Loading....


ალექსანდრე ახმეტელის დაბადებიდან 130 და ტრაგიკული გარდაცვალებიდან 79 წელი გავიდა.
დაიბადა 1886 წლის 14 აპრილს, სოფელ ანაგაში.
1900 წელს დაამთავრა თელავის სასწავლებელი. 1906 წელს დაამთავრა ქართული გიმნაზია და იმავე წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში აქვეყნებდა წერილებს თეატრალურ ხელოვნებაზე ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. თელავსა და მაჩხაანში დგამდა სცენისმოყვარეთა სპექტაკლებს.
ქიმიის პროფესორი გ.ციციშვილი, რომელიც მაშინ პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა, მოგვითხრობს სანდრო ახმეტელის შრომისუნარიანობაზე: „ყველაფერს ასწრებდა, შეუსვენებლივ კითხულობდა წიგნებს სასცენო ხელოვნების შესახებ. აღამებდა ბიბლიოთეკაში, დადიოდა თეატრებში, ღამით წერდა სტატიებს, რომლებსაც ჟურნალ- გაზეთებში აქვეყნებდა. ხშირად უამბობდა ამხანაგებს იმის შესახებ თუ როგორ წარმოედგინა ამა თუ იმ პიესის სცენაზე განხორციელება. ოცნებობდა დ.ერისთავის „სამშბლოს“ დადგმაზე, რომ მოქმედება პარტერშიც ყოფილიყო გაშლილი.“
რა ვიცით ახმეტელის ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ? იყო აქტიური წევრი პეტერბურგელ ქართველთა სათვისტომოსი. თუკი იქ რაიმე საღამო იმართებოდა, მთავარი გამომგონებელი და ორგანიზატორი ის იყო. უკრავდა ქართულ ხალხურ საკრავებზე. მაგრამ იმავ დროს, მის თანამედროვეთა გადმოცემით, პერიოდულად ამ მხირულსა და ხალისიან სტუდენტს საშინელი სევდა მოიცავდა ხოლმე. მიზეზების შესახებ ის არაფერს ამბობდა. იქნებ არც შეეძლო მათი ზუსტი განსაზღვრა. ასეთ დროს განმარტოებას ირჩევდა უფრო ხშირად ფინეთის რომელიმე ყრუ სოფელში მიდიოდა თურმე, ტყეში სეირნობდა მარტო, ნავით შორს გასცურავდა, აგრეთვე მარტო... პეტერბურგში დაბრუნებული შეივლიდა იასე ვაჩნაძესთან, რომელსაც ლიტეინის გამზირზე ღვინის მაღაზია ჰქონდა. მაგრამ იშვიათად დალევდა, მერე ეს სიამოვნება აიკრძალა, ვინაიდან იცოდა ცუდი სიმთვრალე სჩვეოდა. ასე, კახელმა კაცმა-ვაზის ქვეყნის შვილმა, სამუდამოდ უარი თქვა სიამოვნებაზე , რადგან იგი მისი პიროვნების ჰარმონიულ არსებობას არღვევდა. ვერ მისცემდა თავს ამის უფლებას. ვერც სხვას, თუკი, ეს მასზე იყო დამოკიდებული. შემდგომშიც, მთელი სიცოცხლის მანძილზე, სასმელი თეატრის უბოროტეს მტრად მიაჩნდა და ებრძოდა მას დაუნდობლად, ყველა ვითარებაში.
ალექსანდრე ახმეტელი 1911 წელს გაზეთ „Кавказская Речь- ში პირველად გამოთქვამს თავის მოსაზრებეს იმ დროის ქართული თეატრის შესახებ. ახმეტელისთვის ამოსავალია ქართული თეატრის განსაკუთრებული მდგომარეობა - ეს თეატრია ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ადამიანები შემოქდებით საქმიანობას ეწვევიან და სწორედ აქ არ ენიჭება წამყვანი მნიშვნელობა საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ასახვას. სეზონის რეპერტუარის 98 პროცენტს უცხოელ ავტორთა პიესები შეადგენს. ადამიანები, რომლებსაც ქართველი მსახიობები ასახიერებენ იმდენად შორეული არიან მათთვის, რომ ამ გმირთა ფსიქოლოგიის ბოლომდე წვდომა შეუძლებელია. ამის გამო არც მაყურებელი დადის.
