Loading....
მაკო გოჩაშვილი

უკვე 40 წელია, რაც დარეჯან ხარშილაძის სახელი და გვარი რუსთაველის თეატრის მსახიობთა სიაში წერია. თეატრის მუზეუმში არსებულ მისი პირად საქმეში ვკითხულობთ: „დარეჯან ხარშილაძე მრავალმხრივი მსახიობია, მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები გონიერი და ძლიერი ადამიანები არიან, რომელთა ფხიზელი გონება ილუზიებს არ სცნობს (შ. შამანიძის „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“). დარეჯან ხარშილაძე ცდილობს, ბოლომდე ჩაწვდეს სახეს, თავი აარიდოს გმირის ყალბ იდეალიზაციას, მაგრამ, ამავე დროს გამოავლინოს მისი ბუნების დადებითი ადამიანური მხარეები.“
თეატრალურ ინსტიტუტში დაწყებული სამსახიობო გზა მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართულ თეატრში განაგრძო, სადაც 1970-75 წლებში მოღვაწეობდა. „ანა ფრანკის დღიური“, „თეა და თემო“, „ქამუშაძის გაჭირვება“, „ორლეანელი ქალწული“, „მერი პოპინსი“, ეს იმ სპექტაკლების ჩამონათვალია, რომლებშიც რუსთაველის თეატრის მომავალი მსახიობი, დარეჯან ხარშილაძე, თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა.
აი, რას წერდნენ მის შესახებ ჯერ კიდევ 1979 წელს: „მსახიობის სასცენო ხელოვნებაში შეერწყა დახვეწილი პლასტიურობოთ და შემოქმედებითი ფანტაზიით, სასიამოვნო ვოკალური მონაცემით და მხატვრულ სახეზე მუშაობის საინტერესო ხედვით შესრულებული ყოფით-ფსიქოლოგიური, სახასიათო, ეპიზოდური როლები. დარეჯან ხარშილაძე ჩვენი თანამედროვე ცხოვრების იმ ახალგაზრდა მსახიობთ განეკუთვნება, რომელთა შემოქმედებითი ბუნების ახსნისას არ უნდა უგულებელყოთ ერუდიცია და სასცენო კულტურის თავისუფალი ფლობა.“ (თინა კვანტალიანი)
1975 წლიდან კი რუსთაველის თეატრში გადმოინაცვლა. მისი დებიუტი შედგა რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლში „დრაკონი“, სადაც ელზას როლი განასახიერა. ამას მოყვა უამრავი მნიშვენლოვანი თუ ეპიზოდური როლი სპექტაკლებში „ტარტიუფი“, „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში“, „მარიამ სტიუარტი“, „ქალი-გველი“, „კაცია-ადამიანი?!“, „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი“, „მოხუცი ჯამაბზები“, „ასულნი“ და სხვ.
დარეჯან ხარშილაძემ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფშიც.
„ის ხომ ნამდვილად ნიჭიერია, ზედმიწევნით ხწორად ესმის თავისი პროფესია, თუ პროფესიული ვალი, როგორც გინდათ ისე დაარქვით, ამას გარდა დარეჯანი საუცხოო პარტნიორია, ძალიან ემოციურია, მის გვერდით შეუძლებელია, ყველაზე უბადრუკი სიტყვებიც კი უგულოდ ისროლო... შესანიშნავად გრძნობს პარტნიორს, ესმის მამაკაცის, მას აქვს საშიში ძალა მუშაობის დროს ყველაფერი ერთ მიზანს დაუმორჩილოს...“  (გია ძნელაძე)

Comments/disqusion
No comments