Loading....
                                                                                                                         |ნუცა კობაიძე|   
     (მასალები რუსთაველის თეატრის მუზეუმიდან)                                  
ბედნიერებაა... (ლალი ბურბუთაშვილი)
ბედნიერებაა როცა ქალი ლამაზია და უფრო დიდი ბედნიერებაა, როცა ამ ლამაზ ადამიანში ულამაზეს სულს აღმოაჩენ... როცა ეს ქალბატონი ნიჭიერიც აღმოჩნდება და შრომისმოყვარეც... როცა დიდი და კარგი ოჯახის შთამომავალი ხარ... როცა რუსთაველის თეატრის მსახიობი ხარ და მოგეცემა შესაძლებლობა მთავარი როლები ითამაშო რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძის სპექტაკლებში... როცა საუკუნის სპექტაკლში „კავკასიური ცარცის წრე“ გრუშეს ითამაშებ...
როცა შეგიძლია ულამაზესმა ქალბატონმა ითამაშო რობერტ სტურუას „კაცია-ადამიანში?!“ - დარეჯანი და გააკვირვო საზოგადოება... როცა შენი მეგზური ცხოვრებაში და პარტნიორი სცენაზე მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნება - ჟანრი ლოლაშვილია... როცა უკან მოხედვა არ შეგრცხვება, ღირსეულად გაუძლებ თეატრის „დამანგრეველ ქარტეხილებს“ და შეინარჩუნებ ბავშვურ მომხიბვლელობას, რომანტიკულობასა და არ დაკარგავ ახლის ძიების უნარსა და სურვილს...     



   მშვენიერებით შენიღბული (პორტრეტი იუმორისტული შტრიხებით / თეატრალური მოამბე N4 1980. მერაბ გეგია)
თეატრალურ ინსტიტუტში შესვლისთანავე რაღაც  „მაქინაციებით“, ყურადღების ცენტრში  მოექცა. თითქმის მოულოდნელად გამოავლინა სახასიათო როლების შესრულების დიდი უნარი, რითაც გამოააშკარავა მიდრეკილება ადამიანებში, პირველყოვლისა, ნაკლი ეძიოს. ეს ცხადი გახდა, როცა ითამაშა აგაფია ტიხონოვნა გოგოლის „ქორწინებაში“.
მისი ხმა მოისმა თუ არა, დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. როცა სცენაზე მომხიბლავი გარეგნობის აგაფია ტიხონოვნა შემოვიდა, მივხვდი, რომ იგი აპირებდა მუხანათურად ეღალატა ტრადიციებისათვის, ისე უშუალოდ მოქმედებდა. იმდენ საღებავს ხმარობდა, რომ თავი მაყურებელთა დარბაზში კი არა, მასთან სტუმრად მეგონა. ხომ უნდა დაიბადოს ადამიანი ასეთი თვალთმაქცი! რომ ვუყურებდი, ხან მეცინებოდა, ხან მეტირებოდა. ერთი სიტყვით, როგორც უნდოდა, ისე მაბურთავებდა, ერთგან კი ისეთი ტემპერამენტი გადმოაფრქვია, რომ დავრწმუნდი - მასთან პირისპირ შებმა არავის არ არგებს. მთელი სპექტაკლის მანძილზე რაღაც მელოდიას ღიღინებდა, რითაც სურდა დავერწმუნებინეთ, რომ აბსოლუტური სმენის პატრონია.
სასიძოსთაან, ვინმე კაჩკარიოვნთან შეხვედრის სცენაში, ისე იგრიხებოდა, ისე ხშირად იცვლიდა მიმიკას, რომ დარბაზში ჰომერიული ხარხარი ატყდა. ყველა იცინოდა, ჩემს გარდა. ან როგორ უნდა გამეცინა, როცა ვხედავდი როგორ უმოწყალოდ დასცინოდა თავის გმირს. ერთი სიტყვით, ის, რაც იმ საღამოს ვნახე, არასოდეს დამავიწყდება. რაც არ უნდა მოვინდომო, ვერც დავივიწყებ.
და რა გასაკვირია, რომ ინსტიტუტის დამთავრებისთანავე იგი რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. ასეთ ადამიანს რა გაუჭირდება? აბა, ეგ რა არის, თეატრში მისვლისთანავე მიიქცია ყურადღება და არა ერთი და ორი მთავარი როლი იგდო ხელთ. მართალია, ჩვენთვის კარგად ცნობილ მიხეილ ჯავახიშვილის „ქალის ტვირთში“ მთავარი როლი მთლიანად ვერ ჩაიგდო ხელში (მას არანაკლები ძალა დახვდა მსახიობ მარინე ჯანაშიას სახით), მაგრამ ის ნახევარიც, რომელსაც ანსახიერებდა,  ბევრისთვის მიუღწეველ ოცნებად დარჩენილა წლების განმავლობაში.
ახლა ის ვიკითხოთ - როგორ მოახერხა მან ეთამაშა გრუშე ვაჩნაძე ბრეხტის „კავკასიურ ცარცის წრეში“? აქვე მინდა შეგახსენოთ შემდეგი: ამ როლს იზა გიგოშვილი თამაშობდა. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ადგილობრივმა კრიტიკოსებმა იზას შესრულებას აღფრთოვანებული რეცენზიები მიუძღვნეს. ხოლო უცხოელმა კრიტიკოსებმა კი ვირტუოზული უწოდეს. წარმოიდგინეთ, თათული დოლიძემ შეუძლებელი შესძლო - ი. გიგოშვილი შეცვალა ამ როლში. ვფიქრობ, ეს ფაქტი კომენტარს არ საჭიროებს.
შემდეგ მისმა „სიხარბემ“ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთ სპექტაკლში ხელთ იგდო ორი როლი, ჩვენთვის ასე კარგად ცნობილ თამაზ ჭილაძის პიესაში „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“. რისთვის ითამაშა მან ეს როლი? იმისათვის, რომ დაემტკიცებინა - თითქოს ჩვენს სინამდვილეშიც შეიძლება ყმაწვილი ქალი მივიდეს სასოწარკვეთილებამდე და თავი მოიკლას.
თამარ დოლიძემ, იგივე თათულიმ, ისე დაუახლოვა ეს აბურდული პერსონაჟი ჩვენს სინამდვილეს, რომ ბოლოს და ბოლოს გაეგებინა მაყურებელს, რისი თქმა სურს ავტორს. მისმა „თვალთმაქცობამ“ ახალი მიმართულება მიიღო. არც ცრემლი დაუღვრია, არც ვინმეს წაჩხუბებია, ერთხელაც კი არ დაუწუწუნია. ადგა და პირდაპირ ყულფში გაჰყო თავი.


