Loading....
                                                                                                                               |ნანუკა სეფაშვილი|



ჯემალ ღაღანიძე :

           ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, როცა გადავწყვიტე მსახიობი გავმხდარიყავი. ახლა, როცა  სკოლის მეგობრები მხვდებიან ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ყველას კარგი სამუშაო აქვს - ზოგი ლექტორია,  ზოგიც მეცნიერ მუშაკი - ყოველთვის მეუბნებიან: ჯემალ, შენ ყველაზე ბედნიერი კაცი ხარ ჩვენ შორის, რადგან რაც სკოლაში ჩაიფიქრე,  ყველაფერი, ყველა სურვილი შეისრულეო. 
          დაახლოებით მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა მორიგი ცელქობის შემდეგ კლასის დამრიგებელმა  კლასიდან გამაგდო. თურმე, გამიღია კარი და გასვლისას მითქვამს: "ქალბატონო ელენე, დაიმახსოვრეთ, მოვა დრო და  ჩემს სპექტაკლზე ბილეთების რიგში გნახავთ". ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ რუსთაველის თეატრში მოვხვდი.  მერე „ხანუმაში“ ვითამაშე. ამ სპექტაკლზე  ბილეთები არასდროს იშოვებოდა, მხოლოდ  გადამყიდველებთან თუ იშოვნიდი.  მისულა ჩემს მასწავლებელთან მისი ქალიშვილი  და უთქვამს: დედა, ჯემალიც თამაშობს ამ  სპექტაკლში და მიდი, უთხარი, ორი ბილეთი რა გახდაო. ქალბატონ ელენეს კი ხუმრობით უთქვამს - მასთან ცოცოხალი თავით არ მივალ,  დამუქრებულიაო.
         დედაჩემი  პედაგოგი  იყო. მე ვფიქრობ, სწორედ მისი დამსახურებაა  თეატრისადმი ჩემი ასეთი სიყვარული. მე და ჩემი ძმა, როცა პატარები ვიყავით, სულ დავყავდით თეტრში. ჩვენი საბავშვო ბაღის წინ მაგისტრალი გადიოდა. თუ დავინახავდი მანქანას,  რომელსაც დეკორაციები გადაჰქონდა, მივრბოდი საბავშვო ბაღის ეზოში და ვყვიროდი: თეატრი, თეატრი. 
         ერთ ზაფხულს პიონერთა ბანაკში გამიშვეს. ხელმძღვანელებად  თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები დამხვდნენ: მათ შორის გურამ საღარაძეც იყო.  ერთხელ, მან  თქვა - ეს მგონი საჩვენო კაციაო. ასე დაიწყო ჩემი თეატრალური ამბები.  როცა ბანაკიდან ჩამოვედით, გურამმა საკურსო სპექტაკლზე დამპატიჟა. სწორედ   მაშინ შევაღე  პირველად თეატრალურის კარი. 


