Loading....
იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრი ულოცავს საქართველოს ყველა თეატრს თეატრის სართაშორისო დღეს - 27 მარტს!!
         იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი შეიქმნა 1948 წელს, ხოლო თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაიწყეს 1962 წლიდან. წელს 55-ჯერ მივულოცავთ მსოფლიოში ერთმანეთს ამ თარიღს. 
         ამ ტრადიციის მიხედვით მსოფლიო თეატრალურ მოღვაწეებს სიტყვით- გზავნილით მიმართავს ხოლმე მსოფლიო თეატრალური სამყაროს გამორჩეული პიროვნება. 
        თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის წესების მიხედვით გზავნილი ეგზავნება თეატრალებს და 27 მარტს თეატრები საკუთარ დარბაზებში შეკრებილ მაყურებელს, სპექტაკლის დაწყების წინ, ულოცავენ თეატრის საერთაშორისო დღეს და უკითხავენ გზავნილს. 
        ვფიქრობ, აქტიურად ჩაერთვებით - იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრში - გაწევრიანდებით და მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციებს, კავშირებს და შესაძლებლობებს. 
        იმედი გვაქვს წელს ამ დღესასწაულის აღნიშვნაში აქტიურად ჩაერთვებიან თეატრები საქართველოში. 
        წელს თეატრის საერთაშორისო დღეს გვილოცავს ცნობილი ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი!
        წლევანდელი გზავნილი დატვირთულია მრავალი საჭირბოროტო საკითხით, პოლიტიკით, თეატრით, თანამედროვე ხედვით და წარსულის პატივისცემით. გზავნილს საჯაროდ წაიკითხავს იზაბელ იუპერი პარიზის იუნესკოს დარბაზში 27 მარტს! 
        კიდევ ერთხელ გილოცავთ თეატრის საერთაშორისო დღეს და გისურვებთ შემოქმედებითად ნაყოფიერ წელს!! 
დავით საყვარელიძე 
იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის პრეზიდენტი, სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 
ლევან ხეთაგური
იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის გენერალური მდივანი, საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი (ITI) 
საშემსრულებლო ხელოვნების მსოფლიო ორგანიზაცია 
მსოფლიო თეატრის დღის გზავნილი 2017 
წელს მსოფლიო თეატრის დღეს გვილოცავს ცნობილი ფრანგი მსახიობი 
იზაბელ იუპერი 
          მაშ ასე, ჩვენ კვლავ აქ ვართ. შევიკრიბეთ გაზაფხულზე, ჩვენი პირველი შეხვედრიდან 55 წლის შემდეგ1 , იმისთვის რომ აღვნიშნოთ მსოფლიო თეატრის დღე. მხოლოდ ერთი დღით, 24 საათით, მსოფლიო ზეიმობს თეატრის დღეს. და აი, ჩვენც აქ ვართ, პარიზში, მსოფლიოს პირველ ქალაქში, რომელმაც მოიზიდა საერთაშორისო თეატრალური ჯგუფები, იმისთვის რომ ერთად მიგვეგო პატივი სათეატრო ხელოვნებისთვის. 


    პარიზი მსოფლიო ქალაქია, რომელიც სწორედაც რომ შესანიშნავი ადგილია თეატრალური ტრადიციების აღსანიშნავად. აქედან, საფრანგეთის დედაქალაქიდან, ნოსა და ბუნრაკუს საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ვიმოგზაუროთ იაპონიაში, გავყვეთ ფიქრებსა და ემოციებს, ისეთსავე მრავალფეროვანს, როგორიც პეკინის ოპერა და კათხაკალია. სცენა საშუალებას გვაძლევს რომ შევჩერდეთ საბერძნეთსა და სკანდინავიას შორის, რადგან ჩვენ წარმოვაჩენთ საკუთარ თავებს ესქილესა და იბსენში, სოფოკლესა და სტრინდბერგში, ის შესაძლებლობას გვაძლევს რომ ვიფრინოთ ბრიტანეთსა და იტალიას შორის, რამდენადაც სარა კეინსა და პირანდელოს ავსახავთ. ამ 24 საათის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ საფრანგეთიდან რუსეთში, რასინისა და მოლიერის გავლით, ჩეხოვთან. ჩვენ ატლანტიკის ოკეანის გადალახვაც შეგვიძლია, თითქოს შთაგონების მუხტები ვიყოთ, რომელიც კალიფორნიის კამპუსს ემსახურება, აცდუნებს იქ ახალგაზრდა სტუდენტს, რომ თავიდან გამოიგონოს და შექმნას საკუთარი სახელი თეატრში.
    მართლაც, თეატრს აქვს ისეთი წარმატებული ცხოვრება, რომ მას შეუძლია არ დაემორჩილოს დროსა და სივრცეს. მისი ყველაზე თანამედროვე ნაწილები გასული საუკუნის მიღწევებით საზრდოობს, და ყველაზე კლასიკური რეპერტუარიც კი შეიძლება გახდეს ყოველ ჯერზე თანამედროვე და ცოცხალი, თუკი მას ახლებურად ითამაშებენ. თეატრი ყოველთვის იბადება თავისი ფერფლიდან, ყალიბდება მისი ჩვეულებებიდან, ახალ ფორმებში: აი, ასე რჩება მარად ცოცხალი. 
       ასე რომ, მსოფლიო თეატრის დღე, ნამდვილად სხვებთან ერთად განსახილველი და არაჩვეულებრივი დღეა. ის ჩვენ გვაძლევს წვდომას დროისა და სივრცის უსაზღვრო კონტინუუმთან, გლობალური კანონზომიერებების მთელი დიდებულების გათვალისწინებით. 
