Loading....
Showing posts with label ნუცა კობაიძე. Show all posts
Showing posts with label ნუცა კობაიძე. Show all posts
„ელექტრა“ (417)
 (ანტიკური ლიტერატურა/პროგრამა „ლოგოსი“/2007)

მოქმედება ხდება მიკენში, სადაც აგამემნონის მკვლელობის შემდეგ კლიტემენსტრა და ეგისთოსი მეფობენ. ორესტესი გაძევებულია, რაგან მისნობის თანახმად, იგი დედას მოკლავს. ქრისოთემისი და ელექტრა დედასთან იზრდებიან. ელექტრა ელის ძმას, რომელმაც შური უნდა იძიოს. იგი სრულიად მარტოა. ის ვერ უგებს თავის დას, რომელიც თანაცხოვრებას ამჯობინებს მხოლოდ შურისძიებაზე ფიქრს. სოფოკლესთვის დამახასიათებელი მთავარი გმირების იზოლაცია „ელექტრაში“ კულმინაციას აღწევს, როდესაც ელექტრას ცარიელი ჭურჭელი უჭირავს ხელში და დასტირის ძმას, რადგან ის მკვდარი ჰგონია, ხოლო ჭურჭელი მისი ფერფლითაა სავსე. ეს გამოგონილი სიკვდილი ორესტესის ეშმაკობაა. მოგვიანებით ტრაგედიაში თამაშდება ანტიკურ დრამაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სცენა, როდესაც ამაოდ სასოწარკვეთილი ელექტრა ცნობს თავის ძმას. სასოწარკვეთილება დიდი სიხარულით იცვლება. დედის სიკვდილის სურვილი აერთიანებს და-ძმას. სოფოკლეს ორესტესი უფრო თავისუფალია სიძულვილისგან, ვიდრე ელექტრა. ელექტრა მთლიანად შურისძიების სურვილითაა მოცული. სოფოკლესთან ტრაგიზმს სწორედ ელექტრას განცდები ქმნის. როდესაც ორესტესი ეშმაკობით ახერხებს დედის მოკვლას, ელექტრა ყვირის: „ჩაცხე... ორგზის“.  შურისგების მსხვერპლი ხდება ეგისთოსიც, ხოლო ორესტესისთვის აღდგება სამართლიანობა და ის იბრუნებს სამეფოს.  ტრაგედია, ერთი შეხედვით, კარგად მთავრდება, მაგრამ ეს კეთილი დასასრული ძალიან პირობითია. ამ ტრაგედიის ტრაგიზმს ელექტრას განცდები ქმნის. სოფოკლე ნათლად გვიჩვენებს, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი სიძულვილმა და შურისძიების სურვილმა.



გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელოსნო
 რუსთაველის თეატრთან, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, ჩემი სახელოსნო დაარსდა. გამოვაცხადეთ კონკურსი, რომელიც ორ ეტპად ჩატარდა. კონკურსი საკმაოდ დიდი იყო იმის მიუხედავად, რომ ცხელი ზაფხულია და ქალაქში თითქმის აღარავინ დარჩა. ჩატარდა ორი ტური, I ტურში იყო გასაუბრება, აბიტურიენტების ნამუშევრების ნახვა და გარჩევა. II ტურში გასულებს ჰქონდათ 1 კვირა დავალების შესასრულებლად. ყველასთან სათითაოდ ინდივიდუალურად მიდიოდა გაანალიზება თავიანთი ნამუშევრების, რის ნიადაგზეც 5 სტუდენტი იქნა ჩარიცხული. ასევე იყო რამდენიმე ძალიან კარგი აბიტურიენტი, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ავიყვანდი (სამსახური, სწავლა, ოჯახი) და დავუშვი თავისუფალ მსმენელად.
     ნოემბრამდე გაგრძელდება საბუთების მიღება და 10 ნოემბრიდან დავიწყებ მეორე გამოცდას. 5 ადგილია დარჩენილი, ვეცდები ეს ადგილები შევავსო, თუ არადა იქნება უფრო პატარა ჯგუფი.
        ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოიტანოს განაცხადი 35წლამდე.
  პროფესია არის ძალიან რთული და გუნდური, რომელიც დაკავშირებულია რეჟისურასთან, თეატრის სხვადასხვა სპეციალობასთან და ვთვლი 35 წლის ადამიანისთვის ამ პროექტში ჩართვა დაგვიანებულია.
     მინდა, რომ ჯგუფი იყოს ერთი დონის, ცოტა მეტი ესმოდეს ამ პროფესიის, რომ არ დამჭირდეს ანბანის სწავლება. ვინც ავიყვანე, მათ უკვე რაღაც გამოცდილება აქვთ. როცა ვსაუბრობ გამოცდილებაზე არ არის აუცილებელი ეხებოდეს უშუალოდ თეატრს, ეს შეიძლება იყოს ხელოვნების ნებისმიერი დარგი.

