Loading....
|მაკო გოჩაშვილი|

        „მე მინდა მოგიყვეთ იმაზე და თანაც დაგანახოთ ის, რაც შევიგრძენი, რამაც ბევრი სიხარული მაჩუქა, რამაც თავისუფლება მომანიჭა, რამაც ჩემი თავი დამანახა, რამაც დამაახლოვა სამყაროს და ადამიანებს, რომელთა გვერდითაც ვიმყოფები და იმათაც, რომლებზეც წამიკითხავს ან უამბიათ. ეს არის ჩემი პროფესია - აქტიორის პროფესია.
        მე მასზე გამუდმებით ვფიქრობ - ხან იმედით სავსე, ხან კი ეჭვის ჭია მღრღნის. ხან მგონია, რომ მას ვფლობ, ხან კი დეპრესია მტანჯავს, რომ არაფერი გამეგება ამ საქმეში. მერე მივხვდი, რომ ეს გაურკვევლობა თან ახლავს ამ პროფესიას, რომ ყოველთვის გამოცდის წინაშე გაყენებს. სულ ძებნას მოითხოვს შენგან, სულ ორჭოფობ მანამ, ვიდრე უცნაური სიხარული არ გეწვევა იმის გამო, რომ რაღაცას მივაგენი და სწორედ ეს სიხარული არის საწყისი იმ აღმაფრენისა, საიდანაც იწყება შემოქმედება. ე.ი. რაღაცის შექმნა, უხილავის ხილულად გადმოცემა, რომელსაც თუ რაიმე ღირებულია, აუცილებლად მიგიხვდება მაყურებელი და სიხარულსაც მიანიჭებ.  ეს არის ჩემი პროფესია - აქტიორის პროფესია.“ საკუთარ პროფესიაზე საუბრისას სწორედ ამას წერდა მურმან ჯინორია ჟურნალში „თეატრალური სახელოსნო“.




        მურმან ჯინორია დაიბადა 1947 წლის 2 თებერვალს ქალაქ თბილისში. სწავლობდა 22-ე საშუალო სკოლაში. ამასთანავე, დადიოდა პიონერთა სასახლეში დრამწრეზე. სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, მშობლების თხოვნით, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა ქიმიის ფაკულტეტზე. 1971 წელს ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, სადაც მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვდა. პირველ კურსზე იყო, როდესაც მიხეილ თუმანიშვილმა სატელევიზიო სპექტაკლი „გზაჯვარედინი“ დადგა. მურმანმა მთავარი როლი შეასრულა. მოგვიანებით უდიდესი პოპულარობა მოუტანა სერგოს როლმა ტელესპექტაკლში „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“.
        მესამე კურსზე იყო, როდესაც მიხეილ თუმანიშვილის მიერ რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლის „იულიუს კეისარის“ მასობრივ სცენებში მიიღო მონაწილეობა ისეთ დიდ მსახიობებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, კარლო საკანდელიძე და სხვ. 
        ის მუშაობდა მ. თუმანიშვილის მიერ შექმნილ კინოსტუდიაში „ქართული ფილმი“, სადაც უამრავი როლი მოირგო. მათ შორის: ლეონარდო (ფ. გარსია ლორკას “სისხლიანი ქორწილი“), იაკობი (მ. მრევლიშვილის „შუშანიკის წამება“),  დონ ჟუანი (მოლიერის „დონ ჟუანი“).
        მისი შემოქმედების ახალი ეტაპი 1983 წელს დაიწო, როდესაც რუსთაველი თეატრის დასში ჩაირიცხა, სადაც უამრავ სპექტაკლში ითამაშა:
·         დიმიტრი პაუშენკო (ბათიაშვილი ,,შეთქმულება”, ჟისორი -  ქავთარაძე),
·        ბატონი ნოე (ტურაშვილი ,,დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის”, რეჟისორი სტურუა),
·   მარლის სული (“საშობაო სიზმარი”, ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვითრეჟისორები სტურუაწულაძეეგაძე),
·         კენტი (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი - სტურუა),
·         ვიქტორი (კლდიაშვილი ,,ირინეს ბედნიერება”, რეჟისორი - ენუქიძე),
·         აბესალომი (სამსონაძე ,,იქსადაც ღვარად მოედინება”, რეჟისორი თავაძე),
·         თომა (ჭილაძე ,,ნახვის დღე”, რეჟისორები - სტურუათავვაძე),
·    მესამე მსაჯული   (როუზი,  “თორმეტი განრისხებული მამაკაცი”, დამდგმელი რეჟისორი - რობერტ სტურუარეჟისორი - რევაზ ჩხაიძე),
·         ბატონი კოტე  (ბუღაძე “სულიერი არსებები”, რეჟისორი - საყვარელიძე),
·         ბერლეი (შილერი “მარიამ სტიუარტი”,  რეჟისორი კაპანაძე),
·         პოლონიუსი (იორდანოვი ,,გონზაგოს მკვლელობა”, რეჟისორი - გოშაძე).

                           

       1995 წელს კოტე მახარაძემ მურმან ჯინორია ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთ მსახიობის თეატრში მიიწვია. აქ მურმანმა ქართველი პოეტების ლექსების მიხედვით სპექტაკლი „ბედისწერა გვიხსნის მარად“ შექმნა. სპექტაკლში ნათლად გამოვლინდა მისი მხატვრული ოსტატობა. მოგვიანებით დადგა შემდეგი სპექტაკლები: „... და სიმღერით ვკვდები“, „ზღვა ძალიან ღელავს“, „დროთა კავშირი დაირღვა“ (შექსპირის “ჰამლეტისა“ და სონეტების მიხედვით). თავისი მონოსპექტაკლების ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და ერთადერთი შემსრულებელი თავად მურმან ჯინორიაა. ის საკუთარი სამსახიობო ქმნილების ერთადერთი და სრულუფლებიანი ავტორია.


        რუსთაველის თეატრის მუზეუმში არსებულ მის პირად საქმეში ვკითხულობთ: „ის მრავალმხრივი ნიჭის მქონე მსახიობია. იგი ყოველთვის სერიოზულად და დიდი დატვირთვით მუშაობს მხატვრული სახის შექმნაზე. ზომიერი, გემოვნებიანი მსახიობია, რაც ესოდენ საჭირო და აუცილებელია სცენაზე. მსახიობი თავისი სცენიური სიმართლისა და ოსტატობის წყალობით ადვილად ამყარებს კონტაქტს მაყურებელთან. მურმან ჯინორია დისციპლინებული, შრომისმოყვარე, თავისი საქმის ერთგული და ჭეშმარიტი პროფესიონალია“. 

Comments/disqusion
No comments