Loading....
                                                        |ნანუკა სეფაშვილი|

რუსთაველის თეატრის მუზეუმის არქივიდან:

გოგი გეგეჭკორი : 

       "პირველი თეატრალური ნათლობა მე-14 საშუალო სკოლაში მივიღე, IV კლასში. იმ დღიდან გამიტაცა თეატრმა. ბოლო კლასებში მამაჩემს ხშირად დავყავდი თეატრში, თითქმის ყველა წარმოდგენა მაქვს ნანახი როგორც რუსთაველის და მარჯანიშვილის, ასევე მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ჩემი ძმაც მსახიობი იყო და მეც გადავწყვიტე ჩამებარებინა თეატრალურ ინსტიტუტში. 1940 წელს გავხდი სამსახიობო ფაკულტეტის  I კურსის სტუდენტი და ბედმა იმითაც გამიღიმა, რომ ჩემი პედაგოგები იყვნენ შესანიშნავი ხელოვანნი: დ.ალექსიძე, გ. ტოვსტონოგოვი, მ. მრევლიშვილი და სხვები.          თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდი იყო ჩემთვის ძალიან მაშტაბური, ბევრი როლი ვითამაშე სასწავლო სცენაზე, რამაც გარკვეული სკოლა მომცა, ბევრ პროფესიულ საიდუმლოს სწორედ ინსტიტუტში ვეზიარე, დავიჯერე, რომ მეც შეიძლება რაღაც გავაკეთო სცენაზე. და ბოლოს 1944-45წ.წ. სეზონში აკაკი ხორავას დახმარებით აღმოვჩნდი რუსთაველის თეატრში. პირველი როლი იყო  გლუმოვი- ოსტროვსკის პიესაში "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება", მე თავად აკაკი ხორავას დუბლიორი გახლდით. განსაკუთრებული შეფასება და რეცენზიები ამ სახის მიმართ მე არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს დიდი სინაზე, პირველი სერიოზული როლის თამაშთან დაკავშირებული განცდები. ამას მოჰყვა სპექტაკლი "პირველი ნაბიჯი", სადაც ბახვა ფარულავას ვთამაშობდი. ასე ავიდგი ფეხი რუსთაველის თეატრში.
   
         1949 წელს " ბარათაშვილი" დაიდგა . რეჟისორმა დ. ალექსიძემ მე მანდო ბარათაშვილის როლის განსახიერება. პრემიერამდე სამი დღით ადრე რუსთაველის თეატრის შენობა დაიწვა და პრემიერა ვითამაშეთ ოპერის თეატრის სცენაზე. სულ მოკლე ხანში რუსთაველის თეატრი აღადგინეს და იქ განვაგრძეთ სპექტაკლის თამაში. "ბარათაშვილი" წარმოვადგინეთ 200-ზე მეტჯერ. სპექტაკლს არნახული წარმატება ხვდა წილად.
   
        უჩვეულო ამპლუაში მომიწია  "სამანიშვილის დედინაცვალში" ყოფნა. ვიყავი სპექტაკლის წამყვანიც და პლატონის როლის შემსრულებელიც. აუცილებელი იყო რაღაც შუალედის მოძებნა- როგორ უნდა შევსულიყავი პლატონის ქერქში და მიმეტოვებინა ავტორისეული. ეს რაღაც ახალი თვისება, რომელიც ჩემს შემოქმედებაში პირველად გაჩნდა, ძალიან ძნელად დასაძლევი იყო. დიდხანს ვეძებდით ჩვენ ამას, სიმონეთშიც კი გახლდით, დ. კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში. იქაც განვაგრძეთ ძიების პროცესი და ბოლოს გადაწყდა, რომ სპექტაკლის ფორმა იქნება ისეთი, თითქოს დ. კლდიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ რუსთაველის თეატრის მსახიობები და გაითამაშებენ სცენებს მისი ნაწარმოებიდან.
        ამ წარმოდგენას წარმატება ხვდა წილად. დიდიძალი მაყურებელი დაესწრო, ბევრჯერაც ვითამაშეთ. იგი ერთ-ერთი პირველი სპექტაკლი იყო, რომელიც თეატრმა საგასტროლოდ საზღვარგარეთ, კერძოდ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წაიღო. გერმანიაში მე ავტორისეული დასაწყისი და ბოლო ტექსტი გერმანულად წავიკითხე.
       ამ როლთან დაკავშირებულია საოცარი ეტაპი ჩემი ცხოვრების, და ეს როლი სულ თან დამყვება."

