Loading....
|ნუცა კობაიძე|

(გ.მეგრელიძე - „თბილისი“ N39. 15/II-1978წ. - მასალები რუსთაველის თეატრის მუზეუმიდან)       
   
    თეატრალურ ხელოვნებაში იშვიათია შემთხვევა, როცა წარმოდგენა დადგმის დღიდან წლების მანძილზე არ ხუნდება, მისი მონუმენტურობა და სიდიადე თაობებს გადაეცემა. ასეთია ბ.ლავრენიევის „რღვევა“. რუსთაველის თეატრში იგი, როგორც ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუში, სამმა თაობამ აღადგინა.
                                                                                                                                   


გაშავებულ ადგილზე იმ ადამიანების
სახელებია, რომლებიც დახვრიტეს.



ხუთი ათეული წლის წინათ - 1928 წლის თებერვალში „რღვევის“ ახმეტელისეულმა დადგმამ ტრადიციაც შექმნა ქართულ თეატრში. კერძოდ, საბოლოოდ დაამკვიდრა ახალი ჰეროიკულ-რომანტიკული სტილი, ხელი შეუწყო ს.ახმეტელის მიზნის განხორციელებას - შექმნა შინაარსით სოციალისტური და ფორმით ეროვნული თეატრი. წარმოდგენა გამოირჩეოდა იშვიათი რიტმით, ტემპერამენტით, ხასიათების მკვეთრი პლასტიკური მონახაზებითა და მონუმენტურობით. საინტერესო სიახლე იყო დადგმის ერთ-ერთ მთავარ გმირად მასის წამოწევა. რეჟისორი შეეცადა მეტი სიძლიერითა და ხაზგასმით გამოეჩინა მასის ცხოვრებისეული სიმართლე და ბერსენევების ოჯახის მეშჩანური მყუდროების განწირულობა.
ამ არაჩვეულებრივად ანსამბლურად დადგმის გამარჯვებას ხელი შეუწყო იმან, რომ მასში მონოლითური სახეები შექმნეს ქართული სცენის თვალსაჩინო ოსტატებმა აკ.ხორავამ (კაპიტანი ბერსენევი), თ.ჭავჭავაძემ (ტატიანა), თ.წულუკიძემ (ქსენია), უ.ჩხეიძემ (გადუნი), ა.ვასაძემ (შვარცი) და სხვებმა. მაყურებელს აოცებდა სცენაზე მათ მიერ წარმოსახულ გმირთა ხასიათები.
პრესაში გამოქვეყნებული ცნობები გვატყობინებენ, რომ წარმოდგენა ყოველთვის ანშლაგით მიდიოდა, რომ იგი პრემიერიდან - 9 თებერვლიდან 20 თებერვლამდე 12-ჯერ დაიდგა და დაესწრო 15 000 მაყურებელი. მესამე წარმოდგენა ნახა პიესის ავტორმა ბ.ლავრენიევმა და უდიდესი მოწონების ნიშნად მის დღიურში ასეთი ჩანაწერი დატოვა: „ძვირფასო ამხანაგებო! გულწრფელად და მხურვალედ მივესალმები საქართველოს ახალგაზრდა თეატრს, მის საუცხოო სპექტაკლს. შემოქმედებითი წვით და აქტიორული კოლექტივის მთლიანობით აღსავსე მეგობრულმა, მშვენიერმა, მწყობრმა მუშაობამ, რომელიც „რღვევაში“ ვნახე, დიდად ამაღელვა, და აღმაფრთოვანა.
       სულითა და გულით ვუსურვებ რუსთაველის თეატრის ყველა მუშაკს კვლავაც ასეთი ენერგიითა და აღმავლობით ევლოს ეროვნული თეატრის განვითარების გზაზე“.

რუსთაველის „რღვევას“ დიდი წარმატება ხვდა სრულიად საკავშირო ოლიმპიადაზე, გასტროლებზე ხარკოვში (1930 წელი). ამ დადგმამ აღაფრთოვანა არა მხოლოდ რუსი და უკრაინელი, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კრიტიკოსები. გასტროლები ჭეშმარიტი ხელოვნების ნამდვილ ზეიმად იქცა და დიდი ესთეტიკური სიამოვნება მიანიჭა საზოგადოებრიობას. იგი იქცა ხალხთა მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და დაახლოების ნათელ მაგალითად.



შემდგომ ახმეტელი კვლავ დაუბრუნდა ამ ნაწარმოებს. 1932 წლის 8 ნოემბერს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა ფემელადის ოპერა „რღვევა“, რომელიც ოქტომბრის რევოლუციის 15 წლისთავს მიეძღვნა, ეს დადგმა გამოირჩეოდა რეალისტური მანერით საოპერო შტამპებისაგან.
1941 წლის 24 ნოემბერს რუსთაველის თეატრის კომკავშირული ორგანიზაციის ინიციატივით მაყურებელმა კვლავ ნახა „რღვევა“ თიტქმის პირვანდელი შემადგენლობით.
ამ დადგმების მიმართ ინტერესი არც მომდევნო წლებში შენელებულა. იგი 1956 წელს აღადგინა აკ.ვასაძემ, ხოლო ს.ახმეტელმის დაბადების 75 და სპექტაკლის დადგმის 35 წლისთავზე - 1963 წლის აპრილში - ა.ხორავამ.




Comments/disqusion
No comments