       კონცეპტუალურად ამ ყველაფრის ჩამოყალიბება გამიჭირდება, ამიტომ გთხოვთ ნება დამრთოთ მოვიყვანო ფრანგი დრამატურგის, ბრწყინვალე გონების მქონე, ჟან ტარდიუს ციტატა: „როდესაც ვფიქრობ სივრცეზე, - ამბობს ტარდიუ - მიჩნდება კითხვა: „რომელია ყველაზე გრძელი ბილიკი ერთიდან მეორემდე“? რაც შეეხება დროს, ის აქ გვთავაზობს საზომს „წამის მეათედი სჭირდება დროს რომ გამოვთქვათ სიტყვა - მარადისობა“, ხოლო დრო-სივრცის შემთხვევაში, ის ამბობს, „სანამ ჩაგეძინება მომართე შენი გონება სივრცის ორ წერტილზე, და გამოთვალე რა დრო დასჭირდება ოცნებას, რომ ერთი წერტილიდან მეორეზე გადავიდეს“. ეს არის ფრაზა, რომელიც არასოდეს მტოვებდა. როგორც ჩანს, ტარდიუ და ბობ ვილსონი ერთმანეთს შეხვდნენ. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაჯამოთ მსოფლიო თეატრის დღის უნიკალურობა სემიუელ ბეკეტის სიტყვების ციტირებით, რომელსაც ვინის პერსონაჟს ათქმევინებს, მისთვის დამახასიათებელი აჩქარებული სტილით: “ოჰ, რა მშვენიერი დღე შეიძლებოდა ყოფილიყო”.  
       ამ გზავნილზე ფიქრის დროს, ვიგრძენი დაფასება, რადგან მე მთხოვეს მისი დაწერა და გამახსენდა ყველა ჩემი ოცნება ამ სცენაზე. სამართლიანია ვთქვათ, რომ მე არ მოვსულვარ იუნესკოს დარბაზში მარტო, ყველა პერსონაჟი, რომელიც კი მითამაშია ოდესმე, ახლა აქ არის, ჩემს გვერდით. როლები რომლებიც თითქოსდა მტოვებდნენ ფარდის დაშვებისთანავე, მაგრამ რჩებოდნენ ჩემში და თავიანთ მიწისქვეშეთში აგრძელებდნენ ცხოვრებას, იმისათვის რომ დახმარება გაეწიათ ან პირიქით, გაენადგურებინათ ჩემი მომდევნო როლები. ფედრა, არამინტე, ორლანდო, ჰედა გაბლერი, მედეა, მერტეუი, ბლანშ დებუა. ეს პერსონაჟები მავსებენ და ერთად ვდგავარ ახლა თქვენს წინაშე, ვდგავარ იმ პერსონაჟებთან ერთად რომლებიც მიყვარს და აპლოდისმენტებით მივესალმები მათ, როგორც მაყურებელი. და სწორედ მათ გამო მივეკუთვნები მე მსოფლიოს. მე ვარ ბერძენი, აფრიკელი, სირიელი, ვენეციელი, რუსი, ბრაზილიელი, სპარსი, რომაელი, იაპონელი, ნიუ-იორკელი, მარსელი, ფილიპინელი, არგენტინელი, ნორვეგიელი, კორეელი, გერმანელი, ავსტრალიელი, ინგლისელი - მსოფლიოს ნამდვილი მოქალაქე, ჩემში არსებული პერსონალური, ვირტუალური ანსამბლის გამო. რომ სწორედ აქ, სცენაზე და თეატრში ვხვდებით ჩვენ ნამდვილ გლობალიზაციას. 
     მსოფლიო თეატრის დღეს, 1964 წელს, ლოურენს ოლივიემ განაცხადა, რომ საუკუნეზე ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ნაციონალური თეატრი შეიქმნა, რომელიც მას სურდა დაუყოვნებლივ გამხდარიყო საერთაშორისო, სულ მცირე რეპერტუარის მხრივ მაინც, რადგან ძალიან კარგად იცოდა, რომ შექსპირი მსოფლიოს საკუთრებაა. 
        ამ გზავნილის წერის დროს, მოხარული ვარ იმ აღმოჩენით, რომ მსოფლიო თეატრის დღის მილოცვა 1962 წელს მინდობილი ჰქონდა ჟან კოკტოს, შესაფერის კანდიდატს, ავტორს წიგნისა „დედამიწის გარშემო ისევ 80 დღეში“. ეს დამეხმარა იმის მიხვედრაში, რომ მე მსოფლიო სხვანაირად მოვიარე. 80 შოუთი თუ 80 ფილმით. ამ ფილმებში მე ვგულისხმობ სცენაზე ნათამაშებ როლებსაც, რადგან მე არ ვყოფ ერთმანეთისგან სცენაზე და ფილმში ნათამაშებ როლებს. ეს მე თავადაც მაოცებს ყოველ ჯერზე, როცა ამის თქმა მიწევს, მაგრამ ეს სიმართლეა, მე ვერ ვხედავ ამ ორს შორის განსხვავებას. 
    აქ საუბრის დროს მე არ ვეკუთვნი ჩემს თავს, არ ვარ მსახიობი, იმ უთვალავ ადამიანთა შორის ერთ-ერთი ვარ, რომელსაც თეატრი იყენებს როგორც არსებობის წყაროს, და ჩემი მოვალეობაა ვიყო მგრძნობიარე ამის მიმართ - ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ განვაპირობებთ თეატრის არსებობას, პირიქით ჩვენს ყოფნას, სწორედ თეატრის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ. თეატრი ძალიან ძლიერია. ის გადაურჩა ომებს, ცენზურას და სიღარიბეს. 
      საკმარისია თუ ვიტყვით, რომ სცენა უხსოვარი დროიდან არის შიშველი წარმოდგენა. ყველაფერი რაც მას სჭირდება ეს მსახიობია. რა უნდა გააკეთოს მან? რაზე უნდა ისაუბროს? ისაუბრებს კი საერთოდ? მაყურებელი იცდის, ჩვენ კი არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მაყურებლის გარეშე თეატრი არ არსებობს. ერთი ადამიანიც კი მაყურებელია. მაგრამ, იმედი დავიტოვოთ რომ ბევრი თავისუფალი ადგილი არ დარჩება დარბაზში. იონესკოს წარმოდგემები ყოველთვის სავსეა, და ის მათ გვთავაზობს მხატვრულად, გულწრფელად, მამაცურად და შესანიშნავად, იმ სიტყვებით, რომელსაც მისი ერთ-ერთი პიესის ბოლოს მოხუცი ქალბატონი ამბობს: „დიახ, დიახ, დაე, მოვკვდეთ სრულ დიდებაში. მოდით სიკვდილით ლეგენდად ვიქცეთ... სხვა თუ არაფერი ჩვენი ქუჩა მაინც გვექნება..“ 
     მსოფლიო თეატრის დღე თავისი არსებობის 55 წელს ითვლის. 55 წლის განმავლობაში მე მერვე ქალი ვარ, რომელიც მოიწვიეს სიტყვის სათქმელად - თუ ჩვენ ამას გზავნილს დავარქმევთ, აი ეს გახლავთ. 