        ჩვენი პროფესიის საიდუმლოება  იმაშია, რომ სცენაზე გამოსვლისას შენ გრძნობდე თითქოს ამ როლს თამაშობ პირველად, როგორც პრემიერაზე. თუ ამ გრძნობას უმტყუნებ მაშინ ეს როლი დაკარგავს თავის მშვენიერებას. ეს არის თეატრის მსახიობის სამზარეულოს საიდუმლოება - როგორც პირველად. ეს ძალიან ძნელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის მანძილზე ბევრი როლი ვითამაშე, ვცდილობდი ამ პრინციპის დაცვას. ახალგაზრდებსაც მოვუწოდებ ისწავლონ როლის პერსპექტივაში თამაში.
         მე მოცულობით დიდი როლები მითამაშია. ამ როლებიდან ერთი ათი როლი ვითამაშე კარგად, დანარჩენი როგორც პროფესიონალმა საშუალოდ, ბევრიც ცუდად. მე არ ვარ ის კაცი ჩემი როლებით ვიტრაბახო...
         მაგრამ მე საგრიმიორო ოთახში რომ აღარ შემოვიდე, ჩემს სარკესთან რომ აღარ დავჯდე, გრიმი არ გავიკეთო გათავდა, მაშინ წერტილი უნდა დამესვას. რა ვქნა, ჯერ-ჯერობით ვარ აქ, ამ თეატრში და ვთამაშობ ცოტას..."



რას წერდნენ გოგი გეგეჭკორის შესახებ მისი თანამედროვენი:


მ. თუმანიშვილი :

         " გოგი გეგეჭკორი არის არტისტი თავიდან ფეხებამდე. ბუნებისაგან მინიჭებული ნიჭირება მასში გაჯერებულია გასაოცარი შრომისმოყვარეობით და  ორგანიზებულობით.
         გოგი გეგეჭკორი უსაზღვრო დიაპაზონის მსახიობია, მისი პალიტრა სავსეა სხვადასხვა ტონალობის საღებავებით. იგი ფანტასტიკურად ერთგულია თავისი საქმის."


მედეა ჩახავა :

       ჩვენ ისეთი სკოლა გავიარეთ ჯერ გ. ტოვსტონოგოვთან, შემდეგ მ. თუმანიშვილთან, როცა სულ ახალგაზრდები ვიყავით, ისე შევესისხლხორცეთ ერთმანეთს, ისე ჩაგვინერგეს, რომ ჩვენ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეგვიძლია, რომ  მთელი ცხოვრება ამ მრწამსით გავატარეთ. დღესაც ერთად ვართ დაკავებული მე და გოგი ახალ სპექტაკლში და როცა სახლში ფიქრს ვიწყებ, თვალწინ აუცილებლად გოგი დამიდგება, რადგან იგი ჩემი პარტნიორია და ჩემს მიერ მოფიქრებული სცენა აუცილებლად უნდა შევათანხმო მის მიერ მოფიქრებულთან.  პარტნიორის გრძნობა, რეპეტიციის დროს იქნება ეს თუ სპექტაკლის მიმდინარეობისას, აუცილებლად გულისხმობს ურთიერთპატივისცემის გრძნობასაც, რაც სრულიად გამორიცხავს ეგოისტურ მომენტებს მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ სახეზე ფიქრისას.
      გოგი შესანიშნავი პარტნიორია, ინიციატივიანი, იგი რეჟისორისთვისაც ძალიან საინტერესოა, რადგან სულ მუდამ ახალი წინადადებებით მოდის რეპეტიციაზე. იგი მრავალფეროვანია, დაუღლელი, სულ იწვის, დაუზარელია..."


ნათელა ურუშაძე:

      "ადამიანი ზოგჯერ ერთნაირია შინ და გარეთ, ზოგჯერ რადიკალურად განსხვავებული, ზოგჯერ რაღაცით ჰგავს გარეთ მყოფს და ზოგჯერ რაღაცით არა.
მკაცრი არის, მაგრამ პირველ ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. ისე, საერთოდ, რბილი ადამიანია, მაგრამ შინაგანი დისციპლინა აქვს უმაღლეს დონეზე.
       ერთხელ მაღაზიაში გამყიდველმა ქალმა მიცნო მე და ვერ იცნო გოგი. ის ქალბატონი თეატრსა და კინოში როგორც ჩანს არ დადიოდა, ტელევიზორს კი უყურებდა. კინაღამ გაგიჟდა გოგი. ეს არის წმინდა არტისტული ბუნება. ესენი ხომ ვერ იტანენ ვიღაცამ რომ ვერ იცნოს, რადგან პოპულარობის, ხალხის სიყვარულის მეტი მათ პროფესიიდან ხომ არაფერი რჩებათ.
       ჩვენ როდესაც დავქორწინდით იგი თამაშობდა "ბარათაშვილს" და მე თამამად შემეძლო მეთქვა, რომ გავყევი რომანტიკული სულის მქონე პოეტს, მაგრამ გამოხდა ხანი და ეს პოეტი გადაიქცა მეგრულ მგლად 'ჭინჭრაქაში'. აქ ერთი შევცბი, მაგრამ მე არ ვიცოდი რა მელოდა, ცოტა ხნის შემდეგ იგივე სცენაზე დაიბადა მკვლელი, რეციდივისტი ტიგრან გულოიანი, რომელიც დღემდე ცოცხლობს ამ სცენაზე. ამას მოჰყვა ალქაჯი  "მაკბეტში" და ვიფიქრე, ეხლა მაინც დამთავრდა ჩემი გაწბილების პროცესი-თქო, მაგრამ ნურას უკაცრავად. ამჟამად რუსთაველის თეატრის რეპერტუარში ჩაეშვა სპექტაკლი "შორაპნელი ქალბატონები", სადაც გოგი საიქიოდან მოვლინებულ ადამიანს თამაოშობს და ახლა თავად განსაჯეთ რით დაიწყო და რით მთავრდება ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი. "



