Loading....
                                                                   კრიტიკოსის ვერსია


                რუსთაველის თეატრმა ბერტილდ ბრეხტის ხსოვნას მიუძღვნა სპექტაკლიდაკანონებული უკანონობა“. თეატრმა შექმნა თავისი ვერსია. რეცენზიის სანაცვლოდ ახლა მკითხველს გავაცნობ კრიტიკოსის ვერსიას... „მხიარული არაკიო_ ასეა  აღნიშნული პროგრამაში, მაგრამ სცენაზე გათამაშებული ეს არაკი მეტისმეტად რეალური თხრობაა სამყაროს ამჟამინდელ ჟამიანობაზე!    რობერტ სტურუა კვლავ თავისი პოლიტიკური თეატრ-ბალაგანის ერთგულია. ოღონდ ახლა მსოფლიო მოქალაქის პოსტამენტი ქართველი შემოქმედის სულის შემძვრელი შეჭირვებითა და ძლიერი გულისფეთქვითაა გაჯერებული. რობერტ სტურუა ნიღაბს არ ირგებს, მასხარას ჩაჩით არ თხზავს სასცენო ამბავს, ის არც ცრუობს, არც ენის ჩლიქინით ესაუბრება თავის სვეგამწარებულ ერს, არც ნახევარ სიმართლესაა ჩაჭიდებული, როგორც წყალწაღებული ხავსს. ის საქართველოს განიხილავს, როგორც მსოფლიო თანაცხოვრების ნაწილს; ის გლობალური პრობლემების ეპიცენტრში თავისი სამშობლოს სატკივარს ხედავს, განიხილავს და წარმოაჩენს მას, მსოფლიო თანაცხოვრების კონტექსტით. რობერტ სტურუა სამყაროს ამჟამინდელ ისტორიულ, სოციოკულტურულ, პოლიტიკურ, ზნეობრივ მოვლენებს აღიქვამს მბორგავი და მახვილი თვალით. სცენა _ მისი არაკების, კლასიკოსთა ნიმუშების, მოარული ლეგენდების თხრობის დროს, მსოფლიო თანაცხოვრების მოდელს წარმოადგენს. ამიტომაცაა მისი თხრობა აქტიური, მებრძოლი, ზოგჯერ დაუნდობელიც, სანახაობრივიც, მაგრამ ყოველთვის სიმართლის მქადაგებელი.
          წმინდა სათეატრო პრინციპებით კი, ჩემი აზრით, სტურუა ცდილობს პოსტდრამატული პერიოდის ,,ჯვაროსნული ლაშქრობისაგანდაიცვას სიტყვა _   სხარტი, გამიზნული, მოზომილი. მისი ბოლოდროინდელი საზრუნავია, ჩემი აზრით, სიტყვისა და ფიზიკური მოქმედების ანუ სიტყვიერი და პლასტიკური პარტიტურების გაწონასწორებული თანაფარდობის მიღწევა. ამ თვალსაზრისით წარმატებულია მისი ძიებები. შესაძლოა, ამიტომაცაა, რომ ის მხოლოდ თავისუფალი ინტერპრეტაციით კი არ დგამს პიესას, არამედ  ავტორისეული ტექსტის საფუძველზე თავის ვერსიას ქმნის.
           ის კი არ უარყოფს დრამატურგიას, მწერლის მიერ სამყაროს ხედვის ინდივიდუალობას, არამედ ცდილობს ამოიცნოს ის ფარული აზრი, რომელიც სტრიქონებს შორის ჩააქსოვა ავტორმა. ის ცდილობს განაღმოს ავტორის მიერ დანაღმული ტექსტი და მიაგნოს იმ რაციონალურ მარცვალს, რომელიც ახლა, ამ წუთებში, აქ სჭირდება სანახაობის ,,აქტუალური ველისშესაქმნელად. მისთვის მწერლის სიტყვა (მთლიანად ტექსტიც) საშუალებაცაა და მიზანიც ერთსა და იმავე დროს. საშუალებაა _  რათა ამბავი მოგვითხროს და მოქმედება განავითაროს სცენაზე; ხოლო მიზანია, რათა სიტყვიერმა მოქმედებამ ისარივით განკვეთოს მაყურებლის გაყუჩებული გონება. ამიტომაცაა, რომ მის სპექტაკლებში (განსაკუთრებით ბოლოდროინდელ წარმოდგენებში) ასე უხვად არის გამოყენებული სხვადასხვა მწერალთა  აფორიზმებივით  სხარტი  გამონათქვამები. ეს ციტატები სწორედ იქ, იმ დროს, იმ დოზით არის მოწოდებული, რათა გამოიკვეთოს მოვლენის არსი, ქვეტექსტის ქვეტექსტი, რათა მაყურებელმა შეიცნოს, გაიაზროს და შეიგრძნოს რეჟისორის მიერ რეალობის  აღქმის სიმწვავე.
