Loading....


პოპულარობა პირველივე კურსიდან მოიპოვა, მიხეილ თუმანიშვილმა რომ ათამაშა ტელესპექტაკლში - „გზაჯვარედინზე“. ამას ტელესპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს მოჰყვა, მერე კიდევ სხვა და ასე წავიდა... მისი ხმა არავისას ჰგავდა, ინტონაცია უცნაური იყო, არავის დაავიწყდება როგორ კითხულობდა ტერენტი გრანელის ლექსებს საქართველოს რადიოს მე-9 სტუდიაში: შუა კითხვისას ემოციურად წყვეტდა სტრიქონს, წამოხტებოდა სკამიდან და იქვე სტუდიაში ბოლთას სცემდა, თითქოს რაღაცას ეძებდა, მერე კი უცებ, მოწყვეტით მიუჯდებოდა მიკროფონს და განაგრძობდა... „გალაკტიონი არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია.“ მისი ცხოვრების გზა ერთდროულად გადაეჯაჭვა თეატრს, ეკრანს, რადიოსა და პოეზიას. გადაეჯაჭვა კი არა, შეესისლხორცა და გამთლიანდა ერთ ადამიანში, რომელსაც მურმან ჯინორია ჰქვია...




დაიბადა 1947 წლის 21 თებერვალს. 1975 წლიდან კინომსახიობთა თეატრის მსახიობია, 1983 წლიდან - რუსთაველის თეატრის. ჯინორია მხატვრული კითხვის ოსტატია. რუსთაველის თეატრში მისი ავტორობითა და შესრულებით განხორციელდა ლიტერატურული კომპოზიციები „ბედისწერა გვიხსნის მარად“ და „ქარი მწყურია მე პირდაპირი“, ვ.ანჯაფარიძის სახ. თეატრში: ქართველ პოეტთა ლექსებზე შექმნილი სპექტაკლი „...და სიმღერით ვკვდები“, გ.რჩეულიშვილის მოთხრობების მიხედვით - „ზღვა ძალიან ღელავს“, შექსპირის „ჰამლეტისა“ და სონეტების მიხედვით - „დროთა კავშირი დაირღვა“, დ.გულიას ლექსების მიხედვით - „მე იალქანი უნდა გავშალო“, ამავე თეატრში განასახიერა ლეონარდო სპექტაკლში „დედა დედოფალი“.

მისი, როგორც პროფესიონალი აქტიორის ცხოვრება 1971 წელს თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო. თავიდანვე ბედმა გაუღიმა, დიდი მაესტროს, მიხეილ თუმანიშვილის ექსპერიმენტულ, სამსახიობო-სარეჟისორო ჯგუფში მოხვდა. თავად მურმან ჯინორია თვლის, რომ ეს ღვთის წყალობა იყო. განგების ეს საჩუქარი მსახიობმა არა მარტო ღირსეულად მიიღო, არამედ მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ იგი ასეთ წყალობას ნამდვილად იმსახურებდა.

არტისტობა ბავშვობიდანვე უნდოდა. პიონერთა სასახლის დრამატულ წრეშიც დადიოდა, ბატონ ვახტანგ სულაქველიძის ხელმძღვანელობით აქტიორული ხელოვნების ანბანს ეუფლებოდა. მშობლებს მიაჩნდათ, რომ ეს მათი შვილის ბავშვური გატაცება იყო. მისი მშობლები თვლიდნენ, რომ თეატრალური შემოქმედება რთული საქმიანობაა. ბევრი რამ გამართლებაზე, იღბალზეა დამოკიდებული.  მშობლების რჩევით 1971 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა, შემდეგ ოცნება აიხდინა და თეატრალურში ჩაირიცხა. თავისთავად სასიხარულოა, როდესაც ოცნებას აისრულებ და თეატრალურ ინტიტუტში მოხვდები. მაგრამ კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როდესაც მსახიობის ოსტატობას მიხეილ თუმანიშვილი გასწავლის - დიდი რეჟისორი, თეატრის თეორეტიკოსი და პედაგოგი.  მურმან ჯინორია მიხეილ თუმანიშვილის საყვარელი მოწაფე იყო. დიდი მაესტროს ხელმძღვანელობით, მის გვერდით მოღვაწეობდა ახლადშექმნილ, ძალიან კარგ და წარმატებულ თეატრში. 



