Loading....
მაკო გოჩაშვილი

2008 წლის 10 ივნისს, მაშინ როდესაც რუსთაველის თეატრში რიგით 129-ე სეზონი იწურებოდა, რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ თეატრის ვარსკვლავები ჯამბაზების ფორმაში გამოაწყო და მაყურებელი პრემიერაზე დაპატიჟა. სწორედ ამ დღეს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის, რონალდ ჰარვუდის, პიესა „კვარტეტის“ პრემიერა შედგა, სპექტაკლს სათაურად „მოხუცი ჯამბაზები“ ეწოდა და 2008 წლიდან დღემდე ანშლაგით მასპინძლობს მაყურებელს.
მსახიობებთან რვა თვიანი მუშაობის შემდეგ, რეჟისორმა სცენაზე მოხუცთა თავშესაფრის ბუზღუნა, მიამიტი, ლაღი თუ ლირიკული ბინადრები გააცოცხლა ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების წინ ოპერის მომღერლები იყვნენ და რომლებიც ცხოვრებამ სცენიდან კულისებში მოისროლა. თავშესაფარში შეკრებილები ერთმანეთს უზიარებენ იმ დიდ ტკივილს, რაც სიბერემ არგუნა მათ. ახალგაზრდობა, სიცოცხლე, სცენა, მაყურებელი, აპლოდისმენტები ენატრებათ. ენატრებათ დრო, როდესაც სხვებისთვის საჭირონი იყვნენ. ახლა კი, პანსიონატში თავმოყრილები თითქოს ხელახლა იბადებიან, თითქოს ხელახლა განიცდიან იმას, რაც წლების წინ მათ სიცოცხლეს ალამაზებდა. მშვიდობის მაძიებელი ჩიტებივით შესციცინებენ ერთმანეთს და ეჩვევიან აზრს, რომ ცხოვრება უთეატროდ უნდა განაგრძონ.


სპექტაკლში რუსთაველის თეატრის უდიდესი მსახიობები მონაწილეობენ: კ.კავსაძე, ზ. ლებანიძე, ჯ. ღაღანიძე, მ.ჯანაშია, მ.კახიანი, თ. გიორგაძე, მ. გამცემლიძე, დ. ხარშლაძე. გასულ წლებში კი ზოგიერთ მათგანის როლს ზ.კვერენჩხილაძე, კ.საკანდელიძე, გ.საღარაძე და მ.ჩახავა ასრულებდნენ. ალბათ, პირველ რიგში, სწორედ ამან განაპირობა სპექტაკლის ასეთი დიდი წარმატება. უკვე მეშვიდე წელია თეატრის მცირე სცენაზე გრიმწასმული „მოხუცი ჯამბაზები“ ჩნდებიან და თავიანთი სევდიანი თუ მხიარული მონოლოგებით თეატრში მისულ მაყურებელს დაუვიწყარ სიამოვნებას ანიჭებენ.
რეჟისორმა მსახიობებთან, მხატვარ ანა ნინუასთან და ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძესთან ერთად რუსთაველის თეატრის ისტორიას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დადგმა შესძინა.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ორმოქმედებიანი სევდიანი კომედია პატარ-პატარა ეტიუდების ნაზავია, რადგან თითოეული მონოლოგი ცალკე აღებული მონოსპექტაკლის ფუნქიას ატარებს.


2008 წლის 18 ივლისს გამოცემულ სტატიაში „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!..“ თეატრმცოდნე ნათელა არველაძე ამ სპექტაკლში მონაწილე მსახიობების შესახებ წერს: „რუსთაველის თეატრის უფროს თაობას ჯერ კიდევ ძალუძს გამაოგნებელი, აღტკინებული, მოულოდნელი ფანტაზიითა და გრძნეული არტისტიზმით გაანათოს სცენა, გვაგრძნობინოს უსაშველო ხიბლი ნიჭიერებისა, ძალმოსილება სცენისა, ძლევამოსილება ოსტატობისა, დიდებულება თეატრის სიყვარულისა, გიჟმაჟი თამაშისა, გარდასახვის ხელოვნებისა.“


აი, რა უთქვამთ თვითონ მსახიობებს:
მარინა კახიანი: „საერთოდ სპექტაკლი მსახიობისთვის მთელ ცხოვრებას ნიშნავს, მითუმეტეს, როდესაც ასეთი მსახიობების, ცოცხალი ლეგენდების გვერდით დგახარ. თან ყველასთან ერთად და არა ცალ-ცალკე. იმ დღის ყოველ წამს განსაკუთრებულად ვაფასებ, როდესაც მათთან ერთად იმ ამაღლებულ ადგილზე ვდგავარ, რასაც სცენა ჰქვია.“
მარინა ჯანაშია: „ეს სპექტაკლი ჩემთვის დიდი ზეიმია, ცხოვრების ერთი დიდი მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილი.“
კახი კავსაძე: „ეს სპექტაკლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი სითბო მოდის მაყურებლისგან. ჩვენი ყველაზე დიდი საჩუქარი აპლოდისმენტებია. ეს გულით დაკრული ტაშია, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ.“
ჯემალ ღაღანიძე: „ხომ ხედავთ რა ამბავია დარბაზში?! მეორედ დაბადებაა ჩემთვის ეს სპექტაკლი.“
ზინაიდა კვერეჩხილაძე: „ეს სპექტაკლი ჩემთვის სიხარულსა და ბედნიერებას ნიშნავს.“

Comments/disqusion
No comments