Loading....
                                                |ნანუკა სეფაშვილი|


"ლიტერატურა და ხელოვნება" N6. 2006წ.

მანანა გეგეჭკორის სტატია მედეა ჩახავას შესახებ:

              ცვილივით დამყოლი მსახიობი
                                             
      მოწაფეობისას ბალეტით იყო გატაცებული. ვახტან ჭაბუკიანის სტუდიაშიც ჩაირიცხა, თუმცა იქ სწავლა არ გაუგრძელებია. შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა უცხო ენების ფაკულტეტზე. ერეკლე ტატიშვილის ხელმძღვანელობით ინგლისურს ეუფლებოდა. პედაგოგებში თავიდანვე გაუმართლა. პირველი კურსი რომ დაასრულა, თბილისში თეატრალური ინსტიტუტი გაიხსნა. მედეა ჩახავამ მსახიობობა გადაწყვიტა, მაგრამ მისაღები გამოცდები დამთავრებული იყო. მამამისის, ცნობილი ექიმის, ვასო ჩახავას მეგობარმა, ინსტიტუტის მაშინდელმა რექტორმა, აკაკი ხორავამ მიმღები კომისია ხელახლა შეკრიბა. გამოცდაზე, რატომღაც იროდიონ ევდოშვილის ლექსი "განკიცხული" წაითხა. უცნაური არჩევანია ახალგაზრდა, მომხიბვლელი გოგონასთვის. მეძავ ქალზე დაწერილი ლექსი თითქოს სრულიად არ შეესაბამებოდა პატარა, ნაწნავებიანი ქალიშვილის ბუნებას. იქნებ ამ არჩევანმა თავიდანვე ნათელი გახადა, რომ მედეა ჩახავას გარდასახვის, მისგან განსხვავებული ადამიანის განსახიერების სურვილი აქვს? ლექსის კითხვა ძალიან ჩუმად დაიწყო, ძლივს ამოიჩურჩულა პირველი სიტყვები, შემდეგ გჩუმდა, კვლავ სცადა გაგრძელება, მით უმეტეს, რომ მისდამი კეთილად განწყობილი კომისიის წევრები ეხმარებოდნენ, ამხნევებდნენ. მაგრამ - ამაოდ. ლექსის კითხვა ვერ დაასრულა. იდგა ასე გაფითრებული, დარცხვენილი და თვალცრემლიანი. გადაწყვიტა, რომ სამუდამოდ უნდა დამშვიდობებოდა თავის დიდი ოცნებას. არადა, რამდენი იბრძოლა იმისათვის, რომ ოჯახის წევრებისგან თეატრალურ ინსტიტუტში შესვლის ნებართავა აეღო. მაგრამ, როგორც ჩანს, კომისიის წევრებმა დაინახეს, რაოდენ სათნო, მომხიბვლელი, უშუალო და ემოციური ადამიანი იდგა მათ წინაშე. ასე მიიღეს მედეა ჩახავა თეატრალურ ინსტიტუტში.
        1943 წლის 17 მაისს თეატრალურ ინსტიტუტს ესტუმრნენ მოსკოვის სამხატვრო თეატრის დიდი მსახიობები- ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკო, ვ. კაჩალოვი, ი. მოსკვინი, ო. კნიპერ-ჩეხოვა და სხვები. ა. ბრუშტეინის "ცისფერსა და ვარდისფერში" მედეა ჩახავას ბლიუმა შაპიროს ნახვის შემდეგ ვ. კაჩალოვმა თქვა: " ეს გოგონა პირდაპირ სასწაულია! გაუფრთხილდით მას!" ამ დღიდან რამდენიმე ათეული წლის მანძილზე, მედეა ჩახავას აქტიური სამსახიობო შემოქმედება ქართული თეატრალური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
        მისი დებიუტი პროფესიულ სცენაზე ბიჭის როლით შედგა რუსთავლეის თეატრის სპექტაკლში კ. გოლდონის "საპატარძლო აფიშით". მაგრამ მედეა ჩახავას სამსახიობო ინდივიდუალობა, ყველაზე მკვეთრად 1947 წელს გამოვლინდა ჯენევრა ლენგდონის როლში ჯ. გოუს და ა. დიუსოს პიესაში "ღრმა ფესვები", რომელიც რეჟისორმა დიმიტრი ალექსიძემ დადგა. აქ გამოვლინდა არტისტის უნარი, არამარტო ძლიერი და მართალი სცენიური განცდით დაატყვევოს მაყურებელი, არამედ - გულწრფელად უყვარდეს. იგულისხმება არა მხოლოდ სამშობლოს სიყვარული, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების რწმენა და მის საფუძველზე აღმოცენებული სიცოცხლის ტრფიალი - მისი ლიდა პლახას (იულიუს ფუჩიკი " ადამიანებო, იყავით ფხიზლად!" რეჟისორი- მ. თუმანიშვილი) ცხოვრებისეული მრწამსი, არამედ მამაკაცის სიყვარული, რომელსაც თავგანწირვამდე მიჰყავს ქალი. ასე უყვარდა ლიდა მატისოვას  (პაველ კოჰოუტის "როცა ასეთი სიყვარულია" რეჟისორი- მ. თუმანიშვილი). ტრაგიკული ბედის მქონე ამ სცენური გმირის ხორცშესხმის პროცესი ერთ თავისებურ, შეიძლება ითქვას, კურიოზულ ამბავს უკავშირდება. მედეა ჩახავა იხსენებს: " ჩემი ლიდა მატისოვა, ქორწილის წინა დღეს