Loading....
|ნუცა კობაიძე|

    
 გაზეთი „ქართული თეატრის დღე“ (2003წლის 14 იანვარი)
  ნინო მაჭავარიანი „მწვერვალიდან მწვერვალამდე“

        ჟანრი ლოლაშვილი იმ მსახიობთა პლეადის წარმომადგენელია, რომელზედაც დიდი ქართველი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი ოცნებობდა და ერთი ეპითეტით მოიხსენიებდა თავის წერილებში - „სინთეზური“. ჟ.ლოლაშვილს მრავალმხრივი ნიჭი მიმადლა ბუნებამ - ის გამოირჩევა განსაკუთრებული მუსიკალური, პლასტიკური, დრამატული მონაცემებით, არის საინტერესო მხატვარი და კიდევ უფრო საინტერესო პიროვნება.
რობერტ სტურუა მისი დახასითებისას საყურადღებო მოსაზრებას გამოთქვამს რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცულ მსახიობის ერთ-ერთ დღიურში: „მისი შესრულებული როლები ყოველთვის კარგად ერწყმის სპექტაკლის სტილისტიკას. იგი მუსიკალური ენერგიით სავსე დაუცხრომელი ოსტატია“. მაგრამ ის, როგორც ჩანს, მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული, ამ ენერგიასაც ფლობდა, რადგან მოსკოვში უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე მხატვარ-მულტიპლიკატორის პროფესიის შესასწავლად ჩააბარა გამოცდები. მსახიობის ოსტატობის პედაგოგმა სტაბილინმა კი პირველად სერიოზულად დააფიქრა, რამდენად სწორი იყო ეს არჩევანი, თუმც სასცენო ხელოვნებაში მიღწეულმა მომავალმა წარმატებებმა ხატვის სურვილი ამ ხელოვანში მაინც არ შეანელა.
ეს ორი, ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობა - ინდივიდუალიზმი მხატვრობაში, ექსცენტრიზმი - სასცენო ხელოვნებაში, ერთ პიროვნებაში  პოულობს განსხეულებას. მის მდუმარე ფერწერასა და თერგივით ახმაურებულ გმირებში ერთი ადამიანის სული ბობოქრობს.
როგორც ხელოვანი ესთეტი, ის ყოველთვის ცდილობს და ახერხებს კიდეც იპოვოს და გამოსახოს მშვენიერი თავის პერსონაჟებში. მას უყვარს თავისი გმირები და უკვირს, როდესაც მათ უარყოფითად მოიხსენიებენ.
-         განა შეიძლება ავტორს თავისი გმირი მოსწონდეს და თან ისე ამათრახებდეს, როგორც ილია? - ეკითხებიან მსახიობს ერთ-ერთ ინტერვიუში.
-         კი არ მოსწონს, უყვარს-მეთქი, - „გვარკვევს“ ჟანრი ლოლაშვილი ლუარსაბისა და მისი ავტორის დამოკიდებულებაში, - ილიას სიტყვები გაიხსენეთ, ბოლოს და ბოლოს, მოვკიდებ ხელს ამ ჩემს ლუარსაბიკოს და ვივლით ერთადო.
რამდენად უპრიანია ილიას უარყოფითი პერსონაჟის თავად მასთან შედარება, კომენტარი მკითხველისთვის მიგვინდია, თუმცა ეს წარმოდგენა მაინც სხვა მხატვრულ განზომილებაში, სხვა სცენოგრაფიულ პლასტებში წარმოაჩენს მთავარ აზრს - ლუარსაბი მსხვერპლია იმ დროისა, რომელშიც ცხოვრობს და მასაც, ისევე როგორც ჩვენ, არც ბედისწერისა და არც სოციალური უკუღმართობების თუ საზოგადოებრივი ცხოვრების შეცვლა ძალუძს. მაინც, რა მოქმედება შეიძლება მოვთხოვოთ ლოლაშვილის ლუარსაბს, რომელიც ამ პერსონაჟისაგან განსხვავებით, საკმაოდ საინტერესოდ მსჯელობს? ის შფოთავს ილიას მკვლელობის გამო, ბობოქრობს იმ ქვეყანაზე, სადაც ამდენი უსამართლობა და დანაშაული ხდება და ვერავინ ახერხებს ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ. და ეს პატარა კაცი თავისი ადგილ-მამულის პატრონადაც ვერ გვევლინება. ერთი ხიზანი ჰყავთ ცოლ-ქმარ თათქარიძეებს, რუსი, რომელიც მათთან მოსულ უცხოელებს მასპინძლებზე უფრო მარჯვედ იგერიებს. მასპინძლებთან კი მშვიდად ცხოვრობს და მორჩილად ელის იმ დროს, როცა ამ მიწის მფლობელი გახდება მომავალში. ჟანრი ლოლაშვილის ლუარსაბმა იცის, რომ მხოლოდ მემკვიდრის ყოლა ააშორებს მძიმე ხვედრს, ბევრ სხვა რამესაც ხვდება, მაგრამ ძმას მაინც მტრობს და ამან დააქცია სწორედ საქართველო. ძმის შვილისთვის ქონების დატოვებას თავისი სახლ-კარის უპატრონოდ დაგდება ურჩევნია. რამდენი ეროვნული და სოციალური მანკიერება ამხილა დიდმა ილიამ ამ პერსონაჟით!
არსებობს დიდი და პატარა როლი, - ამტკიცებს ბ-ნი ჟანრი, - არის როლი, რომელზედაც სიყვარულით ვმუშაობ და ისიც, რომელსაც მოვალეობის გამო ვასრულებ.
მის შემოქმედებაში ამ მეორის გარჩევა ჭირს. როგორც ჭეშმარიტი პროფესიონალი, უინტერესო და არაორიგინალურ ნამუშევარს არასდროს, თავაზობს მაყურებელს. ის ყოველ გმირს მისთვის აუცილებელი ჟესტებით, ინტონაციებით, სცენური მოძრაობით, მეტყველებით ახასიათებს. გავიხსენოთ თუნდაც მისი გრენგოლმი (შ.დადიანის „გუშინდელნი“), ელეგანტური, მომხიბვლელი, თეთრ მუნდირში გამოწყობილი, ოქროსფერი ეპოლეტებითა და მომაჯადოებელი ღიმილით რომ შემოდიოდა სცენაზე და ამ უბედურ, სულიერად დაბეჩავებულ ბრბოში ყველას აბრუნებდა თავისი „ბედნიერების“ ვიზუალური ჩვენებით. ის მსუბუქად დააბიჯებდა, ტკბებოდა ყველა სიკეთით, რასაც თავაზობდნენ და სცენაზე გაშლილ დიდ სუფრაზე (რაც მთლიანად საქართველოს სიმბოლოდ აღიქმებოდა) ატარებდა დროს. ბოლოს კი, შექეიფიანებული, მაგიდაზე შეხტებოდა ცეკვით და ჩექმებით თელავდა მასზე დაწყობილ სანოვაგეს. გრენგოლმი მრავალი დეტალითა და ფსიქოლოგიური წიაღსვლებით მდიდარი სცენური სახე იყო. და რადგანაც რუსულ ჩექმაზე ითქვა ორიოდ სიტყვა, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს მისი ავშაროვი (მ.ჯავახიშვილის „ქალის ტვირთი“), რომელიც მსახიობისა და რეჟისორ თ.ჩხეიძის ინტერპრეტაციით, უარყოფით გმირად თითქოსდა არც მოიაზრებოდა. მსახიობი გვიხატავდა მიზანსწრაფულ უკომპრომისო ნატურას, მისთვის დამახასიათებელი პროფესიული ჩვევებითა და ადამიანური ვნებებით. ლოლაშვილის გმირი ტრაგიკული პიროვნებაა, რომელსაც საყვარელმა ქალმა უღალატა. მისი განცდები წრფელია, შურისძიება კი - მამაკაცური.



