია.
       და აი, სწორედ სოციალურ ქსელში  ლაშა ჩხარტიშვილის ასეთ პოსტს ვკითხულობ:
       „მოულოდნელი და იმავდროულად სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიწყო რობერტ სრურუამ რუსთაველის თეატრში ახალი სპექტაკლით „დაკანონებული უკანონობა“. გამოგიტყდებით და მეგონა, რომ რობერტ სტურუა ახალი დადგმით ვეღარ გამაოცებდა(მეც და ჩემს კოლეგებსაც), მაგრამ მაინც შეძლო შეექმნა ისეთი ამბავი,  სამყარო სცენაზე, რომელიც არ მოგვადუნებდა, წარმოდგენის მსვლელობაში ჩაგვრთავდა და სიამოვნებასაც მოგვანიჭებდა... ასეთი სხარტი და მოქნილი სპექტაკლი რობერტ სტურუას ბოლო პერიოდში ალბათ არ დაუდგამს. მკაცრად რიტმულ - დინამიკური და სიუჟეტის მსუბუქი განვითარება, გაჯერებული პუბლიცისტიკით, ირონიით და თვითირონიით, იუმორით, სარკაზმით და გამორჩეულად ფერადოვანი(ზოგიერთი მათგანისგან მოულოდნელიც კი) მხატვრული სახეებით, რუსთაველის თეატრის მსახიობები რომ ქმნიან, მთლიანობაში ფეიერვერკულ სანახაობას ქმნის... სპექტაკლში ბრეხტის „ეპიკური თეატრის“ ხერხებს უკვე მიჩვეულ(შესაძლოა გადაღეჭილიც კი) რობერტ სტურუას სათეატრო ენა ცვლის, თუმცა განახლებულად, ახლებურად, გაჯანსაღებულად, სადად და თანამედროვედ“...
      ეს გრძელი ციტატა იმისთვის არ მოვიხმე, რომ ახალგაზრდა თეატრმცოდნე ლოგიკურ ან სტილისტიკურ შეცოდებებში ვამხილო(თუმცა, არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ფეისბუქურ პოსტებში ენის მიმართ დაუდევრობა დასაშვებია), ამჯერად ჩემთვის მთავარი ისაა, რომ დიდმა(გენიალურმა!) რეჟისორმა ურწმუნო თომაც კი დაარწმუნა.
       გამოგიტყდებით და არ მეგონაო?!
       ასეთი სხარტი და მოქნილი სპექტაკლი ბოლო პერიოდში, ალბათ, არ დაუდგამსო?!
        მე რომ მომეთმინა, ქალბატონი მანანა თევზაძე არ მოითმენდა. მყისვე გამოეხმაურა კიდეც: „ ლაშა, „ასულნი“ დაგავიწყდა?!“
         „ ასულნი“ - პოლიკარპე კაკაბაძის პიესების კი არა, ფრაზების მიხედვით დადგმული ბრწყინვალე წარმოდგენა!
           მაგრამ, ქალბატონო მანანა, ეს „ დავიწყება“ უნდა შევუნდოთ: რობერტ სტურუამ ამჯერად ისეთი სპექტაკლი გვაჩვენა, რომ ყველაფერს დაგავიწყებს „კავკასიური ცარცის წრის“ გარდა.
         ,,კავკასიურს“ თუნდაც იმიტომ ვერ დაგავიწყებს, რომ თვითონვე არაერთხელ გახსენებს.
          რატომ? 
          ჩემი აზრით, იმიტომ, რომ გვითხრას, ესეც ბრეხტია, ოღონდ, უკვე ოცდამეერთე საუკუნის ბრეხტი!
          ოცდამეერთე საუკუნის სტურუა, რომელსაც თითქოს, გამუდმებით ჩაესმის გალაკტიონის სიტყვები: „დრო, დრო აღნიშნე!“
            და ჩვენს დროში არავინ ისე არ გრძნობს და აღნიშნავს დროს, როგორც რობერტ სტურუა.
            და ჩვენს დროში მას  შეუძლია, დაიკვეხნოს გალაკტიონივით: „ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები“...
           სწორედ უდაბნოში დაეძებენ ახალი სპექტაკლის მთავარი პერსონაჟები ნავთობის საბადოს და ამ გზაზე  გამოჩნდება ყველა ადამიანური ნაკლი და ღირსება, სიკეთე და ბოროტება, სამყაროს ყველა ის უსამართლობაც, რაზეც ბრეხტი წერდა, სტურუა კი დგამს.
                                                               ***
             გერმანიაში ბერთოლდ ბრეხტი იმიტომ დაიბადა, რომ ზუსტად ორმოცი წლის შემდეგ საქართველოში რობერტ სტურუა დაბადებულიყო. - ეს ფრაზა სოციალურ ქსელში დავწერე თუ არა, ერთი გაბიზნესმენებული ჰუმანიტარი  უმალვე შემეხმიანა: „ რამდენად მომყიდი ამ აზრს?“
               მილიონად - მეთქი, ვუთხარი, არა იმიტომ, რომ ახლა მას ნამდვილად შეუძლია(ჯვარი სწერია) ბევრის გადახდა(თუ გაიმეტებს), უბრალოდ, გაყიდვას არ ვაპირებდი.
              ახალი სპექტაკლით რობერტ სტურუამ დაგვიმტკიცა, რომ ბრეხტი(შექსპირიც!) სწორედ მისთვის წერდა.
               კიდევ კარგი, რომ პოლიკარპე კაკაბაძეც მისთვის წერდა!
               ახალ სპექტაკლს რომ უყურებ, თანდათან ხვდები, რომ   არანაკლებ მნიშვნელოვანს გვეუბნება,  ვიდრე თავის დროზე ,,კავკასიურმა ცარცის წრემ“ გვითხრა. ოღონდ, კარგად უნდა გავიაზროთ: ბრეხტი და სტურუა გვეუბნებიან ერთს და უნდა ვიგულისხმოთ მეორე. მაგალითად, შეუძლებელია, ისინი ამას ფიქრობდნენ: „ძლიერს უნდა დაეხმარო, სუსტი უნდა დაჩაგრო!“ პირიქით, სწორედ ამას უპირისპირდებიან.
          რაც შეეხებათ მსახიობებს, რომლებიც „სტურუას არ უყვარს“:
          ზვიად პაპუაშვილი ხანდახან რამაზ ჩხიკვაძეს მოგვაგონებს(ცხადია, შეგნებულად), მაგრამ მთავარი გმირის სახეს თავისი(ძლიერი) ფერებით ხატავს; აქვე უნდა ითქვას: სპექტაკლში  იგრძნობა ნოსტალგია დიდ მსახიობზე. რეჟისორმა იცოდა, რომ  მას მაყურებელი აუცილებლად მოისაკლისებდა და „დაასწრო.“ მართლაც, თუ რაიმე აკლია სტურუას ბოლოდროინდელ დადგმებს, უწინარესად, რამაზ ჩხიკვაძის ვირტუოზობა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ზვიად პაპუაშვილმა ამ სპექტაკლში ისევე ღირსეულად ზიდა მთავარი გმირის ტვირთი, როგორც  დავით უფლისაშვილმა - „იულიუს კეისარში“...
         სტურუა კი ყოველთვის  სტურუაა...