მურმან ჯინორია თეატრალურ სახელოსნოს ტოვებს და რუსთაველის თეატრში გადადის. მურმან ჯინორიას შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მსახიობი ასე იგონებს იმ ხანას: „რობერტ სტურუასთან  მივედი. გადავწყვიტე, ყველაფერი ნულიდან დამეწყო. შევეცადე, ჩემი თავი ახლად ინტიტუტდამთავრებული მსახიობის მდგომარეობაში ჩამეყენებინა. ვითომ არც პროფესიულ სცენაზე მითამაშია და არც კინოში. ამან ძალიან მიშველა. პატარა, ეპიზოდური და მეორეხარისხოვანი პერსონაჟის განსახიერებითაც უნდა შეგეძლოს დაამტკიცო, ვინ ხარ. შეიძლება მაშინვე მიიღო საოცნებო სამუშაო, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ამისთვისაც მზად უნდა იყო. პატარ-პატარა პერსონაჟებმა შეიძლება უფრო დიდი და მნიშვნელოვანი სცენური გმირები შემოიყვანონ არტისტის ბიოგრაფიაში“.

ყველა თავის როლში მურმან ჯინორია მისი, როგორც მსახიობისა და მოქალაქის სათქმელს გამოხატავს. კინოში ამის გაკეთება უფრო რთულია, იმის გამო, რომ აქ მსახიობი კიდევ უფრო მეტ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, ვიდრე თეატრში. თუმცა მურმან ჯინორიას კინოშიც მრავალი როლი აქვს შესრულებული: თამაზ იაშვილი („თვალი პატიოსანი“), სოსიკო („სინემა“), თამაზ ენგური („ჩაკლული სული“), კარტუზო („ბესამე“), მამა იორამი („მარადისობის კანონი“), მაიორი ქარდავა („დაპირისპირება“) და სხვა. მიუხედავად კინოში შექმნილი არაერთი დასამახსოვრებელი სახისა, მურმან ჯინორიას უმთავრესი შემოქმდებითი ასპარეზი დრამატული თეატრია. და არა მხოლოდ რუსთაველის თეატრი.

მურმან ჯინორია: „ ჩემი აზრით, მსახიობი რეჟისორზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. თუ პროფესიონალი ხარ და შენი საქმე გიყვარს, რისკზე უნდა წახვიდე და არ დაელოდო, როდის გიპოვის და აღმოგაჩენს რეჟისორი. ვცდილობ, ყველა როლში ჩემი სათქმელი, ჩემთვის საინტერესო პრობლემა დავინახო და ჩემებური გასაღები მოვარგო. არსებობს დრამატურგის, რეჟისორისა და მსახიობის პარტიტურა დრამატურგმა დაწერა სიუჟეტი, დიალოგები. რეჟისორმა შექმნა მიზანსცენები, ატმოსფერო, განწყობილება. მათზე დაყრდნობით მე მესამე, ჩემი პარტიტურა უნდა შექმნა. საერთოდ, ყველა საქმეში თავისუფალი მინდა ვიყო, ჩემს პროფესიაშიაც.“ 


შეიძლება ზემოთ მოყვანილ მის მოსაზრებათაგან ზოგიერთი სხვაც უჩვეულოდ მოგეჩვენოთ. მაგრამ ეს, მხოლოდ ერთი, ზედაპირული შეხედვით. მურმან ჯინორია გამოცდილი პროფესიონალია და შესანიშნავად იცის არა მარტო თავისი საქმიანობის თავისებურებები, არამედ აქტიორული შემოქმედების ბევრი საიდუმლოც. როდესაც იგი მსახიობის თავისუფლებაზე საუბრობს, ალბათ, მის მეტ-ნაკლებ დამოუკიდებლობას გულისხმობს ავტორისა და რეჟისორის მიერ შეთხზულ ვითარებაში. მხოლოდ ამ მოცემული პირობების გათვალისწინებითაა შესაძლებელი მაქსიმალური აქტიორული თავისუფლების მიღწევა და საინტერესოდ იმპროვიზირება. სწორედ ეს არის მურმან ჯინორიას შემოქმედების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე.

მურმან ჯინორიას მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი როლები კინომსახიობთა თეატრში:
ლეონარდო („სისხლიანი ქორწილი“), იაკობი („შუშანიკის წამება“), დონ ჟუანი („დონ ჟუანი“).

