Loading....
| ნუცა კობაიძე|


(ა.წულუკიძე. გაზეთი „კომუნისტი“, 1959 წ. 4 ოქტომბერი. N232)

            ვერ ვიტყვით, რომ რუსთაველის თეატრის სპექტაკლმა „როცა ასეთი სიყვარულია“ მხოლოდ ერთი მიმართულების რეაქცია და შეფასება ჰპოვა მაყურებელში. ცხარე კამათი გამოიწვია პიესის პრობლემატიკამ, სპექტაკლის ფორმამ. 


...ნებით თუ უნებლიეთ პიესის თითქმის ყველა მოქმედი პირის ხელი ურევია მომხდარ კატასტროფაში, მაგრამ მათი მოქმედება ვერ ექვემდებარება იურიდიულ კოდექსს და ამ მხრივ მსჯავრდაუდებელი რჩება.
ღრმა ადამიანური განცდებითა და ტკივილებით არის გამსჭვალული თანამედროვე ჩეხი დრამატურგის პავლე კოჰუტის პიესა „როცა ასეთი სიყვარულია“. სიყვარულისა და ქორწინების თემა მასში უმძაფრეს პრობლემამდეა აყვანილი; მისი რთული ხლართების გახსნისას გამომზეურებულია ადამიანური ძალა და სისუსტე, კეთილშობილება და ანგარება, თავგანწირვა და ეგოიზმი.

ერთი შეხედვით, უჩვეულო და მეტად პირობითი ფორმა აქვს აქ ყველაფერს - პიესასაც, სპექტაკლსაც. მთელი დრამატურგია აგებულია „დროის ნახტომებზე“ - აწმყოდან წარსულში, წარსულიდან აწმყოში, უფრო მეტიც: ადამიანი სცენაზე გამოდის თავისი სიკვდილის შემდეგაც - ხდება მისი მოქმედების გასამართლება (პირობითად აქ გამოყენებულია სასამართლო ძიების ფორმა). დროის ეს ნახტომები ქმნიან პიესის დრამატურგიულ ღერძს, მაგრამ ეს უაღრესად პირობითი ფორმა პიესისა დიდი რისკის წინაშეც აყენებს თეატრს: ოდნავი არადამაჯერებლობა და ყოველივე ეს შეიძლება საშინელ სიყალბეში გადავიდეს. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი დიდი შემოქმედებითი გაბედულობით, ამასთან უტყუარი მხატვრული ტაქტით ახერხებს სპექტაკლში შინაარსობრივ-ემოციური მხარისა და ურთულესი კომპოზიციური კომპონენტების შედუღაბებას, მათ ერთ ფოკუსში თავმოყრას. მძაფრი სცენური ფორმების ძიება მ.თუმანიშვილის დადგმების ნიშანდობლივი თვისება იყო მუდამ; ამ წარმოდგენით კი რეჟისორმა ახალი ნაბიჯი გადადგა ადამიანურ სიღრმეებში ჩახედვის მხრივ. აქ მკვეთრად გამოვლენილი რეჟისორული ნახაზი ოდნავადაც არ ზღუდავს მსახიობთა  შემოქმედებას და მათ შორის დამყარებულია იშვიათი ჰარმონია. ეს წარმოდგენა ქართული თეატრის ცხოვრებაში გაბედული შემოქმედებითი ძიების, თანამედროვე თეატრალური ფორმების დამკვიდრების თვალსაჩინო ნიმუშია.
წარმოდგენა ვითარდება შეუჩერებელი დაძაბულობით და ყველა მისი კომპონენტი მიმართულია მთავარი, საკვანძო მომენტების გამჟღავნებისაკენ. ხატოვანებისა და ფსიქოლოგიური სიღრმის უფაქიზესი შეზავებით არის აღბეჭდილი სპექტაკლის მიზანსცენები, რომელთა უმრავლესობას დიდი მხატვრის ხელი ეტყობა.
ძნელია ამ სპექტაკლში მხატვრის განცალკევება რეჟისორისაგან, იმდენად არის მათი ფუნქციები ურთიერთ განპირობებული. დიმიტრი თავაძე საუცხოოდ გრძნობს სცენურ რელიეფს და სრულიად მარტივი საშუალებებით დიდ ეფექტს აღწევს. უნდა აღინიშნოს, რომ მხატვარი სწორედ ისეთ სპექტაკლებშია ძლიერი, რომლებიც პირობითი თეატრალური ხერხებით არის გადაწყვეტილი.
   პიესისა და სპექტაკლის მსვლელობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს შავმოსასხამიანი კაცი, იგი არის სცენაზე მომხდარი დრამის და მისი ყველა პერიპეტიის ბრძენი კომენტატორი, „სინდისის მოსამართლე“ და ავტორის ჰუმანისტური ტენდენციის მატარებელი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა სერგო ზაქარიაძემ ამ სახის გადაწყვეტისას უარყო „ცივი მოსამართლისა“ და მშვიდი მემატიანის ფორმა და უმაღლესი ემოციური დაძაბულობით მიჰყავს მთელი როლი, მისი „სინდისის მოსამართლე“ მაგრად ჩასჭიდებია გმირთა ცხოვრების სადავეებს და დღის სინათლეზე გამოაქვს მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეები. იშვიათი ეფექტურობით აქვთ მოძებნილი რეჟისორსა და მსახიობს „დამკვირვებლის პუნქტები“ მოქმედების მსვლელობის დროს; დროულად და ტაქტით იკავებს ს.ზაქარიაძე სცენის ცენტრს, ასევე დროულად უთავისუფლებს მთავარ გმირებს სამოქმედო არეს; მას უშუალოდ უპყრია ხელთ წარმოდგენის „რიტმული საჭე“.
ჩვენი ღრმა რწმენით, ჯერ არ გვინახავს ესოდენ ძლიერნი სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, ბადრი კობახიძე, რამაზ ჩხიკვაძე. სიწმინდით, სიხალისით, თავის გრძნობებსა და გადაწყვეტილებაში მთლიანობითა და გაბედულობით ხასიათდება მ.ჩახავას მიერ განსახიერებული ლიდა მატისოვა.
მეტად მძაფრი, ლაკონური და სახოვანია ლიდა პეტრუსოვას როლში სალომე ყანჩელი. მის გარეგნულ თავდაჭერაში (რისთვისაც მსახიობს ბრწყინვალე ფორმა აქვს ნაპოვნი) ღრმად საგრძნობია დაოკებული ტკივილები, მთელი სიხარულით რომ ამოსკდება საკუთარ თავთან დარჩენის - შავმოსასხამიან კაცთან გასაუბრების დროს. ნიჭიერმა მსახიობმა ნამდვილი ოსტატობა გვაჩვენა.
საუცხოოა ბადრი კობახიძე ვაცლავ კრალის როლში. ამ მოდუნებული, მფრთხალი და ფლეგმატური ხასიათის გადმოსაცემად ბ.კობახიძემ იპოვნა მართალი, ორიგინალური შტრიხი: ზანტად და დაგვიანებით ხდება მისი რეაქცია ყველაფერზე.
წარმოდგენის კონცეფციას უპასუხებს თამარ თარხნიშვილის სტიბოროვა, რომელიც იძლევა შვილის გულწრფელად და ეგოისტურად მოსიყვარულე დედის დინამიკურ სახეს. მსუბუქი იუმორით და სპექტაკლის რიტმის გრძნობით ასრულებენ თავიანთ როლებს, რომელიც თეატრის თვალსაჩინო ძალად იზრდება, კ.საკანდელიძე (ტოშეკი), ლ.ტყავაძე (გრაბეტოვა), რ.ჩხაიძე (ოფიციანტი).
პ.კოჰოუტის ეს ფრიად ნიჭიერი და ჰუმანისტური ქმნილება მრავალმხრივ საინტერესო პრობლემას აყენებს თავისი შინაარსითაც და ფორმითაც. რუსთაველის სახელობის თეატრმა ჩინებულად გახსნა პიესის იდეა, უპოვნა მას ბრწყინვა

Comments/disqusion
No comments