Loading....

დღეს სოსო ლაღიძე 81 წლის გახდა.

დაიბადა 1936 წლის 21 იანვარს. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1959 წლიდან. 1980 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.

სოსო ლაღიძე ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა კარგი გარეგნული და შემოქმედებითი მონაცემებით. არ აქვს მნიშვნელობა სპექტაკლში მთავარ როლს თამაშობს თუ ეპიზოდს, ყოველ ნამუშევარში აქსოვს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს და მაყურებლის ინტერესს იმსახურებს.

ყველა ვინც სოსოს იცნობს გაოცებულია მისი სიყვარულით თეატრის მიმართ და ყველა აღნიშნავს მის განსაკუთრებულ პიროვნულ თვისებებს. მასთან შეხვედრისასვე იგრძნობა მისი თავაზიანობა, გულწრფელობა, გულახდილობა, სითბო და დადებითი ენერგია. თეატრი მისთვის სიცოცხლეზე მეტია.


სოსო ლაღიძის ცხოვრებაში თეატრამდე იყო ფეხბურთი, რომელიც არანაკლებად უყვარდა. ერთ გუნდში თამაშობდა მიშა მესხთან და სერგო კოტრიკაძესთან ერთად. მწვრთნელი პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევდა, 33 საუკეთესო ფეხბურთელშიც დაასახელეს, მაგრამ ერთ-ერთ მატჩზე საშინელი ტრამვა მიიღო, ფეხი მოიტეხა და ამით დამთავრდა მისი საფეხბურთო კარიერა. მაშინ როდესაც ფეხბურთზე ოცნებაც შეუძლებელი იყო, კარგი მონაცემებისა და შესახედაობის წყალობით თეატრალურ ინსტიტუტში მოეწყო, ბატონი მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში. ამის შემდეგ კი მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა რუსთაველის თეატრში მოხვედრამ, რაც მისთვის უდიდესი ბედნიერება იყო.  რუსთაველის თეატრში ისეთ მსახიობებთან ერთად უწევდა მუშაობა  როგორებიც იყვნენ: აკაკი ხორავა, რამაზ ჩხიკვაძე, კარლო საკანდელიძე, გურამ საღარაძე, მედეა ჩახავა და სხვა ლეგენდარული მსახიობები. მათგან ისწავლა თეატრის სიყვარული, ადამიანობა, ურთიერთგაგება და ცხოვრება. ბუმბერაზი მსახიობი ეროსი მანჯგალაძე კი მისი ნამდვილი მამობილი გახდა.


სოსო ლაღიძის შემოქმედება მხოლოდ თეატრით არ შემოიფარგლება. მისი კინოროლები მცირე ეპიზოდურიდან მალევე გადაიზარდა მნიშვნელოვან ნამუშევრებად. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კინოროლია გაბრიელი - ფილმში „ლონდრე“.




სცენაზე შესრულებული მნიშვნელოვანი როლებია:
ლაპჩენკო („ისინი შეხვდნენ ერთმანეთს“), ვეფხია ხალიბაური („ამბავი სიყვარულისა“), ლადო („ფიროსმანი“), გურამი („ზღვის შვილები“), თამაზი („გზა მშვიდობისა“), ჯიმ კარი („წვიმის გამყიდველი“), უფლისწული („სიბრძნე სიცრუისა“), ჰემონი („ანტიგონე“), ზაზა ნაკაშიძე („საბრალდებო დასკვნა“), გერა („გვადი ბიგვა“), გოგი („კავკასიური ცარცის წრე“), გრეი („რიჩარდ III”), საფრანგეთის მეფე („მეფე ლირი“), როსსი („მაკბეტი“), კვანტი - დაუდე („სალამურა“), თავადი  ფანტიაშვილი („მზის დაბნელება საქართველოში“).




