Loading....
|მაკო გოჩაშვილი|

27  წლის რობერტ სტურუამ 1965 წლის 19 თებერვალს რუსთაველის თეატრის სცენაზე საზოგადოებას ისეთი შთამბეჭდავი და სრულყოფილი სპექტაკლი წარუდგინა, რომ  წლების შემდეგაც ქართული თეატრის ისტორიაში „სეილემის პროცესი“ ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ სპექტაკლად მიიჩნევა.
პიესას, რომლის ავტორიც ამერიკელი დრამატურგი არტურ მილერია, 1692 წელს მომხდარი ისტორიული ფაქტები უდევს საფუძვლად. ფაქტები, რომლებიც განუკითხაობაზე, უსამართლობაზე, ცრუ მტკიცებებზე და ცილისწამენით შედგენილ ჩვენებებზე მეტველებდნენ. ახალგაზრდა რობერტ სტურუამ მოახერხა, რომ თავისი თაობის სახელით სიმართლე ეთქვა უახლოესი წარსულის იმ სინამდვილეზე, რომელმაც მისი წინა თაობა ერთიანად შეიწირა. სპექტაკლში აშკარა კვალს ტოვებდა ალეგორია, გროტექსკი, სარკაზმი, ირონია, ფარსი - ყველაფერი, რაც სტურუას „პოლიტიკური თეატრის“ უმთავრებს შემადგენელ კომპონენტებად იქცა.
ნოდარ გურაბანიძე „სეილემის პროცესს“ რობერტ სტურუას პირველ დიდ სპექტაკლს უწოდებს. მის მიერ გამოქვეყნებულ რეცენზიაში ვკითხულობთ: „...მასში ყველა კომპონენტი ამოქმედებული იყო: - სამსახიობო შერულება, სცენოგრაფია, მუსიკა ერთ მთლიანობას ქმნიდა და სტილისტურად უნაკლოდ იყო კომპონირებული. აქ ერთმანეთს ერწყმოდა რუსთაველის თეატრის ტრადიციის და თანამედროვე თეატრის საუკეთესო თვისებები.“
მეტად საინტერესო იყო სპექტაკლის სცენოგრაფია. ფარდის ნაცვლად სცენაზე რკინის მძიმე კედელი ეშვებოდა, რომელიც ერთმანეთისგან ყოფდა პარტერსა და სცენას. ეს ის რკინის ფარდაა, რომელიც სახანძრო უშიშროების მიზნით ეშვება ხოლმე სპექტაკლის დასასრულს. ეს კედელი  თავისი სიმძიმითა და ხმაურით გილიოტინასთან ასოცირდებოდა. ფარდის მიღმა სრულ სიბნელეში ჩაფლული სამყარო იყო, სადაც უაღრესად მძიმე, სულის შემხუთველი ატმოსფერო სუფევდა.  
სპექტაკლში მონაწილეობდნენ რუსთაველის თეატრის უკვდავი მსახიობები: ზ. კაერენჩხილაძე, ე. მაღალაშვილი, გ. საღარაძე, ჯ. ღაღანიძე, ბ. კობახიზე და სხვ.
„სეილემის პროცესზე“ დაწერილ უამრავ სტატიას შორის ვკითხულობთ:
o        „სტურუამ იპოვნა ადამიანების ურთიერთობის ფსიქოლოგიური არხები, მონახა სპექტაკლის ზუსტი ინტონაცია.“
o        „სეილემის პროცესის დადგმამ ერთხელ კიდევ გვიჩვენა რუსთაველის თეატრის დიდი მხატვრული პოტენციალი და რთული შემოქმედებითი ამოცანებს წარმატებით გადაწყვეტის უნარი.“  (1965 წლის 18 მარტი, თბილისი).
აღსანიშვანია ის ფაქტრი, რომ ეს სპექტაკლი პიესის ავტორმა, არტურ მილერმა იხილა რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე. სწორედ მას ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „დარბაისლური წარმოდგენაა და არა სენტიმენტალური, როგორც ეს ზოგიერთ სცენაზე მინახავს. მომეწონა, ძალზე შთამბეჭდავია. მიზანსწრაფულია, ძლიერია მოქმედება, მთლიანია და მონოლითური, კარგად ჩაფიქრებული ეპიზოდები მოქმედების განვითარების საშუალებას იძლევა.“
1975 წელს, სპეტაკლის დადგმიდან ათი წლის შემდეგ, რობერტ სტურუამ თქვა: „ჩემი პირველი სერიოზული ნაბიჯი რეჟისურაში გახლდათ როზოვის „ვახშმობის წინ“ და მილერის „სეილემის პროცესი.“ რეჟისრომა აუცილებლად უნდა გამოსცადოს თავი ყველა ჟანრში, რათა შეისისხლხორცოს მათი თავისებურებანი, მიაგნოს იმას, რისთვისაცაა მოწოდებული. ამისათვის მე ათ წელზე მეტი დამჭირდა, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც მიჭირს თქმა, ვიპოვე თუ არა ჩემი „ამპლუა."


ეს იყო სპექტაკლი, რომლის საშუალებითაც რობერტ სტურუამ საკუთარი თავი ახალგაზრდა თაობის უაღრესად საინტერესო რეჟისორთა რიგში ჩააყენა. გავიდა წლები და დღესაც, რეჟისორი რობერტ სტურუა გამუდმებით აოცებს და აღფრთოვანებულს ტოვებს განურჩევლად ყველას, დიდი თუ პატარა თაობის წარმომადგენლებს.

Comments/disqusion
No comments