    სწავლის პროცესი არის ორ წლიანი, არის უფასო. ისწავლება სამ განზომილებაში მუშაობა და ხატვა, ხაზვა, მოდელთან მუშაობა, ტექნიკური თეატრი, ბიუჯეტზე მუშაობა. წელიწადში გვექნება 5-6, შეიძლება უფრო მეტი პროექტი განსახორციელებელი. როცა დაამთავრებენ, იმედია იქნებიან პროფესიონალები და შეძლებენ საზღვარგარეთაც მუშაობას. არ არის აუცილებელი იმუშაონ თეატრში, შეიძლება წავიდნენ კინოში და სხვაგან. პროექტები იქნება ისეთი არჩეული, რომ გაიარონ სპეციფიკა როგორც ოპერის დრამატული თეატრის, ასევე სხვების. უკვე არჩეულები არიან პედაგოგები და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ქვეყანას ეს სახელოსნო ბევრ პროფესიონალს შესძენს.
ცხვრის წყარო
                                                                                                          ნუცა კობაიძე
         
                            პირველი ქართული საბჭოთა სპექტაკლი
    (შალვა მაჭავარიანი – მასალები რუსთაველის თეატრის მუზეუმიდან)
      კ.მარჯანიშვილის მიერ კიევის ლენინის სახელობის თეატრის სცენაზე სამოქალაქო ომების ქარიშხალში განხორციელებული ლოპე დე ვეგას „ფუენტე ოვეხუნა“ („ცხვრის წყარო“) ჭეშმარიტად პირველი საბჭოთა სპექტაკლი იყო, რომელმაც დასაბამი მისცა რევოლუციურ სიტყვას დრამატულ თეატრში. სოციალური სამართლით აღბეჭდილი ესპანური ტრაგედიიდან კ.მარჯანიშვილმა შექმნა რევოლუციური პათოსი, რომელიც აღსავსე იყო სილამაზით, სიცოცხლითა და სიხარულით. ცნობილი რეჟისორი გ.კრიჟიცკი წერს, რომ  „ეს იყო ჭეშმარიტად „ოპტიმისტური ტრაგედია“, ეს იყო პოლიტიკური თეატრი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“.
      მარჯანიშვილის პირველი შეხვედრა რუსთაველის სახელობის თეატრის დასთან 1922 წლის 28 სექტემბერს მოხდა, როგორც რეპეტიციის დღიურიდან ვგებულობთ, ამ რეპეტიციას გარდა მარჯანიშვილისა ესწრებოდნენ რუსთაველის თეატრის რეჟისორები: კ.ანდრონიკაშვილი, მ.ქორელი, ა.წუწუნავა და თეატრის გამგე დ.ჩხეიძე. მათვე გადაუნაწილეს მსახიობებს როლები.

     
 „როცა ასეთი სიყვარულია...“
| ნუცა კობაიძე|


(ა.წულუკიძე. გაზეთი „კომუნისტი“, 1959 წ. 4 ოქტომბერი. N232)

            ვერ ვიტყვით, რომ რუსთაველის თეატრის სპექტაკლმა „როცა ასეთი სიყვარულია“ მხოლოდ ერთი მიმართულების რეაქცია და შეფასება ჰპოვა მაყურებელში. ცხარე კამათი გამოიწვია პიესის პრობლემატიკამ, სპექტაკლის ფორმამ. 


...ნებით თუ უნებლიეთ პიესის თითქმის ყველა მოქმედი პირის ხელი ურევია მომხდარ კატასტროფაში, მაგრამ მათი მოქმედება ვერ ექვემდებარება იურიდიულ კოდექსს და ამ მხრივ მსჯავრდაუდებელი რჩება.
ღრმა ადამიანური განცდებითა და ტკივილებით არის გამსჭვალული თანამედროვე ჩეხი დრამატურგის პავლე კოჰუტის პიესა „როცა ასეთი სიყვარულია“. სიყვარულისა და ქორწინების თემა მასში უმძაფრეს პრობლემამდეა აყვანილი; მისი რთული ხლართების გახსნისას გამომზეურებულია ადამიანური ძალა და სისუსტე, კეთილშობილება და ანგარება, თავგანწირვა და ეგოიზმი.
ჟანრი ლოლაშვილი
|ნუცა კობაიძე|