          ეკა მინდიაშვილის პერსონაჟიც თან ჰგავს და თანაც ძალიან არ ჰგავს იზა გიგოშვილის(ანდა თათული დოლიძის) გრუშეს. ამ მსახიობსაც აქვს თავისი ფერები;
          ნიკა ქაცარიძის შეიხი ქართულ თეატრში ბოლო დროს შექმნილი ერთ - ერთი ყველაზე საინტერესო ნიღაბია;
           აქ ცოტა „შევისვენოთ“.

            თეატრში, რა თქმა უნდა, სიტყვა უმნიშნელოვანესია, თუმცა ზოგიერთ რეჟისორს(გვარასაც ვიტყი და სახელსაც - ლევან წულაძე) ეს ჭეშმარიტება დაავიწყდა. ილია ჭავჭავაძე თეატრს ..ორ ღვაწლს“ სთხოვდა - ენისა და ზნეობის დაცვას.
              ჩვენი თეატრების უმეტესობა  დღეს აღარც ენას იცავს  და აღარც ზნეობას.
              ამჯერად ამას ვერ ვიტყვით: სცენიდან დიდი დრამატურგის ტექსტი  სანიმუშო  ქართულით გვესმის. რაც შეეხება ზნეობას, ეს სპექტაკლი ხომ მთლიანად ამაზეა - ზნეობის უკლებლივ ყველა ასპექტზე.
              და მაინც, თეატრი სანახაობაა და აქ სიტყვის ქმედებად ქცევაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია არა მხოლოდ ის, რასაც შეიხი ამბობს, არამედ ის, თუ როგორ ამბობს. როგორ შემოდის ნიკა ქაცარიძე!  როგორ დადის! როგორ მეტყველებს! როგორ აცვია! რა მეტყველია ეს ყველაფერი. რობერტ სტურუა(ვისაც „მსახიობი არ უყვარს“) დიდოსტატურად განაგრძობს  დაუვიწყარი არტისტული ნიღბების შექმნას. ამჯერად ნიკა ქაცარიძე აღმოჩნდა „ის ბედნიერი“
           თუმცა, რატომ მხოლოდ ის. იგივე ითქმის დავით დარჩიაზე, ვისი მოსამართლეც, ჩაცმულობითა და მეტყველებით ასევე  გამორჩეული, ერთდროულად განასახიერებს ბრეხტს, სტურუას, თემიდას და სპექტაკლის მთავარ სათქმელს  გამოხატავს. როცა მრავალშვილიანი ქვრივი ჰკითხავს, ჩემი ქმრის მკვლელს რას უპირებო,  პასუხი ასეთია: ,,მას უარესი სასჯელი ელის - აქ დარჩება და იცოცხლებს სამარადისოდ!“;
           დავით გოცირიძეში ყოველთვის იგრძნობოდა დაფარული არტისტული პოტენციალი, რაც ამ სპექტაკლში აღარ დაიმალა;
             აქტიორული დაოსტატების გზაზე ახალ წახნაგებს გვიჩვენებენ ბექა სონღულაშვილი  და   ქეთი სვანიძე;
               სპექტაკლის ქსოვილში ორგანულად ეწერებიან ანდრია თავბერიძე და ედმონდ მინაშვილი.
            ამიტომაც არ გამკვირვებია ბატონი რეზო კლდიაშვილის გამოხმაურება: „რაო, სტურუა ამოიწურაო(ესეც „ადრინდელი“ ლაშა ჩხარტიშვილის გასაგონად - ავტ.)? მიბრძანდით რუსთაველის თეატრში და იხილეთ თეატრალური ზეიმი, მსახიობები ნამდვილი ვირტუოზები არიან. გეთანხმები, ლაშა.“
              იქვეა კოტე მირიანაშვილის კომენტარიც: „ ვეთანხმები ლაშას. ძალიან კარგი სპექტაკლია, დახვეწილი, ნატიფი, გამომგონებლური, ხულიგნური, თვითირონიული, ლამაზი და ა. შ. ნავთობის ფასებზე მუსიკალური ვაჭრობა! რამ მოაფიქრებინა! და თან როგორი ზუსტი, სახიერი და მეტაფორულია ჩვენ დროში, როდესაც ასე აბურთავებენ ამ ნავთობის ფასს. სამჯერ გაცოცხლებულმა მკვდარმა პერსონაჟმა რამაზ ჩხიკვაძის ინტონაციით რომ დაიძახა- აღარ გამანებებთ თავს?! - კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ იცის ამ კაცმა, ყველაფერი იცის და ძალიან მაგარია, მწვერვალებიც მაღალი აქვს და კრიზისებიც შესაბამისი - გენიოსია და რა ქნას?!“
           დიახ, იცის ამ კაცმა, მაგრამ ჩვენ თუ ვიცით?..
          ცხადია, ეს კითხვა ყველას არ ეხება.
          დღეიდან - აღარც ლაშა ჩხარტიშვილს.
          მიხარია...
          ასე იცის სტურუამ...

                                                                                                 იოსებ ჭუმბურიძე      
დაკანონებული უკანონობა
                                                         „დაკანონებული უკანონობა“

ბრეხტის ეპიკური თეატრის მთავარი პრინციპია `გაართე და ისე ასწავლე~. თეატრი არის მისთვის ასახვა ცოცხალ სურათებში ნამდვილი ან გამოგონილი ამბებისარომელთა ფონზეც ვითარდება ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებაასახვარომელიც გათვალისწინებულია გასართობად.
ბრეხტი  საქართველოში პირველად  1964 წელს დაიდგა. რეჟისორმა დ. ალექსიძემ რუსთაველის თეატრში განახორციელა ბერტოლტ ბრეხტის პიესა „სამგროშიანი ოპერა“. თუმცა სპექტაკლს დიდი წარმატება ჰქონდა, მან ვერ მიაღწია იმ სრულ განზოგადებას, რომელსაც ბრეხტის თეატრალური ესთეტიკა და, კერძოდ, ეს პიესა ითხოვდა.
პირველი რეჟისორირომელმაც გაბედულად გაარღვია საქართველოში რომანტიკული თეატრისმიმეტურ-ილუზორული თეატრის წრე და დასაბამი მისცა ანტიილუზორულპაროდიულ-გროტესკულ თეატრსრობერტ სტურუაა. 1969 წელს რეჟისორი დგამს ბრეხტის პიესას „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“. სპექტაკლი არ გამოვიდა. მაყურებელი წარმოდგენას გულგრილად შეხვდა, მაგრამ რობერტ სტურუასთვის მას უკვალოდ არ ჩაუვლია. სპექტაკლს მისი შემოქმედებისათვის მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რობერტ სტურუა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადებს, რომ საკუთარი თავი, 1969 წელს იგრძნო ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანის“ ორ სცენაში, „ქორწილის“ სცენასა და შენ ტეს ზონგში, რომელიც მან მონოლოგად აქცია.* ამ ფაქტის შეგრძნება ალბათ უფრო მოგვიანებით მოხდა, როდესაც მან განახორციელა „სამანიშვილის დედინაცვალი“ თ. ჩხეიძესთან ერთად, „ყვარყვარე“ და „კავკასიური ცარცის წრის“ დადგმები.