ჟანრი ლოლაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ფურცლებზე არა ერთი მნიშვნელოვანი როლია აღბეჭდილი, რომელთაგან ერთ-ერთ უმთავრესს მასხარას როლი წარმოადენს (შექსპირის „მეფე ლირი“). რ.სტურუა, როგორც ყოველთვის, ამ სპექტაკლშიც ორიგინალური რეჟისორული ინტერპრეტაცია შესთავაზა მაყუურებლს - ლირი აფექტის (სიგიჟის) დროს კლავს მასხარას. ჟანრი ლოლაშვილის მასხარა „ტვინში დაჭრილი“ ლირის ის ნაზი და ფაქიზი სულია, რომელიც მას ქალიშვილისგან პირველი შეურაცხყოფის მიღებისას გამოეყო, განსხეულდა და მოხუცი მეფის საბოლოო გაგიჟებამდე - გონებრივ გასხივოსნებამდე და რეალობის აღქმის ტრაგიკულ გრადაციამდე - მასთან რჩება, რათა აუხილოს თვალები, დაანახოს სინამდვილე, ააცილოს ბოროტი, რომელიც თავად მანვე დათესა სამეფოში. ჟანრი ლოლაშვილის პერსონაჟი სცენაზე მუდმივ მოქმედებაშია. ხან ხოხავს, ხან დარბის ძაღლივით ოთხ ფეხზე, ხან კოჭლობს და მაინც, სიკვდილის სცენამდე ის წარმოდგენის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.
ჟანრი ლოლაშვილმა შეძლო ამ სცენური სახის სრულყოფილი მხატვრული სიძლიერით დახასიათება. ამ როლით მსახიობმა დაამტკიცა, რომ არამხოლოდ დიდი პროფესიონალია, არამედ განუმეორებელ სცენურ ხიბლს და ინტელექტს ფლობს. როგორც წარმოდგენა, ისე ეს პერსონაჟიც ღრმად იყო გაანალიზებული ქართველი და უცხოელი თეატრალების მიერ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ „მუსიკალური ენერგიით სავსე“ ჟანრი ლოლაშვილმა კიდევ ერთი დაუვიწყარი სახე შექმნა რუსთაველის თეატრის სცენაზე. ეს იყო მთხრობელი ბ.ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრიდან“. ეს პერსონაჟი მიკროფონით ხელში დაყვება მსახიობებს და ხან სიმღერით, ხან მუსიკალური რეჩიტატივებით, ლოზუნგებით, პლასტიური სცენური მოძრაობებით, თანაგრძნობით სავსე, მუსიკალური ფრაზებით იპყრობს მაყურებელს. ის რჩევას აძლევს პერსონაჟებს, ეხმარება (გრუშეს თოკის გაბმაში), დასცინის (ქ-ნი ნათელას გარდერობის სცენა), თანაუგრძნობს თუმცა მოქმედებაში ვერ ერევა. მეტყველების მახვილების ხაზგასმულად გადანაცვლებით, ხმის ინტონაციური მრავალფეროვნებით, მსუბუქი იუმორით, იშვიათი, შესაშური თავისუფლებითა და კომუნიკაბელობით როგორც პერსონაჟებთან, ისე მაყურებელთან, ჟანრი ლოლაშვილის მთხრობელი ამ წარმოდგენის ცენტრალურ გმირად და მის იდეურ ხერხემლად გვევლინება.


