Loading....
|მაკო გოჩაშვილი|

მე რუსთაველის  თეატრში ვარ 51-ე წელია. მანამდე, 1959 წლიდან 1963 წლის მარტამდე, მოზარდმაყურებელთა თეატრში ვმუშაობდი. 1963 წელს ჩემი დირექტორი, დორიან კიტია აქ გადმოიყვანეს და მან მეც აქ გადმომიყვანა. მაშინ აქ იდგმებოდა სპექტაკლი “ამირანი“, რომელშიც თამაშობდა ნუგზარ შარია, აკაკი ხორავა და ყველა წამყვანი მსახიობი. ძალიან დიდი სპექტაკლი იყო. დეკორაცია ორკესტრის ორმოდან დიდ სიმაღლეზე ამოდიოდა და ინგრეოდა. იყო ცეცხლის ეფექტებიც. როდესაც აქ მოვედი სწორედ ამ სპექტაკლზე ვმუშაობდი. შემდეგ მცირე დარბაზში გადამიყვანეს, სადაც იმავე წელს დავდგით სპექტაკლი „ჭინჭრაქა“.
ჩემს პროფესიას ძალიან დიდი როლი აკისრია სპექტაკლში. თანამედროვე თეატრში თითქმის განათებით კეთდება ყველაფერი. ადრე ვწვალობდით, ხელით ვასწორებდით პროჟექტორებს. ახლა შედარებით ადვილია ყველაფერი, ყველაფერი ავტომატიკაა.
დროის სვლასთან და ტექნიკის განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიებიც შეიცვალა და აპარატურა ბევრად გაუმჯობესდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ადრე ცუდი განათება გვქონდა. მაგალითად, „მეფე ლირში“, „რიჩარდ III-ში“. განათებასთან ერთად მხატვრობაც და დეკორაციაც შესანიშნავი იყო.  „მეფე ლირში“ მთელი სცენა ინგრეოდა და ეს მხოლოდ ტექნიკური ეფექტების გამოყენებით იყო გაკეთებული. პირველად ბოლის აპარატიც სწორედ „მეფე ლირში“ გამოვიყენეთ.ნძალიან ბევრ სპექტაკლზე ვიმუშავე, ვერც ჩამოვთვლი. „ჭინჭრაქა“, „ბერნანდა ალბას სახლი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“...  თითქმის ყველა სპექტაკლთან მაქვს შეხება, რადგან ტექნიკურად ყველაფერს მე ვაკეთებ.
ჩვენს თეატრში ძალიან კარგი ხალხი მუშაობდა: აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გოგი გეგეჭკორი, მაგრამ ჩვენ, გამნათებლებს, ძირითადად რეჟისორთან გვიწევს მუშაობა. მე გამოვარჩევდი რეჟისორ რობერტ სტურუასთან მუშაობას. ასევე უნდა აღვნიშნო მიხეილ თუმანიშვილი. დოდო ალექსიძე,  არჩილ ჩხარტიშვილი.
ისევე როგორც სხვა პროფესიებში, განათებაშიც არსებობს ხელწერა. რობერტ სტურუას განათება ყოველთვის გამორჩეულია. ის ძალიან კარგი მხატვარია. განათებისთვის ოქროს პრიზიც კი მისცეს. მას სრულიად სხვაგვარი ხელწერა აქვს.
სპექტაკლის მსვლელობისას ხშირად შექმნილა სხვადასხვა ექსტრემალური თუ სახალისო სიტუაციები.  ერთხელ ახალ წელს, პირველ იანვარს 12 საათზე დანიშნეს სპექტაკლი. ალექსიძის დადგმული სპექტაკლი „პეპო“  გადიოდა. თეატრში რომ მოვედი ნაბახუსევი ვიყავი და რომ არ ჩამძინებოდა წიგნის კითხვა დავიწყე. მაინც ჩამეძინა. იმ პერიოდში თეატრის დირექტორი აკაკი ბაქრაძე იყო. მოვიდა და გამაღვიძა: „გაიღვიძე ბიჭო, ანტრაქტია!“ უცებ გამოვფიზლდი და განათება ავანთე.


ჩემთვის თეატრი ყველაფერია. მე აქ გავიზარდე და თითქმის მთელი ცხოვრება აქ გავატარე.

Comments/disqusion
No comments