1975 წ. სტურუა დგამს „კავკასიურ ცარცის წრეს“. საოცრად მრავალპლანიანი აღმოჩნდა სპექტაკლი - რეჟისორული აზროვნებით, მსახიობთა შესრულებით, მხატვრის (გ. მესხიშვილი), კომპოზიტორის (გ. ყანჩელი) ნამოღვაწარით. სიმფონიზმმა, ურთიერთშერწყმამ ყოველი დეტალისა, ყოველი ხაზისა სპექტაკლს მიანიჭა სისადავე და მთლიანობა. დადგმა სავსე იყო სიმსუბუქით, სინარნარით, უშუალობით, პლასტიკურობით, სიცოცხლით, მხიარულებით და გაოცებდა სინთეზურობით. ეს იყო სპექტაკლი-შედევრი, რომელიც მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო დადგმად არის აღიარებული.
1994 წელს რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში მეორედ დგამს ბრეხტის „სეჩუანელ კეთილ ადამიანს“. ეს იყო ერთგვარი მითოლოგიური იგავი სამყაროს წყობაზე. ეს უკანასკნელი ადამიანის მიერ ბოლომდე შეუცნობელია და ალბათ, ამიტომაც ყოველ ნაბიჯზე ღალატობს ღვთაებრივ კანონებს. რობერტ სტურუამ ღიად დატოვა კითხვა - შეძლებს კი შენ ტე სიკეთის შენარჩუნებას, ბალაგანიდან, ქაოსიდან წამოდგომას, ზნეობრივ გამარჯვებას. დარჩება თუ არა იგი კეთილ ადამიანად? „კავკასიური ცარცის წრისგან“ განსხვავებით, „სეჩუანელი კეთილი ადამიანის“ სტურუასეული ბრეხტი უფრო სკეპტიკური იყო. აქ, ამ სპექტაკლში ბრეხტისეული „გაუცხოების  ეფექტი“ ყველაზე უფრო მეტად აისახა რეჟისორისა და დროის გაუცხოებაში.
2016 წლის თეატრალური სეზონი (137-ე) რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის მიერ დადგმული ბრწყინვალე სპექტაკლით - ბრეხტის „დაკანონებული უკანონობით“ - დასრულდა. ეს, რობერტ სტურუას მიერ რუსთაველის თეატრში განხორციელებული, ბრეხტის მესამე პიესაა, თუ არ ჩავთვლით „ყვარყვარეში“ გამოყენებულ ეპიზოდს „არტურო უის კარიერიდან“. ბრეხტმა „გამონაკლისი და წესი“ 1930 წ. დაწერა და იგი დიდაქტიკურ-განმანათლებლურ ნაწარმოებთა რიცხვს განეკუთვნება. ეს არ არის ბრეხტის საუკეთესო პიესა და დიდი პოპულარობითაც არ სარგებლობს.
რობერტ სტურუა  ისევე თავისუფლად ეპყრობა ბრეხტის პიესებს, როგორც ამას სხვა ავტორთა მიმართ აკეთებს. რეჟისორი  დადგმას ტექსტის მონტაჟიდან იწყებს ხოლმე და სპექტაკლის ახალ, საკუთარი კონცეფციის, სათქმელის გამომხატველ ტექსტს ქმნის. ამ შემთხვევაში დამდგმელებმა სათაურიც შეცვალეს. ორიგინალში პიესას „გამონაკლისი და წესი“ ჰქვია. რეჟისორებმა სახელწოდება პიესაში არსებული ზონგებიდან აიღეს. პიესიდან ზოგი ტექსტი საერთოდ გაქრა, ზოგიც ჩამატებულია, გაკეთდა კუპიურები, გადაადგილდა ეპიზოდები, გაჩნდნენ გადაკეთებული პერსონაჟებიც. მაგალითად ქარავან-სარაის მეპატრონე შეიხად, ხოლო მოსამართლე - ბუდისტ ბერად იქცა. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ დამდგმელებმა პიესის ფაბულა გამოიყენეს, ბრეხტის ნაწარმოების საკუთარი სცენური ვერსია შექმნეს და სპექტაკლის ჟანრი მხიარულ არაკად განსაზღვრეს. არადა ეს მხიარული არაკი ორ მოქმედებად დღეს მსოფლიოში არსებულ სერიოზულ, მტკივნეულ პრობლემებზე მოგვითხრობს. ბიზნესმენ (პიესაში - ვაჭარი) კარლ ლანგმანის მოგზაურობა უდაბნოში, ნავთობის საბადოს დასაპატრონებლად კიდევ უფრო გამდიდრებისათვის, ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრაზე, ადამიანის სწრაფვაზე გამდიდრებასა და ძალაუფლების მოპოვებისათვის, სიკეთის დაუფასებლობაზე, ადამიანის მორალურ და ფიზიკურ განადგურებაზე, იმაზე რომ - „კეთილ კაცს სიკეთე ღუპავს“ - რეჟისორებმა იუმორით, ირონიით, გროტესკით, სიმსუბუქით გადმოსცეს. შეიძლება ითქვას, ეს სპექტაკლი, ბრეხტის თეატრის მთავარი პრინციპის - გაართე და ისე ასწავლე - ერთ-ერთი საუკეთესო  მაგალითია. რობერტ სტურუამ და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ, ბრეხტისა და ქართული სათეატრო ტრადიციების, სტურუასეული სათეატრო ენის შერწყმით, ფეერვერკული სანახაობა შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის სცენოგრაფია თავად დამდგმელებს ეკუთვნით. მოდერნისტულ-კუბისტურ სტილში შექმნილი სასცენო გაფორმება გაოცებს თავისი სილამაზით და სისადავით. მთელი სპექტაკლის განმავლობაში დეკორაცია არ იცვლება. მთელ სცენაზე გადაჭიმული თეთრი ფერის ნაჭერი - დაუსრულებელი უდაბნოს ასოციაციას ქმნის. ზევით კი სამი კუბისტური ფიგურაა ჩამოკიდებული: წითელი და თეთრი სამკუთხედი, ლურჯი წრე. სცენა კუბისტურ ნახატს მოგაგონებთ. რეჟისორები განათების მეშვეობით ქმნიან ამა თუ იმ სცენის, ამა თუ იმ ეპიზოდის განწყობას. უდაბნო თეთრი ფერისაა, ოაზისი - მწვანე და ლურჯი, შეიხის სამფლობელოში წითელი ფერი სჭარბობს, ულამაზესად არის გაკეთებული ვარსკვლავებით მოჭედილი უდაბნოს ცა ღამით. განათებითვე ქმნიან რეჟისორები ფეერვერკის იმიტაციას - ნავთობის საბადომდე მიღწევის ეპიზოდში.
გია ყანჩელის მუსიკა სპექტაკლის პლასტიკურ ნახაზს სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას მატებს. დადგმაში გამოყენებულია აგრეთვე ბახის, ბეთჰოვენის, მოცარტის ვერდის, ვაგნერის, შოპენის, ლისტისა და შუბერტის ნაწარმოებები. ხოლო, მეორე ექსპედიციის გამოჩენასა თუ ჩავლას სცენაზე ბითლზების ცნობილი სიმღერა „Yellow Submarine“ გასდევს ფონად. კოტე ფურცელაძის მიერ შექმნილი ქორეოგრაფიული ნახაზი  კიდევ უფრო ამძაფრებს სპექტაკლის ირონიულ-გროტესკულ სტილისტიკას. მსახიობების მოძრაობა თავისუფალი და მსუბუქია. მუსიკა და ქორეოგრაფია მსახიობებს ეხმარება პერსონაჟებისათვის დამახასიათებელი პლასტიკის შექმნაში. მსახიობთა ჟესტიკულაცია, მიმიკა, მიხვრა-მოხვრა, მოძრაობა განსაკუთრებული, მხოლოდ ამა თუ იმ ტიპაჟისთვიის განკუთვნილი და მაყურებლისათვის დასამახსოვრებელია.