    
 გაზეთი „ქართული თეატრის დღე“ (2003წლის 14 იანვარი)
  ნინო მაჭავარიანი „მწვერვალიდან მწვერვალამდე“

        ჟანრი ლოლაშვილი იმ მსახიობთა პლეადის წარმომადგენელია, რომელზედაც დიდი ქართველი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი ოცნებობდა და ერთი ეპითეტით მოიხსენიებდა თავის წერილებში - „სინთეზური“. ჟ.ლოლაშვილს მრავალმხრივი ნიჭი მიმადლა ბუნებამ - ის გამოირჩევა განსაკუთრებული მუსიკალური, პლასტიკური, დრამატული მონაცემებით, არის საინტერესო მხატვარი და კიდევ უფრო საინტერესო პიროვნება.
რობერტ სტურუა მისი დახასითებისას საყურადღებო მოსაზრებას გამოთქვამს რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცულ მსახიობის ერთ-ერთ დღიურში: „მისი შესრულებული როლები ყოველთვის კარგად ერწყმის სპექტაკლის სტილისტიკას. იგი მუსიკალური ენერგიით სავსე დაუცხრომელი ოსტატია“. მაგრამ ის, როგორც ჩანს, მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული, ამ ენერგიასაც ფლობდა, რადგან მოსკოვში უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე მხატვარ-მულტიპლიკატორის პროფესიის შესასწავლად ჩააბარა გამოცდები. მსახიობის ოსტატობის პედაგოგმა სტაბილინმა კი პირველად სერიოზულად დააფიქრა, რამდენად სწორი იყო ეს არჩევანი, თუმც სასცენო ხელოვნებაში მიღწეულმა მომავალმა წარმატებებმა ხატვის სურვილი ამ ხელოვანში მაინც არ შეანელა.
ეს ორი, ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობა - ინდივიდუალიზმი მხატვრობაში, ექსცენტრიზმი - სასცენო ხელოვნებაში, ერთ პიროვნებაში  პოულობს განსხეულებას. მის მდუმარე ფერწერასა და თერგივით ახმაურებულ გმირებში ერთი ადამიანის სული ბობოქრობს.
როგორც ხელოვანი ესთეტი, ის ყოველთვის ცდილობს და ახერხებს კიდეც იპოვოს და გამოსახოს მშვენიერი თავის პერსონაჟებში. მას უყვარს თავისი გმირები და უკვირს, როდესაც მათ უარყოფითად მოიხსენიებენ.
-         განა შეიძლება ავტორს თავისი გმირი მოსწონდეს და თან ისე ამათრახებდეს, როგორც ილია? - ეკითხებიან მსახიობს ერთ-ერთ ინტერვიუში.
-         კი არ მოსწონს, უყვარს-მეთქი, - „გვარკვევს“ ჟანრი ლოლაშვილი ლუარსაბისა და მისი ავტორის დამოკიდებულებაში, - ილიას სიტყვები გაიხსენეთ, ბოლოს და ბოლოს, მოვკიდებ ხელს ამ ჩემს ლუარსაბიკოს და ვივლით ერთადო.
რამდენად უპრიანია ილიას უარყოფითი პერსონაჟის თავად მასთან შედარება, კომენტარი მკითხველისთვის მიგვინდია, თუმცა ეს წარმოდგენა მაინც სხვა მხატვრულ განზომილებაში, სხვა სცენოგრაფიულ პლასტებში წარმოაჩენს მთავარ აზრს - ლუარსაბი მსხვერპლია იმ დროისა, რომელშიც ცხოვრობს და მასაც, ისევე როგორც ჩვენ, არც ბედისწერისა და არც სოციალური უკუღმართობების თუ საზოგადოებრივი ცხოვრების შეცვლა ძალუძს. მაინც, რა მოქმედება შეიძლება მოვთხოვოთ ლოლაშვილის ლუარსაბს, რომელიც ამ პერსონაჟისაგან განსხვავებით, საკმაოდ საინტერესოდ მსჯელობს? ის შფოთავს ილიას მკვლელობის გამო, ბობოქრობს იმ ქვეყანაზე, სადაც ამდენი უსამართლობა და დანაშაული ხდება და ვერავინ ახერხებს ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ. და ეს პატარა კაცი თავისი ადგილ-მამულის პატრონადაც ვერ გვევლინება. ერთი ხიზანი ჰყავთ ცოლ-ქმარ თათქარიძეებს, რუსი, რომელიც მათთან მოსულ უცხოელებს მასპინძლებზე უფრო მარჯვედ იგერიებს. მასპინძლებთან კი მშვიდად ცხოვრობს და მორჩილად ელის იმ დროს, როცა ამ მიწის მფლობელი გახდება მომავალში. ჟანრი ლოლაშვილის ლუარსაბმა იცის, რომ მხოლოდ მემკვიდრის ყოლა ააშორებს მძიმე ხვედრს, ბევრ სხვა რამესაც ხვდება, მაგრამ ძმას მაინც მტრობს და ამან დააქცია სწორედ საქართველო. ძმის შვილისთვის ქონების დატოვებას თავისი სახლ-კარის უპატრონოდ დაგდება ურჩევნია. რამდენი ეროვნული და სოციალური მანკიერება ამხილა დიდმა ილიამ ამ პერსონაჟით!
არსებობს დიდი და პატარა როლი, - ამტკიცებს ბ-ნი ჟანრი, - არის როლი, რომელზედაც სიყვარულით ვმუშაობ და ისიც, რომელსაც მოვალეობის გამო ვასრულებ.
მის შემოქმედებაში ამ მეორის გარჩევა ჭირს. როგორც ჭეშმარიტი პროფესიონალი, უინტერესო და არაორიგინალურ ნამუშევარს არასდროს, თავაზობს მაყურებელს. ის ყოველ გმირს მისთვის აუცილებელი ჟესტებით, ინტონაციებით, სცენური მოძრაობით, მეტყველებით ახასიათებს. გავიხსენოთ თუნდაც მისი გრენგოლმი (შ.დადიანის „გუშინდელნი“), ელეგანტური, მომხიბვლელი, თეთრ მუნდირში გამოწყობილი, ოქროსფერი ეპოლეტებითა და მომაჯადოებელი ღიმილით რომ შემოდიოდა სცენაზე და ამ უბედურ, სულიერად დაბეჩავებულ ბრბოში ყველას აბრუნებდა თავისი „ბედნიერების“ ვიზუალური ჩვენებით. ის მსუბუქად დააბიჯებდა, ტკბებოდა ყველა სიკეთით, რასაც თავაზობდნენ და სცენაზე გაშლილ დიდ სუფრაზე (რაც მთლიანად საქართველოს სიმბოლოდ აღიქმებოდა) ატარებდა დროს. ბოლოს კი, შექეიფიანებული, მაგიდაზე შეხტებოდა ცეკვით და ჩექმებით თელავდა მასზე დაწყობილ სანოვაგეს. გრენგოლმი მრავალი დეტალითა და ფსიქოლოგიური წიაღსვლებით მდიდარი სცენური სახე იყო. და რადგანაც რუსულ ჩექმაზე ითქვა ორიოდ სიტყვა, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს მისი ავშაროვი (მ.ჯავახიშვილის „ქალის ტვირთი“), რომელიც მსახიობისა და რეჟისორ თ.ჩხეიძის ინტერპრეტაციით, უარყოფით გმირად თითქოსდა არც მოიაზრებოდა. მსახიობი გვიხატავდა მიზანსწრაფულ უკომპრომისო ნატურას, მისთვის დამახასიათებელი პროფესიული ჩვევებითა და ადამიანური ვნებებით. ლოლაშვილის გმირი ტრაგიკული პიროვნებაა, რომელსაც საყვარელმა ქალმა უღალატა. მისი განცდები წრფელია, შურისძიება კი - მამაკაცური.