   ჩემმა წინამორბედებმა (ოჰ, როგორც ამას მამრობითი სქესი აკისრებს თავის თავს!) ისაუბრეს წარმოსახვის თეატრზე, თავისუფლებაზე, და თვითმყოფადობაზე, იმისათვის რომ გამოეხმოთ სილამაზე, მულტიკულტურალიზმი და დაესვათ პასუხგაუცემელი შეკითხვები. 2013 წელს, სულ რაღაც 4 წლის წინ დარიო ფომ თქვა: „კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა „ჯადოქრების წინააღმდეგ“ ბრძოლაზე გადის, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდა ადამიანების წინააღმდეგ, რომელთაც თეატრალური ხელოვნების შესწავლა სურთ: თუმცა გამოჩნდება მსახიობების ახალი დიასპორა, რომლებიც უეჭველად შექმნიან ამ წინააღმდეგობებისგან წარმოუდგენელ სარგებელს, მათი გამოხატვის ახალი ფორმების პოვნით“. წარმოუდგენელი სარგებელი - ჟღერს როგორც კარგი ფორმულა, ღირსი იმისა რომ გამოიყენონ პოლიტიკურ რიტორიკაში, არ ფიქრობთ ასე? 
   და რადგან მე ახლა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, პარიზში ვიმყოფები, მინდა რჩევა მივცე მათ, რომლებიც როგორც ჩანს მთელი გულით ილტვიან რომ გვმართონ, მათ უნდა იცოდნენ იმ წარმოუდგენელი სარგებლობის შესახებ, რომლის მოტანაც თეატრს შეუძლია. მაგრამ, მე მინდა აქვე აღვნიშნო, „არავითარი ნადირობა ჯადოქრებზე“! 
   
თეატრი ჩემთვის წარმოდგენს სხვას, ეს არის დიალოგი, ეს არის სიძულვილის არარსებობა. „ადამიანებს შორის მეგობრობა“ - მე ახლა ბოლომდე ვერ ვხვდები ეს რას ნიშნავს, მაგრამ მე მჯერა ერთობის, მაყურებლებსა და მსახიობებს შორის მეგობრობის, მტკიცე კავშირის იმ ხალხებს შორის რომელთაც თეატრი აერთიანებთ - მთარგმნელებს, პედაგოგებს, კოსტიუმების მხატვრებს, მსახიობებს, მეცნიერებს, პრაქტიკოსებს და მაყურებელს. თეატრი გვიცავს და გვიფარებს. მე მჯერა რომ თეატრს ვუყვარვართ, ისევე ძლიერ როგორც ჩვენ გვიყვარს ის. 

მახსენდება ერთი მოძველებული თეატრის რეჟისორი რომელთანაც ვმუშაობდი, რომელიც საღამოს ფარდის გახსნამდე მთელი ხმით ღრიალებდა: „გზა დაუთმეთ თეატრს!“ - და ეს იქნება ჩემი ბოლო სიტყვები დღეს. 

გმადლობთ! 

იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრი
"ამქვეყნიური ყოფის სამწუხარო რეალობა"
|მაკა ვასაძე|

ლაშა თაბუკაშვილის დრამატურგიით მაესტრო რობერტ სტურუა მეორეჯერ დაინტერესდა. 1997 წელს „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“ რუსთაველის თეატრში განახორციელა. სპექტაკლს მაყურებელი არასდროს აკლდა და მრავალი წელი ანშლაგით მიდიოდა. 20 წლის შემდეგ დიდი რეჟისორი უბრუნდება ლაშა თაბუკაშვილის დრამატურგიას. 2017 წლის იანვრის მიწურულს, რუსთაველის თეატრში „სადღაც ცისარტყელის მიღმა“ საპრემიერო ჩვენებები გაიმართა. დარწმუნებული ვარ, ახლაც, ამ დადგმას მაყურებელი დიდხანს ეყოლება. ამას, რა თქმა უნდა, სპექტაკლის რეჟისურა, სცენოგრაფია, სამსახიობო ოსტატობა, მუსიკალური გაფორმება, ქორეოგრაფია და რაც მთავარია, სტურუასეულ სტილისტიკაში მოყოლილი ამბავი განსაზღვრავს. პიესის და სპექტაკლის მთავარი ღერძი სიყვარულია, გოგოსა და ბიჭის რომანტიკული სიყვარული, რომლის გარშემოც იგება ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები. მაშინაც, 1997-ში და ახლაც, დრამატურგმა და რეჟისორმა ჩვენი თანამედროვე ცხოვრება ნაცნობი სიტუაციები, მოვლენები, ურთიერთობები ასახეს და განაზოგადეს.
სპექტაკლის პროგრამაზე, ადამიანის გაუსაძლისი, ტკივილიანი, აუტანელი ყოფის გამომსახველი, ედვარდ მუნკის ცნობილი ნახატი „ყვირილია“ გამოსახული. გამოუვალობისგან შეძრწუნებული ადამიანის წინ, მომავლისადმი უიმედობის აღმნიშვნელი,  ახალშობილის თეთრი, ცარიელი საწოლი (აკვანი) მოსჩანს. რობერტ სტურუას ბოლო წლების შემოქმედებაში, მომავლის იმედის ნაპერწკალი გამქრალია. ამქვეყნიურ ცხოვრებას იგი ჯოჯოხეთად აღიქვამს და გამოხატავს. შარშან დადგმულ „დაკანონებულ უკანონობაშიც“ მაესტრო პირდაპირ გვეუბნება, რომ ცხოვრება - ჯოჯოხეთია, თავად ადამიანების მიერ შექმნილი ჯოჯოხეთი. გაუთავებელი ომებით, სისხლის ღვრით, ერთმანეთის დაუნდობელი ხოცვით, ადამიანები თანდათან  უფსკრულიკენ მივექანებით. ამას ცხადყოფს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები. დიდი მაესტრო ახალი სპექტაკლით, კიდევ ერთხელ, სათეატრო ენით გვაფრთხილებს, თითქოს სურს შეგვაჯანჯღაროს, კათარსისი განგვაცდევინოს და გამოგვაფხიზლოს...