ამ წერილში ახმეტელი პირველად აყენებს საკითხს იმის შესახებ, რაც შემდგომ მთელი სიცოცხლის მანძილზე იქნება მისთვის საინტერესო და ამაღელვებელი - ესაა პრობლემა ეროვნულისა ხელოვნებაში. ჭეშმარიტად ეროვნული მისთვის, პირველ ყოვლისა, იმაშია რაც გულით შეიგრძნობა, ვინაიდან ხელოვნებას ის მიაკუთვნებს გრძნობათა სამყაროს. ამიტომაა ჭეშმარიტი ხელოვნება მუდამ ეროვნული. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეროვნულს ახმეტელი ეძებს გრძნობათა სფეროში, მაშასადამე, ადამიანის სულის სიღრმეში. ეს უთუოდ უნდა დავიხსომოთ, ვინაიდან შემდგომ თავის გამონათქვამებში ამავე საკითხთან დაკავშრებით ის უფრო მეტს ილაპარაკებს ეროვნული ფორმის შესახებ. შესაძლოა, იმის გამო, რომ ხელოვნებაში ეროვნულის სიღრმივ, ემოციურ არსზე მან იმთავითვე გამოთქვა თავისი შეხედულება და მიიჩნევდა, რომ ეს საწყისი და ფუძისეული დებულება თავისთავად იგულისხმება და გამეორება არ არის საჭირო. 
1912 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა, რომელსაც ერთი სპექტაკლიც კი არ ჰქონდა დადგმული პროფესიულ თეატრში, ახმეტელმა საქვეყნოდ პრესაში განაცხადა იმის შესახებ, რომ ქართულ თეატრში აუცილებელია ძირეული ცვლილებანი. არსებული თეატრის გაუმჯობესება ვერ გადააქცევს მას ახალ თეატრად. ახალი თეატრის დაბადებისთვის სრულიად ახალი ძალების ამოძრავებაა აუცილებელი.
1916წ. (272) გაზ. „დრამატული საზოგადოების კრება“
„ქართველებს არა აქვთ თეატრი... საზოგადოებამ უნდა იხსნას თავისი ხელოვნება... ამას მოითხოვს ერის ინტერესები. ერის არსებობა. ვინც ამას არ გრძნობს და არ იზიარებს, ის არაა ქართველი... თეატრის საკითხი უპირველესად ეროვნული საკითხია.“
1918 წელს რეჟისორი მ. ქორელი ა. ახმეტელის პიროვნების მიმართ იჩენს ინტერესს- აკაკი ფაღავას სწერს: „გაიგეთ, როგორი რეჟისორი უნდა გამოდგეს ახმეტელი..“
1919 წელს ახმეტელი ირიცხება ქართული დრამის დასში, როგორც რეჟისორი. ამავე წელს, ახმეტელი დადგამს თავის პირველ სპექტაკლს პროფესიული, ოღონდ არა დრამატული, არამედ მუსიკალური თეატრის სცენაზე- „თქმულება შოთა რუსთაველზე“.
1920 წელს სანდრო ახმეტელი ქართულ დრამატულ თეატრში მოვიდა. სრულიად ჩამოყალიბებული პიროვნება, რომელიც ღრმად იყო დარწმუნებული თეატრალური ხელოვნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე არა მარტო ერის კულტურის, არამედ საერთოდ ერის არსებობისთვის.
ქართულ თეატრში, შესაძლოა, ის არ მოსულა მზა პროგრამით, მაგრამ სრულიად გარკვეული მიზანი ნამდვილად ჰქონდა - მოეხდინა ძირეული ცვლილება, ახმეტელს ესმოდა, რომ არსებულმა უკვე ამოწურა თავისი ყველა შესაძლებლობა და ახლა ახლისკენ სვლაა აუცილებელი.
1924 წელს ახალგაზრდა მსახიობთა და რეჟისორთა ჯგუფმა შემოქმედებითი კორპორაცია „დურუჯი“ დააარსა, მისი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი რეჟისორი ალექსანდრე ახმეტელი იყო. ამავე წლის 29 იანვარს რუსთაველის თეატრში სპექტაკლ „ინტერესთა თამაშის“ მსვლელობისას მსახიობმა აკაკი ვასაძემ „დურუჯის“ მანიფესტი წაიკითხა.