ჟანრი ლოლაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ფურცლებზე არა ერთი მნიშვნელოვანი როლია აღბეჭდილი, რომელთაგან ერთ-ერთ უმთავრესს მასხარას როლი წარმოადენს (შექსპირის „მეფე ლირი“). რ.სტურუა, როგორც ყოველთვის, ამ სპექტაკლშიც ორიგინალური რეჟისორული ინტერპრეტაცია შესთავაზა მაყუურებლს - ლირი აფექტის (სიგიჟის) დროს კლავს მასხარას. ჟანრი ლოლაშვილის მასხარა „ტვინში დაჭრილი“ ლირის ის ნაზი და ფაქიზი სულია, რომელიც მას ქალიშვილისგან პირველი შეურაცხყოფის მიღებისას გამოეყო, განსხეულდა და მოხუცი მეფის საბოლოო გაგიჟებამდე - გონებრივ გასხივოსნებამდე და რეალობის აღქმის ტრაგიკულ გრადაციამდე - მასთან რჩება, რათა აუხილოს თვალები, დაანახოს სინამდვილე, ააცილოს ბოროტი, რომელიც თავად მანვე დათესა სამეფოში. ჟანრი ლოლაშვილის პერსონაჟი სცენაზე მუდმივ მოქმედებაშია. ხან ხოხავს, ხან დარბის ძაღლივით ოთხ ფეხზე, ხან კოჭლობს და მაინც, სიკვდილის სცენამდე ის წარმოდგენის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.
ჟანრი ლოლაშვილმა შეძლო ამ სცენური სახის სრულყოფილი მხატვრული სიძლიერით დახასიათება. ამ როლით მსახიობმა დაამტკიცა, რომ არამხოლოდ დიდი პროფესიონალია, არამედ განუმეორებელ სცენურ ხიბლს და ინტელექტს ფლობს. როგორც წარმოდგენა, ისე ეს პერსონაჟიც ღრმად იყო გაანალიზებული ქართველი და უცხოელი თეატრალების მიერ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ „მუსიკალური ენერგიით სავსე“ ჟანრი ლოლაშვილმა კიდევ ერთი დაუვიწყარი სახე შექმნა რუსთაველის თეატრის სცენაზე. ეს იყო მთხრობელი ბ.ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრიდან“. ეს პერსონაჟი მიკროფონით ხელში დაყვება მსახიობებს და ხან სიმღერით, ხან მუსიკალური რეჩიტატივებით, ლოზუნგებით, პლასტიური სცენური მოძრაობებით, თანაგრძნობით სავსე, მუსიკალური ფრაზებით იპყრობს მაყურებელს. ის რჩევას აძლევს პერსონაჟებს, ეხმარება (გრუშეს თოკის გაბმაში), დასცინის (ქ-ნი ნათელას გარდერობის სცენა), თანაუგრძნობს თუმცა მოქმედებაში ვერ ერევა. მეტყველების მახვილების ხაზგასმულად გადანაცვლებით, ხმის ინტონაციური მრავალფეროვნებით, მსუბუქი იუმორით, იშვიათი, შესაშური თავისუფლებითა და კომუნიკაბელობით როგორც პერსონაჟებთან, ისე მაყურებელთან, ჟანრი ლოლაშვილის მთხრობელი ამ წარმოდგენის ცენტრალურ გმირად და მის იდეურ ხერხემლად გვევლინება.