რობერტ სტურუასა და ახალგაზრდა რეჟისორების - გურამ ბრეგაძისა და დავით ნიკოლაძის   დადგმის ჟანრი ტრაგი-ფარსულ, გროტესკულ ბუფონადად შეიძლება განისაზღვროს. სტურუასეული სათეატრო ენისთვის დამახასიათებელი პოლისტილისტიკა, ამჯერადაც გაოცებს  ჰარმონიულობით. მისი „ეკლექტური“ სარეჟისორო ენა კიდევ ერთი შტრიხით, დეტალით  - რომანტიკულობით შეფერადდა. რეჟისორებმა სიყვარულის მატარებელი ადამიანი-პერსონაჟები: ია სუხიტაშვილის - კატო, ბესო ზანგურის - დაჩი და ლელა ალიბეგაშვილის - ანა  ბე მეოცნებე რომანტიკოსებად გამოსახეს. მსახიობები სხვადასხვა ხერხით რომანტიკოსი, მეოცნებე პერსონაჟების სახეებს ქმნიან. რომანტიკულობა - ზედმიწევნით ხაზგასმულია ქალ პერსონაჟებში. ლელა ალიბეგაშვილის - ანა ბე და ია სუხიტაშვილის კატო სუფთა, პატიოსანი, მართალი, გულანთებული მეოცნებენი არიან. მათ ჩამოყალიბებული ცხოვრებისეული კრედო აქვთ და არასდროს მიდიან კომპრომისზე. მტკიცე ხასიათის მქონე, სიცოცხლეში შეყვარებული ქალბატონების ფიზიკურ გამოხატულებას, რეჟისორებმა, ქორეოგრაფ კოტე ფურძელაძესთან ერთად, ბალეტის მოცეკვავეთა ჰაეროვნება შესძინეს. მსახიობთა პლასტიკა, მიხვრა-მოხვრა, მოძრაობა იმდენად მსუბუქია, რომ მოფარფატე პეპელების ასოციაციას აღძრავს მაყურებელში.
ლაშა თაბუკაშვილის პიესა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რეალისტურ-რომანტიკულია. ტექსტში დრამატურგი  ერთ კვირაში, 7 დღეში განვითარებულ ამბავს აღწერს. პიესის მოქმედ პირთა რაოდენობაც შვიდია. ვფიქრობ, დრამატურგმა საკრალური რიცხვი 7, მიზანმიმართულად სამყაროს შექმნის ბიბლიურ მითს დაუკავშირა. ლაშა თაბუკაშვილი  ჩვენს თანამედროვე ყოფა-ცხოვრებაში განვითარებულ ამბავს სახიერად, ცოცხალად შექმნილი პერსონაჟების მეშვეობით გადმოსცემს. მოქმედ პირთა სამეტყველო ენა მათი ხასიათების გამომხატველია. ყველა პერსონაჟი, ანა ბეს გარდა, თანამედროვე ქართულით, საჭიროების შემთხვევაში დღეს არსებული „ჟარგონით“ მეტყველებს. ანა ბეს სამეტყველო ენა უფრო ზეაწეულ-ამაღლებულია. მინიმალისტური ხერხებით, შტრიხებით ქმნის ავტორი პერსონაჟთა ხასიათებს. პიესის წაკითხვისას აუცილებლად გახსენებდა შენს გარშემო მყოფი ადამიანები, თუ ცხოვრებისეული სიტუაციები: უსაყვარლესი გამზრდელი ბებია, ვითომ „მეგობრები“ და ნამდვილი მეგობრები, ნაძირლა პოლიტიკოსები, ფულისა და „სკამის გამო“ ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები, ცხოვრების უკუღმართობისა თუ „წინაპრების“ დამსახურებით არარაობად ქცეული ახალგაზრდები. ქვეყანას, რომელშიც ცხოვრობ, სვავებად ქცეული, მხოლოდ საკუთარ გამორჩენაზე მოფიქრალი „ხროვა“ მართავს, საკუთარ ხალხს ლოზუნგებით რომ კვებავს. უფრო მეტიც, საერთოდ არ აინტერესებს მოქალაქეები... პიესაში ერთმანეთს ენაცვლება რეალობა და ირეალობა. ამბავს მთხრობელი ყვება, რომელიც იმავდროულად მთავარი მოქმედი პირი - კატოცაა. სწორედ მისი მეშვეობით მოვლენათა რიგი, დრო და ადგილი ერთმანეთს ენაცვლება. ქმედება ხან აწმყოში, ხან წარსულში და ხან, ამა თუ იმ, პერსონაჟის ფანტაზიაში ვითარდება. პიესაში ადამიანთა ცხოვრებისეული ღირებულებები: სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და ღალატი, მეგობრობა და გაუტანლობა - ნათლადაა გამოკვეთილი. რეალურობასა და ირეალურობაზე მიუთითებს პიესის სათაურიც: „სადღაც ცისარტყელის მიღმა“. მოქმედ პირთა ჩამონათვალის შემდეგ ავტორის რეკომენდაციაა: კეი ჯარეტის კომპოზიციების, განსაკუთრებით კი „Somewhere, over the rainbow“-ს, გამოყენება დადგმაში. უკვე სათაურიდანვე ჩანს, რომ დრამატურგიული ნაწარმოები სიყვარულისა და რომანტიკული განწყობის შემცველია.