სპექტაკლებსაც აქვთ თავიანთი ბედი. გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“ თითქოს თავის თავში ატარებდა რაღაც საბედისწეროს: 1926 წელს სწორედ ეს პიესა გახდა კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის პრინციპული შემოქმედებითი კონფლიქტის საბაბი. ოთხი წლის შემდეგ ახმეტელი კვლავ დაუბრუნდა პიესას. ხელახლა დადგა. ამ დღიდან დაიწყო „ლამარას“ სცენური ისტორიის ახალი ეტაპიც.


ახმეტელი 40 წლის ასაკში გახდა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი მისი პირველი დადგმიდან დრამატულ თეატრში, ექვსი წლის შემდეგ.
1926-1927 წლების სეზონი ახმეტელისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მისი ხელმძღვანელობით თეატრმა გამოუშვა ოთხი სპექტაკლი: „ზაგმუკი“, „ამერიკელი ძია“, „ვილჰელმ ტელი“, და „საჭე მარცხნივ“. კრიტიკოსების აზრით ამ სეზონმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ხელმძღვანელის უზარმაზარი შრომის შედეგად თეატრში მოხდა ძირეული ცვლილება და მაყურებლის წინაძე წარსდგა გარკვეული შემოქმედებითი სახის მქონე თეატრის მთლიანი ორგანიზმი. „ზაგმუკმა“ და „საჭე მარცხნივ“ თეატრი თანამედროვეობისკენ შემოაბრუნეს.. წინდაუხედაობად ამ სეზონში მხოლოდ „ამერიკელი ძია ითვლებოდა“.
„ზაგმუკი“ ალექსანდრე ახმეტელის პირველი დამოუკიდებელი დადგმა იყო.


„რეჟისორმა სანდრო ახმეტელმა და მხატვარმა ი.გამრეკელმა მოგვცეს დინამიური სანახაობა. ფორმალური მხრივ „ზაგმუკი“ ჩვენი სცენისთის დიდი მიღწევაა. აქტიორული შესრულების მხრივაც „ზაგმუკი“ ჩინებული გამოდგა. აქ პატარა როლის შემსულებელიც კი იქცევს ჩვენს ყურადღებას.  „ზაგმუკი“ ყოველმხრივ კარგი წარმოდგენაა. სამწუხაროა მხოლოდ, რომ ჩვენი საზოგადოება არ ესწრება ასეთ პიესებს. თეატრი ნახევრად ცარიელი იყო.“
1928 წლის 9 თებერვალს შედგა ალექსანდრე ახმეტელის სპექტაკლის - „რღვევის“ პრემიერა. სპექტაკლი, რომელიც სამ კვირაში მომზადდა, ინტენსიური რეპეტიციების და დაუღალავი შრომის შედეგად, რუსთაველის თეატრში გარდატეხა მოახდინა. ამ სპექტაკლმა აშკარა გახადა მანამდე არ გამოვლენილი სახე თეატრისა.