         ასე მგონია, ამით რეჟისორი კიდევ უფრო მეტად აახლოებს მწერალს (მით უფრო კლასიკას!) თანამედროვე ცხოვრების მაჯისცემასთან. ეს არ არის თანამედროვე რეჟისორული თეატრის დამახასიათებელი ერთადერთი ნიშანი, რეჟისორის მიერ რეალობისა და სცენის დამაკავშირებელი ერთადერთი ხერხირობერტ სტურუა მას მიმართავს საკუთარი პოლიტიკური თეატრის აზრობრივი პოტენციალის გაზრდა- გაღრმავებისათვის, სინამდვილის საგანგაშო ფერებით წარმოსახვისათვის. მას ყოველთვის აქვს გამიზნული სათქმელი, ძალზე ზუსტი, მეტისმეტად აქტუალური და მაყურებელზე ზემოქმედებისათვის ტექსტს იყენებს, როგორც ოსტატი პალიტრაზე აღმოჩენილ  ფერებს...
         და ის ქმნის მწერლის ტექსტზე დაყრდნობით თავის ვერსიას. თანამედროვე მაყურებლისათვის უფრო გასაგებს, საცნაურს, მიზანმიმართულს. ის დრამატურგიას უდგება ისე, როგორც ძველბერძენი ტრაგიკოსები მითს! ახდენს მის ინტერპრეტაციას თანამედროვე ადამიანთა შეგონება-გართობისათვის. და სულ ფუჭია ყიჟინი იმის თაობაზე, რომ ეს არ არის შექსპირი, კლდიაშვილი, კაკაბაძე, სხვანი და სხვანი... ეს რობერტ სტურუას თვალით ამოცნობილი შექსპირის, კლდიაშვილის, კაკაბაძის სამყაროა. ის ისევე ექცევა ტექსტს, როგორც თავის დროზე შექსპირი მოარულ სიუჟეტებს, ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს, ისტორიულ გმირებსა და პერსონაჟებს. ამისი უფლება სტურუას არავისთვის უთხოვია. მან ეს უფლება საკუთარი  შემოქმედებითი  ავტორიტეტით  მოიპოვა!
         რა თქმა უნდა, შეგიძლია მიიღო ან არ მიიღო მისი პოზიცია, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს შეფასების დროს გაითვალისწინო მისი პრინციპი, მისი პოლიტიკური თეატრი _  ბალაგანის არსებობის კრედო. სასურველია, გააკრიტიკო სანახაობა მისივე არჩეული კრიტერიუმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ბნელ ოთახში შავი კატის ძიება, მით უფრო, როცა... ნუ დავიცავთ ავტორის უფლებებს  მაშინ,  როცა  თეატრი  არ   არღვევს  მათ.
        რაც შეეხება პოსტდრამატული თეატრის ვითარებას, რობერტ სტურუა, როგორც უკვე აღვნიშნე, ძიებათა იმ შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, რისი მომსწრენიც ვართ, შეეჭიდა სპეციფიკურ მოვლენებს და საინტერესოდ გადაჭრა კიდეც. სიტყვამ მის სპექტაკლებში შეიძინა ავტორიტეტული, დეტერმინანტული, მტკიცე (ზოგჯერ ირონიული) ფუნქცია, ერთგვარი მგზნებარებაც კი (,,კონ ბრიო“). სიტყვას ზუსტი გზავნილი, ზუსტი ადრესატი, ზუსტი დრო და ზუსტი მიზანი გააჩნია. ის სატევარივით  ბასრი, მოქნილი, ძლიერია!
         სტურუას ბოლოდროინდელი ძიებებით მიღწეულია სიტყვისა და პლასტიკის (რეპლიკისა და საქციელის, ფიზიკური მოქმედების) ფუნქციური ერთიანობა, ერთდროულობა, სიმულტანობა, სისხარტე, ფერადოვნება, თამაშის ელვარება.  ვინც თეატრის სპეციფიკას იცნობს, ვინც არტისტების საშემსრულებლო არსენალს სპეციალისტის თვალით სწავლობს, ესმის რომ ეს არ არის იოლი მისაღწევი. რობერტ სტურუამ ამ თვალსაზრისითაც, მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, ისიც საგულისხმოა, რომ მას მიმდევრებიც აღმოუჩნდნენ. ახლა მხოლოდ ერთს მივუთითებ: ნიკა ჰაინე-შველიძეს.