ორმოქმედებიანი სპექტაკლი, რომელიც შესვენებიანად დაახლოებით ორი საათი გრძელდება საოცარ რიტმში მიმდინარეობს, მაყურებელს ერთი წუთით მოდუნების საშუალებას არ აძლევს. სულმოუთმენლად ელი მოვლენებისა თუ მოქმედების განვითარებას. რეჟისორთა გადაწყვეტით მაყურებელი თავიდანვე ჩართულია სპექტაკლის მსვლელობაში. პირველივე სცენაში, როდესაც შავებში ჩაცმული პერსონაჟები, გაბმული ღმუილის ფონზე, სიღრმიდან, თითქოს ჯოჯოხეთიდან მოგვევლინებიან, ავანსცენის გასწვრივ განლაგდებიან და მაყურებელს მიმართავენ. პირველივე ზონგში გაისმის სიტყვები: „უკანონობას კანონი იცავს“... „მორჩილად ვიტანთ ჩვენ ძალადობას“... „სნეული კვდება, ძლიერი მეფობს“... ეპიზოდიდან ეპიზოდზე, ამბიდან ამბავზე გადასასვლელად რეჟისორები ტრანსპარანტებს იყენებენ. თითოეული ამბის დაწყების წინ ტრანსპარანტი შემოაქვთ წარწერით, რომელიც ამ ეპიზოდის არსს გადმოსცემს. მაგალითად:  „ცხოვრება უდაბნოა“, „ნავთობი ჩვენია“, „თუ საჭირო ხარ გადაგარჩენენ“ და ა. შ.
მუსიკისა და განათების ხელშეწყობით ზუკა პაპუაშვილის კარლ ლანგმანის და მისი მხლებლების ბექა სონღულაშვილის - გამყოლის, დავით გოცირიძის - მუშის პირველი შემოსვლა სცენაზე ეფექტური და დამაინტრიგებელია. ზუკა პაპუაშვილის ლანგმანი - მოკლე შარვალში, გამაშებში, თეთრ პერანგსა და შავ ჟილეტში გამოწყობილი XX საუკენის დასაწყისის მოგზაურ-ბიზნესმენს მოგაგონებთ. მხლებლებს თეთრი კოსტიუმები აცვიათ და შავი გრძელყურებიანი ჩაფხუტები ახურავთ. მათი ჩაცმულობა ლანგმანის მათადმი დამოკიდებულების გამომხატველია. მდიდარი ბიზნესმენი მათ, როგორც ძაღლებს ისე ეპყრობა.
ლანგმანის პირველ გამოჩენას სცენაზე ხალხი-მასა აღფრთოვანების გამომხატველი ოვაციებით ხვდება. იგი ახალი ნავთობის საბადოს აღმოჩენის და ამ საბადოს დასაპატრონებლად კონკურენციის ამბავს ამცნობს სცენაზე მყოფებსა თუ მაყურებელს. მსახიობის პლასტიკაში, ქმედებაში, თამაშის სტილსა თუ მეტყველებაში, თავიდანვე გამოსჭვივის პაროდია და გროტესკი. დამდგმელებმა პირველივე სცენიდან  - დეკორაციით, ტრანსპარანტებით, მუსიკით, მსახიობთა პლასტიკით, ჟესტიკულაციით, მიმიკით, მეტყველების სტილით განსაზღვრეს სპექტაკლის ირონიულ-გროტესკული, პუბლიცისტური ელემენტებით გაჯერებული   სტილისტიკა. ზუკა პაპუაშვილის ლანგმანი სიტყვის წარმოთქმას მოულოდნელად - „ხი-ხი, ხა-ხათი“ - ასრულებს.
დამდგმელებმა ბრეხტის პიესისაგან განსხვავებით თავიდანვე გაუმხილეს მაყურებელს ლანგმანისა და მისი მხლებლების უდაბნოში მოგზაურობის დრამატული დასასრულის შესახებ. ეკა მინდიაშვილის მუშის ცოლი ჩვილი ბავშვით ხელში, შავებში გამოწყობილი შემორბის სცენაზე და ამაღლებულ-ემოციური ინტონაციით მაყურებელს უყვება უდაბნოში მისი ქმრის ტრაგიკული მკვლელობის შესახებ. ამის შემდეგ იწყება ლანგმანისსა და მისი ორი მხლებლის დაუსრულებელი მოგზაურობა უდაბნოში. თეთრად განათებულ სცენაზე ზუკა პაპუაშვილი, დავით გოცირიძე და ბექა სონღულაშვილი წრეზე ხან დადიან, ხან ხოხავენ, ხან უსულოდ გდიან და ვერ ინძრევიან. ლანგმანი საწადელის მისაღწევად არც თავის დაქირავებულ მუშებს ინდობს და არც საკუთარ თავს. მან ხომ კონკურენტებს უნდა მიასწროს ნავთობის საბადომდე, ვინაიდან ახალი საბადოს მფლობელობა დასწრებაზეა. ვინც პირველი მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე მეპატრონეც ის გახდება. დამდგმელებმა გროტესკულად წარმოაჩინეს კონკურენტებიც. მეორე ექსპედიციის უფროსს შავ მოტმასნულ ტყავის შარვალსა და მკერდზე მომდგარ მაისურში ქეთი სვანიძე განასახიერებს. მეორე ექსპედიციაც სამი წევრისგან შედგება - ერთი ქალი და ორი მამაკაცი. ისინი რეჟისორებმა ამერიკელებად მონათლეს. ერთ მამაკაცს შავი სათვალე უკეთია და მაგნიტოფონი უჭირავს ხელში, მეორე კი გასული საუკუნის 60-ანი წლების ჰიპს მოგაგონებთ. როგორც უკვე აღვნიშნე მათ „ჩავლებს“ ბითლზების ცნობილი სიმღერა „Yellow Submarine“ გასდევს ფონად. მათი მოძრაობა, მიხვრა-მოხვრა, პლასტიკა გაშარჟებულად თავისუფლების გამომხატველია. გერმანელი ლანგმანისათვის ქეთი სვანიძის პერსონაჟი არც მეტი არც ნაკლები - „საშიში ბოზია, რომელსაც უნდა უფრთხილდე“.