იღბლიანი მსახიობი („თბილისი“ N57. 7/III-1980წ. ს.ჩიევა)
როლზე მსახიობის შესარჩევად რეჟისორს პიესის, დასისა და საკუთარი შესაძლებლობების გააზრება სჭირდება. მსახიობის არჩევანში დაშვებული შეცდომა ხშირად ძალიან ძვირი ჯდება: ეს სპექტაკლის ჩავარდნას ნიშნავს. რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის რეჟისორმა რ.სტურუამ სპექტაკლში „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ მთავარი როლი ახალგაზრდა მსახიობს, თათული დოლიძეს შესთავაზა, რადგან მიაჩნდა, რომ თათულის საშემსრულებლო კულტურა შრომისმოყვარეობაზე გადამრავლებული რთული ფსიქოლოგიური სახის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა. რეჟისორი არ შემცდარა. მსახიობმა შექმნა ჩვენი ახალგაზრდა თანამედროვის ნათელი და შთამბეჭდავი სახე. პიესის გმირის ხასიათი თვით თათულის ხასიათს გავს. ისიც ხომ ხალისიანი, ოპტიმიზმით აღსავსე, ამასთან გრანდიოზული და მგზნებარეცაა.
ექვსი წლის წინათ საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა ერთ-ერთ საახალწლო ინტერვიუში გაამხილა თავისი ოცნება, თქვა, რომ უნდოდა სცენიდან მაყურებლისათვის გაეცნო ჩვენი თანამედროვის - მაღალი ზნეობრივი იდეალის მქონე მშრომელის სიდიადე და ხასიათის სიღრმე... და ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ იქვე დაუმატა: ჩემი აზრით, ხელოვნებაში იღბლიანობა წარმოუდგენელია გარემოებათა იღბლიანი დამთხვევის გარეშე. თათულის ბედმა გაუღიმა: უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე იგი რუსთაველის სახელობის სახელგანთქმული აკადემიური თეატრის დასში მიიწვიეს. ბედმა გაუღიმა მაშინაც, როცა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ როლი შესთავაზა ი.დვორეცკის პიესის მიხედვით შექმნილ სპექტაკლში „უცხო კაცი“. მალე კი მაყურებელმა იხილა მისი ქეთო მ.ჯავახიშვილის „ქალის ტვირთში“, გაიანე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატში“, ადელა გ.ლორკას „ბერნარდა ალბას სახლში“ და ბოლოს გრუშე ბ.ბრეხტის „კავკასიურ ცარცის წრეში“. მსახიობის მიერ შექმნილმა გრუშეს სახემ კრიტიკისა და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა ჩვენს რესპუბლიკაშიც და ედინბურგის ფესტივალზეც შოტლანდიაში თეატრის გასტროლების დროს.
ყველა ამ გმირის სახეში შერწყმულია დრამატიზმი და სულიერი ძალა, ქალური სინაზეც და შემართებაც. ახალგაზრდა მსახიობის მიერ შექმნილ ყოველ სახეში იგრძნობა დოლიძის ხელოვნების მომხიბლაობა, არტისტიზმი და, რაც მთავარია, უნარი გაუგოს დარბაზს, პარტნიორს... 
მსახიობი იმ დამწყებ ხელოვანთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც განუწყვეტლივ ძიებაში არიან.
კითხვაზე, თუ რა არის  მისი აზრით, მთავარი მსახიობის ხელოვნებაში, თათულიმ გვიპასუხა - გულწრფელობა და სიკეთე. - ისინი აუცილებელია ყოველი ხელოვანისთვის. ჩემი, როგორც მსახიობის მუშაობის და მაშასადამე ცხოვრების მთავარი ამოცანაა მთელი ჩემი შემოქმედებით განვამტკიცო სიკეთის ძალის რწმენა.
თეატრი, რომელშიც იგი მუშაობს, ასწავლის მას არამარტო ოსტატობას, არამედ დიდ პასუხისმგებლობას მაყურებელთა წინაშე. ამიტომაც ასე აფასებს მსახიობი დარბაზის აღტაცებულ ტაშსაც, წერილებსაც, რომლებითაც მაყურებლები მადლობას უხდიან მას დაუვიწყარ სახესთან შეხვედრის ბედნიერი წუთებისათვის.
ახალგაზრდა მსახიობი, გარდა თავისი სათაყვანებელი საქმისა, გატაცებულია მუსიკით, ფერწერით, პოეზიით.
  


 რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

ადელა (გარსია ლორკა ,,ბერნარდა ალბას სახლი”, რეჟისორი _ ჩხეიძე),
მარინე (ფანჯიკიძე ,,მეშვიდე ცა”, რეჟისორი _ ქავთარაძე),
გაიანე (სუმბათაშვილ-იუჟინი ,,ღალატი”, რეჟისორი _ სტურუა),
ნუნუ ექიმი (დუმბაძე ,,საბრალდებო დასკვნა”, რეჟისორი _ სტურუა),
თინა (გაბრიელოვიჩირაიზმანი ,,ჩვენი თანამედროვე”, რეჟისორები _ სტურუახატისკაცი),
ქეთევან ახატნელი (ჯავახიშვილი ,,ქალის ტვირთი”, რეჟისორი _ ჩხეიძე),
გრუშე (ბრეხტი ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი _ სტურუა),
ანო (ჭილაძე ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”, რეჟისორი _ სტურუა),
ნატაშა (შატროვი ,,ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”, რეჟისორი _ სტურუა),
გონერილი (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი _ სტურუა),
დარეჯანი (ჭავჭავაძე ,,კაცია-ადამიანი?!”, რეჟისორები _ სტურუაენუქიძე),
ირინე კვაშალი (ბუღაძე ,,სულიერი არსებები”, რეჟისორი _ საყვარელიძე),
ალისა (დიურენმატი “ვთამაშობთ სტრინდბერგს”, რეჟისორები _ სტურუაენუქიძე),
გალილეო გალილეი (,,ვარდნილი სხეულები”, ავტორი და რეჟისორი _ ლივაი)
თეატრალურ სარდაფშიჰერტრუდა (,,ჰამლეტი”).
ჯილდოები:
1981 . _ საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება
1999 . _ საქართველოს სახელმწიფო  პრემია

Comments/disqusion
No comments