                                                                                   ***
    მისი სპექტაკლები კალენდარული დროის აქტივობითაც გამოირჩევიან და მარადიული, მასშტაბური აზრობრივი პარტიტურითაც. მას თანამედროვე სოციუმის მაჯაზე უდევს ხელი, გრძნობს და ესმის მისი მაჯისცემის რაობა, ანგარიშს უწევს მას, ზოგჯერ იუმორითაც კი აფასებს მაყურებლის სურვილთა და მისწრაფებათა მგზნებარებას, რომელიც იქნებ შეუსაბამოც კია სინამდვილის იმ შეჭირვებასთან  ჩვენს სამშობლოს რომ სჭირს... მდუმარებაში დანთქმულ მაყურებელს შაოსანი მამაკაცების უთავბოლო სროლა, ექსტრემისტთა ყიჟინი და უმისამართო აგრესია ტორნადოსავით უეცრივ დაატყდება თავს, სანახაობის პროტაგონისტებს ბარსელონას საფეხბურთო გუნდის ალამი გამოაქვთ, ჩაგვესმმის მოწოდებაც: ,,თავისუფლება კატალონიას!დარბაზი იცინის, ხარობს _ ახლა ხომ საფეხბურთო ორომტრიალის ციებ-ცხელებითაა გათანგული მთელი მსოფლიო. ქართველთა უმეტოსობა ბარსელონას საფეხბურთო გუნდის ,,ფანია. მათ ახლა საქართველოს საჭირბოროტო პრობლემისათვის არ ცალიათ! სამშობლო მოიცდის!..
                                                                                   ***
   შიშველი ფიცარნაგი მართლაც უდაბნოს ასოციაციას ქმნის. ქვიშასაც კი ,,ხედავ!“ გრძნობ და ხვდები _ ეს უდაბნოც ოდესღაც ყვავილნარი შეიძლება ყოფილიყო. ალბათ სიცოცხლე ყვაოდა, მაგრამ ახლა ერთფეროვან უდაბნოდ იქცა. ადამიანის ბუნებასთან ჭიდილის შედეგს თვალნათლივ აღიქვამ, უფიქრდები კაცობრიობის ამჟამინდელი ყოფის სიველურეს _  ბუნებასთან მორკინალმა ადამის მოდგმამ, შედეგად მიიღო მიწისძვრები, ღვარცოფები, ბობოქარი ტორნადოები, უდაბნოები, სულიერი უდაბნოებიც. ახლა ოთხივე სტიქია აუჯანყდა ადამიანთა უგუნურებას!
        რეჟისორები, რობერტ სტურუა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, დაფიქრებულან კაცობრიობის ამჟამინდელ უპირველეს საფრთხეზე. მართლაც და რა ელის სამყაროს, ცივილიზაციას, საზოგადოებას, ადამიანს?! თეატრი აგნებს პრობლემებს, სვამს კითხვებს... პრობლემების გადაჭრა, კითხვებზე პასუხი სხვა ინსტანციას ითხოვს, ეს სახელმწიფოებრივ ინსტიტუტთა სხვა სფეროს პრეროგატივაა. ახლა იმაზე ვფიქრობ, არც ისე იოლად რომ არის გადასაჭრელი ეს საკაცობრიო რანგის პრობლემები. თეატრს დუმილი კი, არ ძალუძს!
                                                                                   ***
        წარმოდგენის მთავარი სათქმელი, უპირველესი მეტაფორა დამდგმელთა მბორგავი აზრის შეცნობისაკენ  მიბიძგებს: როგორ დაკნინდა სოციუმი, როგორ დაკნინდა ადამიანი, მისი სულიერი სამყარო! მართლაც, რა დაემართა კაცობრიობას?! სცენიდან აღმომსკდარი ეს გამაოგნებელი შეძახილი გულისგულში ხვდება მაყურებელს. პრაგმატულმა, კონფორმისტმა, ,,ოქროს ციებ-ცხელებითაღტკინებულმა და შეძრულმა საზოგადოებამ, ტექნიკური პროგრესით შეგულიანებულმა ადამიანმა, ვერც კი შენიშნა როგორ დაემონა კაპიტალს! როგორ აღმოჩნდა ვერცხლის ბრმა და ჟინიანი მოყვარული! როგორ განუდგა დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, მორალურ კოდექსს და მხოლოდ კაპიტალი აღიარა უმაღლეს ინსტანციად! იმ კვარცხლბეკზერომელზეც აღორძინების ეპოქის ჰუმანისტებმა ღმერთების სანაცვლოდ ადამიანი რომ აღამაღლეს, XX – XXI საუკუნეების პრაგმატულმა მეწრმე-საქმოსანმა და პოლიტიკოს - მოხელეებმა კაპიტალი წამოასკუპეს! და იყიდება მიწები, წიაღისეული სიმდიდრეები, სახლები, ზნეობა, ადამიანებიც კი!.. სცენიდან ისმის რობერტ სტურუას სპექტაკლიდან (,,კავკასიური ცარცის წრე) ჟანრი ლოლაშვილის წამყვანის ცნობილი სიმღერა: ,,იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე!..“ ეს ციტატა იმასაც მიანიშნებს, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი, არაფერი შეცვლილა მსოფლიოში, აქედან გამომდინარე საქართველოშიც!