სპექტაკლის დადგმა რეჟისორებმა რობერტ სტურუას სარეჟისორო ენისთვის დამახასიათებელი დრამატურგიული ტექსტის მონტაჟიდან დაიწყეს. გაკეთდა კუპირები, დაემატა პერსონაჟები, ავტორისეული იმედის მომცემი ფინალური სცენა ამოიღეს. პიესაში ამბავი კეთილად, ე. წ. „Happy end“-ით მთავრდება, მთავარ მოქმედ გმირს დაჩის ბოროტმოქმედები ქუჩაში ესვრიან, იგი თითქოს კვდება, მაგრამ ეპილოგში, ფინალურ სცენაში დრამატურგმა ერთდროულად მთხრობელი და კატო მაყურებლისკენ ზურგით მჯდარი შემოაბრუნა. იგი ორსულადაა, თავის მუცლადმყოფ შვილს ეფერება, აი მამაშენის მანქანაც გამოჩნდა, მალე მოვაო, თან  „Somewhere, over the rainbow“-ს ღიღინებს, ამშვიდებს, ნუ გეშინია სროლის ხმის, ეს მხოლოდ რესტორნებიდან გასროლილი სალიუტებიაო. სპექტაკლი ბესო ზანგურის - დაჩის იუმორნარევი რომანტიკულობით გადაწყვეტილი სიკვდილის სცენით სრულდება. გადაკეთდა ზოგიერთი პერსონაჟის სახელი. მაგალითად, დაჩის პოლიციელი მეგობარი კალისტრატე დამდგმელებმა ვახოდ მონათლეს, ხოლო კატოს მეგობარ მანჩოს - მირანდა უწოდეს. წარმოდგენაში სამი ახალი პრსონაჟიც გაჩნდა. მიხეილ არჩვაძე, კახა კუპატაძე და გრიგოლ ჟორდანია პიესის პერსონაჟ მთხრობელ გოგონასთან ერთად,  სცენაზე განვითარებული ამბის წამყვანები არიან. გარდა ამისა, ისინი, პიესაში ნახსენებ და დადგმაში ვიზუალურად განსხეულებულ სხვადასხვა პერსონაჟსაც განასახიერებენ: მევახშის შვილის და მისი დამქაშების, ბოროტმოქმედების, მესაფლავეების, დაჩის მეზობელი გიჟი თამროსი, დაჩის ბედისწერის ჭინკის და ა. შ.. 


რეჟისორების ჩანაფიქრით, მსახიობები ამა თუ იმ პერსონაჟ-ადამიანს უტრირებულად, გროტესკულად თამაშობენ. ისინი თითქოს რიტმს უქმნიან ქმედებას. შავ ფრაკებსა და ცილინდრებში გამოწყობილი, შავი ტროსტით ხელში - კახა კუპატაძე და გრიგოლ ჟორდანია ილუზიონისტი-მაგების ასოციაციას გიქმნიან. სწორედ ისინი, ხელჯოხების აქნევით იწყებენ წარმოდგენას. მანამდე კი პაატა გულიაშვილის, თითქოს ჩხუბიდან ახალთავდაღწეული, სახელოჩამოფლეთილი პერსონაჟი, შემდგომში გამყიდველი ოპოზიციონერი, ბინძური პოლიტიკოსი, ფულისა და „სკამის“ მონა, კატოს ყოფილი ქმარი - გოგა სცენაზე გასათამაშებელი ამბის ავტორსა და სათაურს ამცნობს მაყურებელს. მიხეილ არჩვაძის კომიკურად განსახიერებული - ბედისწერის ჭინკა და კატოს მეგობარი  - ვიქტორი - სპექტაკლში განვითარებულ სხვადასხვა მოვლენას სიმსუბუქეს მატებს და მაყურებელს ღიმილს ჰგვრის. რეჟისორთა ჩანაფიქრით ამ სამი მსახიობი-პერსონაჟის თამაშის ხერხი, პლასტიკა, კოსტიუმები წარმოდგენას ბუფონადის  ელფერს სძენს.


სტურუასეულ სპექტაკლებში უდიდესი დატვირთვა აქვს სცენოგრაფიას და განათებას. მის სინთეზურ დადგმებში, სათეატრო ხელოვნებაში შემავალი ყოველი ასპექტი (სფერო), სათქმელის, კონცეფციის გადმოცემის მნიშვნელოვანი სემიოტიკური ნიშანია. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სცენაზე დეკორაცია და რეკვიზიტი. თეატრში საგანი, რეკვიზიტი სიმბოლოს ან მეტაფორის როლის მატარებელია. რობერტ სტურუას სპექტაკლების სივრცე გამოირჩევა ნიშნობრივი გაჯერებულობით - ყველაფერი, რაც სცენაზეა, განმსჭვალულია დამატებითი მნიშვნელობებით. რეჟისორი, მხატვართან ერთად, სასცენო სივრცის ყოველ კუთხე-კუნჭულს ითვისებს და ამბიდან გამომდინარე მაყურებელს განწყობას უქმნის. განწყობისა თუ სხვადასხვა ასოციაციის გამომწვევია, აგრეთვე, სტურუას მიერ განათებული სასცენო სივრცე. ერთმანეთში გარდამავალი, ერთიმეორეზე „დადებული“ ფერთა გამა კი მომაჯადოებელ-მომნუსხველია. მირიან შველიძისა და რობერტ სტურუას ერთობლივი შემოქმედება, პირადად ჩემზე, მონუმენტური, მრავლისმთქმელი, გასაოცარი ფერწერული ნამუშევრის ასოციაციას აღძრავს. შეგახსენებთ რამდენიმე მათგანს: „ყვარყვარე“, „რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“, „ლამარა“ „ჰამლეტი“, „დარისპანის გასაჭირი“, „კაცია- ადამიანი?!“, „ვინ გატეხა ქოთანი“, „იულიუს კეისარი“...
