Loading....
რუსთაველის თეატრის მუზეუმის საარქივო მასალებიდან:

"თეატრალური მოამბე" N 1. 1989წ. 

სტატიის ავტორი: მაია კობახიძე

                                                        
                                                             მაყურებლის პირისპირ

           გურამ საღარაძის ხელოვნების თავისებურება ალბათ, რამდენიმე სიტყვით შეიძლება განისაზღვროს - იგი წარმოგვიდგება, როგორც მკვეთრი სცენური პორტრეტის ოსტატი, რომელიც შესანიშნავად ძერწავს მხატვრული სახის გარეგნულ ნახაზს და ამასთანავე, მოცულობას, მრავალ განზომილებასაც სძენს თავის გმირს. 
           გურამ საღარაძე იმ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისი სცენური ცხოვრებაც მუდამ განახლების პროცესშია და ამ პროცესს შეუმდგარი ინტუიცია, მკაცრი ზნეობრივი და მხატვრული ორიენტირები წარმართავენ. მისი სათქმელი, სცენურ სახეში გაცხადებული, მუდამ საგულისხმო, ხშირად მოულოდნელი და მით უფრო საინტერესოა მაყურებლისთვის. ბოლომდე შეუცნობელი, იდუმალებით მოსილია შემოქმედებითი პროცესის მექანიკა და იმ უცნაური ფენომენის შემადგენელი ნაწილები, რასაც არტისტული ტალანტი ჰქვია. მაგრამ ერთი კია- გურამ საღარაძის სცენური ქმნილებების დაბადების მომსწრეთ უნებლიეთ ექმნებათ შთაბეჭდილება, თითქოს მისი პროფესიონალიზმი თანდაყოლილი იყოს, ხოლო სცენური კულტურა ამ მსახიობის პიროვნულ თვისებათა რიცხვს განეკუთვნებოდეს. შეუძლებელია, არ გაიზიარო გურამ საღარაძის ღრმა რწმენა იმის თაობაზე, რომ ყოველივე მის შესანიშნავ პედაგოგებთან - დიმიტრი ალექსიძესთან, მიხეილ თუმანიშვილთან, მალიკო მრევლიშვილთან გავლილი სკოლის შედეგია და ისიც უნდა ითქვას, რომ ამ სამი ოსტატის მეთოდისთვის დამახასიათებელი საუკეთესო ნიშნები, ჰარმონიულად შერწყმული მათი მოწაფის შემოქმედებაში, ყოველდღიურად იხვეწება და ვითარდება.