            რობერტ სტურუა ამ ციტატითაც აკავშირებს წარსულს ამწყოსთან და თავისი პოლიტიკური თეატრი-ბალაგანის შინაგან კავშირზეც მიგვანიშნებს. ციტატის როლი ამგვარი მინიშნებაცაა. ზოგჯერ გაიგონებთ, სტურუა იმეორებს საკუთარ სვლებს, ძარცვავს საკუთარ თავს! მაგალითად მოყავთ მის დადგმებში უწინდელი სპექტაკლების ნაკვალევი. ციტატა _  ეს შემოქმედთა ხერხია, რათა გაამძაფრონ სათქმელი, მიუთითონ წარმოდგენების აზრობრივ ან სანახაობრივ კავშირებზე. ქართული თეატრის ისტორიიდან ახლა ორ მაგალითს მოვუხმობ. არჩილ ჩხარტიშვილმა ,,მედეასდადგმის დროს გამოიყენა კოტე მარჯანიშვილის მიზანსცენა ,,ურიელ აკოსტადან“; ვახტანგ ჭაბუკიანმა კოტე მარჯანიშვილის მიზანსცენა აღადგინა _  გონდაკარგულ ოტელოს იაგო სვავივით თავს წამოადგება.
            რობერტ სტურუა კი არ იმეორებს და ძარცვავს საკუთარ შემოქმედებით მიღწევებს, არამედ მიმართავს ციტატის ხერხს, როგორც აზრობრივ-სანახაობით დომინანტურ საშუალებას. ჩემი აზრით, რეჟისორი საკუთარ შემოქმედებით გზას განიხილავს, როგორც ერთიანი სისტემით არსებულ თეატრს, ერთიან მიზნობრივ იდეაზე აწყობილ სასცენო ხელოვნებას, ერთიან სანახაობით კულტურას, სადაც იცვლებიან ავტორები, მოცემული პირობები, სიუჟეტები, მოქმედი პირები, მაგრამ არ იცვლება სტურუა-მოქალაქის, სტურუა-რეჟისორის რეალობის აღქმის სიმძაფრე; ხელოვანის პრინციპი _  სცენიდან თავის მაყურებელს გაუმხილოს სიმართლე და მხოლოდ სიმართლე! დაანახოს მას რეალობა გამადიდებელი სარკით. მკვახე შეძახილით გამოაფხიზლოს საზოგადოება.
            სტურუა-რეჟსორი ცდილობს თეატრის არქეტიპული სამყაროს დამოყვრებას მოდერნულ სასცენო გამოსახვის ფორმებთან. მისი პოლიტიკური თეატრის სასიცოცხლო მუხტია თამაშის გულუბრყვილობა“, სისხარტე, სიმსუბუქე, ფერადოვნება, ბალაგანური სიჭრელე - გაჯერებული აზრის, მახვილგონიერების, ირონიის სიღრმესთან. გაძარცული ერთფეროვანი, მოსაწყენი, სრულიად უინტერესო სტურუას თეატრი   ძნელი წარმოსადგენია. ვიმედოვნებ, პროფესიული გუმანი არც ამჯერად მიმუხთლებს.
           თანამედროვე სამყარომ კვარცხლბეკზე წამოაბრძანა კაპიტალი და ვერ განსაზღვრა მთავარი _  ფულს არა აქვს ეროვნება, სარწმუნოება, სინდისი, სული, გული, ფერი, გემო, სურნელება! კაპიტალს აქვს _ ძალა! კაპიტალის გაფეტიშება შობს დაუნდობლობასა და სიხარბეს! კაპიტალის  შმაგი მფლობელი იქცა მოძალადედ! ჩვენ თვალწინ თამაშდება მინი-არაკი _ როგორ იქცა ოქროს მაძიებელი ევროპელი ლანგმანი თავისი გამყოლების მოძალადე-მბრძანებლად. და ... მოყვასი ვერცხლის საფასურად იმეტებს მოყვასს! უმადურობა, უზნეობა, ღალატი  ნორმად იქცა! იუდას აჩრდილი დაძრწის ამქვეყნად! კაპიტალს კი არა, კაპიტალის კულტს, კაპიტალის უზომო ტრფიალს, კაპიტალის გაფეტიშებასაც მოჰყვა უკანონობის დაკანონება! კაპიტალის კულტი ძალადობს ადამიანზე! ამ მცირე არაკის მორალიტეთი გვმოძღვრავს თეატრი!
