Loading....
  | ნუცა კობაიძე|


English Version - CLICK HERE

გაზეთი კომუნისტი  (სამშაბათი, 14 თებერვალი 1933 წ. N37 (3593))
                                                   ხ  ე  ლ  ო  ვ  ნ  ე  ბ  ა
ფრიდრიხ შილერის  IN TIRANNOS-ის („ყაჩაღები“) დადგმა რუსთაველის თეატრში კვლავ აყენებს საკითხს კლასიკური მემკვიდრეობის ათვისების შესახებ. „ყაჩაღები“ ეკუთვნის იმ კლასიკურ პიესების რიცხვს, რომლებიც თავისი იდეური მიზანდასახულობით ყველაზე ახლოს დგანან ჩვენს ეპოქასთან.
            „ყაჩაღები“ საუკეთესო მასალაა აქტიორული ახალგაზრდობის აღსაზრდელად. როგორ მიუდგა რუსთაველის თეატრი კლასიკური რეპერტუარის ამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კლასიკური ნაწარმოების გასცენიურებას?

            უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ პიესა გააქტიურებულია პოლიტიკურად, ხაზგასმულია სოციალური მომენტები, ყაჩაღთა მასა აყვანილია პოლიტიკურ მებრძოლების სიმაღლემდე. ეპოქის სტილი დაცულია მთელს დადგმაში. ამ მხრივ დიდი მუშაობა ჩაუტარებია ირაკლი გამრეკელს, რომლის დეკორატიული გაფორმება მონუმენტალური და ეპოქასთან შეფარდებულია. თქვენ სცენაზე ხედავთ გერმანელი ფეოდალის სასახლეს და გრძნობთ, თუ რა ლოდად აწვა ეს უზარმაზარი ციხე-სიმაგრე, მის პირქუშა კედლებით გრაფ მოორის ქვეშევრდომთ.

            „ყაჩაღები“ დადგმულია ს.ახმეტელის და შ. აღსაბაძის მიერ.
რუსთაველის თეატრის ერთი დიდი ღირსება იმაშია, რომ ის სპექტაკლს არ გამოიტანს მაყურებლის სამსჯავროზე მანამ, სანამ იგი ბოლომდე დამუშავებული არ იქნება.  რუსთაველის თეატრს არ სჩვევია ნაუცბათევი წარმოდგენები.
            პიესა რეჟისორულად დამდგმელთა დიდი შემოქმედებითი გაქანების ნაყოფია. სპექტაკლი კომპოზიციურად მოფიქრებულია, როგორც დიდ სოციალურ მისწრაფებათა კონფლიქტი. ამ მხრივ, რამდენადაც ამის  საშუალებას იძლევა ტექსტი, გაკეთებულია ყველაფერი. მახვილი, როგორც რუსთაველის თეატრსი სხვა დადგმებშიც, დასმულია მასიურ სცენებზე. მასა ცოცხალი და მოძრავია. მშვენივრად არის დადგმული სცენა ლუდხანაში და ზეიმი ფრანც მოორთან. არის მთელი რიგი სხვა მოხდენილი მიზანსცენებიც. მთლიანად წარმოდგენა ტოვებს ძლიერ შთაბეჭდილებას თავისი ორგანიზაციულობით, რეჟისორული ფანტაზიის სიუხვით და მსახიობთა მწყობრი თამაშით.
            მაგრამ ამასთან ერთად სპექტაკლი,  ჩვენის აზრით, არარის თავისუფალი დეფექტებისაგანაც. უპირველეს ყოვლისა, ის ძალზე გაჭიანურებულია. სპექტაკლი არაფერს წააგებდა ზოგიერთი სცენების სრულიად ამოღებით. ასეთია მაგალითად, მაწანწალების სცენა მეორე მოქმედებაში, რომელსაც ორგანული კავშირი არ აქვს მთავარ სიუჟეტურ ხაზთან და მხოლოდ შპიგელბერგის ბანდიტური სულისკვეთების გამოვლინებას ემსახურება. ამ სცენის ამოღება საჭიროა მით უმეტეს, რომ აქტიორულად იგი სუსტად არის დამუშავებული. უმტკივნეულოდ შეიძლება აგრეთვე მეოთხე მოქმედების პირველი სურათის (სცენა ხელოსნებთან ფრანცის სასახლეზე თავდასხმის წინ)  ამოღება. ამით წარმოდგენა ნორმალურ ფარგლებში ჩადგება და არ დაღლის არც მსახიობს არც მაყურებელს.

            სამსახიობო შემოქმედება  „ყაჩაღებში“ საერთოდ მაღალ დონეზე დგას. ის კიდევ უფრო შეთანხმებული და მკაფიო იქნებოდა, რომ ცენტრალური როლის შემსრულებელ აკაკი ვასაძეს(ფრანც მოორ) შეუფერებელი ტონი არ ჰქონდეს აღებული. ვასაძე არ ლაპარაკობს ბუნებრივი ხმით, ინტონაცია ყალბია, ამას გრძნობს მაყურებელი და ამიტომ მსახიობს უჭირს აუდიტორიის დაპყრობა.
            აკ. ვასაძეს საკმაოდ განვითარებული აქტიორული ტეხნიკა აქვს. ფრანც მოორის როლშიც მაყურებლის წინაშე  დგას დიდი ტეხნიკით შეიარაღებული მსახიობი.
            აკაკი ვასაძე პირველად არ თამაშობს ფრანც მოორის, ჩვენ ამ როლში გვინახავს ამ ათიოდე წლის წინად და უნდა ვთქვათ, რომ წინსვლა დიდია, მაგრამ როლი მთლიანად არ არის დაძლეული.
            კარლ მოორს თამაშობს აკ. ხორავა. ა ხორავას არ ახასიათებს რომელიმე აქტიორული ამპლუას მკაფიოდ შემოხაზული ფარგლები. ის მრავალფეროვანი მსახიობია. ა.ხორავა ყოველთვის უკანასკნელ დეტალებამდე ამუშავებს თავისი გმირის გარეგან სახეს და ღრმა ფსიქოლოგიური აზრით ავსებს მას. ამ მსახიობის სიტყვა და ჟესტი ყოველთვის ეთანხმება ერთმანეთს.

   კარლ მოორი ხელსაყრელი როლია. რამდენჯერ ყოფილა ის ნათამაშევი ქართულ სცენაზე. ამის შემდეგ, თითქოს, რაღა უნდა თქვა ახალი. მაგრამ ა. ხორავამ შესძლო აქტიორული შესრულების  ახალი ხარისხის მოცემა.

Comments/disqusion
No comments