რობერტ სტურუა: „სოსო ლაღიძე ისეთ მსახიობთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც პერსონაჟს თავის პიროვნულ მომხიბვლელობას და შარმს უნაწილებენ ხოლმე, სწორედ ასეთი მიმზიდველობით გამოირჩევიან მისი გმირები. ლაღიძე მკვეთრ გამომსახველობით ხერხებს შესრულების რბილ, მშვიდ მანერას ამჯობინებს, გაწონასწორებული შინაგანი რიტმი ადვილად აღსაქმელს ხდის მის ნამუშევარს, გმირის შინაგანი ცხოვრების სულიერ ძვრებს ნათლად წარმოაჩენს მაყურებლის წინაშე.“


ჯემალ ღაღანიძე: „როდესაც მთხოვეს სოსოზე რამე დამეწერა, დავიბენი, იმდენად საინტერესო პიროვნებაა, იმდენი დადებითი თვისება აქვს, ამის აღწერას პოეტი, მწერალი, ან თეატრმცოდნე თუ შესძლებს. მე არც ერთი, არც მეორე და არც მესამე ვარ. მდგომარეობიდან ისევ განგებამ გამომიყვანა, გამახსენა ცხოვრების ერთი ეპიზოდი: ეს მოხდა ორმოციოდე წლის წინ რუსთაველის თეატრში ახალი სპექტაკლის მზადებისას რეპეტიციაზე ბ-ნი სერგო ზაქარიაძე დამწყებ მსახიობს მამა-შვილურ რჩევას აძლევდა: „შვილო, ამ სპექტაკლში შენი შექმნილი სახე ისეთი ლამაზი, პატიოსანი, საყვარელი და სუფთა უნდა იყოს, როგორც ჩვენი სოსო ლაღიძეა, რომელიც ბოჩოლას სუფთა თვალებით იყურება. “ აბა, მითხარით, ამაზე დიდებული დახასიათებაკიდევ არსებობს?!  მადლობა განგებას ამ ეპიზოდის გახსენებისთვის.
გავიდა რა ორმოცი წელი, 70 წლის სოსო დღესაც ბოჩოლას თვალებით გვიყურებს. მჯერა 30 წლის შემდეგ, 100 წლის იუბილეს სოსო ასეთივე სუფთა თვალებით შეხვდება.
არ ვიცი, რომელ ბრძენს უთქვამს: „უძლიერესია ის, ვინც თავის თავს ფლობს“. სოსომ ეს შესძლო დასძლია, როგორც ობლობა, ასევე გაჭირვება და დუხჭირი ცხოვრება. იმის მაგიერ, რომ კაცთმოძულე გამხდარიყო, პირიქით - კაცთმოყვარე გახდა. შექმნა თითით საჩვენებელი ოჯახი, შეიძინა და თავი შეაყვარა უამრავ მეგობარს, მაყურებელს, მათ შორის მეც გახლავართ. თითქმის ნახევარი საუკუნეა მე და სოსო რუსთაველის თეატრის სცენაზე პარტნიორობას ვუწევთ ერთმანეთს. დღემდე ერთად ვართ ჭირსა თუ ლხინში. ეს მე ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს. სოსო ის კეთილი კაცია, რომელიც ბოროტებას ებრძვის, სიკეთეს თესავს ხალხში. ამიტომ დარწმუნებული ვარ ღმერთი მასთან იქნება - დიდხანს, კიდევ დიდხანს იცოცხლებს, ამინ.“ (2006წ.)


სოსო ლაღიძე: „განვლილ ცხოვრებას რომ ვაკვირდები, ვხვდები, რომ გაცილებით უკეთ შემეძლო კარიერის გაძღოლა კინოშიც და თეატრშიც, მაგრამ ყველაფერზე წინ მაინც ოჯახი დავაყენე და ნაკლებად ვმუშაობდი საკუთარ თავზე. ამას ჩემს სიზარმაცეს უფრო ვაბრალებ. მეტის გაკეთება შემეძლო. იმით კი ძალიან იღბლიანი ვყოფილვარ , რომ საოცარ ადამიანებში და პროფესიონალებში გავიზარდე და როგორ ფიქრობთ, მაქვს უფლება, რაიმე ცუდი გავაკეთო.“





(მასალები დაცულია რუსთაველის თეატრის მუზეუმში.)

| თაკო მელიქიშვილი |


Comments/disqusion
No comments