Loading....
                                                                                                          ნუცა კობაიძე
         
                            პირველი ქართული საბჭოთა სპექტაკლი
    (შალვა მაჭავარიანი – მასალები რუსთაველის თეატრის მუზეუმიდან)
      კ.მარჯანიშვილის მიერ კიევის ლენინის სახელობის თეატრის სცენაზე სამოქალაქო ომების ქარიშხალში განხორციელებული ლოპე დე ვეგას „ფუენტე ოვეხუნა“ („ცხვრის წყარო“) ჭეშმარიტად პირველი საბჭოთა სპექტაკლი იყო, რომელმაც დასაბამი მისცა რევოლუციურ სიტყვას დრამატულ თეატრში. სოციალური სამართლით აღბეჭდილი ესპანური ტრაგედიიდან კ.მარჯანიშვილმა შექმნა რევოლუციური პათოსი, რომელიც აღსავსე იყო სილამაზით, სიცოცხლითა და სიხარულით. ცნობილი რეჟისორი გ.კრიჟიცკი წერს, რომ  „ეს იყო ჭეშმარიტად „ოპტიმისტური ტრაგედია“, ეს იყო პოლიტიკური თეატრი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“.
      მარჯანიშვილის პირველი შეხვედრა რუსთაველის სახელობის თეატრის დასთან 1922 წლის 28 სექტემბერს მოხდა, როგორც რეპეტიციის დღიურიდან ვგებულობთ, ამ რეპეტიციას გარდა მარჯანიშვილისა ესწრებოდნენ რუსთაველის თეატრის რეჟისორები: კ.ანდრონიკაშვილი, მ.ქორელი, ა.წუწუნავა და თეატრის გამგე დ.ჩხეიძე. მათვე გადაუნაწილეს მსახიობებს როლები.

     
       კოტე მარჯანიშვილს არასდროს უღალატია თავისი ესთეტიკური პრინციპისთვის, სპექტაკლი გაიაზრა როგორც დღესასწაული, ზეიმი ტირანებზე გამარჯვების ნიშნად და ლოპე დე ვეგას ეს სოციალური ტრაგედია ნაირფერად ააელვა შუქჩრდილებითა და მძაფრი კონტრასტული სიტუაციებით.
      მარჯანიშვილი „ცხვრის წყაროს“ რეპეტიციაზეც კი აცვიფრებდა მონაწილეებს. „უდარდელი მხიარული სცენებიდან გადასვლა დრამატულ სცენებზე… შემდეგ სცენები გაჟღენთილი ხალხური იუმორით, სიცოცხლითა და  მძაფრი კულმინცაიური, ტრაგიკული სცენებით – გაწამებული ლაურენსიას მონოლოგი, მისი მეთაურობით, ქალების აფრიალებული მანდილებით, შემოსევა კონანდორის სასახლეში, ტარვალების დამარცხება…“ – ეს იყო ზეიმი თავლისუფლების შეგრძნების, როცა ადამიანს შეუძლია განიცადოს სიხარული – ბრძოლით მოპოვებული ბედნიერებისა.
      არავის გაჰკვირვებია, როცა 1922 წლის 25 ნოებმერს, „ცხვრის წყაროს“ პრემიერის შემდეგ, იოსებ გრიშაშვილი, სავარძელზე მდგომი,  ექსპრომტით მიმართავდა ქართული თეატრის განმაახლებელს:
გახეული დრამის ფარდა გაჰკერეთ და აგვირისტეთ,
და მე გიჟად ვინ მომნათლავს, რომ მიგიღოთ ახალ ქრისტედ,
ჩვენს ქვიშიან ოქროს ზოდებს გასარჩევად ხელი ახლე,
და რუსეთით ჩამოსულმა ესპანეთში დაგვასახლე,
შენმა ნიჭმა ჩვენს სცენაზე თვით ქვებიც კი ათამაშა
და მეც მეტი რაღა მეთქმის: ვაშა! ვაშა! ვაშა! ვაშა!
     აღფრთოვანების შეძახილებში პაოლო იაშვილის ომახიანი ხმა გაისმა, იგი მეორე იარუსის ლოჟიდან მიმართავდა მაყურებელს: „… პრომეთეოსის მსგავსმა დიდმა ხელოვანმა კოტე მარჯანიშვილმა ოლიმპის მთიდან მოსტაცა მუზებს ცეცხლი და „ცხვრის წყაროში“ ისეთი კოცონი დაანთო, რომ ახლა არავის ძალუძს მისი ჩაქრობა…“
  ნებსით თუ უნებლიედ პრემიერის შემდეგ სტიქიური მიტინგი გაიმართა. გარდა ი.გრიშაშვილისა და პ.იაშვილისა, კ.მარჯანიშვილს სიტყვით მიმართა აკაკი ვასაძემ, რომელმაც მსახიობთა სახელით სთხოვა მას დარჩენილიყო რუსთაველის თეატრის კოლექტივში და ემუშავა ქართული თეატრის აღორძინებისა და აყვავებისათვის. პრემიერის მაყურებელი კიდევ უფრო აღაფრთოვანა რეჟისორმა თავისი თანხმობით – ემუშავა ქართულ თეატრში.
     „ცხვრის წყაროს“ დადგმით, რუსთაველის თეატრის დასი მართლაც წარდგა მაყურებლის წინაშე, როგორც ერთიანი მხატვრული კოლექტივი.
    „ცხვრის წყარო“ იყო სინთეზური სპექტაკლის დამკვიდრება ქართულ სცენაზე, მისი უაღრესი თეატრალობით, ოპტიმიზმით. სპექტაკლში თანაბარი სიძლიერით იყო წარმოდგენილი ყველა მასში შემავალი ელემენტი: მხატვრობა, მუსიკა, სიტყვა, ცეკვა, სიმღერა, მოძრაობა, ჟესტი, ყველაფერი ეს იყო ჰარმონიულად შედუღებული. ამ სპექტაკლში ახალგაზრდა მსახიობები ტოვებდნენ ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ისინი დიდი სცენური ტექნიკით იყვნენ შეიარაღებულნი.
     „ცხვრის წყარო“ იყო პირველი სპექტაკლი, რომლითაც ქართულმა აკადემიურმა დრამამ გაბედული ნაბიჯი გადადგა საბჭოთა თეატრის განვითარების ფართო გზაზე. ამ სპექტაკლით დასაბამი მიეცა ქართული საბჭოთა დრამატული თეატრის აყვავებასა და შემდგომ განვითარებას.

Comments/disqusion
No comments