თავის ყოფილ შეყვარებულს, უკვე ცოლიან პეტრი პეტრუსს ხვდებოდა და მასთან ატარებდა ღამეს იმიტომ, რომ უყვარდა. ამის გამო გაკიცხა იგი საზოგადოებამ. მ. თუმანიშვილმა მითხრა: "თუ გინდა ეს ეპიზოდი მთელი სიღრმით ითამაშო, წუმპეში უნდა ჩაწვე და იგრძნო, რას განიცდის ადამიანი როცა შეურაცხყოფილია, როცა ჭუჭყითაა გაწუწული." წვიმიანი დღე იყო. ღამით მართლა ჩავწექი ეზოს გუბეში. მიშა თურმე თავისი ფანჯრიდან მითვალთვალებდა (მაშინ მიშა თუმანიშვილი და მედეა ჩახავა მეზობლები იყვნენ). ვერ წარმოიდგენთ, როგორ დამეხმარა ეს არა მარტო განწყობილების შექმნაში, არამედ ფიზიკური მოქმედების მიგნებაშიც. ამ ეპიზოდში სცენაზე მართლაც მხრებში თავჩარგული ვიდექი, თითქოს ტალახიანი წყალი ტანზე წურწურით ჩამომდიოდა." რამდენადაც ცნობილია, დიდი წარმატებით დაგვირგვინებული ამგვარი "შემოქმედებითი ექსპერიმენტი" მედეა ჩახავას ბიოგრაფიაში აღარ განმეორებულა.
         სინაზით, ლირიზმით, ქალური მომხიბვლელობით გამორჩეულმა მსახიობმა შემოქმედებითი გზის დასაწყისშივე გადაწყვიტა, ამპლუას ჩარჩოებით არ შემოფარგლულიყო და განსხვავებული ხასიათის პერსონაჟები განესახიერებინა სხვადასხვა  ჟანრის ნაწარმოებებში. უფრო სწორად, რეჟისორებმა შენიშნეს მასში ეს მრავალფეროვნება, მკვეთრი გარდასახვისკენ სწრაფვა და აქტიორული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მისცეს. ამაშიც ბედმა გაუღიმა. მის რეპერტუარში სიცოცხლის მოყვარულ, რომანტიკული სიყვარულისთვის დაბადებულ ამარანტას (ჯონ ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი", რეჟ- მ. თუმანიშვილი) გვერდით გაჩნდნენ მკვეთრად სახასიათო, კომიკურ-ვოდევილური გმირები: ფაშფაშა სომეხი ფეფელა (გაბრიელ სუნდუკიანის"პეპო", რეჟ- დ. ალექსიძე) - ჭყეტელა სტაფილოსფერ, უგემოვნოდ შეკერილ კაბაში გადაბმული შავი წარბები და დიდი შავი ხალი "უმშვენებდა" სახეს, თუმცა მაინც თავისებურად მომხიბლავი იყო. ხელებზე ბეჭდები და სამაჯურები ქონდა აჩონჩხლილი, ყველანაირად გვაჩვენებდა თავის სიმდიდრეს. ფარშევანგივით დაგოგმანებდა სცენაზე, გაბრაზებული- კატასავით დაიჩხავლებდა, მაგრამ თუ უნდოდა მოხუცი ქმრისთვის რაღაც დაეტყუებინა, მთელ თავის ქალურობასა და ეშხს ამ საქმეს უყენებდა სამსახურად, ცეკვა-სიმღერით, ყალბი ხვევნა-ალერსით აჯადოებდა მეუღლეს, თან - ახალგაზრდა მოსამსახურე სამსონს ეკეკლუცებოდა.
       მისი შემოქმედებისადმი მოკრძალებით მიძღვნილი ეს წერილი იმ ადამიანის სიტყვებით მინდა დავასრულო, რომელთანაც დაკავშირებულია მედეა ჩახავას შემოქმედების საუკეთესო ხანა..
      "გავიდა მრავალი წელი და მედეა ჩახავას სახელი ჩემთვის იქცა თეატრალური სიყმაწვილის ძვირფას, საყვარელ მოგონებად. ბევრი რამ, რასაც რუსთაველის თეატრში ვაკეთებდი, უშუალოდ დაკავშირებული იყო მედეას სახელთან. ჩვენ თანამოაზრენი, მეგობრები ვიყავით, ჩვენ ვიყავით თანაავტორები ბევრი დაუვიწყარი ( რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის) ნამუშევრისა. ერთად მუშაობა გვეადვილებოდა და დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა.
       მედეა ჩახავა ცვილივით დამყოლი და ელასტიური, აღსავსე ლირიზმით, იუმორითა და უსაზღვრო ქალურობით, ხორცს ასხამდა ჩანაფიქრს. ძალიან მიყვარს მედიკო, როგორც მსახიობი და შესაძლოა სუბიექტური ვარ, მაგრამ მგონია, რომ ბევრი რამ, რაც მან სცენისთვის გამოძერწა, იყო ნამდვილი ხელოვნება.
       მრავალი რეპეტიცია, საუბარი, კამათი, წყენა განუყრელად ახლდა ჩვენს შემოქმედებით პროცესს. ბევრი საინტერესო და ბედნიერი წუთი მაგონდება, რომლებიც დღეს , სამწუხაროდ, მხოლოდ მოგონებად შემომრჩა, მაგრამ ეს იყო ლამაზი, მშვენიერი დრო ნამვილი ტალანტის გაფურჩქვნისა. მისი ქალურობა აჯადოებდა მაყურებელს, აიძულებდა აღფრთოვანებულიყო და განეცადა.
ეს დიდი ნიჭია- უმღერო სიყვარულს! "
(მიხეილ თუმანიშვილი)

Comments/disqusion
No comments