Loading....
| ნანუკა სეფაშვილი|



მარი ჯანაშია (ამონარიდი ინტერვიუდან) :
   
   " - როგორც ყველა პატარა გოგონა, მსახიობობაზე მეც ვოცნებობდი, მაგრამ თეატრალურ ინსტიტუტში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. თავდაპირველად ბალერინობა მინდოდა, მაგრამ რატომღაც ეს არ გამოვიდა, თუმცა სულ ვცეკვავდი. თეატრალურ ინსტიტუტშიც და მერე უკვე თეატრშიც, ყველა ფიქრობდა, რომ ქორეოგრაფიული მქონდა დამთავრებული.
       ერთხელ, მე და ჩემი მეგობარი ძველ კინოსტუდიასთან ვიდექით. ერთი ყმაწვილი მოგვიახლოვდა და მე სტუდიაში შემიყვანა. მაშინ რეზო ჩხეიძე "ღიმილის ბიჭების" გადაღებას აპირებდა. მართალია, ფილმში არ მოვხვდი, მაგრამ ბატონმა რეზომ მითხრა, შვილო, რა გინდა უნივერსიტეტში, წადი და თეატრალურში ჩააბარე, საბუთების მიღება მალე თავდებაო...

     ჩემს მეგობართან ერთად კინოსტუდიიდან პირდაპირ სურათის გადასაღებად გავიქეცი და უნივერსიტეტისთვის  გამზადებული საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში მივიტანე. ჩემმა მშობლებმა ეს არ იცოდნენ, რატომღაც ყველას ვუმალავდი. თავმდაბლობის გარდა, ძალიან მორცხვი ვიყავი და იმედი არ მქონდა რომ ჩემი სიმორცხვე თავის გამოჩენის საშუალებას მომცემდა. ივლისში თეატრალურის, ხოლო აგვისტოში უნივერსიტეტის გამოცდები ტარდებოდა. გული ორივეზე ერთნაირად მეთანაღრებოდა... მაგრამ თეატრალურ ინსტიტუტში მოვხვდი და თანაც მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში. ეს იყო მისი პირველი ექსპერიმენტული ჯგუფი, რომელშიც სარეჟისორო და სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ გაერთიანებულნი. მე ისიც კი არ ვიცოდი რა ბარდებოდა სამსახიობო ფაკულტეტზე. საბუთების მიტანის დროს მითხრეს, რა უნდა მომემზადებინა. არ ვიცოდი, რა იყო ეტიუდი, რომ იგავ-არაკი ლექსად უნდა წამეკითხა. მოკლედ პირველი ტურის შემდეგ, მეორეზე დამიბარეს, მეორიდან მესამეზე და მესამე ტურის შემდეგ ჩემთან მოვიდნენ თენგიზ კოშკაძე და კახა კახაბრიშვილი, რომლებიც მაშინ მესამე კურსის სტუდენტები იყვნენ. მათ მითხრეს, მიშა თუმანიშვილმა შენი სახელი და გვარი წითელი ფლომასტერით შემოხაზაო. მივხვდი რომ ეს კარგი იყო, მაგრამ ბოლომდე არ მჯეროდა რომ თეატრალურის  სტუდენტი  გავხდებოდი...  პირველი სატელევიზიო ფილმი-სპექტაკლი "მე შენ მიყვარხარ"  სწორედ კახა კახაბრიშვილთან გადავიღე. ამის შემდეგ გავიღვიძე, ქუჩაში გავედი და უცბად გავხდი მარინე ჯანაშია...


ისევ გამოცდებს დავუბრუნდეთ... ბოლო გამოცდის წინა ღამეს, მამაჩემს ერთმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, თეატრალურში ვიღაც ჯანაშია აბარებს, ძალიან კარგი ბავშვი ყოფილა და შენი შვილი ხომ არ არისო. მამამ იუარა, არა, როგორ გეკადრებათ, ჩემი შვილი აგვისტოში უნივერსიტეტში აბარებსო. მერე მე გამომხედა. მე თავი დავხარე, ტყუილის თქმა არც მაშინ და არც დღეს არ მეხერხება და მამას დავეთანხმე. საერთოდ, მამაჩემს ძალიან კარგი ხმა ჰქონდა და დღესაც მახსოვს მისი სიტყვები: "მდაა, შენ ჩემი ოცნება აასრულე!.." მამა ომში რომ არ წასულიყო ის კონსერვატორიაში ვოკალზე აპირებდა ჩაბარებას, მაგრამ ამის საშუალება აღარ მიეცა.
     ძალიან გამიმართლა, რადგან მიშა თუმანიშვილმა პირველი კურსის სტუდენტი რუსთაველის თეატრში მიმიყვანა. მაშინ ის ჟან ანუის "ანტიგონეს" დგამდა. ანიგონეს თამაშობდა არაჩვეულებრივი მსახიობი ზინა კვერენჩხილაძე, ხოლო კრეონს- ლეგენდარული ქართველი მსახიობი, გენიოსი სერგო ზაქარიაძე. მე პატარა, დამწყები მსახიობი გოგო ამ ბუმბერაზებს შორის აღმოვჩნდი. ასე შევაბიჯე რუსთაველის თეატრში. შემდგომ მოხდა ისე, რომ ბატონ მიშას რუსთაველის თეატრიდან წასვლა მოუწია და მასთან სხვა როლის თამაში ვეღარ მოვახერხე. თეატრში დარჩა ჩვენი პედაგოგი თემურ ჩხეიძე, რომელიც ბატონმა მიშამ ჩვენთან მესამე კურსზე მოიყვანა. ყველა დანარჩენი ჩემი საყვარელი როლი სწორედ მასთან ვითამაშე - " ბერნარდა ალბას სახლი", "ქალის ტვირთი", "თეთრი კურდღელი". როცა თემური მარჯანიშვილის თეატრში გადაიყვანეს, თან გავყევი. იქ ვითამაშე ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, ეს იყო შექსპირის "ოტელოში" განსახიერებული დეზდემონას როლი. ამის შემდეგ, თემურ ჩხეიძის სპექტაკლებში აღარ მითამაშია, რადგან გადავწყვიტე, ისევ რუსთაველის თეატრში დავბრუნებულიყავი. ეს შენობა ჩემი სახლია, რადგან ადრე თუ გვიან ადამიანი შინ ბრუნდება, მეც რუსთაველის თეატრში მივედი და დღემდე ამ თეატრის მსახიობი ვარ..."
                                                                                                                                "რეიტინგი" N 10. 2007
                                       


