Loading....
|თათია ტუხაშვილი|
English version - CLICK HERE

მიხეილ ბასილაძე #8 (145, 13-18 მარტი 2010)
გაზეთი 24 საათი
მას ქუჩაში თავისუფლად სიარული არ შეეძლო. ეროსი მანჯგალაძის გამოჩენა ყველგან აჟიოტაჟს იწვევდა. გამვლელები უღიმოდნენ, აჩერებდნენ და სახლში ეპატიჟებოდნენ.  იგი ბაზარში სიარულს ერიდებოდა, რადგან გამყიდველები თითქმის ყველაფერს უფასოდ სთავაზობდნენ. ეროსის ავტომობილს მილიცია მხოლოდ იმიტომ აჩერებდა, რომ მას გასაუბრებოდნენ.
პოპულარობის მიუხედავად ცხოვრებაში იგი საოცრად მორცხვი და მორიდებული ადამიანი იყო. ლაპარაკის დროს თანამოსაუბრეს ხშირად თვალებს ვერ უსწორებდა. ზედმეტი ყურადღებისგან თავს უხერხულად გრძნობდა და იბნეოდა. ასეთ  შემთხვევაში იგი არტისტიზმს იშველიებდა, რომ რამენაირად სიმორცხვე დაემალა.
მაგრამ ეროსის ნამდვილი გარდასახვა სცენაზე ხდებოდა. წარმოდგენისას იგი მთლიანად იცვლებოდა და ყველა კომპლექსისგან თავისუფლდებოდა. სიმორცხვის დაძლევაში გრიმი, პარიკი და თეატრალური კოსტიუმი ეხმარებოდა.
ეროსი მანჯგალაძე 1925 წლის 3 მარტს სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში დაიბადა. პირველი როლი 6 წლის ასაკში შეასრულა. საბავშვო სპექტაკლში, რომელიც სოფლის სკოლაში დაიდგა, ეროსი მანჯგალაძე კურდღელს თამაშობდა.  ერთხელ სკოლაში რუსთაველის თატრის მსახიობი ზაზა მაჩაბელი მოვიდა და პიესა „რღვევა“ დადგა. მანჯგალაძემ მთავარი როლი ითამაშა. ეროსის ნიჭით მოხიბლულმა მაჩაბელმა მას მსახიობობა ურჩია. ამის შემდეგ მანჯგალაძემ მსახიობობა მტკიცედ გადაწყვიტა.
პირველ წელს ეროსი ვერ მოეწყო თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ იმდენად მონდომებული იყო, რომ თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა. სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი ეროსი მოგვიანებით, 1941 წლის იანვარში გახდა.
თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის პარალელურად, მანჯგალაძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო რადიოკომიტეტში.  17 წლის ახალგალგაზრდა საქართველოს რადიოს უცვლელი ხმა გახდა. ომის დროს ეროსის ხმით იგებდა ქვეყანა ფრონტის ამბებს. ის ცოცხობდა მიკროფონთან. რადიოში ეროსის მიერ გადმოცემულ ამბავს გაცოცხლება არ სჭირდებოდა. მისი ხმის საშუალებით მსმენელის წარმოსახვაში ცოცხალი სურათი იხატებოდა. სცენაზე ეროსის პარტნიორი მედეა ჩახავა მანჯგალაძის ხმას შემდეგნაირად იხსენებს: “ხმა ჰქონდა რაღაც ჯადოსნური, ხავერდოვანი, დაბალი. კი არ ლაპარაკობდა - ღუღუნებდა. თითქოს მუსიკა იღვრებოდა მისი ბაგეებიდან.“
ეროსი გადმოსცემდა საფეხბურთო მატჩების, სამხედრო აღლუმების, პირველი მაისისა და 7ნოემბრის დემონსტრაციების რეპორტაჟებს, მნიშვნელოვან სამთავრობო დადგენილებებს, სახალხო ზეიმებს და თბილისობებს.