დღეს ჟანრი ლოლაშვილის სცენურ ქმედებაში ის გასაოცარი სიმსუბუქე, რომელიც გამოუცდელ მაყურებელს აფიქრებინებს, რომ ძალიან იოლია სცენაზე თამაში. ურთულესი ფსიქოლოგიური ნიუანსების სცენური წარმოსახვისასაც მსახიობისგან არ იგრძნობა არანაირი ზეწოლა. ის აუღელვებლად ასრულებს რთულ მუსიკალურ და პლასტიკურ პარტიტურას და გრძნობ, რომ ეს ოსტატობის ის მწვერვალებია, რომელსაც, გამოცდილებასთან ერთად, ტალანტი სჭირდება. აქ უკვე იგრძნობა ის უმაღლესი ესთეტიკური კატეგორია, ტკბობას რომ უწოდებენ. ტკბობა არა საკუთარი შემოქმედებით, არამედ, როგორც სტანისლავსკი იტყოდა, იმ ხელოვნებით, რომელიც ამ ბრწყინვალე მსახიობშია განსხეულებული.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: 
მგელი, ბიჭი (სულხან-საბა ორბელიანი  ,,სიბრძნე სიცრუისა”, რეჟისორი - ნ. ხატისკაცი),
ტიმოთე  (ა. ცაგარელი ,,ხანუმა”, რეჟისორი - რ. სტურუა),
გრენგოლი (შ. დადიანი ,,გუშინდელნი”, რეჟისორი - თ. ჩხეიძე),
მეორე ვეზირი (ა. სულაკაური ,,სალამურა”, რეჟისორი - რ. სტურუა),
მწერალი (პ. კაკაბაძე  ,,ყვარყვარე”, რეჟისორი - რ. სტურუა),
მერკუციო  (შექსპირი  ,,რომეო და ჯულიეტა”, რეჟისორი - გ. ქავთარაძე),
თედორე (ა. ტოლსტოი ,,ივანე მრისხანეს სიკვდილი” რეჟისორი - ლ. მირცხულავა),
მთხრობელი (ბ. ბრეხტი  ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი - რ. სტურუა),
გიორგი (ნ. წულეისკირი  ,,თუთარჩელა”, რეჟისორი - ნ. ხატისკაცი),
ავშაროვი (მ. ჯავახიშვილი  ,,ქალის ტვირთი”, რეჟისორი - თ. ჩხეიძე),
ვარსქენი (ი. ცურტაველი  ,,შუშანიკის მარტვილობა”, რეჟისორი - ნ. ხატისკაცი),
ბრიგადირი (ა. გელმანი ,,დასაწყისი”, რეჟისორი - რ. სტურუა),
ლენინი, ექიმი ობუხი, ტიხონოვ-ლუგოვოი (მ. შატროვი ,,ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”, რეჟისორი - რ. სტურუა),
გოგი, ბანდიტი, დავითი (რ. სტურუა, ა. ვარსიმაშვილი, ლ. ფოფხაძე ,,ვარიაციები თანამედროვე თემაზე”, დამდგმელი რეჟისორი - რ. სტურუა, რეჟისორი - ა. ვარსიმაშვილი),
იონა (ლ. თაბუკაშვილი ,,ათვინიერებენ მიმინოს”, რეჟისორი - ა. ვარსიმაშვილი),
მასხარა (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი - რ. სტურუა),
ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძე ,,კაცია-ადამიანი?!”, რეჟისორები - რ. სტურუა, ა. ენუქიძე)

