Loading....
კარლო საკანდელიძე
კარლო საკანდელიძე 1928 წელს, ვანის რაიონის სოფელ ბზვანში დაიბადა. კარგი ბავშვობა არ ჰქონია - სამი წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, მესამე კლასამდე ბზვანში  იზრდებოდა, მამა და მეზობლები უვლიდნენ. შემდეგ კი, უფროს დებთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.

ქორეოგრაფიულ სტუდიაში ქართულ ცეკვებს სწავლობდა, სკოლის პედაგოგები ქიმიკოსობას ურჩევდნენ, თუმცა არც ცეკვა აურჩევია და არც ქიმიკოსობა - 1945 წელს, მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, კარლო საკანდელიძე თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. სტუდენტობის პერიოდში ვახტანგ ჭაბუკიანმა ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიწვია. ბატონი კარლო კორდებალეტში ცეკვავდა, რამდენიმე მთავარი პარტიაც მოამზადა, მაგრამ ბალეტსა და დრამას შორის არჩევანი მაინც მეორეზე შეაჩერა.


 1949 წელს აკაკი ხორავამ იგი დოდო აბაშიძესთან ერთად რუსთაველის თეატრში წაიყვანა. ეს ის პერიოდია, როცა რუსთაველის თატრი დაიწვა და თეატრის კოლექტივი კონსერვატორიაში მუშაობდა. ბატონ კარლოს მეგობრები ხუმრობით „დამწვარი თეატრის დამწვარ მსახიობსაც“ ეძახდნენ. რამდენიმე წელიწადში იგი ჯარში გაიწვიეს. სამი წლის შემდეგ კი, ისევ დაუბრუნდა თეატრს. კარლო საკანდელიძე რუსთაველის თეატრის ის ერთადერთი მსახიობი გახლდათ, რომელმაც მთელი შემოქმედებითი ცხოვრება ერთი თეატრის სცენაზე გაატარა.  




კარლო საკანდელიძის შემოქმედება მჭიდროდაა დაკავშირებული მიხეილ თუმანიშვილის სახელთან. ამ რეჟისორის სპექტაკლებიდან მსახიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული „ჭინჭრაქა“ აღმოჩნდა, რომელიც 1963 წელს დაიდგა. დედინაცვლის მიერ დაჩაგრული და სახლიდან გამოგდებული ჭინჭრაქას როლი კარლო საკანდელიძემ არაჩვეულებრივად ითამაშა. ეს იყო პირველი როლი, რომელიც მსახიობმა, ისევე როგორც წარმოდგენის ხვა მონაწილეებმა, თითქმის მთლიანად იმპროვიზაციის საშუალებით დაამუშავა. სპექტაკლი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მაყურებელიც არ აკლდა.  

კარლო საკანდელიძემ არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა სცენაზე: დიმიტრი ულიანოვი („ოჯახი“), გედეონი („ახალგაზრდა მასწავლებელი“), გოგია („ამბავი სიყვარულისა“), გიო („ტარიელ გოლუა“), გურამ შელია („ეზოშოი ავი ძაღლია“),  კუკურია („საქმიანი კაცი“), ოსიკო ხარებაძე („შემოდგომის აზნაურები“), ქუჩარა („ყვარყვარე თუთაბერი“),  გოგია (ლოსვეს ამბავი“), ტოშეკი („როცა ასეთი სიყვარულია“), ჭინჭრაქა („ჭინჭნრაქა“), ბუთხუზა („ძველი ყომარბაზები“), არისტო ქვაშავაძე („სამანიშვილის დედინაცვალი“),გლეხი და ქმარი („კავკასიური ცარცის წრე“), კეტსბი („რიჩარდ III“), სკრუჯი („შობის ღამის სიზმარი“) და სხვები.


რაც შეეხება კინოს, მისი დებიუტი 1955 წელს, ახალგაზრდა რეჟისორების, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის „მაგდანას ლურჯაში“ შედგა. ამ ფილმმა, სხვა პრიზებთან ერთად, კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მიიღო. მსახიობისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი იყო და  ხშირად აღნიშნავდა კიდეც, რომ მენახშირე ვანოს მისი გონებიდან ვერავინ წაშლიდა.  შემდეგ  იყო „დათა თუთაშხია“, სადაც მან არაჩვეულებრივად განასახიერა ნიკანდრო ქირია. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მისი სხვა  კინოროლებიც ფილმებში:  „ღვინის ქურდები“, „დათა თუთაშხია“, „მალე გაზაფხული მოვა“, „არ დაიდარდო“ და სხვა.  


კარლო საკანდელიძემ რუსთაველის თეატრის სცენაზე 61 წელი გაატარა. მას შესრულებული აქვს 80-მდე როლი თეატრში და 50-მდე როლი კინოში. 1958-59 წლების სეზონში, ბატონ კარლოს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კულტურის სამინისტროს პრემია  მიენიჭა ყურჭატას (პილატე თიკანაძის) როლის შესრულებისთვის (ვ. ჯანდელაკის „ქართლის ჩირაღდნებში“).  გარდა ამისა, გახლდათ საქართველოს სახალხო არტისტი, მიღებული აქვს საქართველოს ღირსების ორდენი.

კარლო საკანდელიძე 2010 წელს,  82 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 

გვანცა დელიბაშვილი