1945 წელს რეჟისორმა გიორგი ტოვსტონოგოვმა გორკის „მდაბიონი“ დადგა. ტეტერევის როლზე მან ეროსი მიიწვია. პირველ სპექტაკლს პირველი აღიარება მოჰყვა.  მანჯგალაძის სრულფასოვანი დებიუტი კი ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, სპექტაკლში „ღრმა ფესვები“ შედგა.
მსახიობ ელენე ყიფშიძესთან ხანმოკლე ქორწინების შემდეგ სულ მარტო ცხოვრობდა ეროსი ბარნოვის ქუჩაზე. მარტო ყოფნა მას განსაკუთრებით მაშინ უჭირდა, როდესაც სპექტაკლი არ ჰქონდა. მარტოობას ეროსი ტანგოსთან ერთად ატარებდა. ტანგო იაპონური ჯიშის ძაღლი იყო და მსახიობს იგი ქვეყანას ერჩია. მანჯგალაძეს ძაღლი მოსკოვში აჩუქეს. ბავშვობაში ეროსის სოფელში საყვარელი ძროხა ჰყავდა, რომელსაც ტანგო ერქვა, ძაღლმა სახელი მემკვიდრეობით სწორედ ძროისგან მიიღო.
ერთხელ რუსთაველის თეატრი გასტროლებზე რუმინეთში მიემგზავრებოდა. ეროსი მანჯგალაძეს ტანგოს წაყვანის უფლება არ მისცეს. ამის გამო მსახიობმა ბუქარესტში წასვლაზე უარი განაცხადა. ეროსი მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როდესაც ძაღლის კინოლოგთან დატოვებას დაპირდნენ. გასტორლების ბლოს, საბჭოთა საელჩომ ქართველი მსახიობებისთვის ბანკეტი გამართა. ელჩმა ეროსის სადღეგრძელოს თქმა სთხოვა. ეროსი წამოდგა და თქვა: „მე ვსვამ ტანგოს სადღეგრძელოს“ რათქმაუნდა ელჩმა თბილისში დატოვებული ძაღლის შესახებ არაფერი იცოდა. მან ჩათვალა, რომ მანჯგალაძე არგენტინული ტანგოს თაყვანისმცემელი იყო და ორკესტრს ტანგოს შესრულება სთხოვა.
როდესაც ტანგო მოკვდა, ეროსიმ ეს ამბავი ძალიან განიცადა და ძაღლი დიდი ზარ-ზეიმით დაასაფლავა.
ეროსი სპექტაკლისთვის მზადებას რამდენიმე დღით ადრე იწყებდა. როდესაც წარმოდგენა ჰქონდა, იგი არც სიგარეტს ეწეოდა და არც ალკოჰოლურ სასმელს იღებდა.  მანჯგალაძეს თეატრში საკუთარი მაყურებელი ჰყავდა, ხალხი, რომელიც სპეციალურად მის სანახავად დადიოდა თეატრში. მის სამსახიობო ნიჭს საზღვარი არ ჰქონდა, მას შეეძლო ეთამაშა ტრაგედიაც, ფარსიც და კომედიაც. თითოეულ მაყურებელს ეჩვენებოდა, რომ ეროსი მხოლოდ მისთვის გამოდიოდა სცენაზე. მანჯგალაძის შესრულებული უარყოფითი პერსონაჟიც კი მაყურებლის სიმპათიას იწვევდა.

 რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა „ჭინჭრაქა“ მსახიობთა იმპროვიზაციაზე ააგო. ერთ-ერთი მთავარი იმპროვიზატორის როლს ამ შემთხვევაში ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა.
მნიშვნელობა არ ჰქონდა რა როლს ასრულებდა ეროსი. მეორე პლანის თუ ეპიზოდურ როლებშიც, მანჯგალაძე ისეთ სახეებს ქმნიდა, რომ მაყურებელს იგი სამუდამოდ  ამახსოვრდებოდა.
იგი უწყინარი და მორიდებული ადამიანი იყო. ეზოს ბავშვები მას ერიკოს ეძახდნენ და ფეხბბურთის სათამაშოდ ეპატიჟებოდნენ. მას ეროსი ერქვა - სიყვარულის ღმერთის სახელი.



Comments/disqusion
No comments