ღონემიხდილი დავით გოცირიძის მუშა ქვიშაზე გართხმული გდია. მას აღარ ძალუძს წამოდგომა. ყოველგავარი ძალები გამოეცალა. გაბრაზებული ლანგმანი ბექა სონღულაშვილის გამყოლს ლანძღავს - ეს ვინ შემომაჩეჩე მტვირთავადო. მათრახს აწვდის და ეუბნება - დაარტყიო. სევდანარევი ირონიით გადაწყვიტეს ეს ეპიზოდიც რეჟისორებმა. რობერტ სტურუამ ამბის გასამძაფრებლად ბრეხტის დრამატული ნაწარმოების ეს სცენაც შეცვალა. პიესაში ლანგმანი გამყოლს ფულს სთავაზობს მეგობრის გამათრახების სანაცვლოდ. ღონემიხდილი მტვირთავი ჩუმად ეუბნება გამყოლს დამარტყი ოღონდ მსუბუქადო. სპექტაკლში, როდესაც ბექა სონღულაშვილის გამყოლი ფულის სანაცვლოდაც უარს ამბობს მეგობრის გამათრახებაზე, ადამიანური სულმოკლეობის წარმოსაჩენად, რეჟისორებმა ლანგმანს ფული თავად მსხვრპლისთვის შეათავაზებინეს. დათუნა გოცირიძის გაჭირვებული მტვირთავი, რომელსაც სახლში ფეხმძიმე ცოლი ელოდება, ფულის სანაცვლოდ მეგობრისგან გამათრახებას მოითხოვს. ადამიანი ფულის გამო ყველაფერზე მიდის, მაგრამ ლანგმანისგან განსხვავებით, მტვირთავს ფული თავისი ოჯახის ფიზიკური გადარჩენისთვის სჭირდება. ბექა სონღულაშვილის პერსონაჟი უმოწყალოდ სცემს მეგობარს. ამ ქმედებაში რეჟისორებმა და მსახიობმა თითქოს მტვირთავის პროტესტი გამოხატეს მეგობრის სულმოკლეობის გამო. რაც უნდა გიჭირდეს, ფულის გამო არ ღირს ადამიანური ღირსების დაკარგვა და ყურმოჭრილ მონად ქცევა. ცხოვრებისეული უკუღმართობის გასამძაფრებლად რეჟისორებმა სცენის ბოლოს ლანგმანს ათქმევინეს - „როგორ გაფუჭდა ეს ხალხი, ერთ პატიოსან კაცსაც ვერ იპოვი, ფუი“.
ლანგმანი საწადელის მისაღწევად ყველაფერზე მზადაა: უძილობაზე, უჭმელობაზე... დაქანცული მოგზაურები ოაზისს მიადგებიან. გამყოლი და მუშა გახარებულები არიან, ბოლოს და ბოლოს დაისვენებენ და საჭმელს შეჭამენ. ლანგმანი „ფილოსოფოსობას“ იწყებს თემაზე  - საკვების მიღებისა და მონელების შესახებ. ბექა სონღულაშვილის გამყოლს ბოლოს და ბოლოს ყელში ამოსდის არაადამიანური მოპყრობა და პროტესტს გამოთქვამს. აქაც რეჟისორებმა ირონია და გროტესკი გამოიყენეს. გამყოლი ამაღლებულ ადგილზე დგება და მგზნებარედ წარმოსთქვამს ტექსტს მშრომელი ხალხის უფლებების შესახებ - „შრომის კოდექსის თანახმად, ჩვენ გვაქვს ჭამის უფლება“. ლანგმანი მათ დასაშოშმინებლად კანაფს გააბოლებინებს. საბოოლოდ იგი პანჩურის ამოკვრით ითხოვს სამსახურიდან „მეამბოხე-რევოლუციონერს“, რომელიც ცდილობს მუშაც აიყოლიოს საკუთარი უფლებების დაცვაში.
კომიკური ელემენტებითაა გაჯერებული შეიხთან შეხვედრისა და ვაჭრობის სცენა. სამხედრო მარშის ფონზე შემოდიან სცენაზე შეიხი და მისი ამალა: მცველები და თავიდან ფეხებამდე შავებში გამოწყობილი ცოლები. ძალიან სასაცილოა ნიკა ქარციძის შეიხი - მსუქანი, დამახასიათებელი გაწელილი ლაპარაკის მანერით, მამათმავლობაზე მინიშნებებით. მას თავიდანვე მუშა მოეწონება და მისი მიმართვა მუშისადმი - „პატატა“ - ვფიქრობ ე. წ. „ფრთიან“ გამონათქვამად დარჩება მაყურებლის მეხსიერებაში. პაროდირებულია მდიდარი შეიხისა და ბიზნესმენის ვაჭრობის სცენა. მოვაჭრენი კომპოზიტორის არჩევაზე დაობენ, ვისი მუსიკის ფონზე უნდა მოხდეს დიდი შეთანხმება: შოპენის, ბეთჰოვენის თუ ლისტის? ზუკა პაპუაშვილი და დავით გოცირიძე მაყურებლისკენ ზურგით ავანსცენის პარაპეტზე ჩამოსხდებიან და როიალზე დაკვრის იმიტაციას ქმნიან. შეიხს მის მიწაზე არსებული ნავთობის საბადოდან მოგების ნახევარი უნდა, ლანგმანი მესამედს სთავაზობს, შოპენის ფონზე შეიხი არ თანხმდება. ლანგმანი ხრიკს მიმართავს და მტვირთავთან ერთად შეიხის საძულველი ლისტის „კამპანელას“ დაკვრას იწყებს. ლანგმანი საწადელს მიაღწევს, ლისტის მუსიკით ღონემიხდილი შეიხი მესამედზე თანხმდება.  ამ ემოციური ვაჭრობის დროს ცოლები თავიანთ დამოკიდებულებას, ე. წ. „საკვანძო მომენტებში“, მუსლიმი ქალებისთვის დამახასიათებელი ბგერების გამოცემით გამოხატავენ. სპექტაკლის მსვლელობისას სიმსუბუქისა და გროტესკის გასამძაფრებლად რეჟისორები კიდევ ერთ ხერხს მიმართავენ - მთავარი ტექსტიდან გადახვევის პრინციპს. მაგალითად ნიკა ქაცარიძის შეიხი დამღლელი და მსითვის წამგებიანი ვაჭრობის შემდეგ უცბად კითხულობს: „გამაგებინეთ ვინ დაწერა ეს პიესა“? მუშა უპასუხებს - „ბრეხტმა“. შეიხი - „ცოცხალია“? მუშა - „მგონი მოკვდა“. შეიხი - „საბრალო ბრეხტი“. აქ რეჟისორი მოულოდნელ სვლას აკეთებს. გაისმის სიმღერის ნაწყვეტი ლეგენდარული „კავკასიური ცარცის წრიდან“  - „იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე“.  რობერტ სტურუამ ამ ეპიზოდში დახვეწილი ირონია და თვითირონია ჩადო. მუსიკალური ციტირების შემდეგ სპექტაკლის პერსონაჟები კითხულობენ: ვაგნერია? არა ვერდია...
ლანგმანსა და მუშას ბოლო დაბრკოლების - აბობოქრებული მდინარის  გადალახვა რჩებათ. ძალიან ეფექტურად გამოსახეს რეჟისორებმა მდინარე. სცენის სიღრმიდან წამოსული გრძელი, განიერი ნაჭერი მდინარესავით დაეფინება თეთრ სივრცეს. თვითირონიის გამოხატულებაა აგრეთვე ლანგმანის სიტყვები: „სად იშოვეს ამხელა შავი ნაჭერი“?.. მუშამ ცურვა არ იცის, ლანგმანი აიძულებს მდინარეში შესვლას და მერე თავად გადაარჩენს. საბოლოოდ ისინი მიაღწევენ საბადომდე, მაგრამ ორივე დაქანცული და უწყლობით გათანგულია. მათი წყლის მათარები ცარიელია. ლანგმანს წყურვილი კლავს. მუშას ახსენდება მეგობრის დატოვებული წყლით სავესე მათარა და ცდილობს ლანგმანს მიაწოდოს. გონებაამღვრეული ლანგმანი მათარას ქვის ლოდად მიიჩნევს, ჰგონია რომ მუშა მოკვლას უპირებს. ამოიღებს იარაღს და კლავს მუშას.