                                                                                    ***
           სცენა თანამედროვე სამყაროს მოდელად იქცა, და... ,,ლურჯი ფრინველისძიებას ახლა ჩაენაცვლა კომფორმისტ ,,ნავთობის მაძიებელთაოდისეა... ქანცის გამწყვეტია ეს ოდისეა ლანგმანისა (ზვიად პაპუაშვილიდა მისი გამყოლებისა (ბექა სონღულაშვილი და დავით გოცირიძე). ცისფერ რომანტიკას ჩაენაცვლა მკაცრი და რუხი რეალობა _  ლანგმანი იოლად აფრქვევს დაპირებებს, უპოვარი გამყოლები ადვილად იჯერებენ! ერთი მონუსხულია კაპიტალის კულტით, მეორე _ უზრუნველი ცხოვრების პერსპექტივით!
           უდაბნოს ცხელ ქვიშას მიაპობენ ,,შავი ოქროსხარბი მაძიებელი და ბედის უგონო მაძიებელნიც! ისინი კაპიტალის მონებად იქცნენ. მონობა კი ორი საუკუნე მაინც იქნება, რაც ,,გადავარდასამყაროში. კაპიტალის კულტმა შობა არა უუფლებო, თვინიერი მონა, არამედ... ახლა მონობის უღელი საკუთარი ნებით დაიდგა გუშინდელ ამაყ ქედზე უსახსრობით განაწამებმა ადამიანმა! მაგრამ თეატრის შეგონება აქ არ მთავრდება _ პარადოქსი ისაა, რომ ლანგმანიცა და გამყოლებიც კაპიტალის კულტმა დაიმონა! თავისუფალი პიროვნება სანთლით საძებნელი გამხდარა.
           მაძრწუნებელი და სულის მხუთველია ,,ნავთობის მაძიებელთმიერ უდაბნოს დალაშქვრის ამბავი, მით უფრო, რომ ახლა მათ კვალს სხვა ჯგუფიც ჩასდგომია. სხვა ექსპედიციის უფროსი (ქეთი სვანიძე) პლაკატებით ხელში ენერგიულად მიაბიჯებს უდაბნოში. ისინი ჩქარობენ _  ნავთობი იმათ ერგებათ, ვინც პირველები მივლენ საბადოსთან.   
           ,,შავი ოქროსსიმბოლოდ მომცრო შავი ბორბალი იქცა (აქ გათამაშებულია სამყაროს, დედამოწის მოძრაობის სიმბოლო-ბორბალი), ხელიდან ხელში რომ გადააქვთ ქრისტიან ევროპელსაც, ნავთობის ,,მფლობელმუსლიმან შეიხსაც (ნიკა ქაცარიძე), უეროვნებო, ენერგიულ, უთვისტომო, მოსამართლესაც (დავით დარჩია). ტვინს მიბურღავს მკაცრი რეალობა _  დიახ, ლურჯ ფრინველს შავი ოქრო ჩაენაცვლა! როგორ გაუხეშდა სამყარო! მკაცრად, ზოგჯერ იუმორით, შიგადაშიგ მსუბუქი ირონიით გვამცნობს დამდგმელი გუნდი. შავი, გრძელი ქსოვილი სუდარასავით რომ კვეთს უდაბნოს, მდინარედ კი არა, ნავთობის თხევად მასად აღიქმება. რა დღეში აგდებს ,,შავი ოქროსმდინარე ადამიანს, ახლა დამცირებულსა და დამონებულს, უწინდელი ბუნების მშვენებასა და მის დემიურგსდიდებულ შემოქმედს.