ჟანრი ლოლაშვილს შექმნილი აქვს  მრავალი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე. მან ითამაშა ფილმებში: “მწვანე მდელო”(რეჟისორი - ა. რეხვიავილი),  “მოხეტიალე რაინდები” (რეჟისორი - თ. ფალავანდიშვილი), “ერთაწმინდა” (რეჟისორი - ზ. თუთბერიძე),  “მოგზაურობა ქვეყნიერების დასასრულისკენ” (რეჟისორი - ა. მაიოროვი),  “ნუცა” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი),  “ჩემი ინგლისელი პაპა ანუ რობინზონიანა” (რეჟისორები - ნ. ჯორჯაძე და ი. კვირიკაძე), “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე” (რეჟისორი - ლ. ღოღობერიძე),  “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი” (რეჟისორი - რ. ჩხეიძე), “მიახლოვება” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი),  “გზა შინისაკენ” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი), “დარჩი ჩემთან” (რეჟისორი - ზ. ურუშაძე), “ბაგრატიონი” (რეჟისორები - გ. ჭოხონელიძე და გ. მგელაძე), “საფეხურები” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი),  “ჭა” (რეჟისორი - ჩარკვიანი),  “ცხელი ძაღლი” (რეჟისორი - ზ. ურუშაძე),  “სამი სახლი” (რეჟისორი - ზ. ურუშაძე)  და მრავალი სხვა.

სატელევიზიო სპექტაკლები:
“კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”,  “მიწისქვეშა სასახლეები” და სხვა.
მიღებილი აქვს წოდებები და ჯილდოები:
1976 წ. - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი,
1979 წ. - სსრკ სახელმწიფო პრემია,
1981 წ. - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი,
2000 წ. - პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (,,კაცია- ადამიანი?!”, რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს ნიღაბი”).

IN TIRANNOS - რუსთაველის თეატრში
  | ნუცა კობაიძე|


English Version - CLICK HERE

გაზეთი კომუნისტი  (სამშაბათი, 14 თებერვალი 1933 წ. N37 (3593))
                                                   ხ  ე  ლ  ო  ვ  ნ  ე  ბ  ა
ფრიდრიხ შილერის  IN TIRANNOS-ის („ყაჩაღები“) დადგმა რუსთაველის თეატრში კვლავ აყენებს საკითხს კლასიკური მემკვიდრეობის ათვისების შესახებ. „ყაჩაღები“ ეკუთვნის იმ კლასიკურ პიესების რიცხვს, რომლებიც თავისი იდეური მიზანდასახულობით ყველაზე ახლოს დგანან ჩვენს ეპოქასთან.
            „ყაჩაღები“ საუკეთესო მასალაა აქტიორული ახალგაზრდობის აღსაზრდელად. როგორ მიუდგა რუსთაველის თეატრი კლასიკური რეპერტუარის ამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კლასიკური ნაწარმოების გასცენიურებას?

            უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ პიესა გააქტიურებულია პოლიტიკურად, ხაზგასმულია სოციალური მომენტები, ყაჩაღთა მასა აყვანილია პოლიტიკურ მებრძოლების სიმაღლემდე. ეპოქის სტილი დაცულია მთელს დადგმაში. ამ მხრივ დიდი მუშაობა ჩაუტარებია ირაკლი გამრეკელს, რომლის დეკორატიული გაფორმება მონუმენტალური და ეპოქასთან შეფარდებულია. თქვენ სცენაზე ხედავთ გერმანელი ფეოდალის სასახლეს და გრძნობთ, თუ რა ლოდად აწვა ეს უზარმაზარი ციხე-სიმაგრე, მის პირქუშა კედლებით გრაფ მოორის ქვეშევრდომთ.

            „ყაჩაღები“ დადგმულია ს.ახმეტელის და შ. აღსაბაძის მიერ.
რუსთაველის თეატრის ერთი დიდი ღირსება იმაშია, რომ ის სპექტაკლს არ გამოიტანს მაყურებლის სამსჯავროზე მანამ, სანამ იგი ბოლომდე დამუშავებული არ იქნება.  რუსთაველის თეატრს არ სჩვევია ნაუცბათევი წარმოდგენები.
            პიესა რეჟისორულად დამდგმელთა დიდი შემოქმედებითი გაქანების ნაყოფია. სპექტაკლი კომპოზიციურად მოფიქრებულია, როგორც დიდ სოციალურ მისწრაფებათა კონფლიქტი. ამ მხრივ, რამდენადაც ამის  საშუალებას იძლევა ტექსტი, გაკეთებულია ყველაფერი. მახვილი, როგორც რუსთაველის თეატრსი სხვა დადგმებშიც, დასმულია მასიურ სცენებზე. მასა ცოცხალი და მოძრავია. მშვენივრად არის დადგმული სცენა ლუდხანაში და ზეიმი ფრანც მოორთან. არის მთელი რიგი სხვა მოხდენილი მიზანსცენებიც. მთლიანად წარმოდგენა ტოვებს ძლიერ შთაბეჭდილებას თავისი ორგანიზაციულობით, რეჟისორული ფანტაზიის სიუხვით და მსახიობთა მწყობრი თამაშით.
            მაგრამ ამასთან ერთად სპექტაკლი,  ჩვენის აზრით, არარის თავისუფალი დეფექტებისაგანაც. უპირველეს ყოვლისა, ის ძალზე გაჭიანურებულია. სპექტაკლი არაფერს წააგებდა ზოგიერთი სცენების სრულიად ამოღებით. ასეთია მაგალითად, მაწანწალების სცენა მეორე მოქმედებაში, რომელსაც ორგანული კავშირი არ აქვს მთავარ სიუჟეტურ ხაზთან და მხოლოდ შპიგელბერგის ბანდიტური სულისკვეთების გამოვლინებას ემსახურება. ამ სცენის ამოღება საჭიროა მით უმეტეს, რომ აქტიორულად იგი სუსტად არის დამუშავებული. უმტკივნეულოდ შეიძლება აგრეთვე მეოთხე მოქმედების პირველი სურათის (სცენა ხელოსნებთან ფრანცის სასახლეზე თავდასხმის წინ)  ამოღება. ამით წარმოდგენა ნორმალურ ფარგლებში ჩადგება და არ დაღლის არც მსახიობს არც მაყურებელს.

            სამსახიობო შემოქმედება  „ყაჩაღებში“ საერთოდ მაღალ დონეზე დგას. ის კიდევ უფრო შეთანხმებული და მკაფიო იქნებოდა, რომ ცენტრალური როლის შემსრულებელ აკაკი ვასაძეს(ფრანც მოორ) შეუფერებელი ტონი არ ჰქონდეს აღებული. ვასაძე არ ლაპარაკობს ბუნებრივი ხმით, ინტონაცია ყალბია, ამას გრძნობს მაყურებელი და ამიტომ მსახიობს უჭირს აუდიტორიის დაპყრობა.
            აკ. ვასაძეს საკმაოდ განვითარებული აქტიორული ტეხნიკა აქვს. ფრანც მოორის როლშიც მაყურებლის წინაშე  დგას დიდი ტეხნიკით შეიარაღებული მსახიობი.
            აკაკი ვასაძე პირველად არ თამაშობს ფრანც მოორის, ჩვენ ამ როლში გვინახავს ამ ათიოდე წლის წინად და უნდა ვთქვათ, რომ წინსვლა დიდია, მაგრამ როლი მთლიანად არ არის დაძლეული.
            კარლ მოორს თამაშობს აკ. ხორავა. ა ხორავას არ ახასიათებს რომელიმე აქტიორული ამპლუას მკაფიოდ შემოხაზული ფარგლები. ის მრავალფეროვანი მსახიობია. ა.ხორავა ყოველთვის უკანასკნელ დეტალებამდე ამუშავებს თავისი გმირის გარეგან სახეს და ღრმა ფსიქოლოგიური აზრით ავსებს მას. ამ მსახიობის სიტყვა და ჟესტი ყოველთვის ეთანხმება ერთმანეთს.

