Loading....
  დღეს გოგი გეგეჭკორს 94 წელი შეუსრულდებოდა...


დაიბადა 1923 წლის 23 თებერვალს.
მის ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის მოღვაწეები. მათი საუბრები უმეტესად ხელოვნების სფეროს შეეხებოდა. გიორგი ყოველთვის გატაცებით უსმენდა მათ, ფიქრობდა, კითხულობდა თეატრის შესახებ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გეგეჭკორმა ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამსახიობო ფაკულტეტზე. 1944 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში. ეკრანზე ორმოცამდე დიდი თუ მცირე როლი განასახიერა. რადიოში, სტუდენტობიდან მოყოლებული, კითხულობდა ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავ-არაკებს, ქმნიდა საინტერესო სახეებს რადიოდადგმებში. უფრო გვიან, როდესაც გეგეჭკორი უკვე აღიარებული, პოპულარული მსახიობი გახდა, მის ცხოვრებაში ხელოვნების კიდევ ერთი დარგიტელევიზია შემოვიდა. არც არაფერი იყო გასაკვირი იმაში, რომ თავისი საქმის ოსტატი, პირველი ნაბიჯებიდანვე ქართული ტელევიზიის მუდმივი თანამგზავრი გახდა.



შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში მსახიობმა 120-მდე როლი შეასრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მ. მრევლიშვილის პიესაში "ბედი მგოსნისა"  განსახიერებული ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი. სპექტაკლი დიდხანს არ ჩამოსულა სცენიდან და საოცარი პოპულარობა მოუტანა მსახიობს; შემდეგ იყო დონ სეზარი("დონ სეზარ დე ბაზანი"), მგელი("ჭინჭრაქა"), ჰამლეტი, გლოსტერი, ბაკინგემი("ჰამლეტი", "მეფე ლირი", "რიჩარდ მესამე") და სხვ. ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნაში" ტიგრან გულოიანის როლი ხუთასზე მეტჯერ ითამაშა. დ.კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალს", სადაც პლატონ სამანიშვილის როლს ასრულებდა, საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა რუსთაველის თეატრისათვის და უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაშიც წარმატებით წარმოადგინეს.





მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში; კინოეკრანზე, ტელეფილმებში და რადიოდადგმებში 100-მდე როლი აქვს შესრულებული. 

გადაღებულია კინოფილმებში: 
  • ლევანი("ჭრიჭინა", 1954), 
  • ვახტანგი("აბეზარა", 1956), 
  • ბესარიონი("წარსული ზაფხული", 1959), 
  • ნესტორი("ეთერის სიმღერა", 1956), 
  • ნიკო("ქალის ტვირთი", 1957), 
  • მამა("არდადეგები", 1962), 
  • ლოგიკის მასწავლებელი("ჩემი მეგობარი ნოდარი", 1967), 
  • დირიჟორი("ჩარი რამა", 1972), 
  • ფარმაცევტი("ვერის უბნის მელოდიები", 1973),
  •  დათიკო("აურზაური სალხინეთში", 1975), 
  • გალაკტიონი("ბაკულას ღორები", 1976),  
  • ჩაჩიკა("ნატვრის ხე", 1976), 
  • საბა("ბათა ქექია", 1978), 
  • სანდრო კარიძე("დათა თუთაშხია", 1978), 
  • მოსე("კაცია ადამიანი?!", 1979), 
  • ჯანდიერი("ფესვები", 1987), 
  • ივერთ მონასტრის ბერი("ანთიმოზ ივერიელი", 2001) და სხვ.




ბატონი გოგი საოცრად დახვეწილი, რაფინირებული ინტელიგენტი იყო. სიტყვაში  "ინტელიგენტი" ისედაც ბევრი კარგი მოიაზრება და თუ დავუმატებთ .. რაფინირებას, ჩვენ წინ წარდგება ღირსებებით შემკული ადამიანი.
ასეთი გახლდათ გოგი გეგეჭკორი - თავაზიანი, თავმდაბალი, განათლებული, გემოვნებიანი და საოცრად თბილი ადამიანი. მისთვის სულერთი იყო, ვინ იდგა მის წინ - თეატრის დარაჯი, გამვლელი თუ დირექტორი, ყველას მოწიწებით ელაპარაკებოდა. უცნობებს ქუჩაში ქუდის მოხდით ესალმებოდა, დარაჯთან დადგებოდა და დაწვრილებით გამოჰკითხავდა ოჯახის ამბებს, ბავშვს მისთვის "გასაგებ ენაზე" საინტერესო ამბებს უყვებოდა. ეს არ გახლდათ ყოველდღიურობაზე მორგებული თეატრალური ნიღაბი, გოგი უაღრესად გულწრფელი იყო დიდსა და პატარასთან, განურჩევლად ასაკისა და თანამდებობისა.