                                                                               ***
              ნავთობის მაძიებელთა, ნავთობის მფლობელთა, ზეციდან მოვლენილ მოსამართლესაც, მათ კამათსა და ჭიდილსაც, თითქოს, დამდგმელი ირონიული ღიმილით შესცქერის და დაფიქრებულს აღმოხდება; რატომ იბრძვიან, რას ვერ იყოფენ ქრისტიანები, მაჰმადიანები, იუდეველები, სხვანი და სხვანი. მაღლიდან კი მათ უგონო გნიასს გეომეტრიული ფიგურები დასცქერიან: ორი სამკუთხედი და ერთი სფერო... თეთრი, წითელი, ცისფერი _  საფრანგეთის დროშის ფერი, ადამიანთა ჩაგვრისაგან თავდახსნის, თავისუფლების, თანასწორობის სიმბოლოს რომ მიგვანიშნებს. ახლა კი, ისტორიული ფაქტის გახსენებისათვის რომ არსებობენ სასცენო სივრცეში. თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა _  ხელახლა აქვს აღმოსაჩენი მსოფლიო თანაცხოვრებას. ცივილიზაცია უმძაფრესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა _  თამაშით გვაფრთხილებს თეატრი.
                                                                                    ***
           შევყურებ ამ მხიარულ არაკს“ და სანახაობის ქვეტექსტს ადვილად ვხვდები: ნავთობის ქრისტიანმა მაძიებლებმა დაივიწყეს ათი მცნება, მუსლიმანმა შეიხმა _  ყურანი, მაღლიდან, ,,ღმერთების საუფლოდანმოვლენილმა მოსამართლემ _ კანონი! უკანონობა _  დაკანონებულია! თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა _  მირაჟი აღმოჩნდა! ცივილიზაციამ დასავლეთი-აღმოსავლეთის საზრიანი დიალოგის სანაცვლოდ, შეიხის შაოსანი დიაცების, მისი ჰარამხანის ბინადართა გონების წამლეკავი, გამაყრუებელი და თავზარდამცემი ყიჟინი მიიღო! მწარე ღიმილით შევცქერი სცენას. ჩემი სამშობლოს დღევანდელობა აღსდგა სულსა, გულსა, გონებაში. შემძრა რობერტ სტურუას ზუსტმა და რისკიანმა აღმოჩენამ, რა შეუძლია ჭეშმარიტი შემოქმედის საზრიან, უდავო და შეუცდომელ მიგნებას! შემოქმედმა ნიშანში ამოიღო დარბაზის გონება და გრძნობა, ერთი სვლით, ერთი ნიუანსით შეგვახსენა, შეგვაგრძნობინა, დაგვანახა რეალობა, საფრთხე, ჩვენი უმოქმედობის საზღაური! იმაზეც დავფიქრდი: ახლა ქვეყნებს უმეტესად რომ განაგებენ არა კეისრები, ფარაონები, შაჰინ-შახები, შეიხები, იმპერატორები, ბურბონები, ბაგრატიონები, ტიუდორები, რომანოვები... სამყაროს განაგებს კაპიტალი! ადამიანებმა თავად დაიდეს  ,,ოქრო-ვერცხლისბორკილები. ახალი ათწლეულის დასაწყისი მოდერნული მონობის დროებაც აღმოჩნდა!
                                                                                     ***
            რობერტ სტურუას ზოგჯერ უკიჟინებენ მსახიობთან მუშაობა მისი აქილევსის ქუსლიაო, არტისტები მარიონეტები არიან მის ხელშიო. ამ მოსაზრების გასაქარწყლებლად არაერთი მსახიობური წარმატების დასახელება შეიძლება. ახლა მხოლოდ სამ აქტიორულ წარმატებულ როლს გავიხსენებ მისი ბოლოდროინდელი დადგმებიდან: ია სუხიტაშვილის პერსონაჟი (,,ნადირობის სეზონი“), დავით უფლისაშვილის იულიუსი (,,იულიუს კეისარი“), ზვიად პაპუაშვილის ლანგმანი („დაკანონებული უკანონობა“).
             ძალზედ შთამბეჭდავია ნიკა ქაცარიძის მიერ შექმნილი შეიხის სახე. მსახიობის შემპარავი ინტონაცია, ფრთხილი მოძრაობები, ცბიერი გამოხედვა, მოზომილი საქციელი, შენიღბული შეფასებები ნათლად წარმოსახავენ პერსონაჟის წარმომავლობასაც, ინდივიდუალობასაც და მისწრაფებებსაც. შეიხს თავდაჯერებით ჩაუბღუჯავს ,,შავი ოქროსსიმბოლო პატარა შავი ბორბალი, როგორც ძუნწ მფლობელს სამფლობელო. ორიოდე ეპიზოდით მსახიობმა შექმნა არა მარტო კონკრეტული პერსონაჟი, არამედ მთელი ამგვარი მოდგმის ნიღაბი.