დღეს ჟანრი ლოლაშვილის სცენურ ქმედებაში ის გასაოცარი სიმსუბუქე, რომელიც გამოუცდელ მაყურებელს აფიქრებინებს, რომ ძალიან იოლია სცენაზე თამაში. ურთულესი ფსიქოლოგიური ნიუანსების სცენური წარმოსახვისასაც მსახიობისგან არ იგრძნობა არანაირი ზეწოლა. ის აუღელვებლად ასრულებს რთულ მუსიკალურ და პლასტიკურ პარტიტურას და გრძნობ, რომ ეს ოსტატობის ის მწვერვალებია, რომელსაც, გამოცდილებასთან ერთად, ტალანტი სჭირდება. აქ უკვე იგრძნობა ის უმაღლესი ესთეტიკური კატეგორია, ტკბობას რომ უწოდებენ. ტკბობა არა საკუთარი შემოქმედებით, არამედ, როგორც სტანისლავსკი იტყოდა, იმ ხელოვნებით, რომელიც ამ ბრწყინვალე მსახიობშია განსხეულებული.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: 
მგელი, ბიჭი (სულხან-საბა ორბელიანი  ,,სიბრძნე სიცრუისა”, რეჟისორი - ნ. ხატისკაცი),
ტიმოთე  (ა. ცაგარელი ,,ხანუმა”, რეჟისორი - რ. სტურუა),
გრენგოლი (შ. დადიანი ,,გუშინდელნი”, რეჟისორი - თ. ჩხეიძე),
მეორე ვეზირი (ა. სულაკაური ,,სალამურა”, რეჟისორი - რ. სტურუა),
მწერალი (პ. კაკაბაძე  ,,ყვარყვარე”, რეჟისორი - რ. სტურუა),
მერკუციო  (შექსპირი  ,,რომეო და ჯულიეტა”, რეჟისორი - გ. ქავთარაძე),
თედორე (ა. ტოლსტოი ,,ივანე მრისხანეს სიკვდილი” რეჟისორი - ლ. მირცხულავა),
მთხრობელი (ბ. ბრეხტი  ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი - რ. სტურუა),
გიორგი (ნ. წულეისკირი  ,,თუთარჩელა”, რეჟისორი - ნ. ხატისკაცი),
ავშაროვი (მ. ჯავახიშვილი  ,,ქალის ტვირთი”, რეჟისორი - თ. ჩხეიძე),
ვარსქენი (ი. ცურტაველი  ,,შუშანიკის მარტვილობა”, რეჟისორი - ნ. ხატისკაცი),
ბრიგადირი (ა. გელმანი ,,დასაწყისი”, რეჟისორი - რ. სტურუა),
ლენინი, ექიმი ობუხი, ტიხონოვ-ლუგოვოი (მ. შატროვი ,,ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”, რეჟისორი - რ. სტურუა),
გოგი, ბანდიტი, დავითი (რ. სტურუა, ა. ვარსიმაშვილი, ლ. ფოფხაძე ,,ვარიაციები თანამედროვე თემაზე”, დამდგმელი რეჟისორი - რ. სტურუა, რეჟისორი - ა. ვარსიმაშვილი),
იონა (ლ. თაბუკაშვილი ,,ათვინიერებენ მიმინოს”, რეჟისორი - ა. ვარსიმაშვილი),
მასხარა (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი - რ. სტურუა),
ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძე ,,კაცია-ადამიანი?!”, რეჟისორები - რ. სტურუა, ა. ენუქიძე)