მურმან ჯინორიას მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი როლები რუსთაველის თეატრში:
დიმიტრი პაუშენკო („შეთქმულება“), ბ-ნი ნოე („დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის“), მარლის სული („საშობაო სიზმარი“), კენტი („მეფე ლირი“), ვიქტორი „ირინეს ბედნიერება“), აბესალომი („იქ, სადაც ღვარად მოედინება“), თომა („ნახვის დღე“), მესამე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი’), ბ-ნი კოტე („სულიერი არსებები“), „სხვა საქართველო“ (ლიტერატურული კომპოზიცია), პოლონიუსი („გონზაგოს მკვლელობა“)









გადაღებულია კინოფილმებსა და სატელევიზიო სპექტაკლებში.

ჯილდოები:
1988წ - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.


სოფიკო ჭიაურელი: „ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ მურმანს უწინარეს იმიტომ, რომ არის უდიდესი პროფესიონალი, თავის საქმეზე შეყვარებული მსახიობი. მურმანი არის პოეზიის უბადლო მკითხველი, მხატვრული კითხვის ოსტატი. ბევრია კარგი დრამატული მსახიობი, ვისთვისაც სრულიად უცხოა ლექსის კითხვა, მურმანი კი ჩინებულად ფლობს ამ ორივე პროფესიას. ის გამორჩეულია არა მარტო სამსახიობო მონაცემებით, არამედ გარეგნობითაც - არის ტანადი, პლასტიური, ძალიან ლამაზი, მეტყველი ხელებით. როგორც პარტნიორი - შესანიშნავია. პირადად მე ისეთი დიდი სიამოვნება, როგორსაც მისი პარტნიორობა მანიჭებს, იშვიათად განმიცდია.“


მურმან ჯინორია: „ცხოვრება ასეთია, ადამიანებს ერთმანეთს აჯიბრებს. თეატრშიც რეჟისორმა შეიძლება შენს მაგივრად სხვა წამოსწიოს წინ. ეს მის პროფესიაში შედის, შეჯიბრში გამყოფებს შენს კოლეგასთან. ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა ასე. გგონია, რომ ეს როლი უნდა ითამაშო, მაგრამ მოგცეს სულ სხვა. ის, რომელზეც არასდროს გიოცნებია, არასდროს მოგწონდა… ბევრი სხვა რამეც ყოფილა… როგორ გადაიტან, ეს არის მთავარი. გაბოროტდები და ასე დაამთავრებ, თუ მოითმენ. მოთმენა გაჩერებას არ ნიშნავს. ჩემს მტრებს ვენაცვალეო, – სერგო ზაქარიაძე ამბობდა, – არტისტი გამომიყვანესო. ღმერთი იმიტომ არის დიდი, რომ იქვე გაძლევს წამალს, არ მოგკლავს. პირიქით, გასწავლის, თუ ამას ამოხსნი, ხომ კარგი. თუ ბოღმისთვის დაიტოვებ, არაფერი გამოვა. არ უნდა დაიბოღმო, არ უნდა გაბოროტდე. თეატრში ხდება ასეთი რაღაცები… ღარიბი არ უნდა იყო. ღარიბობაა გამორჩენაზე ფიქრი. ზოგიერთი არტისტი მშიშარაა, დრამატურგსა და რეჟისორს ეფარება და ამით უნდა თავის გამოჩენა. ასე ადვილია ცხოვრება. როცა არაფრიდან გამოიყვან რაღაცას, ეს არის სიამოვნება, თანაავტორი ხდები როლის… სხვა მდგომარეობაში გადასვლა არის არტისტობა. მსახიობები ხშირად ცდილობენ, ტემპერამენტის ხარჯზე მოახერხონ მაყურებელზე ზემოქმედება. საშინელებაა. ეს ემოციის ხარჯზე უნდა მოხდეს… ენერგიას ვხარჯავ კი არა, სპექტაკლის შემდეგ თითქმის ვეღარ დავდივარ, მაგრამ ტემპერამენტის ხარჯზე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ემოციის. მთავარი გულწრფელობაა და შენი სინდისი. თუ ამას მისდევ, მაშინ ყოველთვის მართალი ხარ“.






(მასალები დაცულია რუსთაველის თეატრის მუზეუმში.)

| თაკო მელიქიშვილი|

Comments/disqusion
No comments