მიხეილ თუმანიშვილი: "თუ გიყვართ თქვენ სიცილი. გინდათ, გულიანად იცინოთ. თუ გსურთ, დატკბეთ კომედიის მსახიობის ბრწყინვალე ოსტატობით, მაშინ დაუყოვნებლივ შეეცადეთ, იშოვოთ ბილეთი რუსთაველის თეატრის სპექტაკლზე "ამბავი სიყვარულისა" და ნახეთ გიორგი გეგეჭკორი, რომელიც ამ სპექტაკლში ასრულებს ექვთიმე ქათამაძის როლს.
გოგი გეგეჭკორი არის არტისტი თავიდან ფეხებამდე. ბუნებისაგან მინიჭებული ნიჭირება მასში გაჯერებულია გასაოცარი შრომისმოყვარეობით და  ორგანიზებულობით."


მედეა ჩახავა : "გოგი შესანიშნავი პარტნიორია, ინიციატივიანი, იგი რეჟისორისთვისაც ძალიან საინტერესოა, რადგან სულ მუდამ ახალი წინადადებებით მოდის რეპეტიციაზე. იგი მრავალფეროვანია, დაუღლელი, სულ იწვის, დაუზარელია..."

ვასილ კიკნაძე: "ქართული თეატრის ჯენტლმენი- ხშირად ვიმეორებ ამ სიტყვებს გოგი გეგეჭკორის მისამართით. ეს გამონაკლისი თვისებაასაქართველოში არტისტულ ნიჭს რა გამოლევს. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მთელი საქართველო არტისტობს- საერთოდ ქართველი მუდამ არტისტობს. ჩემზე ადრე ეს ახმეტელმა თქვა. მასზე საუკუნეებით ადრე კი უცხოელებმა- ქართველები ყოველთვის სხვის საჩვენებლად თამაშობენო. ჯენტლმენობა კი სულ სხვაა. ბუნებამ უნდა მოგცეს იგი."


ნათელა ურუშაძე : "გიორგი რბილი ხასიათის, ბუზღუნა, მაგრამ უხმაურო ადამიანი იყო. ჰქონდა კარგი იუმორი, რომელსაც უფრო ხშირად თავდაცვისთვის იშველიებდა. გიორგი საოცრად ყურადღებიანი მეუღლე და მამა იყო. არ მახსოვს, უცხოეთში წასულს, ჩვენთვის არ ჩამოეტანოს უამრავი საჩუქარი."

გოგი გეგეჭკორი: "ჩვენი პროფესიის საიდუმლოება იმაშია, რომ სცენაზე გამოსვლისას შენ გრძნობდე, თითქოს ამ როლს თამაშობ პირველად, როგორც პრემიერაზე. თუ ამ გრძნობას უმტყუნებ, მაშინ ეს როლი დაკარგავს თავის მშვენიერებას. ეს არის თეატრის მსახიობის სამზარეულოს საიდუმლოება - როგორც პირველად. ეს ძალიან ძნელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის მანძილზე ბევრი როლი ვითამაშე, ვცდილობდი ამ პრინციპის დაცვას. ახალგაზრდებსაც მოვუწოდებ, ისწავლონ როლის პერსპექტივაში თამაში.
მე მოცულობით დიდი როლები მითამაშია. ამ როლებიდან ერთი ათი როლი ვითამაშე კარგად, დანარჩენი, როგორც პროფესიონალმა, საშუალოდ, ბევრიც - ცუდად. მე არ ვარ ის კაცი, ჩემი როლებით ვიტრაბახო... მაგრამ მე საგრიმიორო ოთახში რომ აღარ შემოვიდე, ჩემს სარკესთან რომ აღარ დავჯდე, გრიმი არ გავიკეთო, გათავდა, მაშინ წერტილი უნდა დამესვას. რა ვქნა, ჯერჯერობით ვარ აქ, ამ თეატრში და ვთამაშობ ცოტას..."


ჯილდოებიპრემიები და პრიზები
1955წ. - საქართველოს სახალხო არტისტი;
ღირსების ორდენი;
კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია;
საქართველოს სახელმწიფო პრემია.

Comments/disqusion
No comments