ჟანრი ლოლაშვილს შექმნილი აქვს  მრავალი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე. მან ითამაშა ფილმებში: “მწვანე მდელო”(რეჟისორი - ა. რეხვიავილი),  “მოხეტიალე რაინდები” (რეჟისორი - თ. ფალავანდიშვილი), “ერთაწმინდა” (რეჟისორი - ზ. თუთბერიძე),  “მოგზაურობა ქვეყნიერების დასასრულისკენ” (რეჟისორი - ა. მაიოროვი),  “ნუცა” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი),  “ჩემი ინგლისელი პაპა ანუ რობინზონიანა” (რეჟისორები - ნ. ჯორჯაძე და ი. კვირიკაძე), “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე” (რეჟისორი - ლ. ღოღობერიძე),  “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი” (რეჟისორი - რ. ჩხეიძე), “მიახლოვება” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი),  “გზა შინისაკენ” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი), “დარჩი ჩემთან” (რეჟისორი - ზ. ურუშაძე), “ბაგრატიონი” (რეჟისორები - გ. ჭოხონელიძე და გ. მგელაძე), “საფეხურები” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი),  “ჭა” (რეჟისორი - ჩარკვიანი),  “ცხელი ძაღლი” (რეჟისორი - ზ. ურუშაძე),  “სამი სახლი” (რეჟისორი - ზ. ურუშაძე)  და მრავალი სხვა.

სატელევიზიო სპექტაკლები:
“კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”,  “მიწისქვეშა სასახლეები” და სხვა.
მიღებილი აქვს წოდებები და ჯილდოები:
1976 წ. - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი,
1979 წ. - სსრკ სახელმწიფო პრემია,
1981 წ. - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი,
2000 წ. - პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (,,კაცია- ადამიანი?!”, რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს ნიღაბი”).

Comments/disqusion
No comments