Loading....
მაკო გოჩაშვილი

2015 წელს რუსთაველის თეატრს არა ერთი, არამედ უამრავი მეკვლე ჰყავდა, რომლებიც გაბადრული სახითა და გაბრწყინებული თვალებით უყურებდნენ რუსთაველის თეატრის დიდი სცენის ხავერდოვან წითელ ფარდას, ცქმუტავდნენ, ფეხებს აბაკუნებდნენ, ადგილზე ვერ ჩერდებოდნენ, მღეროდნენ, ერთმანეთს შესციცინებდნენ და ჯადოსნური ღამის დაწყებამდე წამებს ითვლიდნენ. მეც მათ გვერდით ვიჯექი. მას შემდეგ, რაც აფიშაზე ამოვიკითხე გვარები: კახიანი, დოლიძე, ღაღანიძე, სარალიძე, ხარშილაძე, აბრამიშვილი, გულიაშილი, ხუსკივაძე, სუხიტაშილი, მაყაშვილი, ბარბაქაძე და სხვები, ერთი სული მქონდა, ძველი თუ ახალი თაობის მსახიობები დიდი თუ პატარა როლებით, ყველა ერთად მენახა საახალწლოდ მორთულ-მოკაზმულ სცენაზე.


ახალი წლის ჯადოსნური ათი დღის განმავლობაში, რუსთაველის თეატრის ჩაბნელებულ დარბაზში ჯადოსნური ღამე დგებოდა, ხანდახან ორჯერაც კი. ჯადოსნურობას პირველ რიგში ის სძენდა, რომ სცენაზე თეატრის თითქმის მთელი დასი იდგა: ხანუმა მარინა კახიანი, მასხარა ირაკლი სანაია, არგენტინული ტაგნოს ოსტატები - ია სუხიტაშვილი და სანდრო მიკუჩაძე, მეეზოვე ტრისტან სარალიძე, ტოკიოელი ქეთი ხიტირი, ხან მოცეკვავე და ხან მომღერალი, ხან მოხუცი და ხანაც ახალგაზრდა რუსკა მაყაშვილი, ჭრელა-ჭრულა კოსტიუმებში გამოწყობილი მომიტინგე კლოუნები. მათ რიცხვს ემატებოდნენ პაწაწინა ბალერინა-ფერიები და სპექტაკლის ორი მთავარი პატარა მოქმედი გმირი, რომლებსაც ამ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ერთადერთი კითხვა აწუხებდათ, არსებობს თუ არა თოვლის ბაბუა?!



მგონი, რომ ასეთი საზეიმო და სახალისო განწყობა წლის შესანიშვანი დასაწყისია თეატრისთვის. სპექტაკლის რეჟისორებმა, რობერტ სტურუამ და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ პარტერში თუ აივანზე მსხდომ მაყურებელს არაჩვეულებრივი საახალწლო ზღაპარი აჩუქეს და თეატრში მოსული თითოეული ბავშვის ცხოვრების თუნდაც ორი საათი გააფერადეს. 

Comments/disqusion
No comments