                                                                                     

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

პაჟი (ჟ. ანუი ,,ანტიგონე”, რეჟისორი – მ. თუმანიშვილი),
მაცაცო (შ. დადიანი “გუშინდელნი”, რეჟისორი _ თ. ჩხეიძე),
რეჰა (ლესინგი “ნათან ბრძენი”, რეჟისორი _ ვ. ვაქსმუტი),
ჯულიეტა (შექსპირი ,,რომეო და ჯულიეტა”, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),
მარტირიო (ფ. გარსია ლორკა ,,ბერნარდა ალბას სახლი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),
ქეთო (მ. ჯავახიშვილი ,,ქალის ტვირთი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),
მარიანა (ჟ. ბ. მოლიერი ,,ტარტიუფი”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი),
ოთიანა (კ. გოლდონი ,,მშვენიერი ქართველი ქალი”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),
შუშანიკი (იაკობ ცურტაველი “შუშანიკის მარტვილობა” რეჟისორი _ ნ. ხატისკაცი),
მარია (Eედუარდო დე ფილიპო ,,აჩრდილები”, რეჟისორი _ რ. ჩხაიძე),
დედოფალი (გ. ბიუხნერი “ლეონსი და ლენა”, რეჟისორი _ ნ. კვასხვაძე)
მარინე (ი. სამსონაძე ,,აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე”, რეჟისორები – გ. თავაძე, გ. ბარაბაძე)
მარიკო (თ. ებრალიძე ,,გუშინწინ, გუშინ, დღეს... ხვალ?”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი)
დორისი (ბ. სლეიდი ,,წელიწადში ერთხელ”, რეჟისორი – რ. ჩხაიძე)
ქალბატონი ბაბული (თ. ჭილაძე ,,ნახვის დღე”, რეჟისორები – რ. სტურუა, გ. თავაძე)
მადმუაზელ დუვანი (ფ. მარსო ,,კვერცხი”, რეჟისორი – ს. მრევლიშვილი)
ნინა (რ. ჰარვუდი ,,მოხუცი ჯამბაზები”, რეჟისორი – გ. კაპანაძე)
ელიზაბეტი (ფ. საგანი ,,გედის სიმღერა”, რეჟისორი – ნ. ბაგრატიონ-გრუზინსკი)
ქაბატო (ზ. ანტონოვი ,,მზის დაბნელება საქართველოში”, რეჟისორი – გ. კაპანაძე)
მოხუცი ელისაბედი (ფ. შილერი ,,მარიამ სტიუარტი’’, რეჟისორი _ გ. კაპანაძე)
მთავრის მეუღლე დოროთეა (ჰ. ფონ კლაისტი ,,პრინცი ჰომბურგი”, რეჟისორი _ გ. გორგოშიძე)
მონაწილეა სპექტაკლისა ,,ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!’’


  
კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

დეზდემონა (შექსპირი ,,ოტელო”, რეჟისორი _ თ. ჩხეიძე),
მერი (მ. ლერმონტოვი ,,თავადის ასული”),
დარდანე (კ. გოცი ,,ლურჯი ურჩხული”),
ევრიდიკე (,,ევრიდიკე”).



თეატრ ,,ვერიკოს” სცენაზე განსახიერებული როლები:

კარმენი  (,,კარმენ!”)


სამეფო უბნის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

კარმენი (,,კარმენ!”),
დედა (,,სისხლიანი ქორწილი”),
იდა (,,კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე”).

თავისუფალი თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

დედა (,,ჯინსების თაობა”)
ედიტ ფრანკი (,,ანა ფრანკის დღიური”)
გაბი (,,რვა მოსიყვარულე ქალი”)
ნუცა (,,ნუცა”)
ნინო (,,დოკერი”)
ლიანა დევდარიანი (,,საქმე გადაეცემა სასამართლოს’’)


ითამაშა ფილმებში:

ქალბატონი ანიკო (,,კუკარაჩა’’),
მარიამი (,,მარადისობის კანონი”),
მარიკა (,,მარტოხელა მონადირე”),
მზექო (,,ცოდვის შვილები”),
ევრიდიკე (,,ისე ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა”),
ლიზა (,,და სასახლეში ვნახავ სიხარულს”),
ნინა (,,ჩემი საბნის ნაკეცი”),
დედა (,,ნაწილები”),
დალი (,,გასროლა წყალში”).

Comments/disqusion
No comments