Loading....
                                                                                                                    |ნანუკა სეფაშვილი|


მერაბ მერაბიშვილი (რუსთაველის თეატრის სადადგმო ნაწილის უფროსი) :

25  წელია რაც რუსთაველის თეატრში ვმუშაობ. სადადგმო ნაწილის უფროსი გახლავართ. სადადგმო საქმე თეატრში  ერთ-ერთი წამყვანია. ჩვენ კულვარულ ცხოვრებას ვეწევით, ფარდებს მიღმა სამყარო ვართ. ჩვენ ვამზადებთ ყველაფერს: ვაცმევთ მსახიობებს, ვაკეთებთ დეკორაციებს დამდგმელი მხატვრისა და მთავარი რეჟისორის მეშვეობითა და  იდეებით. ესკიზებს  დამდგმელი მხატვარი აკეთებს, ამის მიხედვით ვაკეთებთ მაკეტს. მაკეტის საშუალებით ითვლება მასალები, ღირებულება. მაკეტის დამზადების შემდეგ კი  რეჟისორი  იწყებს მუშაობას  ჯერ მაკეტთან, შემდეგ მსახიობებთან.  მისი  მეშვეობით ანაწილებს სად უნდა იყოს მაგალითად  მაგიდა და  სად  სკამი. საიდან უნდა შემოვიდეს  მსახიობი და ა.შ.  აი ასე ვითარდება ყველაფერი,  ნელ-ნელა.
დასრულებულ მაკეტში ცვლილებები იშვიათად შეგვაქვს, მაგრამ  თუ რეჟისორს რამე არ მოეწონა ან უფრო უკეთესი იდეა დაებადა, მის გადაკეთებაზე ჩვენ ვმუშაობთ. რადიკალური ცვლილებები იშვიათად ხდება. რეჟისორს მივყავართ იქითქენ თუ რა როგორ უნდა გავაკეთოთ. თუმცა, ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ ბევრი რამ შეგვიცლია. დეკორაციაც გადაგვიღებია მთლიანად. ეს თეატრში ძალიან ბუნებრივი მოვლენაა.
მაკეტის დამზადება საკმაოდ შრომატევადია. მაკეტი რომ გააკეთო, რამოდენიმე სპეციალობას უნდა ფლობდე. დურგლობა უნდა იცოდე, ცოტა ოქრომჭედელიც უნდა იყო, პირველ რიგში კი მხატავრი უნდა იყო. თუმცა, ხატვის სწავლა ყოველთვის შეიძლება. თუ მხატვარი ვერ გამოხვალ, ხატვას რაღაც დონეზე მაიც შეძლებ.
ადრე  თეატრალური უნივერსიტეტის  ბავშვები ჩემთან გადიოდნენ პრაქტიკას,  ჩვეულებრივი საგანი იყო და მე ჩათვლებს ვუწერდი. თეატრში დავატარებდი, მთელ ტექნიკას ვაცნობდი და შეკითხვებზე ვპასუხობდი. გარკვეულ ინფორმაციას ვაძლევდი, რადგან მომავალ მსახიობს უნდა სცოდნოდა თუნდაც ელემენტარული თეატრალური ტერმინოლოგია . მე ვუხსნიდი და ვასწავლიდი. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. ასევე,  ვაჩვენებდი თუ როგორ მუშაობენ სცენის მემანქანეები. დიდ შრომას ეწევიან ისინი. ყველაფერზე პასუხს აგებენ.  წარმოგიდგენიათ მსახიობი  ჰაერშია და მათი ბედი  მემანქანეების ხელშია. ისინი მსახიობების უხილავი პარტნიორები არიან.
სადადგმო  ნაწილს სამუშაო ყოველთვის ბევრი გვაქვს.  გარდა სხვა საქმეებისა, ყველა სპექტაკლის განახლება გვიწევს; დეკორაციის რესტავრაციას გვულისხმობ. სპექატკლის დაშლა-აწყობა ასე ადვილი არ არის. წარმოიდგინეთ სახლში ყოველ კვირა რომ დაშალოთ და ააწყოთ კარადა. რა დარჩება მისგან?! იგივეა სპექტაკლის დეკორაციაც. თანაც ამხელა მაშტაბში. ყოველი 10 სპექტაკლის შემდეგ სპექტაკლი უნდა აღდგეს.  რაღაც დაიხევა, რაღაც გაფუჭდება, რაღაც გატყდება. ჩვენ კი მას ვარემონტებთ ან ახალს ვაკეთებთ. ამას ვერც მაყურებელი იგებს და ვერც მსახიობი. ასე რომ,  სამუშაო სულ გვაქვს.
ყოველ  საღამოს კი,  როცა ყველა მიდის და თეატრი ცარიელდება ვიღებ გასაღებებს და ყველა საამქროს პირადად ვამოწმებ, რომ რამე არ დარჩეს ჩართული. მორიგეები რა თქმა უნდა ყველაფერს ამოწმებენ, მაგრამ თუ პირადად არ შემოვიარე მთელი თეატრი, ისე ვერ დავმშვიდდები. მოკლედ,  საპასუხისმგებლო სამუშაოა, თუმცა უზომოდ საინტერესო.




Comments/disqusion
No comments