          ამ პერიოდში 11 წლიანი სწავლება შემოიღეს სკოლებში. მაშინ, თეატრალურში ყოველ წელს არ იყო მიღება.  ამიტომაც, თუ 11 წელი ვისწავლიდი თეატრალურში ჩაბარებას ვეღარ მოვასწრებდი. გადავწყვიტე,  საინგილოში გადავსულიყავი სასწავლებლად, რადგან იქ  სწავლა, ძველებურად, ისევ 10 წლიანი იყო. ეს ჩემთვის თავისუფლების წელიწადი იყო.  სკოლაში თეატრი გავხსენი, თავადვე ვწერდი პიესებს და მასწავლებლებასა და მოწაფეებს ვათამაშებდი. ერთი წლის შემდეგ დავბრუნდი თბილისში და   წარმატებით ჩავაბარე  მისაღები გამოცდები. გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფში მოვხვდი.  
         ორი-სამი თვით ადრე, სანამ ინსტიტუტს დავამთავრებდი,  სრულიად მოულოდნელად,  ჩემთან მოვიდა ბატონი მიხეილ  თუმანიშვილი, რომლსაც მანამდე მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი და მითხრა  რომ  რუსთაველის თეატრში დგამდა  სპექტაკლს „ფილოსოფიის დოქტორი“ და  ძალიან მჭირდებით  შენ და ზინა კვერენჩხილაძეო. აი, ასე აღმოვჩნდი რუსთაველის თეატრში. 1956 წლის სეზონი  სწორედ  ამ  სპექტაკლით გაიხსნა. მას  შემდეგ აქ ვარ. რაც კი შეიძლება ინატროს მსახიობმა, ყველაფერი მომცა თეატრმა ამ წლების განმავლობაში. მათ შორის უამრავი პრემია.  თეატრმა არაფერი დამაკლო. 
        დებიუტი, რა თქმა უნდა, არასდროს  დამავიწყდება. თუმცა, კიდევ ბევრი სპექტაკლი იყო, რომლებმაც  ძალიან  დიდი როლი ითამაშეს  ჩემს შემდგომ შემოქმედებით ცხოვრებაში. მაგალითად „ბახტრიონი“, რომელიც ბატონმა დოდო ალექსიძემ დადგა. შემდეგ „მეტეხის ჩრდილში“. ამ სპექტაკლში ფირუზას როლი ვითამაშე. მაშინ ამბობდნენ, რომ ასე არასდროს მითამაშია. სერგო ზაქარიაძის პარტნიორი ვიყავი. შემდეგ,  რობიკოს სპექტაკლები წამოვიდა.  „ჯემალი ჩემი თილისმაა“ - აღნიშნა რობიკომ ერთ-ერთ ინტერვიუში, იმიტომ რომ მე მის ყველა სპექტაკლში  ვმონაწილეობდი. სტურუას  „კავკასიური ცარცის წრით“ სახელმწიფო პრემია ავიღე. ამას ოცნებადაც კი ვერ დავუშვებდი. ეს იყო საბჭოთა კავშირის პრემია. 7 კაცი წარგვადგინეს- რეჟისორი, მხატვარი, კომპოზიტორი და 4 მსახიობი. იმ ოთხში  გახლდით მეც. კავკასიურში ვინც ვიყავით, უბედნიერესი ხალხი ვართ. ჯერ ერთი, შესანიშნავ, მსოფლიოში აღიარებულ  სპექტაკლში ვმონაწილეობდით და გარდა ამისა, 30 ქვეყანა მოვიარეთ.  მე დავრჩი ერთადერთი კაცი, რომელსაც ყველა სპექტაკლი მაქვს ნათამაშები - 650. თითო-თითო ყველამ გააცდინა. 
         მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, როცა ახალ როლზე ვიწყებ მუშაობას ყველაფერი ნულიდან იწყება. ძნელია მიაგნო პერსონაჟის ხასიათს. მართალია პრაქტიკა მოგყვება და მისი იმედი გაქვს, მაგრამ  მაინც სუფთა ფურცლიდან  იწყებ. პიესის შესახებ ლიტერატურას ვიღებ და ყველაფერს ვკითხულობ. ზოგჯერ მოდის, ზოგჯერ არ მოდის. გონებაში შენ უკვე წარმოიდგენ, რა უნდა გააკეთო, მაგრამ ამას გადმოიტან თუ არა,  ეს უკვე ძალიან რთული პროცესია. და აი, როცა მიდიხარ სარეპეტიციო დარბაზში მომზადებული, როცა უკვე იცი რა უნდა ითამაშო  და რეჟისორს აჩვენებ შენს ჩანაფიქრს, ყველაზე რთული დღე ეს არის მსახიობისთვის. გაყიდი თუ არ გაყიდი, იყიდის თუ არა რეჟისორი. 
        კარგად მახსენდება ის პერიოდი, როცა ხშირად დავდიოდით გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყნებში. გასტროლებმა ბევრი რამ მოგვცა. ერთ შემთხვევას გავიხსენებ.  ავინიონში (საფრანგეთში) ფესტივალზე დაგვპატიჟეს. 2000 მაყურებელი იყო, ღია ცის ქვეშ. ჩვენ ვიყავით პირველი უცხო ენაზე მოლაპარაკე დასი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ფესტივალში. ჩვენს გარდა ყველა ფრანგულენოვანი იყო.  „კავკასიური ცარცის წრე“ ჩავიტანეთ. ფესტივალი ფრანგებმა  „მეფე ლირით“ გახსნეს. სპექტაკლის დაწყებიდან გავიდა დაახლოებით  15-20 წუთი და მაყურებელი უკვე აღარ უსმენდა მათ. ვიფიქრეთ, ისინი თუ მშობლიურ ფრანგულს არ უსმენენ, ქართულად როგორღა მოისმენენ სპექტაკლს, თანაც 2 საათის განმავლობაში. საბედნიეროდ და ჩვენდა გასაოცრად, სპექტაკლი ისე ვითამაშეთ მაყურებელი მთლიანად იყო ჩართული სპექტაკლში. პირველი მოქმედების დამთავრების შემდეგ ისევ შევფიქრიანდით, ვნერვიულობდით, დაბრუნდებოდა თუ არა მაყურებელი მეორე მოქმედების სანახავად. ისევ ყველა მოვიდა. ეს უკვე ნამდვილი გამარჯვება იყო. სპექტაკლის დასასრულს კი ტაში არ წყდებოდა. როცა ყველა წავიდა, ასიოდე ადამიანი მოვიდა ჩვენთან. თურმე, ისინი ქართველები  ყოფილან, რომლებიც  სხვა და სხვა ქვეყნიდან ჩამოსულან ჩვენს სანახავად.  გვითხრეს, რომ ისინიც ჩვენნაირად ნერვიულობდნენ, როგორ მიგვიღებდა  მაყურებელი, ამიტომაც  უცხოელებს შორის  გაფანტულან. თუ ფრანგები ტაშს არ დაუკრავდნენ გვინდოდა ჩვენ აგვეყოლიებინა სხვადასხვა მხრიდანო. თუმცა, ეს არ დაგვჭირდა, ისინი აღფფთოვანებულები უკრავდნენ თაშს, ჩვენ კი ამ ყველაფრის დანახვაზე ტაშის დაკვრასაც ვეღარ ვახერხებდით და თვალებიდან ცრემლები მოგვდიოდაო.
       ასეთი ამბები კიდევ ბევრია. ბევრი რამ გადაგვხდა თავს.  ამიტომ, ძალიან ბედნიერ კაცად  ვთვლი თავს. თეატრში და ზოგადად ხელოვნების გზაზე წარმატებით ვიარე.  რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება, რომ არც მოვუმატო რამე, როგორც იყო, ისე რომ განმეორეს, დაე განმეორდეს. 


რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

ბატონი სიმო (ბ. ნუჩინი, ფილოსოფიის დოქტორი ", რეჟისორი _ მ. თუმანიშვილი)
წიწოლა (დ. გაჩეჩილაძე, ბახტრიონი ", ვაჟა - ფშაველას ნაწარმოებთა მოტივებზე, რეჟისორი _ დ. ალექსიძე),
ელგუჯა (გ. ხუხაშვილი, ზღვის შვილები ", რეჟისორი _ მ. თუმანიშვილი)
მამუკა (ვ. კანდელაკი,, ერთხელ დახოცილები ", რეჟისორი _ ა. ჩხარტიშვილი)
ჩივერი (ა. მილერი, სეილემის პროცესი ", რეჟისორი _ რ. სტურუა),
როზენკრანცი (შექსპირი,, ჰამლეტი ", რეჟისორი _ დ. ალექსიძე),
კაკული (გ. სუნდუკიანი, პეპო ", რეჟისორი _ დ. ალექსიძე),
ბ - ნი გიორგი (ნ. დუმბაძე,, მზიანი ღამე ", რეჟისორი _ რ. სტურუა),
არჩილ ფორია (ლ. ქიაჩელი,, გვადი ბიგვა ", რეჟისორი _ მ. თუმანიშვილი)
ფირუზა (ო. მამფორია,, მეტეხის ჩრდილში ", რეჟისორი _ გ. ლორთქიფანიძე),
ვაჭარი ტყუილკოტრიანცი (ა. ცაგარელი,, ხანუმა ", რეჟისორი _ რ. სტურუა),
ლავრენტი და მამამთილი (ბ. ბრეხტი,, კავკასიური ცარცის წრე ", რეჟისორი _ რ. სტურუა),
ტირელი (შექსპირი,, რიჩარდ III ", რეჟისორი _ რ. სტურუა),
კახელი, ქმარი (დ. ტურაშვილი,, დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის ", რეჟისორი _ რ. სტურუა),
მე ღმერთი (ბ. ბრეხტი,, სეჩუანელი კეთილი ადამიანი ", რეჟისორი _ რ. სტურუა),
II ალქაჯი (შექსპირი,, მაკბეტი ", რეჟისორი _ რ. სტურუა),
შალვა (რ. ჰარვუდი, მოხუცი ჯამბაზები ", რეჟისორი _ გ. კაპანაძე)
ბენვოლიო (ნ. იორდანოვი, გონზაგოს მკვლელობა ", რეჟისორი _ გ. გოშაძე)
გეურქა (ზ. ანტონოვი, მზის დაბნელება საქართველოში ", რეჟისორი _ გ. კაპანაძე).


მიღებული აქვს წოდებები და ჯილდოები:

1967 წ. - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
1979 წ. _ სსრკ სახელმწიფო პრემია
1980 წ. _ საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
1998 წ. _ ღირსების ორდენი
2007 წ. - იპოლიტე ხვიჩიას სახელობის P პრიზი,, იპო''
2009 წ. - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია P
2010 წ. _ იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია
2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის, ვარსკვლავი''

Comments/disqusion
No comments