დამდგმელებმა ბრეხტის პიესის ფინალიც შეცვალეს. დავით დარჩიას ბუდისტი ბერი-მოსამართლე, უზენაესობის გამომხატველი ტახტრევანით ზევიდან ეშვება სცენაზე. სასამართლოს სცენა გროტესკულ-კომიკური ელემენტებითაა აღსავსე. ამ ეპიზოდში, რეჟისორებმა მკვდრეთით აღდგინების მითიც გამოიყენეს. სიმართლის დასადგენად მოსამართლე მუშას ორჯერ აცოცხლებს. კონკურენტების მხარეზე გადასული მტვირთავი გაამხელს, რომ მუშას ხელში ქვის ლოდი კი არა მათარა ეჭირა. მუშა პროტესტს გამოთქვამს: რა გინდათ, დამანებეთ თავი, რით ვერ გაიგეთ მკვდარი ვარ მკვდარი. იგი ემუდარება მოსამართლის - „აქ არ დამტოვო“. მოსამართლე ეკითხება მუშას: რატომ მიუახლოვდა იგი მათარით ხელში ლანგმანს და როდესაც გაიგებს, რომ მუშას უნდოდა ლანგმანისთვის წყლის მიწოდება, გვმოძღვრავს: „თუ გვერდში მდგომი წყურვილისაგან კვდება, უმალ დახუჭე ორივე თვალი. თუ ვინმე კვნესის სწრაფად დაიხშე ყური, იმ ხელს მოგაჭამს, რომელსაც უწვდი. სიკეთის მთესველს სიკეთე ღუპავს“.   მოსამრთლის ულმობელ განაჩენშიც - კეთილი კაცის ადგილი ჯოჯოხეთშია, ლანგმანი კი აქ დარჩება და იწოწიალებს მარად - რა თქმა უნდა, გროტესკი და პაროდია გამოსჭვივის.

სრულიად მოულოდნელად, აბსურდის ელემენტების გამოყენებით დაასრულეს დამდგმელებმა სპექტაკლი. ლანგმანი ავანსცენაზე გამოდის და მაყურებელს მიმართავს: „ბატონებო და ქალბატონებო, სულ რომ შუაზე გასკდეთ და ყირაზე დადგეთ „ბარსა“ ჩემპიონია, თავისუფლება კატალონიას“... სინათლე ქრება და სრულ სიბნელეში გაისმის აკაკი წერეთლის: „ცა ფირუზ ხმელთ ზურმუხტო“... თეატრში თეატრის პრინციპით დადგმული სპექტაკლი გაოცებს რეჟისორთა ფანტაზიით, სიმსუბუქით, ამბის დინამიკური განვითარებით, თვითირონიით, იუმორით, გროტესკით, მსახიობების მიერ შექმნილი პაროდირებული სახეებით. სპექტაკლი  ზოგადსაკაცობრიო, სერიოზულ პრობლემებზეა. ამისდა მიუხედავად რობერტ სტურუას და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის დადგმის სტილისტიკა  მაყურებელს დასვენების საშუალებას და ესთეტიკური სიამოვნების განცდას ანიჭებს. სპექტაკლი სიცილთან და განტვირთვასთან ერთად სერიოზულად ჩაგაფიქრებს: „რა დაემართათ ადამიანებს, რატომ გახდნენ ისინი ასეთი უგულოები“.

                                                                                                                                           მაკა ვასაძე
არაბეთის სურნელოვანი ბალახები
                                              ,,წყეულო ლაქავ, გამშორდი-მეთქი!..“
,,ლედი მაკბეტი - გამშორდი, წყეულო ლაქავ გამშორდი - მეთქი!..
ჯოჯოხეთში უკუნეთის სიბნელეა... გრცხვენოდეს, გრცხვენოდეს!
მეომარი და თრთოლვა! ან რათ გეშინიან, შეგვიტყობენო?! თუნდა
შეგვიტყონ, ვინ გაბედავს ანგარიშის მოთხოვნას?        ვინ იფიქრებდა,
რომ ბერიკაცს იმდენი სისხლი ექნებოდა!“
,,ლედი მაკბეტი - ... რა ვქნა, ამ ხელებს თავის დღეში სიწმინდე აღარ
მოეკიდებათ!..“
,,ლედი მაკბეტი - მაინც სისხლის სუნი მომდის; მთელის არაბეთის
სურნელოვანი ბალახები ამ პატარა ხელს ვერ გაწმენდნენ...“
უილიამ შექსპირი - ,,მაკბეტი“.

       მთელი სცენა სიბნელეშია გახვეული. თითქმის, არაფერი ჩანს. სიღრმეში, მარჯვენა კუთხეში, მომცრო სვეტივით, ოდნავ გამოჩნდება სივრცე. თოვს, ბარდნის... ისეთი შეგრძნება გვეუფლება, აუცილებლად ძლიერი ქარიც უნდა უბერავდეს... უფრო სწორად, იქაურობას უნდა გლეჯდეს... შავებში გახვეული ქალის პატარა სხეული, ძლივს მოჩანს... თოვლსა და ქარში, თითქოს სიარულიც უჭირს... ან იქნებ, განვლილი მძიმე ცხოვრების, ჩადენილი ცოდვების, არცთუ სახარბიელო ხვედრის ტვირთი აწვება მის სუსტ ზურგსა თუ მხრებს... თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას უზღუდავს, სულაც უსპობს... ამიტომ, წელში მოხრილა მარიამი (ნანუკა ხუსკივაძე), ბარბაცებს კიდეც... რაღაც მომენტში, წაიფორხილებს, დაეცემა... მერე, მიმივით იწყებს მოძრაობას. ხაზგასმით შენელებულად გადაადგილდება სცენაზე, რის გამოც, პანტომიმის თეატრის მსახიობს მოგვაგონებს (ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე).
        თამაზ ჭილაძის პიესა ,,არაბეთის სურნელოვანი ბალახები“, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ დადგა. ამ დრამატურგის ნაწარმოებები, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-ანი წლებიდან იდგმებოდა რუსთაველის თეატრში (რეჟისორები იყვნენ: გიზო ჟორდანია, თემურ ჩხეიძე). 70-ანი წლების მიწურულს, რობერტ სტურუამ, თ. ჭილაძის პიესის მიხედვით, ძალზე საინტერესო წარმოდგენა, ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ შეთხზა. მას შემდეგ,  რეჟისორმა დრამატურგის რამდენიმე ქმნილება გადაიტანა სცენაზე. საკმარისია გავიხსენოთ: ,,ნახვის დღე“, ,,ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“, ,,ნადირობის სეზონი“... თუ არ ვცდები, ,,არაბეთის სურნელოვანი ბალახები“, რომელიც დაახლოებით ორი ათეული  წლის წინაა დაწერილი, ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა.