 1მარტს სპექტაკლს დაესწრო გამოჩენილი ქართველი მწერალი დ.კლდიაშვილი, რომელმაც წარმოდგენის დღიურში ჩაწერა: „გულგახარებული იმის დანახვით, რაც ვიხილე დასის მიერ წარმოდგენილ „რღვევაზედ“, ვაშას შევძახებ სასიქადულო ახალ ქართულ თეატრის დიდებულ მოღვაწეთ. დეე, ასეთი ბრწყინვალებით ემსახუროს და მწამს, რომ ემსახურება ხელოვნებას ხალხის საბედნიეროდ და შვენებისათვის“.
1928 წლის 25 ოქტომბერს „ანზორის“ პრემიერა შედგა.  სპექტაკლი აღიარეს თეატრის იდეოლოგიური ხაზის გაჯანმრთელების კიდევ ერთ ნიშნად.  „ანზორი“ აგრძელებს ახალი ქართული რევოლუციური თეატრის სტილის ძიებებს, მაგრამ ეს ცდა ადრინდელზე უფრო თამამია.


1931 წლის 22დეკემბერს შედგა „თეთნულდის“ პრემიერა და მყისვე იფეთქა კრიტიკულმა „ომმა“.


1933 წლის 9 თებერვალს „ყაჩაღების“ პრემიერა შედგა. შილერის “In Tirannos” იყო მისი უკანასკნელი გაბრძოლება „ტირანიის წინააღმდეგ“. „მსხვილი პლანით“ წარმოაჩინა ტირანიის გლობალური პრობლემა, კომუნისტურ და ფაშისტურ სისტემებს შორის „საერთო ნიადაგი“ გამოხატა და ეს დაადასტურა გამომძიებელთან დაკითხვის დროსაც.


1933 წლის 17 აპრილს მოულოდნელად გარდაიცვალა კ.მარჯანიშვილი.