           ბუნებრივი ზღვარი, თეატრსა და ცხოვრებას რომ გამოყოფს ერთმეორისაგან, გურამ საღარაძისთვის თითქოს სიმკვეთრეს კარგავს. ამასთან, იმდენად ყოველდღიურობა კი არ იჭრება თავისი ათასგვარი წვრილმანებით სცენაზე მის გმირებთან ერთად, თითქოს თვით თეატრი შემოდის ცხოვრებაში, თავის კანონებს უმორჩილებს მას და არტისტიზმის დაღს ასვამს. 
           დღეს აღიარებულ ჭეშმარიტებად იქცა ის აზრი, რომ გურამ საღარაძის თაობამ ქართულ თეატრში გარდატეხა მოახდინა, ახალი სცენური ენა დაამკვიდრა, მაყურებლის შინაგანი სამყაროს იდუმალ სიმებს შეეხო, მისი გონების გაღვიძება დაისახა მიზნად, მისი სულიერი გამხნევება. მაშინ ჩვენს ცხოვრებაში მრავალი წლის მანძილზე გაბატონებულ შიშსა და სიყალბეს ცვლიდა რაღაც ახალი, თვით სიმართლე, რომელიც თუმცა კი გომეოპატიური დოზებით, მაინც ნელ-ნელა იკვლევდა გზას ადამიანთა სულისკენ. ასეთ დროს აღმოჩნდა მაყურებლის პირისპირ რუსთავლის თეატრის ეს თაობა, გაანდო თავისი აზრები ცხოვრების შესახებ არა პუბლიცისტური ფორმით და პლაკატური ხერხებით, არამედ შინაგანი შრეების შემცველი, გარეგნულ ეფექტურობას მოკლებული, დამაფიქრებელი სპექტაკლებით. შემდგომში ამ თაობის მსახიობთა ცხოვრება ხელოვნებაში სხვადასხვაგვარად აეწყო. გურამ საღარაძის შემოქმედებაში წლიდან წლამდე სულ უფრო ნათლად იწყო გამოკვეთა მკვეთრი თეატრალური ფორმებისკენ, აშკარა სცენური სახიერებისკენ სწრაფვამ, მაგრამ უკვალოდ არ ჩაუვლია იმ წლებს, როდესაც მისთვის ფსიქოლოგიური დამაჯერებლობის მიღწევა იყო მთავარი, პროფესიის ამ საფუძვლების სრულყოფილი ფლობა იქცა შემდგომში თავისებურ გარანტიად ერთფეროვნებისგან თავის დახსნისა. ეს იყო საწინდარი იმისა, რომ სხვადასხვა სტილისა და ჟანრის სპექტაკლებში, განსხვავებული რეჟისორული ძიებების პირობებში, მსახიობის შემოქმედებითი პალიტრა მრავალი ფერის მომცველი იქნებოდა, რომ იგი შეძლებდა ნებისმიერი სქემის ამოქმედებას, გამომსახველი და ცოცხალი დეტალების წყალობით და საბოლოოდ ფართო დიაპაზონის მქონე მსახიობად ჩამოყალიბდებოდა.
            პირველად აღდგენილ სპექტაკლში "ინ ტირანოს" გაიელვა გურამ საღარაძემ. მას შემდეგ მრავალი სცენური გმირი დაიბადა მისი წყალობით. მათ შორის სისო (ოტია იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ"), უსაზღვროდ გულწრფელი მილან სტიბორი (კოჰოუტის "როცა ასეთი სიყვარულია"), დახვეწილი, სცენური მომხიბლაობით აღბეჭდილი თეზევსი (შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი"), ჰეილი (არტურ მილერის "სეილემის პროცესი"), პეტრე (მ. გორკის "მდაბიონი"). ტიპოტესკუ (კარაჯალეს "დაკარგული ბარათი"), შუ ფუ (ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), ჭეიშვილი (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), პატრონი (იბრაგიმბეკოვის "დაკრძალვა კალიფორნიაში"), უჩა (თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის"), და რაღა თქმა უნდა, "კავკასიურ ცარის წრეში" ნათამაშები სამი როლი სხვადასხვა დოზით, შესაძლოა განსხვავებული სიძლიერით თავისებურად ადასტურებენ გურამ საღარაძის მსახიობური მანერის ამ მხარეს. მოვლენათა შინაგანი დრამატიზმის გახსნის უნარი იკითხებოდა მის მასხარაში ( "მეფე ლირი" მიხეილ თუმანიშვილის დადგმით), ძლიერი პიროვნული საწყისი აღსარებითი ფორმით იყო გაცხადებული მის მინდიასა (კ. გამსახურდიას "გველისმჭამელი") და ტომის (ტენესი უილიამსის "შუშის სამხეცე") სცენურ არსებობაში. გამომსახველობითი საშუალებების ასკეტიზმით, ერთგვარი სცენური არისტოკრატიზმის ნიშნით არის აღბეჭდილი მის მიერ შექმნილი იულიუს კეისრის სახე (შექსპირის "იულიუს კეისარი"). 
            მართლაც, რაოდენ განსხვავებულია ჩამოთვლილი სცენური სახეები, სხვადასხვა ხერხებით შექმნილი, თითოეული მათგანი მსახიობს, მართლაც, რომ ახალ რაკურსში წარმოგვიდგენს. რა როლსაც არ უნდა თამაშობდეს გურამ საღარაძე, ერთი რამ მუდამ იგრძნობა- მას თეატრალურ სახიერებაში განსაკუთრებით მოულოდნელობის ეფექტი იზიდავს.

           გურამ საღარაძეს თითქოს არაფრად უღირს ყოველი ცალკეული სპექტაკლის მხატვრული სამყაროს გათავისება, მნიშვნელოვნად უიოლებს ამ პროცესს სპექტაკლის ფორმის, მთლიანობის შეგრძნების უნარი. სწორედ მთლიანობის დარღვევის ასაცილებლად უხდება ხშირად საკუთარი ტემპერამენტის მოთოკვაც მძაფრი დრამატული კონფლიქტის პირობებშიც კი. თავისუფლებას მსახიობის ტემპერამენტი მისი შემოქმედებითი  ცხოვრების სხვა სფეროში იძენს. გურამ საღარაძე- მხატვრული კითხვის ოსტატი, დღეს ამ მხრივ აღიარებული ლიდერია. მსახიობს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მუშაობს სიტყვაზე, ესტრადაზე გამოაქვს იგი, ხშირად გარკვეული საფრთხე ელის ხოლმე თეატრალურ სახეებზე მუშაობისას, რომლებიც, ცხადია, განსხვავებული კანონების მიხედვით იქმნება, სადაც სიტყვამ არასგზით არ უნდა დაჩრდილოს საკუთრივ მოქმედება. მაგრამ გურამ საღარაძის სახეებს სტატიურობის საშიშროება არ ემუქრება. პირიქით ხდება, ლექსის კითხვისას ის ჩვეულებრივ ეძებს და აღმოაჩენს კიდეც მასში თავისებურ დრამატურგიას, ფარულ კონფლიქტებს, კითხვის პროცესს ამდიდრებს არა გარეგნული თეატრალობით, არამედ შინაგანი ქმედებით. ინტონაციურ მრავალფეროვნებასთან, მუსიკალურ ალღოსთან ერთად შეადგენს ეს მის, როგორც მხატვრული კითხვის ოსტატის, შემოქმედებით მანერას. ალბათ, არავინ კითხულობს "ვეფხისტყაოსანს" ისე, როგორც გურამ საღარაძე. ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, რომელსაც არ ააღელვებს მის მიერ წაკითხული "მერანი", ილია, აკაკი, ვაჟა-ფშაველა, ლერმონტოვი, საიათნოვა, შანდორ პეტეფი და რაღა თქმა უნდა, გალაკტიონი, ესოდენ დამუხტული შინაგანი დრამატიზმით. 

Comments/disqusion
No comments