ვასილ კიკნაძე:

       ქართული თეატრის ჯენტლმენი- ხშირად ვიმეორებ ამ სიტყვებს გოგი გეგეჭკორის მისამართით. ეს გამონაკლისი თვისებაა.
       საქართველოში არტისტულ ნიჭს რა გამოლევს. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მთელი საქართველო არტისტობს- საერთოდ ქართველი მუდამ არტისტობს. ჩემზე ადრე ეს ახმეტელმა თქვა. მასზე საუკუნეებით ადრე კი უცხოელებმა- ქართველები ყოველთვის სხვის საჩვენებლად თამაშობენო. ჯენტლმენობა კი სულ სხვაა. ბუნებამ უნდა მოგცეს იგი.
        გოგი გეგეჭკორთან ერთად  10 წელი ვიმუშავე რუსთაველის თეატრში. ეს იყო ბედნიერი წლები. რამდენი შემოქმედებითი და ადამიანური სიხარული მაჩუქა ბატონმა გოგიმ. მას ჯერ ისევ სტუდენტობის წლებში შევხვდი. თეატრმცოდნეები დიმიტრი ალექსიძის სპექტაკლის "დონ სეზარ დე ბაზანის" რეპეტიციებს ვესწრებოდით. გასაოცარი, მართლაც ზღაპრული, რაღაც საზეიმო იმპროვიზაციების ფეიერვერკები იყო სარეპეტიციო პროცესი. დიმიტრი ალექსიძის იუმორი, სიტუაციების შეთხზვის უნარი, შთაგონება და გეგეჭკორის დონ სეზარის მოქნილი, დახვეწილი ელეგანტური მოძრაობა, ფორმათა უეცარი გათავისება. რეჟისორის ჩანაფიქრის ზუსტი ამოხსნა, იქვე ჩვენს თვალწინ ახალ ფორმათა თუ პლასტიკურ ნახაზთა შეთხზვა აღტაცებას გვგვრიდა სტუდენტებს. მაშინ ბატონი გოგი ხომ უპოპულარესი ახალგაზრდა მსახიობი იყო, დავაჟკაცებული, მაგრამ ახალგაზრდა, 27 თუ 28 წლისა. ჩვენ გვხიბლავდა მისი მაღალი პროფესიული კულტურა და ეს ნამდვილი გაკვეთილი იყო სტუდენტებისათვის.
გოგი გეგეჭკორმა შემოქმედებითი ცხოვრების დიდი გზა განვლო. ჭეშმარიტი ხელოვნება ოქროს მაძიებლის შრომასავით მძიმეა, მაგრამ მუდამ იმით დაიმედებული რომ უთუოდ გამაონათებს ოქროს ელვარება. ის პატარა საოცარი მარცვალი არის შემოქმედის მუდმივი ძიების საგანი. ბედნიერია გოგო გეგეჭკორი რომ არასოდეს ამაოდ არ დამშვრალა ამ ძიებებში, ყოველთვის პოულობდა ხოლმე იმ მარცვალს, რომელიც მისი სულიდან ანათებდა. მაყურებელი კი მუდამ ბედნიერი იყო, რადგან მათ სულშიაც იჭრებოდა სინათლის სხივი.
       ბატონი გოგის როლები რომ ჩამოვთვალო, გვერდები არ ეყოფა. ყოველი სახე ცალკე საუბრის თემაა.
       უკვე ისტორიას ეკუთვნის ბევრი რამ, რის გარეშეც წარმოუდგენელია ამ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ქართული სამსახიობო ხელოვნება.
       ეს დიდი სიმდიდრეა!

Comments/disqusion
No comments