თ. წულუკიძის მოგონებებიდან: „1933 წლის 17 აპრილი, დაუვიწყარი დღე. უბედური დღე!.. ჩვენ სარეპეტიციო დარბაზში ვართ. დრო - შუადღე, მიმდინარეობს მუშაობა „კვაჭიზე“... გახურებული რეპეტიციის დროს უცებ გაისმა კარზე ძლიერი, მომთხოვნი კაკუნი. წესის ასეთი დარღვევა!.. რაშია საქმე? ახმეტელი მოიღუშა: მისი ნებართვით თანაშემწე კარის გასაღებად გაემართა. გაიღო კარი და ფერწასული, სუნთქვაშეკრული, დიმიტრი მჟავია შემოვიდა, ეტყობა კიბეზე მორბოდა, უცებ ვერც გამოთქვა:
_ ბ-ნო სანდრო! კოტე მარჯანიშვილი... გარდაიცვალა!..
წამსვე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. უნებლიეთ ყველამ მზერა ახმეტელს მიაპყრო. მას მიწის ფერი დასდებოდა, თვალები ჩაქრობოდა, იმ წამს დაბერდა ათი წლით. აკანკალებული ხელით უკან მდგომი სკამის ზურგი მოძებნა და ამ სკამზე დაეშვა დასუსტებული.. რამდენიმე წუთს გრძელდებოდა შეძრწუნებული ადამიანების... ეს სამარისებური მდუმარება. ახმეტელი ძლივს წამოდგა, უცნაურად გაყინული მზერა მოავლო იქ მყოფთ და ყრუდ ჩაილაპარაკა:
_ დღეს რეპეტიცია აღარ იქნება.
ჩაიკეტა თავის ოთახში და სამ საათს არ გამოსულა. ეცადნენ მასთან შესვლას, მაგრამ არავინ შეუშვა... მეორე დღეს, რეპეტიციის დაწყებამდე, ახმეტელმა გამოაცხადა, რომ უკლებლივ ყველა მსახიობი, უნდა დაესწროს მარჯანიშვილის პანაშვიდებსა და დაკრძალვას. ყველამ  უხმოდ მიიღო ეს განკარგულება“.
„ყაჩაღები“ და 1933 წლის გასტროლები - ახმეტელის შემოქმედების მწვერვალია და მისი წარმატების უმაღლესი წერტილი. მაშასადამე, ყველაზე ნაკლებ მყარი მწვერვალზე თავბრუსხვევა იცის. თანაც ისეთი სიმაღლიდან ბევრ რამეს ვერ ხედავ. ერთი კი იცოდა, რომ მართალი აღმოჩნდა. როდესაც შემოქმედებითობის თემად ორი სამყაროს-წარმავლისა და მომავლის-ბრძოლა აირჩია. როდესაც ირწმუნა რომ მის თანამედროვეს დიდი მასშტაბის ხელოვნება სწყურია - სულისშემძვრელი, კაშკაშა სანახაობა ის გრძნობდა თავისი დროის მშვენიერებას. მწვერვალზე მყოფი ახმეტელი წინ იყურებოდა და მსოფლიო ასპარეზზე ქართული ხელოვნების გატანაზე უარის თქმა არ შეეძლო. იქ გამარჯვება და ასე დაბრუნება აუცილებლი იყო და აი რატომ აღმოჩნდა ამ პერიოდში მისთვის ყურადღების ობიექტი თეატრსგარე სამყარო. თუმცა თეატრს შიგნით მუშაობა არ შეწყვეტილა. 1934 წლის 18 იანვარს შედგა „ინტერვენციას“ პრემიერა, ხოლო „ნაბიჭვრისა“- იმავე წლის 4 აპრილს. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ქართულ თეატრში ახმეტელის ცხოვრების ბოლო ფურცლები იწერებოდა... და რა საოცარია, რომ მსგავსად ამ ცხოვრების პირველი ფურცლებისა, ახლაც ახმეტელი ერთროულად დრამასაც დგამს და კომედიასაც. ეს არ ნიშნავდა წარსულისკენ მიბრუნებას, არამედ იყო ახალი სპირალი იმ შემოქმედებითი ევოლუციის, რომელიც ასე ბუნებრივია ყველა ხელოვანისათვის.
ახმეტელი მუშაობდა გატაცებით, თავდავიწყებით, სულდგმულობდა თეატრით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყველა მისი ინტერესი და მისწრაფება, ყველა გრძნობა და ძალა თეატრს ეკუთვნოდა. იქვე ცხოვრობდა - მესამე სართულის სამი ოთახი ეკავა (ახლა იქ თეატრალურის ინსტიტუტის ერთი ძალიან დიდი აუდიტორიაა, რომელიც მის სახელს ატარებს). კოლექტივმა იცოდა, რომ ხელმძღვანელი მუდამ აქვეა, ახლოს, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს შეიძლება შემოაღოს კარი. დიდი მნიშვნელობა ქონდა ამას. მით უფრო, რომ ყველასთვის ცნობილი იყო მისი დამოკიდებულება დისციპლინისა და წესრიგისადმი. ადამიანურ ურთიერთობებში ძალიან უბრალო და მეგობრული ახმეტელი უკომპრომისო იყო იმ პრინციპების დაცვაში, რომლებიც სწამდა და რომლებსაც ახორციელებდა. შესაძლოა, ზოგჯერ მეტისმეტად სწორხაზობრივ ჯიუტად, მაგრამ მტკიცედ და თანმიმდევრულად. პროფესიონალი-ფანატიკოსი სანახევროდ არაფერს გააკეთებდა, და არც სხვას მისცემდა ამის ნებას. მით უფრო, რომ კოლექტივის მართვის ძირითად საშუალებად საქმისადმი, ვითარცა წმინდა სალოცავისადმი, თაყვანისცემა მიაჩნდა. ამაში იყო მისი ძალა, მაშასადამე, გარკვეული თვალსაზრისით, მისი სისუსტეც, ვინაიდან თუკი მოინდომებდი, ამ თვისების მის წინააღმდეგ მიმართვაც შეიძლებოდა. ნუ დავივიწყებთ, რომ ხელმძღვანელის ფანატიზმი დამქანცველია იმათთვის, ვისაც ის მეთაურობს - ხომ არ შეიძლება კოლექტივი მხოლოდ მისგვარი ადამიანებისგან შედგებოდეს. ამ კოლექტივის მუშაობა კი მუდმივ მშფოთვარე იყო. ასეთი ცხოვრება დამღლელია. ისიც, კი თვით ასე ძლიერი სანდრო ახმეტელი, მაინც დაიღალა, ალბათ. მართალია, ყოველნაირად ცდილობდა, არ აჰყოლოდა წვრილმანებსა და ჭორებს, მაგრამ ისინი მაინც იკვლევდნენ მისკენ გზას. თქმა არ უნდა, უფუჭებდნენ გუნებას... მისი თანამედროვენი გვიამბობენ, რომ ამ დროისთვის ახმეტელი სულ უფრო ხშირად იყო მოღუშული, მარტო ყოფნას არჩევდა. სარეპეტიციო დღიურებში შემონახული მისი განკარგულებები სულ უფრო მოკლე და მკაცრია. მეომარი იყო ბუნებით, მზად იყო შებმოდა ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ღია ბრძოლებში, მაგრამ ფარულ ვერაგობას ვერ უმკლავდებოდა.
მცირეა იმ წლების შესახებ შემორჩენილი მასალა, მაგრამ მაინც იგრძნობა ფარული დრამატიზმი, სულ უფრო და უფრო მეტად რომ მსჭვალავს ახმეტელის პიროვნებას მისი ცხოვრების გარეგნულად ასე ბედნიერ პერიოდში. შესაძლოა, გრძნობდა, რომ სტრატეგია და ტაქტიკა სცენურ ბრძოლებში სრულიადაც არ ნიშნავს ცხვორებისეულ ბრძოლათა ასეთივე დონით წარმოებას. ამგვარი განწყობილებით შეპყრობილი ადამიანი ადვილად უშვებს შეცდომებს. მანაც დაუშვა არაერთხელ. მაგრამ არა შემოქმედებითი მიზნებისათვის ბრძოლაში, არამედ ისეთ ადამიანებთან ბრძოლაში, რომლებიც თეატრსგარეთ იყვნენ, მაგრამ დიდი უფლებებით იყვნენ აღჭურვილნი: არ ითვალისწინებდა მათ ხასიათებს, ავადმყოფურ პატივმოყვარეობას, პირადი წარმატების სურვილს... იმასაც რომ მსახიობები შემოქმედებითი დიდების მოპოვებამდე ერთი არიან, ხოლო მისი მოპოვების შემდეგ- სრულიად სხვანი. ამავე მიზეზით თვითონაც შეიცვალა, რაღა თქმა უნდა. თეატრი კი არაა მხოლოდ წარმოდგენის დღესასწაული - ესაა კიდევ უამრავი ყოველდღიური საზრუნავი, ათასნაირი ურთიერთობა, რომელიც საქმის საკეთილდღეოდ მოითხოვს დათმობას, უკან დახევას, დიპლომატიას... აი, სწორედ აქ იყო მიმალული ის, რაც გულს უღრღნიდა წარმატებისა და აღიარების მწვერვალზე მყოფ სახელოვან შემოქმედს.
ბაქოში ბრწყინვალედ ჩატარებული გასტროლების დასასრულს, „ლამარას“ წარმოდგენის დროს მოხდა წარმოუდგენელი რამ. ა. ხორავა ნასვამი გამოვიდა სცენაზე. ამაზე ძლიერ დარტყმას ახმეტელს ვერ მიაყენებდი. ა. ხორავა მსგავსი საქციელის გამო წლების წინ უკვე დაისაჯა. ამის შემდეგ არავის გახსენებია შემთხვევა, ეს მსახიობი ნასვამი გამოსულიყო სცენაზე. მაშასადამე, ეს იყო მზაკვრობა ვიღაცის მიერ ახმეტელის რეაქციაზე ზუსტი ანგარიშით ჩაფიქრებული. თბილისში დაბრუნებისთანავე, ახმეტელის ბრძანებით ხორავა განთავისუფლებულ იქნა თეატრიდან. 13 სექტემებერს კი, თავად ახმეტელი გაანთავისუფლეს თეატრიდან, რადგან არ დათანხმდა ა.ხორავას და ა.ვასაძის აღდგენას თანამდებობებზე და მათთან მუშაობის გაგრძელებას.
