Loading....

გადამწყვეტი ნაბიჯები...

ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც განგება ისეთ სიტუაციაში გაგდებს, რომ გგონია ყველა გზა მოჭრილი გაქვს, არჩევანი ლამის დაუფიქრებლად უნდა გააკეთო და რადგან ფიქრობ, რომ უკან დასახევი საცალფეხო ბილიკიც აღარ არსებობს, უბრალოდ წინ უნდა იარო...და როცა ამის დრო მოდის, ყველა ფიქრდება რა იქნებოდა ცხოვრება ამ მყისიერი არჩევნის გარეშე?!.გაკვეთილიდან გამოქცეულმა სწორედ რომ ალალბედზე გააკეთა არჩევანი და დერეფნის ბოლოს მყოფი კარი უბრალოდ შეაღო... არც მეტი, არც ნაკლები პირდაპირ სცენაზე აღმოჩნდა და ამგვარ „გამოუვალ მდგომარეობაში“ მყოფმა საჯაროდ, პირველად წაიკითხა ლექსი. „მაშინ მნიშვნელოვანი მხოლოდ ის იყო, რომ იქ ყოფნა გაკვეთილებიდან „მიხსნიდა“.ამიტომ, ძალიან ხელოვნურად გაიჟღერებს თუ ვიტყვი რომ მაშინვე იგრძნო, რომ სცენაზე დგომა მისი მოწოდება იყო,მაგრამ ამას მოყვა 9 აპირილისადმი მიძღვნილი საღამო, შემდეგ ე.წ. პიონერთა სასახლე და პირველი სპექტაკლი „ძია ელიოზი“. აი უკვე საშუალო სკოლის დამთავრებისას კი დარწმუნებული იყო, რომ ნამდვილად მსახიობობა სურდა.


განაჩენი...

„მე რომ წელს ჯგუფი ამყავდეს, თქვენ არ მიგიღებდით“... საბოლოო განაჩენივით მოისმინა ეს სიტყვები გამოცდებამდე სამი თვით ადრე ერთ-ერთი რეჟისორისგან. არადა დრო ცოტა რჩებოდა, ამიტომ პირველ იმედგაცრუებას არ შეეგუა და დარჩენილი დრო სპექტაკლების ნახვას, კითხვას, სწავლას დაუთმო.1999 წელს კი გ.შალუტაშვილისა და ა.მახარობლიშვილის ჯგუფში ყველაზე მაღალი ქულით ჩაირიცხა.

გზა საოცნებო თეატრამდე...

„რუსთაველის თეატრი... ეს ისეთი საფეხურია, ის ისეთი მაღალია... ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ აქ აღმოვჩნდებოდი, ამაზე არც კი მიოცნებია.“2003 წელს სადიპლომო ნამუშევარ „მონადირე-ში“ (ალექსანდრე ვამპილოვის „იხვებზე ნადირობის“ მიხედვით.) მთავარი როლი განასახიერა, სტუდენტური სპექტაკლი რობერტ სტურუამ ნახა და რამდენიმე დღეში ზარიც გაისმა... „გამარჯობა ბაჩო, რუსთაველის თეატრიდან გირეკავთ, იქნებ ხვალ მოხვიდეთ და ხელშეკრულებას მოაწეროთ ხელი...“ ასე გახდა ბაჩო ჩაჩიბაია რუსთაველი თეატრის დასის წევრი.თვალს თუ გადავავლებთ მის მიერ დღემდე განსახიერებულ როლებს დავინახავთ, რომ ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისიდან მას სხვადასხვა რეჟისორებთან მოუწია მუშაობა,  ეს კი თავისთავად გამორიცხავს გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას, ასეც რომ არ იყოს მის ნამუშევარს ყოველთვის ეტყობა, ის მაძიებელი მსახიობია. ხელოვანის ცხოვრების აქტიურ და უწყვეტ ნაკადში კი ერთ ადგილას გაჩერება არ შეიძლება, ამიტომ თვისება რომლითაც ის ცდილობს სხვადასხვა ფორმის მოსინჯვას და ტრანსფორმაციას სრულიად მისაღებია. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი როგორც მსახიობის რესურსი კიდევ უფრო დიდი პერსპექტივისა და წარმატების საწინდარია.

                                                                                                                                                                                                                                                            თამთა ბეჟაშვილი


Comments/disqusion
No comments