Loading....
|მაკო გოჩაშვილი|

უკვე მეთხუთმეტე წელი დაიწყო, რაც თეატრში ვმუშაობ. თავიდან რუსთაველის თეატრში დედაჩემი მუშაობდა, 50 წელი. დედა მოლარე იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ მე მის მაგივრად მოვედი. ყველამ კარგად მიმიღო. თეატრი ჩემი მეორე ოჯახია. ახლა დედას საქმეს მე ვაგრძელებ.
ჩვენ დიდი მისია გვაკისრია მაყურებლის წინაშე. გოგი გეგეჭკორი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ ჩვენ, მოლარეები, ვართ სავიზიტო ბარათი მაყურებელსა და მსახიობებს შორის. მართლაც ასეა. მაყურებელს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. მას უნდა დაეხმარო, ურჩიო სპექტაკლი, შეურჩიო ადგილი. ზოგი მხედველობას უჩივის, ზოგს ბავშვი მოჰყავს...  მე მათ ვესაუბრები და ვცდილობ, დავეხმარო. ბევრ მათგანს, პირველ რიგში, სპექტაკლის ჟანრი აინტერესებს. განსაკურებით დიდია მოთხოვნა რობიკოს სპექტაკლებზე.
თეატრში თითქმის ყოველდღე ხდება რაიმე ექსტრემალური ან სახალისო სიტუაცია. რამდენიმე დღის წინ იკითხეს თუ რა სპექტაკლი გადიოდა. მე ვუთხარი „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი“. თქვენ რომელს მირჩევთო მკითხა, მე ვუთხარი ყველას ერთად-მეთქი. ერთხელ კი, ერთი კაცი მოვიდა და მითხრა, ერთი კუპე თუ გაქვთ თავისუფალიო ისე, რომ არავინ შემოვიდეს და არ შემაწუხოსო. მეც ლოჟის ბილეთი მივეცი და იქ მეტი აღარავინ შევუშვი. რა თქმა უნდა, მანდილოსანთან ერთად იყო. ხშირად სადედამთილოები მოდიან და მეუბნებიან, რომ ბიჭისთვის იღებენ ბილეთს და თავისთის ისეთი ადგილის შერჩევა სურთ, რომ  კარგად დაინახონ სარძლოები. აი, ასეთებიც ხდება.
მუშაობის დროს თითქმის არასოდეს არ იქმნება რაიმე ტექნიკური ხარვეზი. დასაწყისში, როცა კომპიუტერულ სისტემაზე გადავედით, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მალევე შევეჩვიე. ხშირად, სპექტაკლის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე, ას ბილეთამდეც კი გამიყიდია. ამაში, რა თქმა უნდა, კომპიუტერული სისტემა მეხმარება. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ქართველი მაყურებელი ზარმაცი მაყურებელია და სულ ვთხოვ, რომ ნუ დაიგვიანებენ სპექტაკლზე.
ვიტყოდი, რომ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ახლანდელი და ძველი რუსთაველის თეატრი. პირველ რიგში, ძალიან შეიცვალა მაყურებელი. ადრე თეატრში სულ სხვა ხალხი დადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ  საშუალება არ ჰქონდათ, ჩვენ მათ ყველანაირად ვეხმარებოდით, რომ გარეთ არ დარჩენილიყვნენ. დღეს თეატრში ძირითადად ახალგაზრდა თაობა დადის და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ მურმან ჯინორიას მონო სპექტაკლზე „ქარი მწყურია მე პირდაპირი“ სულ ანშლაგია. მიხარია, რომ ახალგაზრდობას ასე ძალიან სიამოვნებს პოეზიის მოსმენა. მათ შორის არათბილისელებსაც, რომლებმაც ისიც კი არ იციან, თუ სად არის თეატრის შესასვლელი. ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ბიჭს გოგოსთვის ბილეთი უყიდია და ჩემთვის უკითხავს, თუ როგორ უნდა შესულიყო თეატრში, რათა შემდეგ გოგონასთან არ შერცხვენილიყო. ეს, ჩემი აზრით, მათი მშობლებისა და უფროსი თაობის შეცდომაა, რადგან მათ ამ ახალგაზრდებს თეატრალური აღზრდა-განათლება მოაკლეს. თუმცა ეს ყველაფერი გასაგებია, მძიმე წლები იყო...
მინდა, გავიხსენო დედაჩემის მოღვაწეობა რუსთაველის თეატრში. დედა 50 წლის მანძილზე მუშაობდა აქ. წარმოიდგინეთ, თეატრში ხორავას დროს მოვიდა და 18 დირექტორს მოესწრო. ყველასთან კარგი ურთოერთობა ჰქონდა. ძალიან თბილ და კარგ ადამიანად მიაჩნდათ. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის,  რუსთაველის თეატრის ძველი მსახიობები, რომლებიც ყოველთვის აქ, ამ ოთახში, იკრიბებოდნენ. მუშაობის დაწყება აქ სრულიად არ გამძნელებია, რადგან ყველამ თბილად მიმიღო და ჩემთან გააგრძელა მეგობრობა. ზინა კვერენჩხილაძე, გურამ საღარაძე, მედიკო ჩახავა და სხვა ბევრი დიდი მსახიობი თეატრში მოსვლისას პირველ რიგში აქ შემოდიოდა. დღესაც  მსახიობები ყოველთვის მეკითხებიან აზრს.
რუსთაველის თეატრში ყველა სპექტაკლი ნანახი მაქვს, ოღონდ ყოველთვის 10-15 წუთით გვიან მიწევს სპექტაკლებზე შესვლა. ძალიან მიყვარს თეატრი. აქაური კედლებიც კი მიყვარს. როცა სახლში მიწევს ყოფნა, ერთი სული მაქვს როდის მოვალ სამსახურში. დედაც ასე იყო. მაშინ არ მესმოდა მისი, ახლა კი მეც გამოვცადე ეს გრძნობა და მართლაც ასე ყოფილა. ჩემთვისაც დიდი სიხარულია მსახიობების ყურადღება და მათი სიყვარული.






Comments/disqusion
No comments