       ვფიქრობ, ზედმიწევნით მართებულია დამდგმელი რეჟისორის  პოზიცია. ჯერ ერთი, ძალზე რთულია (თითქმის, წარმოუდგენელიც კი), ისეთი პიესის სცენაზე გადატანა, რომელშიც დინამიური, მიმზიდველი, დამაინტრიგებელი ამბავი არაა. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ასეთ წარმოდგენაზე მაყურებლის (მით უფრო, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე)მოყვანა, ნამდვილი დილემაა. თამაზ ჭილაძის პიესაში, ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი ხდება. თბილისში, გასული საუკუნის 90-ანი წლების  დასაწყისში, სამოქალაქო ომი მძვინვარებს. თუმც, ყველაფერი ეს გარეთ ხდება. მხოლოდ ინტენსიური სროლის, მძლავრი აფეთქების ხმა აღწევს მოქმედ პირებამდე. კიდევ, მათ შიათ, ცივათ, შუქი არა აქვთ. ესაა, ასაკის გამო, სულ სხვა რეალობაში გადასული, საკმაოდ ხანდაზმული რძალ-დედამთილი... სიკვდილსაც, რომ დავიწყებია, თითქოს... გარეგნული ზრდილობიანი ეტიკეტის, ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი მზრუნველობის მიღმა, უკომპრომისო შინაგანი დაპირისპირება და ზღვარდაუდები ფარული, უკიდურესი სიძულვილი იმალება.
        ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, თითქოს უარს ამბობს ეპოქის დაკონკრეტებაზე. თუმც, ყურადღებიანი მაყურებელი მაინც მიხვდება, რომ რძალ-დედამთილის დიალოგი-დუელი თუ ორთაბრძოლა, უახლოეს წარსულში მომხდარი თბილისის ომის ფონზე ვითარდება; მაგრამ, რეჟისორი ამის ხაზგასმას გაურბის. ყოველივე ზემოაღნიშნული ფონია მხოლოდ, ოდნავი მინიშნება. მისთვის უმთავრესი ანასტასიასა (ნანა ფაჩუაშვილი) და მარიამის ხასიათთა გახსნა, მათი შინაგანი სამყაროს წარმოჩენაა. რაც მთავარია, რელიეფურად, მკაფიოდ, ხელშესახებად იკვეთება ამ ორ ადამიანს შორის არსებული უმწვავესი კონფლიქტი. რაღაც მომენტში, იმიტომ რომ რეჟისორი განზრახ გაურბის დროის, ეპოქის, ყოფის დეტალიზაცია-დაკონკრეტებას, მაყურებელს ჰგონია, თითქოს აბსურდის ჟანრის სპექტაკლს ესწრება; სადაც, მოქმედების ადგილი, მოქმედი პირნი განზოგადოებულ-აბსტრაგირებულნი არიან. ამას ხელს უწყობს ხაზგასმულად პირობითი სცენოგრაფია (მხატვარი - მირონ შველიძე) და ძალზე შთამბეჭდავი, სათანადო ატმოსფეროსა თუ განწყობის ზედმიწევნით უტყუარად შემქმნელი მუსიკალური გაფორმება (კომპოზიტორი- ნიკა მაჩაიძე).
    რეჟისორი, ქორეოგრაფთან (მ. ალექსიძე) თანამშრომლობით, შეძლებისდაგვარად (ხან წარმატებით, ხან კი წარუმატებლად) ცდილობს, ორი ქალის უხვსიტყვიანი, ვრცელი დიალოგი, სახიერ, დინამიურ წარმოდგენად აქციოს. ამიტომ, თხზავს პლასტიურ, ქმედით მიზანსცენებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად, ერთი შეხედვით, მინიმალისტური დეკორაციისა თუ „ღარიბი“ რეკვიზიტისა, ყველაფერი ის, რაც სცენაზეა, მოქმედებაშია ჩართული; ძალზე მრავალფეროვანი და ეფექტურია განათების პარტიტურა. უდაოდ იგრძნობა ისეთი მხატვრის ოსტატობა, გემოვნება, ხედვა, როგორიც მ. შველიძეა... და ბოლოს, რაც არ უნდა სახიერი, შთამბეჭდავი, მიმზიდველიც არ უნდა იყოს ყოველივე ზემოაღნიშნული, ყველა ეს კომპონენტი, რისგანაც თეატრის სინთეზური ხელოვნება შედგება, აბსოლუტურად გაფერმკრთალდება თუ სცენაზე არაა ორი მსახიობი-ოსტატი...
         ნანა ფაჩუაშვილი და ნანუკა ხუსკივაძე სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა სამსახიობო სკოლის წარმომადგენლები არიან. თუმც, რაც იმ საღამოს, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ვნახე,  უდაოდ მისაბაძი, იშვიათი პარტნიორობის მაგალითი გახლდათ. ორივე მსახიობი ზედმიწევნით ყურადღებით უსმენდა პარტნიორს, აკვირდებოდა მის პლასტიკას, მოძრაობას; რაც მთავარია, პარტნიორთან ერთად,  თავიდან ბოლომდე ჩართული იყო სასცენო ქმედებაში; ისინი ორგანულად, ბუნებრივად, დამაჯერებლად, უტყუარად გადმოგვცემდნენ თავიანთი სცენური გმირების განცდას, ნააზრევს, შეგრძნებებს... რაც მთავარია, ეს ემოცია წრფელი შინაგანი განცდის გამოძახილი გახლდათ და არა ,,ნათამაშები“, ყალბი, ხელოვნური...
        ნანა ფაჩუაშვილის მიერ განსახიერებული ანასტასია ყოფილი მსახიობია; მაყურებლის თუ მამაკაცთა ყურადღებას მიჩვეული; ერთგვარად, ყოველივე ამით განებივრებული, ჭირვეული ზნის ქალბატონიც კია. მუდამ, ყურადღებისა თუ მზრუნველობის ქვეშ ყოფნის ეგოისტური სურვილი ამოძრავებს. მსახიობი, განცდისა თუ ემოციის ამ მრავალფეროვან პალიტრას, ძალზე გამომსახველი საშემსრულებლო მანერით წარმოაჩენს. კიდევ ერთი შტრიხი, დეტალია ხაზგასასმელი. ნ. ფაჩუაშვილის მიერ განსახიერებული ანასტასია, მართალია ასაკით ბევრად უფროსია თავის რძალზე, მაგრამ მაინც ერთგვარი ქედმაღლობით, ზემოდან დასცქერის მარიამს. შემთხვევას არ უშვებს, საკუთარ უპირატესობას ხაზი არ გაუსვას. ყოველივე ეს რამდენიმე ფაქტორს ემყარება. ჯერ ერთი, ანასტასია ყოფილი მსახიობია, წარმატებაც უნახავს და თაყვანისმცემელთა ზღვა არმიაც. ამდენად, რძალს უნიჭო ერთფეროვნებად აღიქვამს, რომელსაც მასთან შედარებით, საკმაოდ უფერული, უღიმღამო, ყოფით -პროზაული, მოსაწყენ-მოსაბეზრებელი ცხოვრება აქვს გამოვლილი. მაშინ, როცა ანასტასია, პროფესიასა თუ პირად ცხოვრებაში, ფეიერვერკული, თვალისმომჭრელი, სულის შემგუბებელი კალეიდოსკოპური მრავალფეროვნებით იყო განებივრებული; სამჯერ გახლდათ გათხოვილი; ამას გარდა, სხვაც ბევრი ეტრფოდა. ბოლოს, მისი მეუღლე ყველა ქალისათვის საოცნებო მამაკაცი იყო... რომელიც, იმ ავბედით დროს (გასული საუკუნის 30-ანი წლები) დახვრიტეს... ანასტასია და მარიამი იმგვარად აღწერენ ამ კაცის გარეგნულ პორტრეტს თუ წარმოაჩენენ მის ხასიათს, ძალაუნებურად, სანდრო ახმეტელის ფოტო თუ პიროვნება წამოგიტივტივდება მეხსიერებაში...