             დავით დარჩიას ნიჭიერება კიდევ ერთხელ გამოჩნდა მოსამართლის ეპიზოდური როლით. უცნაური, აღმოსავლურ-რომაულ თარგზე აჭრილი ალისფერი ჩაცმულობა, ენერგიული ნაბიჯები, ურიგოდ შენიღბული მოტივაცია, მოულოდნელი აფეთქებები _  კანონის დამცველის ფიგურისათვის შეუსაბამოა, სწორედ ამ შეუსაბამო, უეცარი, გაუცნობიერებელი საქციელით მიგვანიშნებს მსახიობი პერსონაჟის გაუცხოებას კანონის დამცველის ცენზისაგან. მოსამართლე რიხით და დაჯერებით ჩადის უკანონობას! მბორგავი ტემპერამენტი და ჯიქური გახელება, მკვეთრი გარეგნული სახიერება და შეფასებათა ფერადოვნება _  მთლიან მოვლენას შთამბეჭდავს ხდის. მსახიობი თამაშობს არა მარტო ერთ პერსონაჟს დამოუკიდებლად, არამედ წარმოაჩენს მთლიანი მოვლენის არსს და ორგანულად ,,თავსდებარეჟისორული გადაწყვეტის მთლიან სივრცეში.
             ეკა მინდიაშვილის ტემპერამენტიანი პერსონაჟი, ქეთი სვანიძის ჟინიანი, ექსტრავაგანტული ექსპედიციის უფროსი, დავით გოცირიძისა და ბექა სონღულაშვილის მიერ გათამაშებული არაკი _ ,,მოყვასის ღალატისა“, მეტად ღირებული შესრულებაა, რომელმაც გამოკვეთა სანახაობის აზრობრივი პარტიტურა და თამაშის მიამიტურ-ბალაგანური ასპექტი, პერსონაჟთა შინაგანი სვლების წარმოჩენასთან ერთად.
             სანახაობის პროტაგონისტია ზვიად  პაპუაშვილი. მსახიობი თამაშობს დაჯერებით, შინაგანი სისავსით, ფერადოვანი შეფასებებით, ათასგვარი მიმიკური სპექტრით. ის წარმოსახავს საუკუნის წინანდელი ეკონომიკური ექსპანსიის დაუნდობლობას, ინტრიგის ოსტატობას, ,,ოქროს ციებ ცხელებისმაგიურ აგონიას. ის გვიჩვენებს კაპიტალის კულტმა როგორ გააქრო ლანგმანში ღვთიური საწყისი, ადამიანობა. ის განასახიერებს დაცემულ ადამიანს, ბუნებრიობასთან მორკინალ უზნეობას, ნავთობის მაძიებლის (ანუ ძალოვანებისა და კეთილმოწყობის საწყაოს!) უკიდეგანო გახელებას.  კაპიტალს დამონებული ეგოცენტრიკის აზროვნება, მისწრაფებათა სიშმაგე, სულიერი სიღატაკე _  ხელის გულზეა გადაშლილი. ლაგმანი არ ცნობს მორალურ კოდექსს და ქრისტიანის კონსტიტუციას (ათი მცნება მაქვს მხედველობაში!), ის დაუშვებლის დაშვების ოსტატია. სცენაზეა უკანონობის დაკანონების პერსონიფიცირებული სახიერება! მსახიობის სხარტი, მტკიცე და უხეში გამოსახვის საშუალებები გაჯერებულია იუმორით, ზოგჯერ უცნაურად გამკრთალ ზომიერ ირონიასთან. მის ლანგმანს სახეზე ,,აწერიაშინაგანი მონოლოგის სიმძაფრე და... რაღაც ცხოველური ჟინის მძვინვარება, ,დაგეშილიმგლურიინსტიქტის სისასტიკე. თვალნათლივ იკითხება პერსონაჟის თვისებათა უმთავრესი ფერი _ სიშმაგე! ის შმაგია მიზნის დასახვისას, უდაბნოს დალაშქვრისას, გამცილებლისა თუ მუშის ფულით ცდუნებისას, შეიხსა თუ ექსპედიციის უფროსთან ურთიერთობისას. თვით დაუნდობლობის სიშმაგეა გაცხადებული სცენაზე.
              ზვიად პაპუაშვილი, ერთის მხრივ, აგრძელებს კიდეც ამ სცენაზე შექმნილი სტურუას თეატრის პროტაგონისტთა შესრულების ტრადიციას და, ამასთანავე, ახალი ინტონაციით, ფერებით, ნიუანსებით ამდიდრებს მას. სწორედ ეს ინდივიდუალური სვლები, ნიუანსები, შეფასებები იწვევს ჩემში ნდობასა და სიხარულს,  ნიჭიერება ზეიმობს სცენაზე!