     სათეატრო ენის ერთ-ერთი საფუძველია სცენის მხატვრული სივრცე, რომელიც ძირითადად ორ ნაწილად იყოფა: სცენა და მაყურებელთა დარბაზი. არსებობს დადგმები, სადაც სივრცე სამ ნაწილად იყოფა: სცენა, სცენა-სცენაზე და მაყურებელთა დარბაზი, როდესაც სპექტაკლში თამაშდება „თეატრი-თეატრში“. „სადღაც ცისარტყელას მიღმაში“ შემოქმდებითი ჯგუფი მაყურებელს რეალურობისა და ირეალობის ზღვარზე გათამაშებულ ამბავს სთავაზობს. გარდასახვისა და გაუცხოების, უტრირებულად ჰეროიკულ-რომანტიკულისა და რეალისტური თამაშის ხერხის სინთეზით, სცენოგრაფიაში ჩართული „დოკუმენტური“ ვიდეოკადრებით, ტელევიზორში გაშვებული ე. წ. „პოლიტნიუსებით“, პაატა გულიაშვილის ერთდროულად ორ სივრცეში (სცენასა და ტელევიზორში) არსებული პოლიტმიმართვებითა თუ აღსარებებით, ლელა ალიბეგაშვილის - ანა ბე-ანაბელის ხელოვნების ისტორიაზე ლექციის წაკითხვისას მაყურებელთა დარბაზში ჩამოსვლით და მაყურებლის  მსმენალად მოაზრებით, სხვასთან ერთად, ინტერაქტიულობის, პუბლიცისტურობის, ბალაგანური თეატრის, საცირკო სანახაობების ხერხების გამოყენებით, რეჟისორები თეტრში თეატრის პრინციპზე აგებულ სათეატრო, პირობითი ენით მოყოლილ სანახაობას ქმნიან.  
   „სადღაც ცისარტყელას მიღმას“ სცენოგრაფია რეჟისორების შემოთავაზებული თხრობის ფორმას ჰარმონიულად ერწყმის. პიესაშიც და სპექტაკლშიც, მთელი მოქმედება სამხატვრო აკადემიის სტუდენტის - კატო კიკნაძის სახელოსნოში ვითარდება. მაყურებელთა დარბაზში შესვლისთანავე  ყურადღებას სცენა იპყრობს. ავანსცენზე ჩამოშვებული ფარდის შუაში ოთხკუთხედი ფორმის ღია სივრცეა დატოვებული. ეს ოთხკუთხა ღია სივრცე, ნახატის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელშიც ე. წ. „ტახტრევანი“ და ბოლოებში ჩამოფლეთელი მატერიისგან შექმნილი გამჭვირვალე ფარდაა გამოხატული. ეს უკანასკნელი, განათების მეშვეობით მოთეთრო, ძალიან ბაცი იასამნისფერი შეფერილობით იდუმალების შთაბეჭდილებას გიქმნის და მის მიღმა არსებულ სამყაროში შეჭვრეტას განდომებს. ავანსცენის შუა ნაწილში, ღიობის წინ დიდი მოლბერტი დგას. ერთ კუთხეში, ამ მოლბერტიდან თითქოს ჩამოვარდილა ფერწერული ტილო. ავასცენის მარცხენა მხარეს, მხატვრის სახელოსნოს შესაფერისი დიდი სავარძელია, მარჯვნივ კი მომცრო ზომის შავი მრგვალი მაგიდა, ზედ ღამის სანათურით, პატარა შავი ტაბურეტი და სავარძელია განლაგებული. სპეტაკლის ექსპოზიცია პაატა გულიაშვილის პერსონაჟის ტახტრევანზე შემოსკუპება-ამაღლებით და ილუზიონისტი-მაგების მიერ, ტილოგადაფარებული მოლბერტიდან ია სუხიტაშვილის მთხრობელი-კატოს „ჯადოსნური“ გამოჩინებით სრულდება. ფარდის აწევის შემდგომ მაყურებელი კატოს სახელოსნოს მთლიანობაში ხედავს. მხატვარმა და რეჟისორებმა სიძველის გამოსახატავად დეკორაციის უმეტეს ნაწილს ქვიშისფერი ელფერი შესძინეს. სახელოსნოს ზევიდან დაჰყურებს გრძელი აივნის მსგავსი კონსტრუქცია, რომლიდანაც მაყურებელს მოევლინება ხოლმე გოგა ბარბაქაძის პოლიციელი, დაჩის „მეგობარი“ - ვახო, ფინალისკენ კი კატოს ყოფილი მეუღლე, პაატა გულიაშვილი - გამყიდველი ოპოზიციონერი, ბინძური პოლიტიკოსი, მასთან ერთად დაჰყურებს კატოს, დაჩის და ან ბეს დამსხვრეულ ოცნებას, განადგურებულ ცხოვრებას. ისინი  შამპანურის ბოკალებით ხელში ზეიმობენ გამარჯვებას. სამწუხარო ცხოვრებისეული რეალობაა: უგვანობა და ბოროტება იმარჯვებს, სიყვარული და სიკეთე კი მარცხდება. როგორც აღვნიშნე, სცენოგრაფიაშივე აღიქმება სარეჟისორო ხერხი თამაშის სტილისტიკა: თამაშში თამაში, გაუცხოება, მოყოლა და გარდასახვა. მსახიობები ერთდროულად ყვებიან და გარდაისახებიან პერსონაჟებად, ამის საშუალებას დრამატურგიული ნაწარმოებიც იძლევა.


მუსიკას თეატრში - ანსამბლურ ხელოვნებაში - განსაკუთრებული ადგილი აქვს. სათეატრო სამყაროში მუდმივად ჟღერს მუსიკა, რომელიც  თავისებურ ატმოსფეროს ქმნის, მუდმივად ამდიდრებს, განმარტავს, ასწორებს, აძლევს მიმართულებას. მუსიკამ ხელი უნდა შეუწყოს გამთლიანებას და არ უნდა შემოიფარგლოს თანხლებით ან მაყურებელზე შთაბეჭდილების მოხდენით. იგი სპექტაკლის საერთო ტონალობის შექმნის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.  მუსიკა სცენურ ქმედებას თავისებურ ჟღერადობას ანიჭებს. ია საკანდელიძის „სადღაც ცისარტყელას მიღმასთვის“ შექმნილი მუსიკალური რიგი სპექტაკლის ამა თუ იმ ეპიზოდის ქარგას ქმნის. სხვადასხვა კლასიკოსი თუ თანამედროვე კომპოზიტორის ნაწარმოებების, ჰიტებად ქცეული კომპოზიციების, უცხოური და ქართული ხალხური თუ ქალაქური სიმღერების   ნაწყვეტები ორგანულადაა შეხამებული სპექტაკლის ქმედით განვითარებასთან, სცენებთან, ეპიზოდებთან, მოვლენებთან. ია საკანდელიძის მიერ შერჩეული ბეთჰოვენის, შოპენის, მოცარტის, მარჩელოს, ალბინონის, დებიუსის, მარკეტის, არლენის, ბერლინის, პორტერის, პიაცოლას და ა. შ. ნაწარმოებთა ნაწყვეტები, სპექტაკლის სხვა კომპონენტებთან ერთად, სარეჟისორო კონცეფციის ნათლად გამომხატველი და მაყურებლისთვის განწყობის შემქმნელია.
