Loading....
                                                                                                                                                რ.სტურუა



       ჩემი ცხოვრების მანძილზე მე არაფერი გამიუფასურდა. როგორიც ვიყავი, რისიც მჯეროდა, რისი რწმენაც მქონდა, ეს ყველაფერი შემრჩა. ალბათ შეიცვალა რაღაცა ფორმები, ისიც შესაძლებლობის ფარგლებში. ძალიანაც ვერ შევიცვლები,  სპექტაკლების დადგმას ვგულისხმობ. მაგრამ მაინც ვცდილობ,  ყოველ შემთხვევაში რაც მომხიბლავია თეატრში, ყველაფერი რაც კეთდება, იყოს მაყურებლისთვის უჩვეულო, ეს უბრალოდ აუცილებელია. თეატრში იმიტომ მივდივართ, რომ რაღაც ახალი ვნახოთ. როცა მივდივართ, დავუშვათ, მხატვრების გამოფენაზე და გვიხარია რომ გამოვიცანით - ეს მატისია, ეს გოგოლაძეა, ეს გუდიაშვილია... თეატრში ასე არ გამოვა  სამწუხაროდ, თეატრში მაყურებელი რომ მოდის... უი, ეს ეროსია? ეს რამაზია? ვერ უნდა  იცნოს. როგორც კი ცნობს, მაშინ თეატრი კარგავს თავის ხიბლს და, მე ვიტყოდი, მაგიას. ასევე სპექტაკლები. ეხლა ამბობენ: „სტურუას სპექტაკლი, სტურუას სპექტაკლი...“ ძალიან არ მსიანოვნებს. მინდა,  რომ თქვან: „ო... როგორ არ ჰგავს მის სპექტაკლებს!“
,,მარია კალასისნაირი“ სპექტაკლები მე შემიძლია დავდგა მილიონობით და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყველაზე რეალისტური რეჟისორი ვარ. მართალია, ,,მარია კალასი“ მთლად ისე არ არის დადგმული, როგორც პრიმიტიული კრიტიკოსები აღიქვამენ,  იქ არის რაღაც მაგია, რომელიც ცილდება რეალობას. ისინი ამას ვერ ამჩნევენ, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ.

ახლა პოლიკარპე კაკაბაძის პიესებზე ვმუშაობთ. ჯერ არ ვიცით, ვუჩვენებთ თუ არა მაყურებელს, იმიტომ რომ ძალიან რთულ რაღაცას შევეჭიდეთ და ძალიან ძნელი აღმოჩნდა სათამაშოდაც და დასადგმელადაც. ვეცდებით... აქ ფერისცვალება შემოვიტანე რევოლუციის ნაცვლად. რევოლუცია უკვე იმდენად, როგორც იტყოდა ქუჩის ბიჭი - „გაბაზრებულია“, ისეთ რეაქციას იწვევს მაყურებელში ეს სიტყვა თავისთავად, რომ თვითონ მსახიობებიც უკვე „იქაჩებიან“ საბჭოთა პიესებისკენ. კომისარი... მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი გმირი იყო ქალი, რომელიც რევოლუციაში იღებდა მონაწილეობას, საკმაოდ საშინელი ტიპები იყვნენ. საბჭოთა დრამატურგიამ კარგად დაამუშავა ეს თემა. რაც შეეხება ფერისცვალებას, ის არ შეიძლება პასიური იყოს - ერთხელ ჩვენი მაცხოვარი ავიდა მთაზე, შეიცვალა, არავინ იცის რა მოხდა იქ. მაგრამ მისი მოწაფეები მიხვდნენ, რომ მათ უბრალოდ ადამიანთან არ ჰქონდათ საქმე. ადამიანის ძე, ამავე დროს, კიდევ ღმერთის ძეც არის. შეიძლება ეს იყო მათი პირველი ესეთი შეგრძნება. ერი რომ  შეიცვალოს ჯობია, რომ არ იცვალოს! ცხრა წელი ცვლიდნენ, მაგრამ საბედნიეროდ ვერ შეგვცვალეს. თუმცა მაინც დაგვრჩა იმ მრუდე სარკის ნამსხვრევები, ანდერსენს რომ აქვს, რომელიც დაიმსხვრა როგორც გნომების სარკე და გულში მოხვდა ბევრს, ზოგს თავში, და ადამიანები გახდნენ ბოროტები ან გულით, ან სულით, ან ტვინით, ან თვალით... ამიტომ ჯობია, რომ ერმა შეინარჩუნოს ის ძირითადი მრწამსი და ტრადიციები, რომელიც მას ჰქონდა რამდენიმე ათასეული.

Comments/disqusion
No comments