                                                                                ***
             ფინალში თეატრ-ბალაგანისათვის დამახასიათებელი პარადალე საზეიმო განწყობით ახმიანდა. ომახიანი ჰანგი (საერთოდ, სანახაობის მუსიკალური ორანჟირება, მუსიკალური შედევრების ,,დუელი“, ცალკე შეფასებას ითხოვს), სახალისო შეძახილები, პლასტიკური მონახაზის სიჭრელე, ღია თამაში... მოულოდნელად გამოირთო შუქი (ჩვენი უახლესი წარსულის ექო!..), მრუმე სიშავეში ჩაიძირა დარბაზი, სცენა... სიჩუმე გამეფდა!.. დაიძაბა დარბაზი... პაუზა, სიბნელე, მაყურებლის გაოგნება... და მრუმე სივრცე გაკვეთა სანახაობის რეფრენმა:
,,ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდები...!
          განათდა დარბაზი და სცენა! გაოგნებულმა მაყურებელმა იხუვლა, ტაში და ოვაცია შეაგება დმდგმელის ნიჭიერ სვლას, გამომგონებლობას... სტურუა დგამს კალდერონს, შექსპირს, ბრეხტს და სხვ. გათამაშებული ესპანეთის, ინგლისის თუ გერმანიის საცნაური ამბის თხრობით, იგულისხმება საქართველო. იგულისხმება ჩვენი დროების მოვლენები. ეს განწყობა ბოლოდროინდელ სპექტაკლებში განსაკუთრებული ძალით შეიგრძნობა და მთელი ძალით ახმიანდა...
            ამ წუთშიც, სხვებივით გაოგნებულს, ამეკვიატა ერთი სურათი! რობერტ სტურუა რეპეტიციაზეა, მარტოა მაყურებელთა დარბაზში, ის ინტონაციებს, პლასტიკურ მონახაზს, საქციელს კარნახობს მსახიობებს, სტურუა მუშაობს, სტურუა თხზავს, სტურუა მოგვითხრობს და... ამ წუთებში მთელი ძალით შეიგრძნო, შეიმეცნა, გაიაზრა თავისი სვეგამწარებული სამშობლოს ახლანდელი ჟამიანობა და... თავადაც გაოგნებულს აღმოხდა აკაკი წერეთლის საკრალური ლოცვა, აღსარება, ანდერძი!
                                                                         ***
            P.S. ერთხელ აღვნიშნე და ახლა გავიმეორებ: რობერტ სტურუას მთელი შემოქმედებითი გზა შესაძლებელია განვიხილოთ შემოქმედი-მოქალაქის აქტიური პოლიტიკური მრწამსის გამოხატულებად. მისი თეატრი-ბალაგანი ცივილიზაციის, კაცობრიობის, მისი ნაწილის, საქართველოს, სოციოკულტურული რეალობის, მწვავე პოლიტიკური მოვლენების სასცენო  ადაპტაციის ასპარეზია.
           მისი სათეატრო მოდელის სხვადასხვა ეტაპზე იცვლებოდა რეჟისორის თხრობის წყობა, იხვეწებოდა გამოსახვის ფორმები _ არ იცვლებოდა მხოლოდ ხელოვანის აქტივობა, მისი პოლიტიკური თეატრი-ბალაგანის გამძაფრებული მოქალაქეობრივი პათოსი, სიმართლის ქადაგების უნარი და ერის გამოფხიზლების მიზანი.
           ამ ხნის განმავლობაში, რობერტ სტურუამ მთელი სიღრმითა და მასშტაბით გააცნობიერა, რომ მსოფლიო მოქალაქეობა საკუთარი სამშობლოს სიყვარულის მერიდიანზე გადის. ეს პოზიცია განსაკუთრებული ძალით გამოიკვეთა მისი ბოლოდროინდელი დადგმებით და ბუნებრივად აღმოხდა მას აკაკის გულმხურვალე ლოცვა!
          ამიტომაც, მთელი  შეგნებით ვდგავარ მის გვერდით. სტურუა არ საჭიროებს დაცვას, იგი საკმაოდ ძლიერია. ის  თავად გაუმკლავდება ოპონენტებს. არც სახოტბოდ ამიღია კალამი ხელში. მხოლოდ რამდენიმე მოსაზრება გავუზიარე მკითხველს, გავაცანი სტურუას პოლიტიკური თეატრი-ბალაგანის თაობაზე ჩემეული ვერსია. ეს ჩემი  პროფესიული  ვალდებულებაა.   




ნათელა არველაძე
27.06.2016


Comments/disqusion
No comments