დამდგმელების მიერ შექმნილი სპექტაკლის რიტმი - სცენიდან სცენაზე, ეპიზოდიდან ეპიზოდზე გადასვლა - მაყურებელს ერთი წამით მოდუნების საშუალებას არ აძლევს. წარმოდგენის ტემპო-რიტმს, სხვასთან ერთად, რა თქმა უნდა, სპექტაკლში მონაწილე მსახიობებიც ქმნიან. წარმოდგენაში დაკავაბული ყოველი მათგანი პროფესიონალურად ასრულებს რეჟისორთა დასახულ ამოცანას. საინტერესო პერსონაჟები შექმნეს ახალგაზრდებმა. ზოგიერთ მათგანზე უკვე მოგახსენეთ. აგრეთვე აღსანიშნავია თამთა ინაშვილის იმპოზანტური მირანდა, რომელიც მხოლოდ ერთ ეპიზოდში ჩანს, მაგრამ დასამახსოვრებელი ტიპაჟია. პიესის გმირი - კატოს მეგობარი მანჩო ახალგაზრდულად, მოდურად: მუხლებზე დახეული  ჯინსებით, ბათინკებში და ორი ზომით დიდ სვიტერში გამოწყობილა, რეჟისორების ჩანაფიქრით კი გროტესკულ მირანდად გარდაიქმნა. სახელის ცვლილება, ალბათ, პერსონაჟის კოსტიუმიდან გამომდინარეა. თამთა ინაშვილის მირანდა გრძელ, საღამოს შავ კაბაში, ზედ თეთრ ბოა მოგდებული, შავი დიდი შლიაპით, კოსტიუმის შესაბამისი სიარულის მანერით მოევლინება მაყურებელს. გროტესკულობა ამ პერსონაჟის გარეგნულ გამოხატულებასა და შინაგანი ბუნების, ხასიათის დისონანსშია. თავიდან იგი მაცდური, ე. წ. ქალი „ვამპის“ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე. დაჩისთან დიალოგში კი ირკვევა, რომ ერთი „ტუტრუცანა“, მაგრამ კატოს ერთგული მეგობარია. მისი დაჩისთან „მოვლინება“, ერთხელ უკვე კაცის არჩევანში შემცდარი, კატოზე ზრუნვის მიზეზიდან გამომდინარეობს. კომიკურად განასახიერეს ბესო ზანგურმა და თამთა ინაშვილმა გაცნობის სცენა, დასამახსოვრებელია მათ მიერ შესრულებული „კანკანი“, რომელსაც ია სუხიტაშვილის კატო, მაინც ეჭვშეპარული გაშმაგებით ასრულებს.


ია სუხიტაშვილი მომხიბლავ, ჰაეროვან, ემოციურ, ჭკვიან, მაგრამ ბავშვურად მიამიტ ქალიშვილს თამაშობს. ის, რომ ია კარგი არტისტია, მტკიცება არ სჭირდება. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, მისი პედაგოგის გოგი მარგველაშვილის მიერ დადგმულ სადიპლომო სპექტაკლში - „ჯულიეტა და რომეო“ - იამ ჯულიეტას განსხვავებული, დასამახსოვრებელი სახე შექმნა. რობერტ სტურუასთანაც არა ერთი გამორჩეულად საინტერესო როლი განასახიერა. ამჯერადაც, მაესტროსა და მსახიობის ერთობლივი ნამუშევარი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მაყურებელს ხიბლავს იას მთხრობელი-კატო. ძალიან რთული ამოცანა დააკისრეს რეჟისორებმა მსახიობს - 19-20 წლის გოგოს როლის თამაში და მან ეს შეძლო. მსახიობს ნაფიქრი აქვს თითოეულ ჟესტზე, მიხვრა-მოხვრაზე, მოძრაობაზე, გამომეტყველებაზე, მეტყველების მანერაზე, ინტონაციაზე, აქცენტების დასმაზე. სკურპულოზურად დამუშავებულია პერსონაჟის ფიზიკური თუ შინაგანი სამყაროს გამოხატვის ხერხები. სხვანაირად, იგი ვერ შეძლებდა მაყურებლს აღექვა 19-20 წლის გოგონად. მიმნდობ, სიფრიფანა კატოს ცხოვრება ულმობლად ეპყრობა. შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა კაცს, რომელიც „ვაჟკაცი“, სამშობლოსა და ხალხისთვის თავგადადებული „მებრძოლი“ ეგონა. სინამდვილეში კი ლაჩარი კონფორმისტი აღმოჩნდა. შემდეგ, თავის მეორე ნახევარს - დაჩის პოულობს, მაგრამ სხვები ბედნიერებას არ გპატიობენ - დაჩის კლავენ.   

ბესო ზანგური ჩვენს რეალობაში არსებულ იშვიათ გამონაკლისს განასახიერებს. მისი დაჩი რომანტიკულობა შერჩენილი 23 წლის ბიჭია. პატიოსანი, გულმართალი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე ადამიანი, რომელმაც „ქუჩის კანონებიც“ კარგად იცის. უფრო სწორად იძულებეული გახადეს სცოდნოდა. ბესო ზანგურს რთული ამოცანა დააკისრეს რეჟისორებმა - „დადებითი“ და „ძველი ბიჭის“ ზღვარზე მყოფი პერსონაჟის შექმნა. მისი დაჩი ერთდროულად გულუბრყვილო, ჭკვიანი, კეთილი, მკაცრი, მოსიყვარულე ადამიანია. ბავშვობიდან ცხოვრება ტკივილს აყენებს, მაგრამ არ გაბოროტდა, პირიქით... გაშორებული მშობლების შვილს ბებია-ბაბუა ზრდიდა, ბაბუაც მალე გარდაიცვალა და მარტო დარჩნენ ბებია და შვილიშვილი. თანამდებობის პირის მეუღლეს მათი სახლის მდებარეობა მოეწონა, იქ კორპუსის აშენება მოინდომა, მაგრამ ამ ორი ადამიანისთვის ეს სახლი ცხოვრების ნაწილია და არ თმობენ. დაჩის ციხეში ამოაყოფინებენ თავს, საბოლოოდ კი საერთოდ კლავენ. ბესო ზანგურმა პერსონაჟის შინაგანი ბუნება ოსტატურად გამოხატა. სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებული მეტყველებით, პლასტიკით, ჟესტიკულაციით, მიმიკით მსახიობმა მრავალმხრივი, საინტერესო პერსონაჟი შექმნა.