1936 წლის 19 ნოემბერს მისი ცხოვრება შეწყდა ნიჭის ზეიმის ჟამს, დიდებისა და საყოველთაო აღიარების მწვერვალზე, როდესაც უამრავი სათქმელი სცენაზე განსხეულებას ითხოვდა. სათეატრო ასპარეზიდან ახმეტელის გაქრობამ, რათქმა უნდა, ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე. რასაკვირველია, განსხვავებული. მაგრამ ისინი, ვინც განიცდიდა დუმდნენ. ადრე მისი სპექტაკლები იწვევდა აზრთა შეურიგებელ შეტაკებას. ახლა აზრთა სხვაობა აღარ იყო - ყველაფერი მისეული უყოყმანოდ იყო უარყოფილი. ბრალი ედებოდა ფორმალიზმსა და ბურჟუაზიულ ნაციონალიზმში, ვინაიდან ის სცენური ხელოვნების რიტმულსა და ეროვნულ საფუძვლებს ეძებდა. ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო ახმეტელის პიროვნებასა და შემოქმედებასთან ანადგურებდნენ. მაგრამ არსებობდა უჩინარი მხარე: რუსთაველის თეატრის მუზეუმის თანამშრომელმა ესტატე ბერიაშვილმა თავის ღარიბ საცხოვრებელში გადაიტანა ახმეტელის შემოქმედებასთან დაკავშირებული ყველა მასალა, უმთავრესად მისი ხელნაწერები, სარეპეტიციო დღიურები. იქ ინახავდა მათ 20 წლის განმავლობაში- რეაბილიტაციამდე. შემდეგ მან ეს მასალა სხვებისთვის შეუმჩნევლად და უხმაუროდ დაუბრუნა რუსთაველის თეატრის მუზეუმს. მიაჩნდა, რომ შეასრულა თავისი ზნეობრივი ვალი.
ს.ახმეტელი თანამოაზრეებთან ერთად XX საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებს შეეწირა. რეჟისორი 1937 წლის 28 ივნისს დახვრიტეს.
ახმეტელის ცხოვრება იყო შეუდრეკელი, შეუპოვარი, ამაღლებული მომავლის რწმენით სხივმოფენილი. გამუდმებით ეძებდა პასუხს იმაზე, რასაც ცხოვრება ეკითხებოდა. მის მიერ შექმნილი თეატრალური სხეების სამყარო აღელვებდა და ატკბობდა, როგორც იმ დროის მაყურებლებს, ისე კრიტიკას, სპეციალისტებს. თავის დროს იგი სცენური ხელოვნების უჩვეულო, ბრწყინვალე ფორმით გამოხატავდა. ამიტომაც, სწორედ მისმა დრომ მიუჩინა ადგილი შემოქმედების მაღალ მწვერვალზე.
მისი ხელოვნება მიმართული იყო შემსრულებელთა და მაყურებელთა დიდი მასისკენ. ხელოვნებაში მიახლოებითი საშინელებად მიაჩნდა. ყველაფერი უნდა იყოს ნათელი, გარკვეული, გამოკვეთილი, თვალსაჩინო და უმთავრესს დაქვემდებარებული. მთლიანობის ყველა ნაწილი ზუსტი, ემოციები - ეფექტური. არაფერი ზედმეტი, არაფერი შემთხვევითი.ისინიც კი, ვინც არ სცნობდა ახმეტელის შემოქმედებას, ვერ უარყოფდნენ უკიდურესი ვნებისა და დინამიკის ზუსტ პლასტიკურ ფორმაში ჩამოსხმის მისეულ ოსტატობას. თავისებული სცენური ფორმების შეთხვზის მისი სითამამე განსაცვიფრებელი იყო თავისი მოულოდნელობით და იმით, რომ სრულიად არავის და არაფერს მოგაგონებდათ. მან სახელი გაითქვა რუსეთში იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო სტანისლავსკი, აქტიურად ეწეოდნენ სარეჟისორო მოღვაწეობა ნემიროვიჩ-დანჩენკო, მეიერჰოლდი, ტაიროვი, საქართველოში კი - მარჯანიშვილი.
ახმეტელმა ქართული თეატრის ეროვნული მოდელი შექმნა, რომელშიც მისი დროის ფეთქებადი ენერგია იყო დაბუდებული. რომ სპექტაკლზე მისული რიგით ადამიანად მისული, შინ მოქალაქედ, მამულიშვილად ბრუნდებოდა. დღეს ყველამ იცის, რომ სანდრო ახმეტელს თავისთვის არასოდეს უღალატია, რომ მიზნისაკენ მუდამ პირდაპირი გზით მიდიოდა, უშიშარი იყო და მორჩილებდა მხოლოდ ჭეშმარიტებას. არავითარ სხვა ძალას. ყოველნაერი სიცოცხლეც კი არ უნდოდა - მხოლოდ ღირსეული.