   კარლ მოორი ხელსაყრელი როლია. რამდენჯერ ყოფილა ის ნათამაშევი ქართულ სცენაზე. ამის შემდეგ, თითქოს, რაღა უნდა თქვა ახალი. მაგრამ ა. ხორავამ შესძლო აქტიორული შესრულების  ახალი ხარისხის მოცემა.
თათული დოლიძე
                                                                                                                         |ნუცა კობაიძე|   
     (მასალები რუსთაველის თეატრის მუზეუმიდან)                                  
ბედნიერებაა... (ლალი ბურბუთაშვილი)
ბედნიერებაა როცა ქალი ლამაზია და უფრო დიდი ბედნიერებაა, როცა ამ ლამაზ ადამიანში ულამაზეს სულს აღმოაჩენ... როცა ეს ქალბატონი ნიჭიერიც აღმოჩნდება და შრომისმოყვარეც... როცა დიდი და კარგი ოჯახის შთამომავალი ხარ... როცა რუსთაველის თეატრის მსახიობი ხარ და მოგეცემა შესაძლებლობა მთავარი როლები ითამაშო რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძის სპექტაკლებში... როცა საუკუნის სპექტაკლში „კავკასიური ცარცის წრე“ გრუშეს ითამაშებ...
როცა შეგიძლია ულამაზესმა ქალბატონმა ითამაშო რობერტ სტურუას „კაცია-ადამიანში?!“ - დარეჯანი და გააკვირვო საზოგადოება... როცა შენი მეგზური ცხოვრებაში და პარტნიორი სცენაზე მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნება - ჟანრი ლოლაშვილია... როცა უკან მოხედვა არ შეგრცხვება, ღირსეულად გაუძლებ თეატრის „დამანგრეველ ქარტეხილებს“ და შეინარჩუნებ ბავშვურ მომხიბვლელობას, რომანტიკულობასა და არ დაკარგავ ახლის ძიების უნარსა და სურვილს...     
სანდრო ახმეტელის სპექტაკლი "რღვევა"
|ნუცა კობაიძე|

(გ.მეგრელიძე - „თბილისი“ N39. 15/II-1978წ. - მასალები რუსთაველის თეატრის მუზეუმიდან)       
   
    თეატრალურ ხელოვნებაში იშვიათია შემთხვევა, როცა წარმოდგენა დადგმის დღიდან წლების მანძილზე არ ხუნდება, მისი მონუმენტურობა და სიდიადე თაობებს გადაეცემა. ასეთია ბ.ლავრენიევის „რღვევა“. რუსთაველის თეატრში იგი, როგორც ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუში, სამმა თაობამ აღადგინა.
                                                                                                                                   


გაშავებულ ადგილზე იმ ადამიანების
სახელებია, რომლებიც დახვრიტეს.



ხუთი ათეული წლის წინათ - 1928 წლის თებერვალში „რღვევის“ ახმეტელისეულმა დადგმამ ტრადიციაც შექმნა ქართულ თეატრში. კერძოდ, საბოლოოდ დაამკვიდრა ახალი ჰეროიკულ-რომანტიკული სტილი, ხელი შეუწყო ს.ახმეტელის მიზნის განხორციელებას - შექმნა შინაარსით სოციალისტური და ფორმით ეროვნული თეატრი. წარმოდგენა გამოირჩეოდა იშვიათი რიტმით, ტემპერამენტით, ხასიათების მკვეთრი პლასტიკური მონახაზებითა და მონუმენტურობით. საინტერესო სიახლე იყო დადგმის ერთ-ერთ მთავარ გმირად მასის წამოწევა. რეჟისორი შეეცადა მეტი სიძლიერითა და ხაზგასმით გამოეჩინა მასის ცხოვრებისეული სიმართლე და ბერსენევების ოჯახის მეშჩანური მყუდროების განწირულობა.