აღგაფრთოვანებს ლელა ალიბეგაშვილის უსაყვარლესი ბებია, სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე მაყურებელს რომ თავს აყვარებს. ლელა ალიბეგაშვილის ანა ბე უფროობით ხარისხში აყვანილი აღიქვამს ცხოვრებას. მსახიობი კეთილ, მოსიყვარულე, ჭკვიან, ლამაზ,  ინტელიგენტ, „არაამქვეყნიურ“ ადამიანს განასახიერებს. ხელოვნებასა და ცხოვრებაზე შეყვარებული პედაგოგი, ცოდნასთან ერთად, სხვა ადამიანებს - შვილიშვილს, სტუდენტებს -სიყვარულს, სიკეთეს, სიმართლეს, პატიოსნებას, კეთილგანწყობას, სხვების გამოსარჩლების უნარს გადასცემს. თვალს ადევნებ ლელა ალიბეგაშვილის პერსონაჟს და ფიქრობ: ასეთი ადამიანი ჩვენს ულმობელ დროში არ უნდა დაბადებულიყო... მსახიობმა ოსტატურად გაართვა თავი რეჟისორთა მიერ დასმულ ამოცანას: ერთდროულად საყვარელი და კომიკური პერსონაჟი შექმნა. ანა ბეს კოსტიუმი მე-20 საუკინის შუა წლების ჩაცმულობას გაგახსენებთ. სხვადასხვა შტრიხით, დეტალით, მინიშნებით რეჟისორები და მსახიობი ნამდვილი პედაგოგის ტიპაჟს ქმნიან. მაგალითად, ხელოვნების ისტორიის გაკვეთილის შემდეგ, მას არ უნდა სცენა-აუდიტორიის დატოვება, სცენიდან გადის და რამდენჯერმე ისევ ბრუნდება. ხოლო, როდესაც სხვა ეპიზოდი მაინც იწყება, ხელს ჩაიქნევს და ისე ტოვებს სცენას. ლელა ალიბეგაშვილის ყოველი მოძრაობა, ჟესტი ბალერინის სიმსუბუქითა და ჰაეროვნებითაა აღვსილი. მისი მიმიკა კი პერსონაჟის მრავალმხრივ შინაგან სამყაროს გამოხატავს.


პაატა გულიშვილის გოგა ზარიშვილი  და  გოგა ბარბაქაძის ვახო მედროვე, უპატიოსნო, სკამისა და ფულის მოყვარული კონფორმისტები არიან. მათ არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ, საკუთარი მე-ს გარდა არავინ და არაფერი აინტერესებთ. ყველას და ყველაფერს: საყვარელ ადამიანს, ცოლს, მეგობარს, სამშობლოს გაყიდიან საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. მათთვის არაფერი წმინდა აღარ არსებობს. პაატა გულიაშვილი ყველაფერზე წამსვლელი „ბინძური“ პოლიტიკოსის გროტესკულ ტიპაჟს ქმნის. ჰაბიტუსით, სიარულის მანერით, მიხვრა-მოხვრით, დამახასიათებელი მეტყველებით მაყურებელში „ნაცნობი“ პოლიტიკოსსების ასოციაციას იწვევს. მსახიობმა და რეჟისორებმა გროტესკულ-კომიკური ტიპაჟი დაგვიხატეს. მაგალითად, ძალიან სასაცილო და კომიკურობით აღსავსე ეპიზოდია, როდესაც გოგა, ყოფილი ცოლის გამო, დაჩის „საქმეს ურჩევს“. ბაქი-ბუქისა და მუქარის მერე, როდესაც ხვდება, რომ დაჩისთან „წააგო“, ორ დიდ საბურავს ამოიღლიავებს, დუბაიდან გამოვიწერო ამბობს და ისე გადის სცენიდან.
სპექტაკლი ძალიან რიტმულია. ყოველი ეპიზოდი, თუ სურათიდან სურათზე გადასავლა საოცარ ტემპში მიმდინარეობას. ამას, რა თქმა უნად, მწყობრად აწყობილ, მათემატიკური სიზუსტით გათვლილ სარეჟისორო ქარგასთან, მუსიკალურ გაფორმებასთან, სცენოგრაფიასა და განათებასთან ერთად კოტე ფურცელაძის ქორეოგრაფიული ნამუშევარი უწყობს ხელს. სპექტაკლში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსახიობთა პლასტიკას. ქორეოგრაფმა თითოეული პერსონაჟის ხასიათის დამახასიათებელი პლასტიკური გამოხატულება შექმნა.
სპექტაკლზე ფიქრისას, ჩემდა უნებურად, მეფსალმუნე დავითის სიტყვები გამახსენდა: „და ვთქუ განკვირვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს“... (მე-16 კანონი). ბრძენი დავითის  საუკუნეების წინ ნათქვამი, ზუსტად ასახავს რობერტ სტურუასა და თანადამდგმელების მთავარ სათქმელს. ამქვეყნიური ყოფის სამწუხარო რეალობაა, რომ ცრუების და ფლიდებისაა ცხოვრება, ხოლო წესიერი, მართალი, პატიოსანი ადამიანები შემთხვევით გამონაკლისებად ქცეულან.
რუსთაველის თეატრს კიდევ ერთი კარგი სარეპერტუარო სპექტაკლი შეემატა.