                                          სანდრო  ახმეტელის წერილი თეატრზე 1923წ.


ალექსანდრე ახმეტელის ჩანაწერები მისი სარეპეტიციო დღიურიდან:
„სანამდი... როლის ტექსტის სწავლას დაიწყებდეს, მსახიობი უნდა გაეცნოს იმ პიროვნების რიტმს, რომელსაც ის ანსახიერებს. ყოველი ადამიანი თავისი საკუთარი რიტმით ცხოვრობს და ამიტომ ყოველი განცდა სხვადასხვა ადამიანში, როგორც სხვადასხვა რიტმის მქონე სხეულში, სხვადასხვანაირად ყალიბდება. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად განიცდის, რადგან მათ სხვადასხვა რიტმი აქვთ...
ამიტომ, როდესაც მსახიობი ამა თუ იმ ტიპს ანსახიერებს, პირველად უნდა გაიცნოს და შიეთავსოს რიტმი იმ ტიპისა, რომელსაც ანსახიერებს. ეს რიტმი უნდა გადაიქცეს იმ მსახიობის რიტმაც, რომელიც თამაშობს. ამის შემდეგ მსახიობი ეძებს ამ შეთვისებულ რიტმით გაჟღენთილი სხვადასხვა განცდის მოძრაობას და აქედან უკვე ირკვევა ამ ტიპის გარეგანი ფორმა. ხმა, სიარული, მოძრაობა და საერთოდ მყარდება სრული ჰარმონია აღებულ ტიპსა და მსახიობს შორის.“
„...ემოცია საფუძველია ხელოვნების. როგორ უნდა გამოიწვიო ემოციები? ადმაიანის ორგანიზმი ფსიქოფიზიკური აპარატია. ამ აპარატის მოძრაობაში მოსაყვანად საჭიროა გამღიზიანებელი... შემოქმედების საფუძველია თავის მეობის შესწავლა. როდესაც მსახიობმა იცის თავისი აპარატი, მხოლოდ მაშინ არის შემოქმედება შესაძლებელი. ემოციებში მონაწილეობას ღებულობს მთელი ორგანიზმი.“


„რა იყო ბოლოს და ბოლოს სანდრო ახმეტელი ქართული თეატრისთვის?
ჩემი ღრმა რწმენით, მისი სახელი უკავშირდება რაღაც წმიდათაწმინდას!..
აი, თუნდაც ქართულ ანბანს, ლექსს, ქართულ მელოსს, საგალობლებს,
ჩვენი ტაძრების განუმეორებელ იდუმალებას“.  (რ.სტურუა)


გამოყენებული ლიტერატურა:
მეორე სიცოცლე“ - ნათელა ურუშაძე;
სარეპეტიციო დღიური;
გაზ. „მუშა“ 1927წ.
გაზ. „დრამატული საზოგადოების კრება“,1916წ. (272);
სალიტერატურო გაზეთი“ 1/II-33. ;
გაზეთიკომუნისტი“, 1933. №37;

(მასალები დაცულია რუსთაველის თეატრის მუზეუმში.)


| თაკო მელიქიშვილი|

Comments/disqusion
No comments