     ნანუკა ხუსკივაძის სცენური გმირი, დედამთილთან შედარებით, აშკარად წამგებიანი ხვედრის ადამიანია. მსახიობი, გარეგნულადაც ცდილობს, ერთგვარად უსახური, დაკომპლექსებული ადამიანის სცენური პორტრეტი შექმნას. მან ასე იცხოვრა, დედამთილის ჩრდილქვეშ, მის მიმართ მოწიწებასა და მორჩილებაში; როგორც სახლის პატარა, ფინია ძაღლმა, რომელიც ოჯახში ყველას კუდს უქიცინებს; ცდილობს ასიამოვნოს მათ. პირად ცხოვრებაშიც არ გაუმართლა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი დედამთილივით თეატრის ე.წ. ,,პრიმა აქტრისა“, ,,პრემიერშა“ არ იყო; მას ქმრად არარაობა, ავადმყოფი, სნეული ერგო, რომელსაც მთელი ცხოვრება უვლიდა. თავდაპირველად, სცენაზე პირველი გამოჩენისას, ნ. ხუსკივაძე რაღაც მანერული მეჩვენა. ალბათ, ამის მიზეზი ზედმეტად ხაზგასმული პლასტიური მონახაზია, რომლითაც მის მიერ განსახიერებული სცენური გმირი პირველად გამოეცხადება მაყურებელს.  საბედნიეროდ, წარმოდგენის მსვლელობა ამ პირველ შთაბეჭდილებას უკვალოდ ფანტავს. მსახიობი გაშიშვლებული ნერვივითაა, რომლის არათუ ყოველ მოძრაობას, ოდნავ თრთოლვასაც კი უტყუარად, დამაჯერებლად აღვიქვამთ, შევიგრძნობთ. ნ. ხუსკივაძე ახერხებს მარიამის ყველა განცდა, ტკივილი გადმოგვცეს. თითქოს, მასთან ერთად, ხელახლა განვიცდით ე.წ. ,,პატარა ადამიანის“ უუფლებო, დამამცირებელ, ღირსების შემლახავ არსებობას... ამიტომ, თანავუგრძნობთ კიდეც მას... თანდათან, ბუნებრივად, თავისთავად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იბადება ნამდვილი, გულწრფელი თანაგანცდა. ისიც კი გვესმის თუ რატომ ატარებს ამხელა სიძულვილს, ეს ერთი შეხედვით სუსტი, ნაზი არსება. მისი უძილობისგან, უკვე კარგა ხნის წინ დამშრალი ცრემლისგან დაწითლებული, დაღლილ-დაქანცული თვალები, მათი პატრონის სულის სარკე თუ ანარეკლია.
        ძალზე სახიერია მინის მიღმა, თითქოს რეჟისორის მიერ კინემატოგრაფის ხერხით, ე.წ. ახლო ხედით საგანგებოდ, გამიზნულად, ხაზგასმით გამოკვეთილი ამ ორი ქალის პორტრეტი. გამადიდებელი შუშის მეშვეობით, ლამის მათ სულში გვახედებს ნ. ჰაინე-შველიძე. ამასთან, წარმოსახვით აკვარიუმში გამომწყვდეულ, რაღაც ფანტასმაგორიულ არსებებსაც ჰგვანან. სპექტაკლის მსვლელობასთან ერთად, თანდათან იხსნიან ნიღბებს და წლების მანძილზე, ერთმანეთის მიმართ დაუოკებელი ზიზღით, სიძულვილით აღვსილი ორი ქალი შეგვრჩება ხელთ. ორივე მზადაა მეორეს სიცოცხლე დაუფიქრებლად მოუსწრაფოს; დიდი ხნის დაგროვილი, შეკავებული ემოცია გადმოანთხიოს თუ სურვილი  აისრულოს...
      ზემოდან ჩამოშვებული, თოკებზე მოქანავე მინის ფარი, რომელიც მანამდე სცენას ჭაღივით დაჰყურებდა, უფეხო მაგიდად ქცეულა; მის სხვადასხვა კუთხეში, ერთმანეთის პირისპირ, დაუძინებელი მტრებივით, ბრალდებულ-ბრალმდებელივით, გამომძიებელ-პატიმარივით სხედან რძალ-დედამთილი. როგორც ასეთ დროს, ტრადიციულად ხდება ხოლმე, მაგიდის პატარა ნათურა ანთია... სიძულვილს აღარც ერთი აღარ მალავს. მეტიც, დედამთილი რძალს ავადმყოფი, ლოგინად ჩავარდნილი ქმრის მკვლელობაში სდებს ბრალს... დაპირისპირება კულმინაციას აღწევს... რძალი უკანასკნელ, მომგებიან ბანქოს ჩამოდის... თურმე, ისინი, როგორც ქალებიც კონკურენტები ყოფილან... მარიამს მთელი ცხოვრება ანასტასიას ქმარი, ანუ თავისი მამამთილი  ყვარებია სიგიჟემდე... რაღაც აპოკალიფსური აღსასრულის მოლოდინის განწყობა ისადგურებს... ორივე მსახიობი თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მიდის საფინალო კულმინაციურ კვანძის გახსნამდე; სპექტაკლის მსვლელობის მანძილზე, ამზადებს რა როგორც მაყურებელს, ისე მის მიერ განსახიერებულ სცენურ გმირს. ეპიზოდიდან ეპიზოდამდე, სცენიდან სცენამდე, განცდა, ემოცია სპირალისებურად, სულ მაღლა მიიწევს... წარმოდგენის ფინალში, ის დუღილის უმაღლეს ტემპერატურას აღწევს... რძალი, თითქოს დიდი ხნის ნანატრ, ნაოცნებარ, ნალოლიავებ გამარჯვებას აღწევს, საბოლოოდ სპობს დედამთილს... ყველაზე მთავარი მაინც ორი ქალის წმინდა ქალური კონკურენცია თუ ურთიერთდაპირისპირება აღმოჩნდება!..

       სპექტაკლიდან გამოსულს დიდხანს მოგყვება ნანახით გამოწვეული არა მხოლოდ შთაბეჭდილება, არამედ განწყობა; წარმოდგენის შექმნაში მონაწილე ყველა ადამიანის მიმართ მადლიერების გრძნობა; დაუვიწყარი აქტიორული დუეტი და... საიდანღაც, უნებურად წარმოქმნილ-აკვიატებული აბეზარი აზრი, რომლის თავიდან მოშორებას ვერაფრით ახერხებ... მიუხედავად გაწეული უდიდესი შრომისა, დახარჯული ენერგიისა თუ დროისა, რაც მთავარია, მიღწეული შედეგისა, ამ სპექტაკლს, ქართული სინამდვილიდან, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მაყურებელი ეყოლება?!.. მართალი გითხრათ, მზა პასუხიც უმალ გინათებს გონებას... თუმც, თავს უკმაყოფილოდ აქეთ-იქეთ აქნევ, რათა არ იფიქრო იმაზე, რაზე ფიქრიც არ გსურს... ჩვენ, ადამიანებს განგებამ ხომ არაჩვეულებრივი უნარი მოგვანიჭა - იოლად უკუვაგდოთ, დავივიწყოთ ის, რაც ხელს გვიშლის, არ მოგვწონს...

                                                                                                                                    გიორგი ცქიტიშვილი